"ვსქროლავთ თუ არ ვსქროლავთ, ფაქტი სახეზეა" - რას, ვის და როგორ ეძებს შსს სოციალურ ქსელებში

ბოლო ორ კვირაში, ანუ მას შემდეგ, რაც "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" მუშაობას შეუდგა, სასამართლოებში 60-მდე საქმეა შესული. ზოგ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულიცაა და სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისა თუ კომენტარების გამო რამდენიმე ადამიანი 2000-დან 4000 ლარამდეცაა დაჯარიმებული.

ამ საქმეებს არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონის სასამართლოებიც განიხილავენ. მაგალითად, სამმართველოს მიერ წარდგენილი პირველი საქმე 11 ივნისს განიხილა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ. ამ საქმეებზე პირველი გადაწყვეტილება კი 12 ივნისს ონის სასამართლომ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლო, ფაქტობრივად, ყოველდღე განიხილავს საქმეებს, განსაზღვრულია მომდევნო რამდენიმე დღის გრაფიკი.

„არა თუ სიძულვილის ენა, უხამსობაც არ არის“ - შოთა თუთბერიძის საქმე

ასე განიხილა 15 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ იურისტისა და ადვოკატის, შოთა თუთბერიძის საქმე და ის 4000 ლარით დააჯარიმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის 1 ივნისის ფეისბუკპოსტზე დატოვებული კომენტარისთვის.

მოსამართლემ იურისტი დამნაშავედ ცნო პოლიტიკური თანამდებობის პირის ლანძღვა-გინებასა და მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებაში, ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლია.

„მოგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ facebook-ის მეშვეობით, ჩემთვის ცნობილი გახდა, შოთა თუთბერიძის მიერ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, ნინო წილოსანის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი... დავიწყე ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების პროცესში დათვალიერდა მტკიცებულებები და განხორციელდა პირის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში იდენტიფიცირება“, - წერს თავის პატაკში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი სანდრო კეპაშვილი.

საქმის მასალებში მტკიცებულებებად დევს პოსტი ნინო წილოსანის სოციალური ქსელიდან და ამ პოსტზე შოთა თუთბერიძის კომენტარის ე.წ. სქრინები.

რა მიიჩნია სამართალდამცველმა სავარაუდო სამართალდარღვევად: "მანდაც დედის ტ**კი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ".

იურისტი შოთა თუთბერიძე სასამართლოს სხდომაზე ვერ შეხვდა და ვერ გამოკითხა ინსპექტორი, რომელმაც მისი „სამართალდარღვევა გამოავლინა“. ისინი სხდომებს არ ესწრებიან.

იურისტი შოთა თუთბერიძე

„სიძულვილის ენის უნივერსალური განმარტებაა, რომ პირველ რიგში, ის უნდა ემსახურებოდეს შუღლის გაღვივებას, უნდა იყოს მიმართული შუღლის გაღვივებისკენ დისკრიმინაციული ნიშნით.

ჩემს კომენტარში ნახსენები ფრაზა არა თუ სიძულვილის ენა, უხამსობაც არ არის. უფრო მეტიც, არც ესენი მედავებიან უხამსობას. მედავებიან შეურაცხყოფას, გადაკიდებას სიძულვილის ენით, რაც სისულელეა.

სხდომაზე მოსამართლეს ვუთხარი, იქნებ ნინო წილოსანი და მე მეგობრები ვართ და ჩვენს შორის ასეთი საუბარი ჩვეული ფორმაა-მეთქი, მიპასუხა, მე ეს არ მაინტერესებს, მე უნდა დავადგინო ფაქტიო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა თუთბერიძემ.

ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის დაჯარიმებული კაცი

გიორგი გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით 16 ივნისს დააჯარიმა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამმართველოს თანამშრომელმა, „სოციალური ქსელის მონიტორინგის“ დროს, ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას „შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორი“, გიორგი გედენიძე, „გამოავლინა“ და მისი საქმე სასამართლოს გადასცა.

სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ნიშნავს და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

გიორგი გედენიძის მიერ დაწერილი კომენტარის შინაარსი სამართალდამცავებს არ გაუსაჯაროებიათ. სასამართლოს სხდომის შემდეგ ითქვა, რომ "ის მოიცავდა გინებას".

16 ივნისს მოსამართლემ ისე დააჯარიმა გიორგი გედენიძე, რომ პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ ისიც კი არ იცოდა, რომ სასამართლო მისი შეურაცხყოფის საქმეს განიხილავდა. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისგან შეიტყო:

ნიკა გვარამია, პოლიტიკოსი

“არც გიორგი გედენიძე ვიცი, და არც შეურაცხყოფა მისგან. და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე? თან ის ხელისუფლება, რომ მაშანტაჟა, 4-ჯერ დამიჭირა, ჩასაფრებები მომიწყო, ჩემი ფოტოები გამოაკრა ყოველი არჩევნების წინ მთელ თბილისში, ცოლ-შვილი ფარულად გადაიღო და მერე ვიდეო გამომიგზავნა და ვინ მოთვლის კიდევ. ის არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემს გამო რომ დააჯარიმებენ, ის უნდა ვიდარდო კიდე. ასეთი სიგიჟე გაუგონარია“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დააჯარიმებენ მაია დარსმელიძეს?

10 ივლისს ელოდება სასამართლოს სხდომას მუსიკოსი მაია დარსმელიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მას რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და აცნობა, რომ მის სახელზე სამმართველოში „ორი სქრინი“ დევს და 10 ივლისს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.

„იმდენი ვიცინე, რომ გამოვტოვე ინფორმაცია, ვინ უნდა იყოს ჩემი მოსამართლე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია დარსმელიძე და ამატებს, რომ პროცესი, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოების წინააღმდეგ წამოიწყო, „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“.

მაია დარსმელიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ნინო ჯღარკავასთვის დაწერილი კომენტარების გამო დაიწყო:

„რა პროვოკაციით გამომძალეს ეს შეურაცხყოფა, როგორ ითამაშეს ჩემს თავმოყვარეობაზე, ამას არ კითხულობენ... ვიღაც უსახელო და უგვარო სამთავრობო ტროლები რომ ცდილობენ ჩემზე საშინელი დეზინფორმაციის მასობრივად გავრცელებას: “აუუ, ეს საქვეყნოდ ცნობილი ბოზი და მორფინისტია”… და ა.შ. ესენი უნდა მიწვევდნენ, გაშავების კამპანიებს მიწყობდნენ 2012 წლიდან დღემდე და თურმე მიუღებელია, არანორმატიული ლექსიკით რომ ვპასუხობ ამ დაქირავებულ ნაძირლებს.

გასაგებია, რომ გინება არ არის მისაღები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბილწსიტყვაობა საერთოდ არ მხიბლავს, მაგრამ როდესაც საკითხს ასე მიყენებენ, ულტიმატუმის სახით, ჩემს ნებასაც ვაბიჯებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია დარსმელიძე.

თავად ნინო ჯღარკავა ამ საქმეს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

„ახალ სამმართველოს დაუწყია მუშაობა და ქალბატონი დარსმელიძე დაუბარებიათ სასამართლოში, მე ოფიციალურად არ მივსულვარ და არ დამიწერია საჩივარი, აქვე [FB] მოვნიშნე შინაგან საქმეთა სამინისტრო და რეაგირებაც დროულად მომხდარა“.

„მე არ ვუჩივი არავის“ - გრიგოლ გეგელია, კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმე

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, გრიგოლ გეგელიასთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა 17 ივნისს ბათუმის სასამართლოდან მიღებული ზარი. მას აცნობეს, რომ შსს-მ საქმე აღძრა იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში მას შეურაცხყოფა მიაყენეს. გეგელია არ იცნობს იმ ადამიანს, რომელსაც შსს მისი სახელით ედავება.

გრიგოლ გეგელია, პოლიტიკოსი

„მე არ ვუჩივი არავის. არც ვიცი ვინ არის ეს ადამიანი - ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ ქოცი რომ არის. პატივს ვცემ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად გამოხატული აზრისა. ეს არის წმინდათაწმინდა პრინციპი. გააზრებული მაქვს, რა ბრძოლაში ვარ. ამ პროცესში, მაქვს თმენის ვალდებულება, რასაც ვიცავ წლებია. არავის არ აქვს უფლება, შეზღუდოს აზრის თავისუფლება და მითუმეტეს პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის თავისუფლება. ამ რეჟიმს სძულს თავისუფლების ყველა ფორმა.

რეჟიმს, რომელიც პოლიტიკურად დევნის ადამიანებს, აუქმებს პარტიებს ატყვევებს პოლიტპატიმრებს, ათასობით ტროლის გამოყენებით თავს ესხმის და ლანძღავს ოპონენტებს, რომელსაც არ დაუსჯია აგრესორთა აბსოლუტური უმრავლესობა - ამნაირ რეჟიმს ახლა სურს დადგას ფარსი, თითქოს ის ებრძვის სიძულვილის ენას და თითქოს თანაბრად აღასრულებს კანონს. ცხადია, მე არ ვიქნები ამ ფარსის ნაწილი!“ - წერს გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში.

17 ივნისსავე გახდა ცნობილი, რომ სოციალურ ქსელში, ტელეკომპანია "იმედის" გვერდზე, ე.წ. ქარდის ქვეშ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის კიდევ ერთი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

მოქალაქე გია კაჭკაჭურმა ტელეკომპანია "იმედის" გვერდზე, ლევან სანიკიძის შესახებ გამოქვეყნებული ქარდის ქვეშ დაწერა: "შე *ის-თავა, რომ გაიფუჭე ბავშვობა და სულ და*ევდი. ან ამდენ გინებას როგორ იტან".

როგორ ეძებენ და პოულობენ ინსპექტორები საეჭვო პოსტებს და მათ ავტორებს?

ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს. შსს-ს თანამშრომლები, მათ შორის შსს-ს იურისტი, რომელიც ამ საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზებში წარმოადგენს, ჟურნალისტების ამ კითხვას მხოლოდ ზოგადი, აი, მაგალითად, ასეთი ფრაზით პასუხობს:

„მიმდინარეობს მონიტორინგი და როდესაც სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი იდენტიფიცირდება, შემდგომში პოლიცია იძიებს ინფორმაციას უშუალოდ პერსონის შესახებ... მონიტორინგი ნიშნავს კონტროლს, დანარჩენი თქვენ შეაფასეთ... ვსქროლავთ თუ არ ვსქროლავთ, ფაქტი სახეზეა“, - უპასუხა ჟურნალისტებს 16 ივნისს სასამართლოდან გამოსულმა სალომე ქირიამ, შსს-ს იურისტმა.

იმაზე, თუ რანაირად ხდება სოციალური ქსელების „მონიტორინგი“, სადაც, მხოლოდ საქართველოდან, სავარაუდოდ, 3 მილიონამდე ანგარიშია დარეგისტრირებული, სალომე ქირია მხოლოდ იმას ამბობს, რომ სამმართველოს თანამშრომლები საქმეს „აშკარად ძალიან კარგად უმკლავდებიან“:

„საქმე საკმაოდ ბევრია, ხოლო დღის წესრიგსა და რეჟიმზე მე ვერაფერს გეტყვით, რადგან წარმოვადგენ იურიდიულ დეპარტამენტს“, - ამბობს ის.

Meta მომხმარებელთა რაოდენობას ქვეყნების მიხედვით ოფიციალურად არ აქვეყნებს, თუმცა ანალიტიკური პლატფორმა NapoleonCat-ის Meta-ს სარეკლამო და აუდიტორიის შეფასებების მიხედვით, საქართველოში Facebook-ზე დაახლოებით 3 მილიონი პროფილია რეგისტრირებული, ხოლო Instagram-ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ვინაიდან ერთი ადამიანი ხშირად ორივე პლატფორმას იყენებს, Meta-ს უნიკალური მომხმარებლების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. NapoleonCat-ი ცნობილი და ხშირად გამოყენებული ანალიტიკური პლატფორმაა, თუმცა ის არ წარმოადგენს Meta-ს ოფიციალურ სტატისტიკას უნიკალური მომხმარებლების შესახებ.

რას ეძებენ სამმართველოს თანამშრომლები?

შსს-ში "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" პირველი ივნისიდან მუშაობს. ამ დრომდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, იქ სულ ათამდე ადამიანია დასაქმებული. სამმართველოს შსს-ს იურისტი თამთა ქიმბარიშვილი ხელმძღვანელობს. მის შესახებ დაწერილი ფეისბუკ-კომენტარის გამო სასამართლომ ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილში დააჯარიმა 2500 ლარით ერთ-ერთი მოქალაქე.

ეს სტრუქტურა უფლებამოსილია მოკვლევა დაიწყოს როგორც საკუთარი ინიციატივით - „სოციალური ქსელის მონიტორინგის“ - ისე მიმართვის საფუძველზე.

სამმართველო რეაგირებს როგორც რიგითი მოქალაქეების, ფიზიკური პირების, ისე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, საჯარო მოხელეებისა თუ პოლიტიკური „პირების მიმართ ჩადენილ სავარაუდო სამართალდარღვევებზე“.

ჯერ კიდევ მაისში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ამ სამმართველოს შექმნის ინიციატივაზე საუბრისას ამბობდა, რომ ის მიმართულია „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ და მისი მიზანი არ არის „აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა“.

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე კი ასე განმარტავს სამმართველოს ფუნქციონირებასა და მისიას:

„თითოეული კრიტიკა, თავდასხმა იქნება, უხამსი თუ ვულგარული გამონათქვამი, თუ ლახავს კონკრეტული ადამიანის პირად ღირსებას, ამ შემთხვევაში უკვე ერთვება კანონი...

[თუკი ადამიანი] უხამსი გამონათქვამებით რაიმე პოლიტიკას აკრიტიკებს ან მის შეხედულებას აფიქსირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენასთან დაკავშირებით და არა კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, ასეთ შემთხვევაში, ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლებად. აქ ზღვარი გადის პიროვნულ თავდასხმებზე“.

რა შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად?

სამმართველოს ოფიციალური სახელწოდებაა „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“.

სიძულვილის ენა არის გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ მათი იდენტობის ნიშნების გამო სიძულვილს ან ძალადობას აღვივებს ან წააქეზებს. აი, მაგალითად, 2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული საკანონმდებლო განმარტება სიძულვილის ენისა სწორედ ამ კანონში გვხვდება.

კანონის მიხედვით, სიძულვილის ენად მიიჩნევა ისეთი გამოხატვა, რომელიც:

„პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას ახდენს“.

ამავე ნორმაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჩანაწერი:

„პროგრამა, რეკლამა ან განცხადება მხოლოდ იმიტომ არ შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად, რომ ის შეურაცხმყოფელი ან კრიტიკულია. სიძულვილის ენას უნდა ჰქონდეს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზების ელემენტი“.

იურისტები განმარტავენ, რომ არსებობს ზღვარი, თუ რა შეიძლება და რა არ შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად. მნიშვნელოვანია, რომ სიძულვილის ენა გაიმიჯნოს შეურაცხმყოფელი, არასასიამოვნო გამონათქვამებისგან.

მაგალითად, კონკრეტული განცხადება, მიმართვა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის აზრს, მიჩნეული იყოს შეურაცხყოფად, მაგრამ ის არ იწვევდეს სიძულვილს ან ძალადობას. შეურაცხმყოფელი გამონათქვამები არ შეიძლება ავტომატურად ჩაითვალოს სიძულვილის ენად. გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ კეთილგანწყობილ განცხადებებზე, არამედ ისეთზეც, რომელიც შეიძლება არასასიამოვნო იყოს ვინმესთვის.

ასევე, საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საჯარო პირებს, მათ შორის პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს, კრიტიკის მიმართ უფრო მაღალი თმენის ვალდებულება აქვთ, ვიდრე კერძო პირებს. მათი საქმიანობა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და დემოკრატიულ საზოგადოებაში მათი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიმართ საჯარო დისკუსია თუ კრიტიკა განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. ეს პრინციპი პირდაპირ კავშირშია საქართველოს კანონთან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.

თუმცა აღმოჩნდა, რომ შსს-ს იურისტი ახალშექმნილი სამმართველოს ფუნქციას, რომლის ამოცანა, სამმართველოს სახელწოდებიდან გამომდინარეც, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაა, სიძულვილის ენის შინაარსს სრულებით სხვაგვარად განმარტავს და მიიჩნევს, რომ შეურაცხყოფა, მათ შორის, გინება სოციალურ ქსელში, სიძულვილის ენაა და ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს:

„დიახ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გინება ყოველთვის აკრძალული იყო, ეს არ არის ახალი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს 166-ე მუხლი და ამ საქმეებს სასამართლო დიდი ხანია განიხილავს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, განსხვავებაა ერთი რამ, რომ ყურადღების ცენტრში მოხდა ის გარემოება, რომ შეიქმნა ახალი სამმართველო, რომელიც აღნიშნულს ამონიტორინგებს“, - ამბობს შსს-ს იურისტი სალომე ქირია.

იურისტების განმარტებითვე, სიძულვილის ენის ინციდენტების მონიტორინგის საკითხი ლეგიტიმური პროცესია, თუმცა ეს მანდატი უნდა ჰქონდეს არა პოლიციას, არამედ სახალხო დამცველს.

რადიო თავისუფლებამ შსს-ს პრესსამსახურს მიმართა "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს" ხელმძღვანელთან, თამთა ქიმბარიშვილთან ინტერვიუს მოთხოვნით. უწყებისგან, ამ დრომდე, არც თანხმობა და არც უარი არ მიგვიღია.

როგორია საერთაშორისო გამოცდილება?

ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს სპეციალიზებული პოლიციური ან საპროკურორო ერთეულები, რომლებიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და კანონით აკრძალულ ონლაინ სიძულვილის საქმეებს იძიებენ.

თუმცა მათი ძირითადი ფუნქცია, როგორც წესი, სისხლის სამართლის დანაშაულებზე რეაგირებაა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი, „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, ამ თვალსაზრისით, განსხვავებული მოდელია, რადგან მისი საქმიანობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, სოციალური ქსელების მონიტორინგს მოიცავს.

დასავლეთის ქვეყნებში ასეთი უწყებები, როგორც წესი, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე (hate crime) ან კანონით დასჯად ონლაინ სიძულვილზე მუშაობენ და არა ზოგადად, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული პოსტების მონიტორინგზე.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2017 წელს შეიქმნა National Online Hate Crime Hub-ი - ონლაინ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეროვნული ჰაბი. ამ სტრუქტურის ამოცანაა, ონლაინ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ შეტყობინებების მიღება, პოლიციის ძალების მხარდაჭერა და გამოძიების კოორდინაცია.

უკანასკნელ წლებში გერმანიაში შეიქმნა სპეციალიზებული საპროკურორო და საგამოძიებო ჯგუფები, რომლებიც ონლაინ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს იძიებენ. სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე მოქმედებს სპეციალური პროკურორთა დანაყოფები, რომლებიც სოციალური ქსელების პოსტებსა და კომენტარებს სწავლობენ.

უკვე ნაცადი პრაქტიკა

ფეისბუკის სტატუსებისა თუ კომენტარების გამო სასამართლოებში მასობრივი ადმინისტრაციული სამართალწარმოება ჟურნალისტების, უფლებადამცველების, აქტივისტების წინააღმდეგ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყო და არაერთი ჟურნალისტი თუ აქტივისტიც დაჯარიმდა.

ასევე ნახეთ

"ეს არის სამართლებრივი აბსურდი" - როგორ იძიებენ და სჯიან ხალხს ჩინოვნიკების შეურაცხყოფისთვის

მაშინ, სასამართლოში წარდგენილი საქმეების თანახმად, პატაკის შემდგენი დეტექტივები, რომლებმაც 20-მდე მოქალაქის ფეისბუკის გვერდები „დაათვალიერეს“, ირწმუნებოდნენ, რომ ფეისბუკპოსტებით მათ პოლიტიკოსები შეურაცხყვეს და შესაბამისად, დაარღვიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი. ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. თუკი დანაშაული განმეორდება, ჯარიმა 2500-დან 6000 ლარამდე იზრდება ან ისჯება 60-დღიანი პატიმრობით.

ეს მუხლი კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს გაჩნდა - სწორედ მაშინ, როდესაც პროევროპული აქციებისა და ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთი კანონის გამკაცრება გადაწყვიტა, მაგალითად, შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.

ის კომენტარები, რომელთა გამოც "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს კომენტარებისა თუ პოსტების წაშლის ვალდებულებას და შესაბამისად, ვერავინ, მათ შორის ვერც მოსამართლე დაავალდებულებს დაჯარიმებულ მოქალაქეებს, წაშალონ ის კომენტარები, რომლებსაც შსს წვრილმან ხულიგნობად ან პოლიტიკოსის შეურაცხყოფად, გადაკიდებად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევად მიიჩნევს.