საქართველოში რადამისტი და ზენობია მივიწყებული წარსულია.
წარმოიდგინეთ, ქრისტესშობიდან პირველი საუკუნის ქართლის სამეფო - ის, რაც დღეს აღმოსავლეთი საქართველოა, მაშინ კი იბერია ერქვა. იბერიელები ჯერ ისევ წარმართულ ღმერთებს სცემენ თაყვანს.
მათი მეზობელივით - მაშინდელ სომხეთზეა საუბარი - იბერიაც რომის იმპერიის გავლენის ქვეშაა. გავლენისგან გათავისუფლებას უშედეგო აჯანყებებით ცდილობენ. იბერიაში ფარსმან პირველი მეფობს, სომხეთში - მისი ძმა მიჰრდატი, იგივე მითრიდატი. როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს, მითრიდატი ხალხს არ უყვარს: „მეტისმეტად მკაცრი მმართველი გამოდგა“.
ანუ პირველი საუკუნის კავკასიაში ასეთი სურათია. რომის გავლენის ქვეშ მყოფ ორ მეზობელ ქვეყანას ერთი, იბერიული ოჯახი მართავს და აქ იწყება საქართველოს მეფეების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული ამბავი - ამბავი რადამისტისა.
რადამისტის ტრაგედია შემოინახა რომაელმა ისტორიკოსმა კორნელიუს ტაციტუსმა (50-117 წწ). ქართულ წყაროებში მასზე არაფერია ნათქვამი.
ფრანჩესკო ალბერი, მე-19 საუკუნის იტალიელი მხატვარი - „რადამისტი დაჭრილ ზენობიას მდინარეში აგდებს“ (1812 წელი). დაცულია ბრერის პინაკოთეკაში, მილანში.
რადამისტი ფარსმან პირველის ვაჟი იყო, იბერიის უფლისწული. ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს, ქართულად უეჭველად როდამი ერქმეოდაო, თუმცა რომაულ წყაროებში მისი სახელი ლათინური ვარიაციით შემორჩა. აღწერილია, როგორც ლამაზი, ტანადი, ღონიერი კაცი, არა მარტო იბერიაში, მეზობელ ქვეყნებშიც სახელგანთქმული. მაგრამ მისი დადებითი თვისებები აქ თავდება, რადამისტის ბუნებაზე საქებარს მეტს ვერაფერს იტყოდნენ.
ტაციტუსი ჰყვება, რომ უფლისწულს ერთი სული ჰქონდა, იბერიის ტახტზე ასულიყო - მამაჩემი დაბერდა, სახელმწიფოს ვეღარ უძღვებაო. ფარსმანმა საფრთხე იგრძნო და ამბიციურ მემკვიდრეს ალტერნატივა შესთავაზა.
„ჩააგონა მას: წადი, თუ გინდა, სომხეთი დაიპყარიო. მოხუცმა ფარსმანმა თავისი ღვიძლი ძმა არ დაინდო და ძმისწული ბიძის წინააღმდეგ აამხედრა. მას იმედი ჰქონდა, რომ ამგვარად თავის სამფლობელოს გააფართოვებდა და სომხეთს იბერიას შემოუერთებდა“, - წერს ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიის“ პირველ ტომში.
პოლ ბოდრი (Paul Jaques Aimé Baudry), მე-19 საუკუნის ფრანგი მხატვარი - „მწყემსები პოულობენ ზენობიას“. დაცულია კერძო კოლექციაში.
სომხეთში ჩასულმა რადამისტმა თავისი ნამდვილი განზრახვა არ გაამხილა, ბიძას ყოფით პრობლემებზე შესჩივლა, მამასთან და დედინაცვალთან ცხოვრება არ მინდოდა და იმიტომ მოგადექიო. მითრიდატმა სიხარულით მიიღო. ნელ-ნელა რადამისტმა ჯერ სომეხი დიდებულები აუმხედრა ბიძას, შემდეგ კი ისევ იბერიაში წავიდა, ვითომდა მამასთან შესარიგებლად. უკან ქართული ჯარით დაბრუნდა.
მითრიდატს ფარსმანის ასული ესვა ცოლად, ანუ საკუთარი ძმისშვილი. რადამისტს კი ცოლად ჰყავდა მითრიდატის ქალიშვილი ზენობია, ანუ საკუთარი ბიძაშვილი. ჯავახიშვილი წერს, სამეფო საგვარეულოში მახლობელ ნათესავთა ქორწინება სპარსული მაზდეანობის გავლენა უნდა იყოსო. იქვე ამბობს: „მაგრამ ენდოგამია მხოლოდ წარჩინებულ საგვარეულოებში იყო ხოლმე, საერთო მოვლენად იგი არ ყოფილა“.
როდესაც რადამისტი ჯარით მიადგა, მითრიდატმა გარნის ციხეს მიაშურა და კარგა ხანი იქ იყო გამაგრებული. მოლაპარაკებაზე მანამდე არ გამოვიდა, სანამ ძმისწული არ დაჰპირდა, ხელს არ გახლებო. ხელი მართლაც არ უხლია, უცნაური სიკვდილით მოკლა, მძიმე ტანსაცმელი დააყარა ზედ - ასე გაგუდეს, როგორც სომხეთის ქართველი მეფე, ასევე მისი ცოლი და შვილები.
ბართოლომეო ჩიტადელა, მე-17 საუკუნის იტალიელი მხატვარი - „მწყემსების გადარჩენილი ზენობია“. დაცულია ქალაქ აიაჩოში, კორსიკაზე, „musée Fesch“-ში.
ალექსანდრე გამყრელიძის ნაშრომში „ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ“, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 1973 წელს გამოსცა, ეს მკვლელობა დაწვრილებითაა აღწერილი: „მშვიდობიანად საქმის მოგვარებით დაიმედებული მითრიდატი ციხიდან რომ გამოვიდა, რადამისტმა დიდი ალერსით მიიღო და იქვე ახლოს ტყიანში შეიწვია მსხვერპლის შეწირვისა და ღვთაებათა წინაშე სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად... მეფეებს ჩვეულებად აქვთ, ხელშეკრულების დადების დროს გადააჯვარედინონ მარჯვენა ხელები, გადააბან ერთმანეთს ცერები და როცა სისხლი მოაწვებათ ძარღვებში, ოდნავი ჩხვლეტით დაიდენენ მას და მერე ერთმანეთს აულოკავენო. ამ ცერემონიის შესრულების დროს ხელების გადამბმელი კაცი განგებ დაეცა, მოეჭიდა ფეხთ მითრიდატს და ისიც დასცა. მერე სხვებიც წაესიენ, შეიპყრეს და ბორკილი დაადეს. მითრიდატი და მისი ცოლ-შვილი, ე. ი. რადამისტის ბიძა, და და დისწულები, ამ ტახტის მაძიებელმა, პატივმოყვარე კაცმა, ტაციტუსის თქმით, მრავალი მძიმე ტანსაცმლის თავზე დაყრით მოახრჩობინა“.
რადამისტმა მოკლა არა მხოლოდ ბიძა (იგივე სიმამრი), ასევე დახოცა თავისივე და (იგივე ბიცოლა და სიდედრი) და დისშვილები, ფარსმანმა კი (მითრიდატის მკვლელობა სწორედ მისი დაკვეთა იყო) შვილის ხელით სიცოცხლეს გამოასალმა ძმა, შვილი და შვილიშვილები.
ფელიქს ანრი ჯაკომოტი, მე-19 საუკუნის ფრანგი მხატვარი - „მწყემსები ზენობიას არაქსის ნაპირას პოულობენ“.
სამეფო ოჯახში დატრიალებულ ცოდვის კალოს რომიდანაც გამოეხმაურნენ, კეისარი ფარსმანს სწერდა, შენი შვილი და ჯარი სომხეთიდან დროზე გაიყვანეო, მაგრამ საქმეს ვერ ამან უშველა. სომხეთს მეფე რადამისტი გახდა.
სომხებს ჯერ მითრიდატის სისასტიკე არ ჰქონდათ მონელებული, რომ ახალმა ხელმწიფემ უარესი დღე დააყენა. მეტად მკაცრად ექცეოდა ქვეშევრდომებს, თითქოს ყველანი მოღალატენი ყოფილიყვნენო, წერს ჯავახიშვილი. ბოლოს და ბოლოს მისმა აუტანელმა ხასიათმა სომხები მოთმინებიდან გამოიყვანა. „შეიარაღებული ხალხი გაშმაგებული სასახლეს გარშემოერტყა. რადამისტმა სიკვდილს ძლივს დააღწია თავი და იბერიაში შეიხიზნა, ხოლო სომხეთს ისევ პართელები დაეპატრონნენ“. პართიის (სახელმწიფო დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე) მეფეს სომხეთი ძმისთვის ტირიდატისთვის უნდოდა.
აი, ამ ძლივს თავის დაღწევისას მოხდა ის, რამაც რადამისტს მთელ ევროპაში „გაუთქვა“ სახელი. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი ამ ამბავს ასე გადმოსცემს:
„რადამისტს ცხენების სისწრაფის გარდა სხვა აღარაფერი უშველიდა და ცოლითურთ კიდეც გაიქცა. მაგრამ მისი ფეხმძიმე მეუღლე პირველად თუ მაინც ასე თუ ისე იტანდა ჭენებით სიარულს მტრის შიშით და ქმრის სიყვარულით, მერმე შეუსვენებელი სირბილის გამო გულმუცელი და შიგნეული რომ ენჯღრეოდა, ევედრებოდა ქმარს, ტყვეობის სირცხვილისაგან პატიოსანი სიკვდილით დამიხსენიო. პირველად რადამისტი ეხვეოდა, იჭერდა და ამხნევებდა; ხან მის გულადობას ჰკვირობდა, ხან შიშისაგან სასო ეკვეთებოდა, რომ დავტოვო, სხვა ვინმეს არ ჩაუვარდეს ხელშიო. დაბოლოს სიყვარულით გახელებულმა და ბოროტმოქმედებაში არცთუ გამოუცდელმა იძრო მახვილი და (დასცა ქალს); დაჭრილი არაქსის პირას მიათრია და მდინარეში ჩააგდო, რომ მისი გვამიც წყალს წაეღო. თვითონ თავქუდმოგლეჯით მიაშურებს იბერიას, მშობლიურ სამეფოს. ამასობაში ზენობიას წყნარ ყურეში შეამჩნევენ მწყემსები. იგი ჯერ კიდევ სუნთქავდა და სიცოცხლის აშკარა ნიშნებს ამჟღავნებდა. მისი ღირსეული გარეგნობის მიხედვით ივარაუდეს, უბრალო ვინმე არ უნდა იყოსო; შეუხვიეს ჭრილობა, შინაურული წამლებით უწამლეს და როცა მისი ვინაობა და ამბავი შეიტყვეს, ქალაქ არტაქსატს მიიყვანეს. იქიდან კი ხელისუფალთა ზრუნვით, ტირიდატს მიჰგვარეს, რომელმაც ალერსით მიიღო იგი, როგორც მის სამეფო ღირსებას შეეფერებოდა“.
მე-18 საუკუნის ფლორენციელი მხატვარი ლუიჯი საბატელი - „რამადისტი კლავს ზენობიას“ (1803 წელი). დაცულია იტალიაში, ქალაქ პისტოიას მუნიციპალურ მუზეუმში.
ტაციტუსისგან ვიგებთ იმასაც, რომ სამშობლოში დაბრუნებული რადამისტი რამდენიმე წლის შემდეგ, დაახლოებით 58 წელს, საკუთარმა მამამ ფარსმანმა მოკლა, როგორც თვითონ ამბობდა - ღალატისთვის.
გადავიწყებული ისტორია
რადამისტისა და ზენობიას ისტორია ბევრი ხელოვანისთვის გახდა შთაგონების წყარო. ეს სიუჟეტი განსაკუთრებით პოპულარული იყო ევროპაში. ბაროკოსა და კლასიციზმის აღორძინებისას წყალივით სჭირდებოდათ ამბავი მეფეებსა და გმირებზე, მორალურ დილემებზე, ძლიერ გრძნობებზე. თან ევროპას აღმოსავლეთის ეგზოტიკაც იზიდავდა.
საქართველოში კი არც რადამისტი ახსოვდათ და არც ზენობია.
ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ის მითები, რომლებიც ევროპაში საქართველოსთან დაკავშირებით იქმნებოდა, თავად საქართველოში უფრო მე-18 საუკუნიდან შემოდის.
„მედეას მითიც ამ დროსთვის შემოვიდა. მანამდეც იცოდნენ, მაგრამ ასე გავრცელებული არ იყო. თან არ გამოვრიცხავ, რომ ეგზოტიზაცია, რასაც შემდეგ ორიენტალიზმი (აღმოსავლეთის შესწავლა და ასახვა) დაერქვა მაშინაც თავის როლს თამაშობდა. რამდენად რეალურია ეს ისტორია? აღწერით „მედეაც“ ასეა აღწერილი, მაგრამ ვიტყვით კი დანამდვილებით, რომ მართლა მოხდა? მე-19 საუკუნეში უკვე უამრავი რამ იწერება საქართველოზე, კავკასიაზე, როგორ იტაცებენ ქალებს და ასე შემდეგ. საერთოდ ორიენტალიზმი საქართველოსთან დაკავშირებით შესასწავლი საკითხია, ვინმე რომ დაინტერესდეს“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.
იბერიელი მეფე-დედოფალი ევროპის კულტურაში
რადამისტისა და ზენობიას კვალი ევროპულ კულტურაში იმდენად ყველგან ჩანს, რომ მართლაც ცალკე კვლევას საჭიროებს. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი:
მე-18 საუკუნის ცნობილმა გერმანელმა კომპოზიტორმა გეორგ ფრიდრიჰ ჰენდელმა დადგა სამმოქმედებიანი ოპერა „რადამისტი“. ლიბრეტო ეკუთვნის ნიკოლა ჰაიმს. ოპერის პრემიერა 1720 წელს, ლონდონის ახლად გახსნილ მუსიკალურ აკადემიაში შედგა და უდიდესი წარმატებაც ხვდა წილად.
უფრო ადრე ამავე თემაზე დაიწერა ოპერა „ზენობია და რადამისტი“. მისი ავტორი არის მე-17 საუკუნის იტალიელი კომპოზიტორი ჯოვანი ლენგრეზი. ის 1665 წელს ქალაქ ფერარას თეატრში დაიდგა.
მე-17 საუკუნის იტალიელმა კომპოზიტორმა ტომასო ალბინონიმ დაწერა ოპერა „რადამისტი“. დაიდგა ვენეციაში, 1698 წელს.
იმ პერიოდისთვის ცნობილმა ლიბრეტისტმა პიეტრო მეტასტაზიომ დაწერა ლიბრეტო „ზენობია“. სამმოქმედებიანი ოპერა მუსიკალურად გააფორმა ასევე ძალიან ცნობილმა კომპოზიტორმა ჯოვანი ბონონჩინიმ. პირველად დაიდგა 1737 წლის 28 აგვისტოს, ვენაში, საფრანგეთის დედოფლის, ელიზაბეთ ავსტრიელის დაბადების დღის აღსანიშნავად.
მეტასტაზიოს ლიბრეტოს მიხედვით ოპერები კიდევ სხვა კომპოზიტორებმაც დაწერეს, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია იოჰან ადოლფ ჰასეს „ზენობია“.
მე-18 საუკუნის ფრანგ დრამატურგს პროსპერ ჟოლიო კრებიიონის დაწერილი აქვს ტრაგედია „რადამისტი და ზენობია“. ეს ნაწარმოები ქართულადაც ითარგმნა.
ტრაგედიას სახელად „რადამისტი და ზენობია“ წერდა ალექსანდრე გრიბოედოვიც, მაგრამ ის დაუსრულებელი დარჩა.
განსაკუთრებით ხშირად ეს სიუჟეტი გვხვდება ნახატებში:
ნიკოლა პუსენი, მე-17 საუკუნის ფრანგი მხატვარი - „დედოფალ ზენობიას არაქსის ნაპირას პოულობენ“. ინახება სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟში.
ემილ ლევი, მე-19 საუკუნის ფრანგი მხატვარი - „დედოფალ ზენობიას არაქსის ნაპირას პოულობენ“ (1850 წელი). ინახება პარიზში, ნატიფი ხელოვნების სკოლაში.
ფრანჩესკო ნენჩი, მე-19 საუკუნის იტალიელი მხატვარი - „დედოფალი ზენობია მწყემსებს არაქსიდან ამოჰყავთ“ (1809 წელი).
მერი-ჯოზეფ ბლონდელი, მე-19 საუკუნის ფრანგი მხატვარი: „მომაკვდავი ზენობია არაქსის ნაპირას“ (1812 წელი).
უილიამ ბუგერო, მე-19 საუკუნის ფრანგი მხატვარი - „მწყემსები ზენობიას არაქსის ნაპირას პოულობენ“ (1850 წელი). ინახება პარიზში, ნატიფი ხელოვნების სკოლაში.