რამდენი ბალისტიკური რაკეტა სჭირდება უკრაინას და საიდან მოიტანს მათ?

უკრაინული კომპანია Fire Point-ის FP-5 Flamingo, ფრთოსანი რაკეტა

რუსეთის ბალისტიკური დარტყმების გაძლიერებისა და ამერიკული Patriot-ის რაკეტების დეფიციტის ფონზე, უკრაინას ზამთრის გადასატანად დაახლოებით 300 ცალი PAC-3 ჩამომგდები რაკეტა სჭირდება. პარალელურად, კიევი საკუთარი ბალისტიკური იარაღის შექმნას ცდილობს - „საპსანს“, FP-7-სა და FP-9-ს.

უკრაინის ხელისუფლება ბოლო რამდენიმე კვირაა საუბრობს Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის რაკეტა-ჩამომგდებების (ე.წ. გადამჭერების) დეფიციტზე და რუსეთის მხრიდან ბალისტიკური თავდასხმების რაოდენობის ზრდაზე. ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ პარტნიორებს სთხოვს, თავიანთი ანტიბალისტიკური რაკეტების მარაგის თუნდაც 5% მიჰყიდონ უკრაინას, რათა ქვეყანამ „ზამთრის გადატანა შეძლოს“.

რამდენია ეს 5%? რამდენი ე.წ. გადამჭერი რაკეტა სჭირდება რეალურად უკრაინის თავდაცვის ძალებს, რომ მომავალ ზამთარს გაუძლონ? რამდენად რეალურია უკრაინისთვის ასეთი რაოდენობის რაკეტების მიღება? არსებობს თუ არა ამერიკული ანტიბალისტიკური სისტემების ალტერნატივა?

ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს ხშირად საუბრობს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების გაძლიერებასა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც გამოწვეულია ანტიბალისტიკური რაკეტების მწვავე დეფიციტით. CNN-ისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2026 წელს უკრაინის თავდაცვის ძალებს 2,5-ჯერ ნაკლები რაკეტა-ჩამომგდები (ე.წ. გადამჭერი) აქვს, ვიდრე გასულ წელს ჰქონდა. და ეს მაშინ როცა რუსეთმა, პირიქით, ბალისტიკური რაკეტების წარმოება თითქმის ორჯერ გაზარდა.

ზელენსკიმ ცალკე აღნიშნა, რომ უკრაინა სრულად (100%-ით) იხდის Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების საფასურს და, რომ ამერიკულ რაკეტებს არც უფასოდ იღებს და არც შეღავათიან ფასად.

„ეს არის ჩემი პირადი მოლაპარაკებების, შეხვედრების და ყოველდღიური სატელეფონო ზარების მთავარი თემა. ვცდილობ, რაღაც გავცვალო რაკეტების სანაცვლოდ, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. - ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვ, მოგვყიდონ მათ ხელთ არსებული რაკეტების 5%. თუ ამერიკელები PAC-3-ის ჩამომგდები რაკეტების 5%-ს მოგვყიდიან, ჩვენ ზამთარს გავუძლებთ და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ 10%-ის მოყიდვას შეძლებენ, რუსეთის ყველა ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ. მაგრამ მე მაქვს 1%.“

„ხედავთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამდენი თავდასხმა ხორციელდება. ამიტომ ჩვენ მართლაც გვაქვს პრობლემები ანტიბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით. საკვანძო სიტყვებია: მე ეს ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ბოლო სიტყვები დაიმახსოვრეთ - ანტიბალისტიკური რაკეტები“, - ხაზი გაუსვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: უკრაინა აშშ-ისგან ყოველთვიურად მიიღებს Patriot-ის რაკეტებს

უკრაინაში საჰაერო თავდაცვის რაკეტებთან დაკავშირებული კრიზისი იმ ფაქტმაც წარმოაჩინა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ყოველდღიურად აღარ გაავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენი რაკეტა გაუშვეს რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით და რამდენის ჩამოგდება მოხერხდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უკრაინის საჰაერო ძალების ბოლო ცნობებში სულ უფრო ხშირად ეწერა ნული ჩამოგდებული რუსული ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის გრაფაში.

უკრაინაში დაიწყეს გამოთვლა: რამდენია რაკეტების 5%, რომლებზეც ზელენსკი საუბრობს?

სამხედრო ექსპერტების თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დაახლოებით 700 რაკეტა იწარმოება და ამაზე მეტის წარმოება ჯერჯერობით შეუძლებელია. რაკეტების მწარმოებელმა კომპანიამ, ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კონცერნმა Lockheed Martin-მა, განაცხადა, რომ გეგმავდა წარმოების გაზრდას. თუმცა მალევე გაირკვა, რომ კომპანიები, რომლებიც მისი რაკეტებისთვის კომპონენტებს აწარმოებენ, წარმოების სიმძლავრეების სწრაფად გაზრდისთვის მზად არ იყვნენ. ამიტომ ამჟამად რუსეთი მართლაც უფრო მეტ ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე მსოფლიოში „პატრიოტი“ (ერთი წლის განმავლობაში) იწარმოება.

„თვეში რუსეთი დაახლოებით 60 ცალ „ისკანდერ-მ“-ს, დაახლოებით 40 ცალ С-400-ის რაკეტას და 5-მდე „კინჟალის“ ან „ცირკონის“ რაკეტას აწარმოებს, - განმარტავს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ანატოლი ხრაპჩინსკი, -ეს სწორედ ის რაკეტებია, რომელთა წინააღმდეგაც PAC-3 კლასის ბალისტიკური რაკეტებია საჭირო.“

„შესაბამისად, როცა პრეზიდენტი ზელენსკი საუბრობს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ამერიკული რაკეტების 5 ან 10 პროცენტზე, რომლებიც უკრაინას სჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის რაკეტების მინიმალური მარაგი დაახლოებით 300 ერთეული უნდა იყოს“, - ამბობს ექსპერტი.

ასევე ნახეთ

ტრამპმა განაცხადა, რომ Patriot-ის რაკეტები თავადაც სჭირდებათ

ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი PAC-3 ტიპის რაკეტა არსებობს სულ მსოფლიოში, ალბათ, შეუძლებელია. ამერიკელი ანალიტიკოსების ვარაუდით, შეერთებულ შტატებში ასეთი რაკეტების რაოდენობას დაახლოებით 800 ერთეული უნდა იყოს. თუმცა PAC-3 ტიპის რაკეტები ასევე ინახება სხვა ქვეყნებშიც, რომლებსაც აშშ-მა თავისი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიჰყიდა.

ანალიტიკოსები საუბრობენ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების „გლობალურ დეფიციტზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას მათი შეძენა გაუჭირდება როგორც აშშ-გან, ასევე ამერიკის სხვა მოკავშირეებისგანაც სპარსეთის ყურეში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო.

„(რუსეთის) ბალისტიკური სარაკეტო დარტყმები მართლაც უკრაინის სუსტი წერტილია და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად მას საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა სჭირდება. ვფიქრობ, ვითარებას ამძიმებს ამერიკული Patriot-ებისა და მისი ე.წ. გადამჭერი რაკეტების გლობალური დეფიციტი. აღმოსავლეთში ომი ჯერ კიდევ გრძელდება, რის გამოც აშშ-ის რესურსები მკაცრად შეზღუდულია“, - აღნიშნავს ნათია სესკურია, რუსეთისა და ევრაზიის უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის (Royal United Services Institute) უფროსი მკვლევარი.

მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე შეფრინდა, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ვარშავა განიხილავს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 რაკეტების მორიგი პარტიის გადაცემის შესაძლებლობას. საუბარია იმ რაკეტებზე, რომლებიც პოლონეთმა აშშ-ისგან უნდა მიიღოს. თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ეს პარტია უკრაინას მაინც არ ეყოფა. უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ ბროვდის თქმით, კრემლი ამჟამად ცდილობს, უკრაინის მიმართულებით ერთჯერადი სარაკეტო ზალპის მოცულობა გაზარდოს სამჯერ ანუ 200 ერთეულამდე.

ასევე ნახეთ

პოლონეთმა დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული Х-101 იყო

კონკრეტულად რა ტიპის რაკეტები სჭირდება უკრაინას რუსეთის ბალისტიკური დარტყმების მოსაგერიებლად და საიდან შეიძლება ასეთი რაკეტების მარაგის შევსება? ამ საკითხზე უკრაინელ სამხედრო ავიაციის ექსპერტს, ვალერი რომანენკოს ესაუბრა რადიო თავისუფლების პროექტის The CurrentTimes-ის რედაქცია.

- ზელენსკის თქმით, კიევს სჭირდება Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების ამერიკული მარაგის 5%, რათა „ზამთრის გადატანა შეძლოს“, ხოლო 10% - იმისთვის, რომ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა ბალისტიკური რაკეტა გაანადგუროს. შეგიძლიათ დაახლოებით შეაფასოთ, რამდენი რაკეტაა ეს? და რეალურია თუ არა უკრაინისთვის ასეთი რაოდენობის რაკეტების მიღება?

ვალერი რომანენკო: შემიძლია შევაფასო ამ რაკეტების (PAC-3) წარმოების მოცულობა. 2025 წელს, სხვადასხვა შეფასებით, სულ 620-დან 640-მდე რაკეტა იქნა წარმოებული. ანუ თუ 5%-ზე ვსაუბრობთ, ეს 32 რაკეტაა. 10% - 64–65 რაკეტა. თუ ჩვენ მათ მაინც მივიღებთ, მთელი ერთი თვის განმავლობაში შევძლებთ თავის გატანას. რაკეტები გაცილებით მეტი გვჭირდება, მაგრამ ეს მარაგიც კი ძალიან დაგვეხმარებოდა.

მაგრამ არსებობს ამერიკული რაკეტების მარაგი (საწყობებში), რომელიც საკმაოდ დიდია. თუ სპარსეთის ყურეში ომი დასრულდებოდა, რეგიონის ქვეყნებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს, რაკეტების ძალიან დიდი მარაგი აქვთ. ამ რაკეტების უმეტესობა ირანთან მიმდინარე კონფლიქტის დროს არ ყოფილა გამოყენებული. ანუ, სპარსეთის ყურის ქვეყნებს რომ შეეძლოთ ამ რაკეტების უკრაინისთვის გაზიარება, კიევი შვებით ამოისუნთქავდა. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ წარმოებას, სულ მცირე, თვეში 100 რაკეტით გაზრდიან.

პრინციპში, ამ რაკეტების მიღების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით რუსული ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტების გარკვეული ნაწილის ჩამოგდებას. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებდა რუსეთის მიერ ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების ეფექტიანობას.

- Patriot-ის რაკეტების დეფიციტის გათვალისწინებით, რა ალტერნატივები აქვს უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად?

ვალერი რომანენკო: ალტერნატივა არსებობს: დარტყმების განხორციელება რუსეთის სიღრმეში, რაკეტების მწარმოებელ ქარხნებზე. რუსეთში ბალისტიკურ რაკეტებს მხოლოდ ორი ქარხანა აწარმოებს, კიდევ ორი ქარხანა ამ რაკეტებისთვის მყარ საწვავზე მომუშავე ძრავებს უშვებს.

არსებობს კიდევ რამდენიმე საწარმო - დაახლოებით სამი-ოთხი - რომლებიც რაკეტებისთვის კომპონენტებს, მათ შორის რადიოელექტრონულ კომპონენტებს აწარმოებენ. ეს არის მთლიანი ბლოკები, რომლებიც შემდეგ რაკეტებზე მონტაჟდება. უკრაინას პრაქტიკულად ყველა ამ საწარმოზე აქვს დარტყმები განხორციელებული. საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შეიარაღებაში მიღებასთან ერთად, ამ დარტყმების ინტენსიფიცირება იქნება საჭირო.

გარდა ამისა, შეიძლება დარტყმების განხორციელება გამშვებ დანადგარებზეც. ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებები უკვე ჰქონდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომელმაც რამდენიმე რუსული ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი გაანადგურა როგორც წელს, ასევე წარსულში. ეს ბალისტიკური საფრთხის შემცირების ერთ-ერთი გზაა.

ვალერი რომანენკო

- რატომ არის ასე რთული „ისკანდერის“ გამშვები დანადგარების ან, მაგალითად, С-400-ის სისტემების განადგურება? რა არის სირთულე?

ვალერი რომანენკო: С-400-ის სისტემის განადგურება შედარებით უფრო მარტივია, თუმცა ისიც საკმაოდ მობილურია. მაგრამ С-400 მაინც ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. მას სჭირდება როგორც რადიოსალოკაციო, ასევე მართვის სადგური. С-400-ს არ შეუძლია უბრალოდ გაისროლოს და მაშინვე დატოვოს ტერიტორია. საწყის ეტაპზე მათ გარკვეული მართვა სჭირდებათ.

ბალისტიკურ რაკეტებთან საქმე უფრო რთულადაა. მაგალითად, „ისკანდერის“ კომპლექსის გამშვები დანადგარი საცეცხლე პოზიციაზე დაახლოებით 20 წუთს რჩება. ანუ ის მიდის გასაშვებ პოზიციაზე, იშლება, ახორციელებს გასროლას, შემდეგ ისევ იბარგება და ტოვებს პოზიციას.

ამ მცირე, 20-წუთიან პერიოდში (ფრონტის ხაზიდან 70-150 კმ-ის დაშორებით) უკრაინის უპილოტო ძალებს უჭირთ დროულად აღმოაჩინონ სამიზნის კოორდინატები და მათკენ დრონების გაგზავნა მოასწრონ. დრონის სიჩქარე დაახლოებით 150 კმ/სთ-ია, სწრაფი მოდელებისა კი შესაძლოა 200 კმ/სთ-მდეც იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ისკანდერის” პოზიციამდე მისაღწევად დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.

მაგრამ ჩვენ გვაქვს ე.წ. „მიდლსტრაიკ“ დრონები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას სამიზნის განადგურების შესახებ, თუ მათ მეხსიერებაში ამ რუსული რაკეტების გამშვები დანადგარების კოორდინატებს შევიტანთ. ყველაფერი დამოკიდებულია სადაზვერვო მონაცემებზე.

- რაც შეეხება თავად გამშვებ დანადგარებს. რამდენად სწრაფად აწარმოებს რუსეთი მათ?

ვალერი რომანენკო: უკრაინას იერიში აქვს მიტანილი რუსეთში მდებარე ქარხანაზე, რომელიც ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებს აწარმოებს. პრინციპში, რუსეთს არც ისე ბევრი გამშვები დანადგარი აქვს. უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს ხუთი სარაკეტო ბრიგადა, რომლებიც გაშვებებს ახორციელებენ; თითოეულ ბრიგადას საშტატო განრიგით 12 გამშვები დანადგარი აქვს. სამი ბრიგადა უკრაინის საზღვრის გასწვრივ მდებარე ოლქებშია განლაგებული. თუ შევძლებთ მათ გარნიზონებზე დარტყმების განხორციელებას და სადმე გამშვები დანადგარების აღმოჩენასა და განადგურებას, უკრაინის მიმართულებით იერიშების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დარტყმას რაკეტების გაშვებამდე მოვასწრებთ. თითოეული გამშვები დანადგარი ორ რაკეტას ატარებს. ორი რაკეტის გამოკლება იერიშის ეფექტიანობის სერიოზულ შემცირებას ნიშნავს.

- თუ დავუშვებთ, რომ კიევი მაინც მიიღებს Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიებს, როგორც დონალდ ტრამპი დაჰპირდა ვოლოდიმირ ზელენსკის, რა დრო იქნება საჭირო წარმოების ასაწყობად?

ვალერი რომანენკო: იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება როგორც ამერიკული ბიუროკრატიის, ისე კერძო მწარმოებლების - Lockheed Martin-ის, Boeing-ისა და Raytheon-ის - მხრიდან, ამას სულ მცირე 1,5 წელიწადი დასჭირდება. მაგრამ ჯერჯერობით ეს პროცესი ჩანასახოვან ეტაპზეა. ამიტომ წელს და მომდევნო ზამთარს ეს უკრაინას დიდად ვერ დაეხმარება.

რა ისმის უკრაინული ბალისტიკური რაკეტებისა?

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა გააქტიურა საკუთარ ბალისტიკურ რაკეტაზე მუშაობა, თუმცა სასურველი შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს, - ასე მიიჩნევს უკრაინული საკონსულტაციო კომპანიის Defense Express-ის დირექტორი სერგეი ზგურეცი „გერმანულ ტალღასთან“ საუბარში. ზგურეცი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის დროს უკრაინული სამხედრო-სამეცნიერო სკოლა მიმართული იყო 8-10 ათასი კილომეტრის მოქმედების კონტინენტთაშორისი რაკეტის შექმნაზე, დღეს კი უკრაინის არმიას საშუალო სიშორის - დაახლოებით 500 კილომეტრის ბალისტიკური რაკეტების სჭირდება:

„უკრაინაში ასეთი სკოლისა და ასეთი პროექტების შექმნა 1994 წლიდან დაიწყო. მაშინ არსებობდა პირველი პროექტი სახელწოდებით „ბორისფენი“, რომელიც გულისხმობდა თხევად საწვავზე მომუშავე, 500 კმ მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტის შექმნას. შემდეგ ეს პროექტი დახურეს. მოგვიანებით გადაწყდა კომპლექს „საპსანის“ შექმნა“.

უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი „საპსანის“ შექმნაზე 2006 წლიდან მუშაობს. „საპსანს“ აქვს 0,9 მეტრი დიამეტრის კორპუსი და 500 კმ ფრენის სიშორე (საექსპორტო ვარიანტი, „გრომ-2“ - კორპუსის დიამეტრი 0,6 მეტრი, ფრენის სიშორე - 280 კილომეტრი).

„საპსანი“ - უკრაინული მრავალფუნქციური ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსია (ОТРК), რომელიც შეიმუშავეს საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოემ“ და „იუჟმაშმა“. „საპსანის“ რაკეტის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის იყო განკუთვნილი, 500 კილომეტრამდე მოქმედების სიშორე უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით შეიქმნა მისი საექსპორტო ვერსია - „გრომი“ („ჭექა-ქუხილი“), რომლის ფრენის სიშორე 300 კილომეტრით იყო შეზღუდული. კომპლექსის დანიშნულებაა უკრაინისთვის არაბირთვული შეკავების ძალების ფარის შექმნა.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო „საპსანზე“ საუბარი. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ 2023 წელს რუსული ჯარების წინააღმდეგ ამ კომპლექსის გამოყენების „ძალიან რეალისტური შანსი“ არსებობდა. 2025 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა „საპსანის“ რაკეტის წარმატებული გამოცდა და მისი საბრძოლო გამოყენებაც. მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მზადება ამ რაკეტების სერიული წარმოებისთვის.

უკრაინის სახელმწიფო სექტორის გარდა, ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე მუშაობს კერძო კომპანია Fire Point-იც. როგორც მწარმოებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირინა ტერეხმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია ბალისტიკური რაკეტის (FP-7) დაახლოებით 15 საცდელი გაშვება. ამ რაკეტის მოქმედების სიშორე 300 კილომეტრამდეა. ამჟამად რაკეტა უკრაინის თავდაცვის სამინისტროში კოდიფიკაციის პროცესს გადის. ტერეხი იმედოვნებს, რომ FP-7-ის პირველი საბრძოლო გამოყენება უკვე 2026 წლის შემოდგომაზე მოხდება, ხოლო ზამთრის დადგომამდე Fire Point-ი გეგმავს 850 კმ სიშორის FP-9-ის საბრძოლო გამოყენებას.

„გერმანული ტადღის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები ძალიან ფრთხილობენ უკრაინული ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო გამოყენების ვადების დასახელებისას.

„დაპირება ერთია, პროგრამის რეალური შესრულება კი - სულ სხვა. ითქვა, რომ 2026 წლიდან შესაძლებელი იქნებოდა დღეში სამი „ფლამინგოს“ წარმოება, მაგრამ ჯერჯერობით თვეში მხოლოდ სამ ერთეულს აწარმოებენ“, - ამბობს ავიაციის ექსპერტი, ვალერი რომანენკო.

სერგეი ზგურეცის თქმით კი, უკრაინული ბალისტიკური რაკეტის შექმნა მოითხოვს რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრას.

„ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც უკრაინულ მხარეს ჯერ ბოლომდე არ გადაუწყვეტია, სარაკეტო საწვავის შემუშავებაა. ასევე საჭიროა დამიზნების სათანადო სისტემა“, - ამბობს ექსპერტი, რომლის თქმითაც, ამ ამოცანების გადაჭრას Fire Point-ი დანიაში მდებარე ქარხანაში ცდილობს. კომპანიის ინფორმაციით, დანიაში იგეგმება მყარი სარაკეტო საწვავის, ძრავების კორპუსების, რაკეტის სხვა ნაწილებთან დასაკავშირებელი დეტალების წარმოების დაწყება, ასევე თავად ძრავების აწყობა.

ასევე ნახეთ

რა არის ცნობილი უკრაინული „ფლამინგოს“ შესახებ და შეცვლის თუ არა ის ომის მსვლელობას?

გეგმის მიხედვით, ქარხნის პირველი საწარმოო ხაზი უკვე 2026 წელს უნდა გაეშვას, ხოლო ძირითადი საწარმოსი - 2027 წელს. ამასთან, ექსპერტთა თქმით, ბალისტიკური ტექნოლოგიების განვითარებისას უკრაინას ბევრი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა მოუწევს, რადგან ყველა პარტნიორი გამოცდილების გაზიარებას არ ჩქარობს. მაგალითად, გამოცემა Defence Express-ის ცნობით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინამ ამერიკელებს „საპსანისთვის“ ძველი ATACMS-ის საწვავის ფორმულის გაზიარება სთხოვა, თუმცა პასუხად უარი მიიღო. მანამდე ზელენსკი ჩიოდა, რომ მსოფლიოს რიგ ქვეყნებს უკრაინული ბალისტიკური და ანტიბალისტიკური ტექნოლოგიების განვითარება არ აინტერესებთ, რადგან გლობალურ შეიარაღების ბაზარზე კონკურენციის ეშინიათ.

უკრაინული ბალისტიკური პროგრამის განვითარების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად ასევე სახელდება რუსეთის საჰაერო იერიშები.

„როდესაც „საპსანის“ სერიული წარმოების დაწყებამდე სულ რამდენიმე თვე რჩებოდა, რუსეთმა 2025 წელს უკრაინის სარაკეტო ტექნიკის საკვანძო მნიშვნელობის ხუთ საწარმოს დაარტყა - დნიპროს, პავლოგრადისა და ჟიტომირის მიმართულებით. ასეთი დარტყმები ღდემდე გრძელდება“, - ამბობს ვალერი რომანენკო.

DW-ის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინაში სერიული წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამოჩენა რუსეთისთვის მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა.

„შეძლებენ თუ არა რუსები საკუთარი ცის სრულად დაცვას უკრაინული ბალისტიკური რაკეტებისგან? რუსები საკუთარ ბალისტიკურ სისტემებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ. მათ ასევე ჰქონდათ ATACMS-ის ჩამოგდების გამოცდილება. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების („გადაჭერის“) ალბათობა მინიმალური არ იქნება. თუმცა პრაქტიკაში როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, ამას ვნახავთ“, - ამბობს კოვალენკო.

ექსპერტები იმასაც შენიშნავენ, რომ რუსეთს საკუთარი ცის ბალისტიკური რაკეტებისგან სრულად დაცვა არ შეუძლია.

„ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ С-400-ის სისტემებს და „ბუკის“ ზოგიერთ მოდიფიკაციას. მაგრამ ეს სისტემები მთლიანობაში რუსული კომპლექსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15%-ია. ამიტომ, თუ უკრაინა დაიწყებს იერიშების მიტანას იმ ობიექტებზე, რომლებიც С-400-ით დაცული არ არის, მოხვედრის ალბათობა 100% იქნება“, - მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვალერი რომანენკო.

ზგურეცის თქმით კი, უკრაინაში 300 კმ (და მეტი) მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გამოჩენა შექმნიდა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურების შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა უკრაინას რუსულ „ისკანდერებთან“ ბრძოლაში.

„ისინი ვეღარ შეძლებდნენ უკრაინის მიმართულებით რაკეტების დაუსჯელად გაშვებას. „ისკანდერის“ მოქმედების მაქსიმალური სიშორე 500 კილომეტრია. დაბომბვისთვის მისი განლაგების ზონა საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრშია. ჩვენ ვიცით ის ზონები, საიდანაც ეს გაშვებები ხორციელდება. ამიტომ, ბალისტიკური რაკეტების არსებობის შემთხვევაში, „ისკანდერების“ გამშვები დანადგარების, სამეთაურო პუნქტებისა და დამტენი დანადგარების განადგურება უფრო მარტივი იქნება. რუსეთის საჰაერო თავდაცვა ჩვენი ამოცანების შესრულებისთვის არსებით დაბრკოლებას არ წარმოადგენს“, - ამბობს უკრაინელი ექსპერტი.

თუმცა, როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 აგვისტოს განაცხადა, რომ იმედოვნებს, უკრაინა ბალისტიკური და ანტიბალისტიკური პროგრამების მიმართულებით „საჭირო შედეგების მიღწევას“ 2026–2027 წლებში შეძლებს.