ცხინვალი ანექსიის მოლოდინში? - რას ამზადებს კრემლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში

მარატ კამბოლოვი, ვლადიმირ პუტინი, ალან გაგლოევი. ილუსტრირებული ფოტო - გამოსახულების რედაქტირებისას გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი

ანექსია თუ მორიგი პოლიტიკური შანტაჟი? ოკუპირებულ ცხინვალში კრემლის მიერ დანიშნულმა ახალმა ლიდერმა, მოსკოვთან გაფორმებულმა ახალმა შეთანხმებამ და რუსეთთან გაერთიანებაზე გახშირებულმა განცხადებებმა გააჩინა კითხვა, ხომ არ იწყებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის საბოლოო სამართლებრივ შთანთქმას.

23 ივნისის ე.წ. საკადრო გადაწყვეტილებას - ალან გაგლოევი პუტინის მრჩევლად, მარატ კამბოლოვი კი ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად - წინ უძღოდა ცხინვალსა და მოსკოვს შორის 2026 წლის 9 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი “ხელშეკრულება სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, რომელიც ექსპერტთა ნაწილმა ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია.

9 მაისის ხელშეკრულება მართლაც “აუქმებს ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების (ცენზი/მინიმალური ვადა) მოთხოვნას, რაც აუცილებელი იყო სახელმწიფო და მუნიციპალურ თანამდებობებზე დანიშვნისთვის. <...> ხელშეკრულებით მხარეები გაატარებენ კოორდინირებულ საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას, გააუმჯობესებენ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და განავითარებენ ინფრასტრუქტურას, ასევე გააერთიანებენ (უინფიცირებენ) შრომის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროების კანონმდებლობას”.

რადიო თავისუფლება ელოდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს, საქართველოს პარლამენტში კი აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს, ანექსიის გადაწყვეტილება კი მიღებული არ არის, თუმცა აღიარენენ, რომ რუსეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის 9 მაისს გაფორმებული შეთანხმება მართლაც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია და მოსკოვის გადაწყვეტილებები, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს.

ასევე ნახეთ

პუტინი კრემლში შეხვდა გაგლოევს - "განაგრძეს 9 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების განხილვა"

რუსეთთან შეერთების, როგორც მრავალი თაობის ოცნებით, იყო გაჯერებული აწ უკვე ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გამოსამშვიდობებელი მიმართვაც, რომელიც 23 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რეს"-მა გაავრცელა:

„ჩვენმა წინაპრებმა ისტორიული არჩევანი გააკეთეს - ყოფილიყვნენ რუსეთთან ერთად. ოსეთი კი ყოველთვის, ისტორიის ყველა რთულსა და გარდამტეხ ეტაპზე იყო საკუთარი სიტყვის ერთგული და რუსეთის საიმედო მეგობარი. დღეს ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სანუკვარი ოცნება ახდეს - გადავლახოთ გაყოფილი ერის ხვედრი და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, გავერთიანდეთ დიდ რუსეთთან“.

მოსკოვის მიერ გამორჩეული კამბოლოვის დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნამ, გაგლოევის მოსკოვში გადაყვანამ და გამოსამშვიდობებელ მიმართვაში რუსეთთან გაერთიანებაზე საუბარმა ბევრს გაუჩინა განცდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ანექსია აღარ იყო შორეული პერსპექტივის საქმე. სწორედ ასე აღიქვეს მოსკოვის გააქტიურება საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აფხაზმა პოლიტიკოსმა ასლან კობახიამ საჯაროდაც კი მიულოცა „მოძმე ოს ხალს“ კარს მომდგარი გაერთიანება:

“ახლა უკვე ნათელია, რომ გაყოფილი ხალხის გაერთიანება აუცილებლად შედგება. ამ ისტორიული მომენტის დადგომისთვის სახელოვან და ამაყ ოს ხალხს ეკლიანი გზის გავლა მოუწია — დიდი გაჭირვების, ადამიანური მსხვერპლის, ტკივილისა და ტანჯვის ფასად. <…> თუ მეხსიერება არ მღალატობს, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩრდილოეთ ოს ძმებთან, დიდი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანება, ჩვენი მოძმე ხალხის გაცნობიერებული ისტორიული არჩევანია, რომელიც არაერთი რეფერენდუმით არის დადასტურებული”, - დაწერა ასლან კობახიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში.

თუმცა, როგორც რუსული გამოცემა РБК („როსბიზნესკონსალტინგი“) წერს, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანზე დაყრდნობით, „სამხრეთ ოსეთში ხელმძღვანელობის ცვლილება არ მიუთითებს რესპუბლიკის რუსეთთან შესაძლო მიერთებაზე“.

„ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა საუბარი იმაზე, რომ რესპუბლიკაში ხელმძღვანელობის ცვლილება დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაძლო მიერთების პროცესთან, დმიტრი პესკოვმა უპასუხა: „არ შეიძლება“. - დაწერა РБК-მ.

განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა კიდევ ერთმა რუსულმა გამოცემამ. „კომერსანტს“ („Ъ“) წყარომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უთხრა:

„დადგა დრო, გადაიჭრას სამხრეთ ოსეთის სტატუსისა და შემდგომი განვითარების სტრატეგიული საკითხი. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ანკლავის მდგომარეობიდან - პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით შეიცვალა კონსტიტუცია და გადაიხედა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დადგენილი მუდმივი ცხოვრების (ბინადრობის) ცენზი“.

მიმომხილველების ნაწილს ეჭვი შეაქვთ პესკოვის გულწრფელობაში. რუსულმა გამოცემა Meduza-მ გაიხსენა 2022 წლის ამბები, როცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კრემლში განიხილებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან ან რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან მიერთების „სცენარი“. წყაროს თქმით, ასეთი ნაბიჯი რუსეთის მოსახლეობისთვის უნდა წარმოჩენილიყო „ტერიტორიულ მონაპოვრად“, რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დატოვების ფონზე.

Meduza-ს წყაროს თქმით, ეს სცენარი სერიოზულად განიხილებოდა, თუმცა მალევე მოიხსნა დღის წესრიგიდან. „ცხინვალში მოსახლეობის უმრავლესობა ამის მომხრეა, მაგრამ აფხაზეთში უმრავლესობა კატეგორიულად წინააღმდეგია. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ოსეთის მიერთება მეტისმეტად უმნიშვნელო შედეგი იქნებოდა“, - წერს რუსული გამოცემა.

2022 წელს ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც ალან გაგლოევის წინამორბედი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელი მოაწერა განკარგულებას „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. თუმცა არჩევნებში გამარჯვებულმა ალან გაგლოევმა, თანამდებობის დაკავების შემდეგ, რეფერენდუმის ჩატარება გაურკვეველი დროით გადადო.

„როგორც ჩანს, ახლა ისევ დაიწყეს ფიქრი „მინი-სსრკ-ის“ პროექტზე“, - განუცხადა Meduza-ს პოლიტტექნოლოგმა, რომელიც ცხინვალში არჩევნების დროს მუშაობდა.

ასევე ნახეთ

"სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" ლიკვიდაციით თბილისი ცხინვალზე "ჰიბრიდული ზეგავლენის მექანიზმს" კარგავს?

რას უნდა ნიშნავდეს კამბოლოვის აღზევება?

რონდელის ფონდის მკვლევრის, ალექსანდრე კვახაძის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ „ახალი პრეზიდენტი“ მარატ კამბოლოვი ადგილობრივი არ არის და, რომ ის სამაჩაბლოსთვის ფაქტობრივად უცხო სხეულია.

“ის დიგორელი ოსია, მაშინ როდესაც სამაჩაბლოს ოსების უმრავლესობა კუდაროელები არიან. ამ ორ ოსურ სუბეთნოსს შორის უნდობლობა და გაუცხოება არსებობს. გარდა ამისა, კამბოლოვი პრაქტიკულად მოწყვეტილია სამაჩაბლოში არსებულ პოლიტიკურ კლანებს და არ არის ჩართული ტერიტორიის კლანური გავლენებისა და კორუფციული რესურსების გადანაწილების სისტემაში”, - დაწერა Facebook-ზე ალექსანდრე კვახაძემ, რომლის თქმითაც, კამბოლოვის დანიშვნა წარმოადგენს რუსეთის ფედერალური ცენტრის მიერ კავკასიაში ე.წ. გარე მმართველობის (რუს. внешнее правление) დამყარების ნაწილს, რომელშიც ადგილობრივი ეთნიკური კლანების ნაცვლად ფსონი მოსკოვიდან მივლენილ ჩინოსნებზე კეთდება:

“ამის ნათელი მაგალითია ჩრდილოეთ ოსეთისა და დაღესტნის რესპუბლიკების მეთაურებად ეთნიკური რუსი კადრების - სერგეი მენიაილოსა და ფიოდორ შუკინის - დანიშვნა. ამგვარი გარე მმართველობის დამყარების მცდელობა აფხაზეთშიც იყო, როდესაც მოსკოვი ინალ არძინბას ხელისუფლებაში მოსვლას ლობირებდა. თუმცა არძინბა ადგილობრივმა კლანებმა არ მიიღეს და გარკვეული დროის შემდეგ იგი მოსკოვში დაბრუნდა”.

ხომ არ ემზადება მოსკოვი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიისთვის? - რადიო თავისუფლების ამ კითხვის პასუხად ალექსანდრე კვახაძე ამბობს:

“ცხინვალის ანექსიის საკითხს კრემლი საქართველოს შანტაჟისთვის გამოიყენებს, ან მოიქცევით როგორც ჩვენ ვიტყვით ან მოვახდენთ ანექსიას. როგორც მინიმუმ, საუბარი შეიძლება იყოს [ურთიერთობებში] სტატუს კვოს შენარჩუნებაზე და დასავლეთისგან დისტანცირებაზე, მაქსიმუმ კი ბელარუსის მსგავსს კავშირზე. ვიდრე უკრაინაში ომი მიდის, რუსეთი ანექსიისგან თავს შეიკავებს”.

ასევე ნახეთ

ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელსაც კრემლში გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად განიხილავენ?

კოალიციის "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარის, კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის დაკვირვებითაც, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის გავლენა ყოველთვის შეუზღუდავი იყო ცხინვალში, აქამდე კრემლი პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტს არასოდეს ნიშნავდა, მხოლოდ პრემიერ-მინისტრებს სჯერდებოდა.

“უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს უმაღლესი საკადრო ცვლილება (რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ იყო უკვე ცნობილი) ნიშნავს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის მოსკოვის წარმომადგენლის დანიშვნას, რადგან ადგილობრივი ლიდერი მსგავს გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს”, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი, რომლის ვარაუდით, საუბარი არ უნდა იყოს რეგიონის ანექსიაზე:

“ანექსია და რუსეთთან მიერთება... ფაქტობრივად ისედაც ასეა, და რაში სჭირდება საქართველოს გადაკიდება, რომელსაც „ნეიტრალიტეტი“ უკავია და რუსეთის არაფორმალური პარტნიორია რეგიონში, პლუს მოსკოვი სულ საქართველოს ხელისუფლების ქებაშია, და ამის ფონზე “ოსეთის” მიერთება თბილისის კეთილგანწყობის დაკარგვის რა საპირწონე იქნება?!”

ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული საუბარი იყოს ცხინვალზე თბილისის გავლენის დაბრუნების შესახებ:

“ეს ის ვერსიაა, რომლის რეალიზებისათვის სწორედ მოსკოვიდან დანიშნული ხელისუფალია საჭირო, რადგან ვერც ერთი ცხინვალელი პოლიტიკური ხელმძღვანელი ამაზე ვერ წავა. რუსეთმა დაკარგა გავლენა აზერბაიჯანზე, სომხეთზე, მოლდოვაზე, სირიაზე... ეს სია გრძელია. ბუნებრივია საქართველოს მოკავშირედ შენარჩუნება იქნება პრიორიტეტული. ოღონდ რის საფასურად შეიძლება მოხდეს დათმობები? სავარაუდოდ ევროინტეგრაციის შეჩერების (ისედაც ასეა), დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და მოკავშირეობის. თუ ესაა მოსკოვის გეგმა, საქართველოს ხელისუფლების წინაშე ეს საკითხები ან უკვე დგას ან დადგება. ფაქტია, ეს არ არის რიგითი ცვლილება”.

როგორც ზურაბ ბენდიანიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთი მარტივად არაფერს დათმობს.

“პუტინს კარიკატურული ფიგურის იმიჯისგან რამე წარმატება თუ გადაარჩენს, საქართველო კი ერთადერთია, სადაც დასაყრდენი ხელისუფლება ჰყავს, ოღონდ არა მონობამდე მორჩილი.”

მოვლენების ამ სცენარით განვითარებას არანაირად არ ეწინააღმდეგება ე.წ. ივანიშვილის ბოდიში - 2024 წლის 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებული წინასაარჩევნო ინიციატივა.

“არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, - განაცხადა მაშინ გორში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა.

ამავე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც განაცხადა, რომ არ არსებობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დიდი მიზანი, რომლის მისაღწევადაც რთული ნაბიჯების გადადგმა იქნებოდა საჭირო:

“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით; მშვიდობიანი გზა გულისხმობს შერიგებას; შერიგება გულისხმობს გააზრებას იმისა, თუ რა ჭრილობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთისთვის მიყენებული… სადაც საჭირო იქნება, იქ სინანული, სადაც საჭირო იქნება, იქ ურთიერთ შენდობა.“

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი: მსხვერპლი ვართ ორივე, ქართველებიც და ოსებიც

თუმცა თავად ცხინვალში მარატ კამბოლოვის დანიშვნას ძირითადად მოსალოდნელ ანექსიას უკავშირებენ, სოციალურ ქსლებში წერენ კიდეც, რომ ელოდებიან რეფერენდუმს რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით.

ვიაჩესლავ ძუცატი - ოსი ავტორი, ბლოგერი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემების კომენტატორი, რომელიც სოციალურ ქსლებში აქვეყნებს მოსაზრებებს რუსეთისა და კავკასიის პოლიტიკურ საკითხებზე, მიიჩნევს, რომ მარატ კამბოლოვის დანიშვნა წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯია, რომელიც შემდეგი სცენარის პროგნოზირების საშუალებას იძლევა:

  • კამბოლოვი მოიყვანეს არა „განვითარებისთვის“, არამედ პროცესის საბოლოო ეტაპის სამართლებრივად უნაკლოდ გასაფორმებლად. მოსალოდნელია პარლამენტის საგანგებო მოწვევა, ხოლო მომდევნო 4–8 კვირის განმავლობაში რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემა. საკითხი მკაფიოდ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე დაისმება: „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა“.
  • სცენარის არსი - „ევთანაზია“ და არა „რეანიმაცია“. კამბოლოვის ინტელექტუალურ პოტენციალს გამოიყენებენ არა საკუთარი ეკონომიკის შესაქმნელად, არამედ იმისთვის, რომ უმოკლეს დროში ადგილობრივი კანონმდებლობა რუსეთის კანონმდებლობას მოარგონ და „დამოუკიდებლობის“ სამართლებრივი საფუძვლები გააუქმონ.
  • ელიტების წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ უშედეგო. ადგილობრივი კლანები დაკარგავენ პირდაპირ წვდომას უკონტროლო ფინანსურ ტრანსფერებზე. ისინი შეეცდებიან წარმოაჩინონ დაპირისპირება „პატრიოტებსა“ და „გაყიდულ ტექნოკრატებს“ შორის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება აშკარად მოსკოვიდან მოდის, მათი წინააღმდეგობა სწრაფად იქნება ჩახშობილი, როგორც „ხალხის ისტორიული არჩევანის“ ჩაშლის მცდელობა. ყველაზე სავარაუდო შედეგი კი ასეთია: უახლოეს თვეებში სამხრეთ ოსეთი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, არსებობას შეწყვეტს, ხოლო მარატ კამბოლოვი ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც ეს დასასრული იურიდიულად გააფორმა…რეფერენდუმი სწრაფად ჩატარდება, შემაშინებლად მაღალი აქტივობისა და შედეგის ფონზე, რის შემდეგაც, აღარავის დარჩება არანაირი კითხვა“.

თბილისის პოზიცია

რადიო თავისუფლებამ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების კომენტირებისთვის კითხვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე კი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის 9 მაისს გაფორმებული შეთანხმება მართლაც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია, ხოლო გაგლოევის მოსკოვში გადაყვანა და მის მიერ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებაზე გაკეთებული განცხადება, არ იმსახურებს სერიოზულ კომენტარს.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას და არ ვაღიარებთ მას ისევე როგორც არ ვაღიარებთ ოკუპაციის პირობებში გაფორმებულ არცერთ შეთანხმებას. ჩვენი პოზიცია ურყევია, ვგმობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც შეიძლება გადადგას ანექსიის მიმართულებით. რაც შეეხება გაგლოევის დანიშვნას პუტინის მრჩევლად, ეს საერთოდ სასაცილო ამბავია. ამით პუტინმა კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა ცხინვალის რეჟიმს და ზოგადად ოს ხალხს. ისინი ხომ ვითომ აღიარებენ ცხინვალს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. წარმოიდგინეთ ახლა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი გადადგეს თანამდებობიდან და სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტს თანაშემწედ თუ მრჩევლად გადავიდეს სამუშაოდ. ეს ხომ საერთოდ სასაცილოც აღარ არის, იმდენად დიდი აბსურდია. <…> გაგლოევის კომიკური ფიგურიდან გამომდინარე, მის განცხადებებზე კომენტარს არც მე და არც საგარეო საქმეთა მინისტრი არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ მას არ მივიჩნევთ იმ წონის პოლიტიკურ ფიგურად, რომ მის განცხადებებზე უნდა ვაკეთოთ კომენტარები”.

ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოსკოვი იღებს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს, თუმცა მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონის ანექსიის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“რუსეთის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საქართველოს გააჩნია თავისი პოზიცია, მოგებული აქვს საერთაშორისო სასამართლოები და მსოფლიო თანამეგობრობაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ჭიდილი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთს შორის, ხშირად ჩვენი ოპონენტების მიერ გამოიყენება არაკეთილსინდისიერად. რეალურად რთული ვითარებაა, მაგრამ ყველანაირი სამართლებრივი კუთხით ჩვენ გამარჯვებული ვართ და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს მათ და ისიც, არ მგონია ვენესუელაში ან სირიაში ერკვეოდნენ რეალურად რა ხდება საქართველოსთან მიმართებაში. არსებობს საერთაშორისო სამართალი და არსებობს სამხედრო ძალა, რაც საქართველოსთვის საბოლოო დანგრევის ტოლფასი იქნება. ამიტომ ჩვენზე შემოტევას ევროკავშირს და სხვებს უნდა ერჩივნოთ, რომ იზრუნონ იმაზე, რომ საქართველომ თავის სტაბილურობა შეინარჩუნოს და საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მძლავრად დაგვიჭირონ მხარი ვიდრე ამას აკეთებდნენ დღემდე”, - ამბობს გია ვოლსკი.

ასევე ნახეთ

“შესაძლოა მათი სიკვდილისწინა გაბრძოლება იყოს...” - უკრაინელი სამხედრო ომზე, რუსეთზე, ქართველ მებრძოლებზე


ასევე ნახეთ

t.A.T.u-დან უსპენსკაიამდე: რუსული სიმღერა ბათუმში