ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის კოალიციამ, რომელიც რუსეთთან კავშირების აღდგენას უჭერს მხარს, დამაჯერებლად გაიმარჯვა 19 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. რადევის „პროგრესულმა ბულგარეთმა“ ხმების 44,6% და ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტში) 240 ადგილიდან დაახლოებით 130 მიიღო.
ახლა საკითხავია, დასრულდება თუ არა ამ არჩევნებით ხუთწლიანი პოლიტიკური კრიზისი და როგორი იქნება ახალი მთავრობის კურსი?
რუმენ რადევის მიერ შექმნილი ალიანსის „პროგრესული ბულგარეთის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რვაჯერ ჩატარებული არჩევნებში გამოიხატა.
19 აპრილის საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის დეკემბრის პოლიტიკური კრიზისის პირდაპირი შედეგია. მაშინ ბულგარეთს გადაუარა ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო ტალღამ, რომელიც დაიწყო როგორც 2026 წლის ბიუჯეტის წინააღმდეგ გამოსვლები, მაგრამ სწრაფად გადაიქცა მთელი პოლიტიკური სისტემისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობად, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვისა და მისი პოლიტიკური პარტნიორის, დელიან პეევსკის (პარტია „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“ ლიდერის) გადადგომასა და პასუხისგებაში მიცემას.
2025 წლის დეკემბერში ბულგარეთის მთავრობა გადადგა, ხოლო პრეზიდენტს მოუწია დროებითი, ტექნიკური კაბინეტის დანიშვნა.
ასევე ნახეთ
ახალი მთავრობის პირობებში ბევრ ბულგარელს წარსულში დაბრუნების ეშინია19 აპრილის არჩევნების შედეგების კომენტირებისას ადგილობრივი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბულგარეთში დასრულდება პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი, რომელიც გამოიხატებოდა მყიფე კოალიციური მთავრობების ვადაზე ადრე გადადგომაში. თავად რადევი ჰპირდება ამომრჩევლებს როგორც კორუფციასთან ბრძოლასა და ინფლაციის შეკავებას, ასევე ევროკავშირის ფარგლებში დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებას, რაც, მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგს არ გამორიცხავს.
„პროგრესულმა ბულგარეთმა“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ეს არის იმედის გამარჯვება უნდობლობაზე, თავისუფლებისა - შიშზე. ხალხმა უარყო ძველი პარტიების თვითკმაყოფილება და ქედმაღლობა და არ აჰყვა მათ სიცრუესა და მანიპულაციებს,“ - განაცხადა რუმენ რადევმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.
არჩევნები რიცხვებში
„პროგრესული ბულგარეთის“ გარდა საარჩევნო ბარიერი (4%) კიდევ ოთხმა პარტიამ გადალახა, არადა წინა მოწვევის პარლამენტი ცხრა პარტიით იყო წარმოდგენილი.
მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის, ცენტრისტულ-პოპულისტური კოალიცია „გერბი-სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 13,4%-ით (ГЕРБ - ბულგ. Граждани за европейско развитие на България - მოქალაქეები ევროპული განვითარებისთვის ბულგარეთში).
„გერბ“-ის მეთაურობით შექმნილმა კოალიციამ ჩამოაყალიბა ბულგარეთის ბოლოსწინა მთავრობა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა დეკემბერში.
მესამე ადგილზეა „ცვლილებების გაგრძელების“ პარტიისა და კოალიცია „დემოკრატიული ბულგარეთის“ მიერ შექმნილი ბლოკი - 12.6%-ით.
არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, რადევი და „პროგრესული ბულგარეთი“ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებენ, თუმცა რადევმა ასევე არ გამორიცხა მესამე ადგილზე გასულ ბლოკთაგნ კოალიცია.
ასევე ნახეთ
ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცაბულგარეთის პარლამენტში შევიდა კიდევ ორი პოლიტიკური ალიანსი, რომლებმაც 4%-იანი ბარიერი გადალახეს: „უფლებებისა და თავისუფლებების მოძრაობა“, რომელმაც ხმების 7,1% მიიღო და ულტრანაციონალისტური „აღორძინება“ – 4,3%-ით. „აღორძინების“ ლიდერმა კოსტადინ კოსტადინოვმა არაერთხელ განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ.
19 აპრილის არჩევნების შედეგები: პროგრესული ბულგარეთი -44,6%;„გერბი“-სდპ - 13,4%; „ცვლილებების გაგრძელება“-„დემოკრატიული ბულგარეთი“ – 12,6%; უფლებებისა და თავისუფლებების მოძრაობა - 7,1%; აღორძინება - 4,3%.
სოციალისტების მარცხი
1990 წლის შემდეგ პირველად “ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ”, რომელიც წინა კოალიციური მთავრობის ნაწილი იყო, ვერ გადალახა 4%-იანი ბარიერი და პარლამენტში ვერ მოხვდა.
რუმენ რადევის პირველი საპრეზიდენტო კამპანია (2017 წ) სწორედ ამ პარტიასთან იყო დაკავშირებული და, როგორც ჩანს, ამ გარემოებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე: სოციალისტური პარტიის ამომრჩეველთა ბირთვმა ხმა მისცა რადევის „პროგრესულ ბულგარეთს“. გარდა ამისა, რადევმა შეძლო პრორუსულად განწყობილი უკიდურესად მემარჯვენე პარტიის, „აღორძინების“ ამომრჩეველთა ნაწილის გადაბირებაც. „აღორძინებამ“ 2024 წლის არჩევნებში 13,3% მიიღო, ახლა კი 4,3% და ძლივს გადალახა საარჩევნო ბარიერი.
ექსპერტების აზრით, რუმენ რადევის წინაშე ახლა ორი მთავარი ამოცანა დგას: მიიღოს 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც პირველი იქნება მას შემდეგ, რაც ბულგარეთი ევროზონაში შევიდა (2026 წ. 1 იანვარი) და შეიმუშაოს ზომები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ინფლაციის მოსათოკად.
ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ბულგარეთის საზოგადოება ახალი მთავრობისგან ორი მიმართულებით ელის ცვლილებებს: 1. სასამართლო რეფორმა; 2. სტაბილურობა.
ასევე ნახეთ
მუდმივი არჩევნები - რატომ ვერ თავისუფლდება ბულგარეთი რუსეთის გავლენისგან?რადევის ალიანსს „პროგრესულ ბულგარეთს“ 240-ადგილიან პარლამენტში არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა (160 მანდატი), შესაბამისად მნიშვნელოვანი სასამართლო ან საკონსტიტუციო რეფორმის გასატარებლად, მის 130 მანდატიან წარმომადგენლობას აუცილებლად დასჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა.
რუმენ რადევი ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი (2014-2017) და 2017-2026 წლებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც გადადგა 2026 წლის იანვარში, რათა საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა და, ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირების თანახმად, „ოლიგარქიული მმართველობის მოდელს“ დაჰპირისპირებოდა.
რუმენ რადევი - ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი
გამოკითხვების მიხედვით, „პროგრესულმა ბულგარეთმა“ შეძლო სხვადასხვა თაობის ამომრჩევლის მიმხრობა, მათ შორის დეკემბრის საპროტესტო აქციების მონაწილეებისა, ისევე როგორც საშუალო ასაკისა და 60 წელს გადაცილებულებისა. გარდა ამისა, რადევის ალიანსმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო საზღვარგარეთ მცხოვრები ბულგარელებისგანაც.
რადევს აქამდე არასოდეს უხელმძღვანელოებია პოლიტიკური პარტიისთვის. მისი „პროგრესული ბულგარეთი“ ძირითადად შედგება ნაკლებად ცნობილი ექსპერტებისგან, სპორტის მოღვაწეებისა და ეკონომისტებისგან. თუმცა, მიუხედავად ამისა, მყარი საპარლამენტო უმრავლესობა რადევს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი დღის წესრიგი გაატაროს.
შეიცვლის თუ არა ბულგარეთი საგარეო კურსს?
საარჩევნო კამპანიის განმავლობაში რადევი და მისი კოალიცია თავს იკავებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დაგმობისგან, რათა პრორუსულად განწყობილი ამომრჩევლების მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ამის გამო რადევს ხისტად აკრიტიკებდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ ქვეყანას შესაძლოა ევროპული კურსიდან გადაეხვია.
როგორც რადევმა განმარტა, ის არ აპირებს ვეტოს დადებას ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე, თუმცა, მისივე თქმით, მხარს არ დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ბულგარეთის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი იქნება.
არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემების გამოცხადების შემდეგ ბოიკო ბორისოვმა, რომელიც ათი წლის განმავლობაში თითქმის უწყვეტად იკავებდა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, რუბნ რადევს გამარჯვება მიულოცა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „არჩევნების მოგება ერთია, ხოლო სახელმწიფოს მართვა - სრულიად სხვა“.
არჩევნების მოგება ერთია, ხოლო სახელმწიფოს მართვა - სრულიად სხვა, ბოიკო ბორისოვი...
ბოიკო ბორისოვი და მისი პარტია ევროკავშირთან დაახლოებასა და უკრაინის მხარდაჭერას ემხრობიან, რუდენ რადევი კი პრორუსულ პოლიტიკოსად მიიჩნევა. ფრანგული Le Monde-ც იხსენებს, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა რადევმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს „რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობას, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“.
რადევმა ასევე გააკრიტიკა 2026 წლის მარტში ბულგარეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული 10-წლიანი თავდაცვითი შეთანხმება, წინააღმდეგი იყო უკრაინისთვის ბულგარული იარაღის გადაცემისა, თუმცა რადევი ასევე ირწმუნება, რომ არ გამოიყენებს თავისი ქვეყნის ვეტოს უფლებას ევროკავშირის გადაწყვეტილებების დასაბლოკად. ამ განცხადების კომენტირებისას გერმანიის მარშალის ფონდის ბულგარელმა ანალიტიკოსმა, დიმიტარ კერანოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას უთხრა, რომ არ გაუკვირდება თუ დროთა განმავლობაში რადევი ამ პოზიციას შეიცვლის.
„ბულგარეთი არ დატოვებს ნატოს და ევროკავშირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რადევმა თუნდაც თავიდან არ დაბლოკოს უკრაინისთვის დახმარება ისე აქტიურად, როგორც ამას ვიქტორ ორბანი აკეთებდა, მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დროთა განმავლობაში ვიხილავთ რუსეთის მიმართ მის უფრო კეთილგანწყობილ რიტორიკას, უფრო მტრულს უკრაინისადმი და, საბოლოოდ, გარკვეულ ბლოკირებებს,“ - ამბობს დიმიტარ კერანოვი.
რისკები უკრაინისთვის
დიმიტარ კერანოვი ყურადღებას ამახვილებს როგორც ბულგარეთის მოწყვლადობაზე რუსეთის გავლენებისა და დეზინფორმაციის მიმართ, ასევე მის „დეფექტურ დემოკრატიაზე”.
ასევე ნახეთ
"სოკო საიტები" - როგორ ვრცელდება რუსული დეზინფორმაცია ბულგარეთში„ბულგარეთმა 1989 წლის შემდეგ არ გაიარა დეკომუნიზაციის პროცესი ისე, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ჩეხეთში ან ყოფილ გდრ-ში - აღმოსავლეთ გერმანიაში. ბულგარეთი, სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის ერთგული სატელიტი იყო და ძლიერად ექვემდებარებოდა მოსკოვიდან წამოსულ პროპაგანდას. როგორც ჩანს, ეს პროპაგანდა და დეზინფორმაცია დემოკრატიულ პერიოდშიც გაგრძელდა,“ - განმარტავს ექსპერტი, რომლის თქმითაც, სწორედ ამიტომ ბულგარეთში ბევრი ადამიანი დადებითად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. კერანოვის თქმით, ევროკავშირისთვის პრობლემა იქნება ბულგარეთში სახელმწიფო ინსტიტუტების თვალში საცემი სისუსტე.
„ბულგარეთში არსებობს სასამართლო სისტემა, რომელიც სამართალდამრღვევებს არ დევნის, და მარეგულირებლები, რომლებიც არაფერს არეგულირებენ. ახლა კი ასეთი ინსტიტუტები აღმოჩნდა ერთი ადამიანის, რუმენ რადევის ხელში. ეს რეალური მოწყვლადობაა… რადევი დაუყოვნებლივ არ გახდება მეორე ორბანი, მაგრამ ინსტიტუციური დაკნინებისა და მისი პრორუსული სიმპათიების გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ დროთა განმავლობაში ბლოკირება (უკრაინისთვის საჭირო ინიციატივების - რედ.) უფრო აქტიური გახდეს,“ - ამბობს ბულგარელი ექსპერტი.
ასევე ნახეთ
ბულგარეთის ევროზონაში შესვლა ვერც რუსულმა დროშებმა შეაჩერა და ვერც ცეცხლმაექსპერტი ასევე განმარტავს, რომ ბულგარეთში არ არსებობს პოლიტიკური ძალების ტრადიციული განაწილება ცენტრისტებად, მემარჯვენეებად და მემარცხენეებად, როგორც დასავლეთ ევროპაში. სისტემა უფრო მეტად ეყრდნობა ისეთ „ძლიერ ფიგურებს“ როგორიც მაგალითად სერბეთის ლიდერი ალექსანდრ ვუჩიჩია. ახლა შესაძლოა ბულგარეთში ასეთად იქცეს რადევიც.
„როდესაც სისტემა „ძლიერ ხელზეა“ აგებული და ეს ადამიანი პრორუსია, მაშინ, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ თავდაპირველად მოხდება დასაშვები საზღვრების მოსინჯვა, შემდეგ - რიტორიკული გადახრა, ხოლო შემდეგ დრო აჩვენებს, გადაიქცევა თუ არა ეს რიტორიკული ცვლილება უფრო სერიოზულ ნაბიჯებად. ვიქტორ ორბანიც დღევანდელ ორბანად უცბად არ ქცეულა. მანაც საზღვრების მოსინჯვით დაიწყო,“ - ამბობს კერანოვი.
ამავე დროს, ანალიტიკოსი მიუთითებს, რომ ბულგარეთში არსებობს ერთგვარი „დამცავი მექანიზმიც“ - ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომლის საფუძველსაც, პირველ რიგში, დასავლეთ ევროპაში ცხოვრების გამოცდილების მქონე ახალგაზრდობა წარმოადგენს.
„თუ რადევის მთავრობა ეცდება ძალიან დაშორდეს ნატოსა და ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ამას აუცილებლად მოჰყვება ქუჩის პროტესტი,“ - მიიჩნევს კერანოვი.
სწორედ ამიტომ ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ ახალი მთავრობა გადაწყვეტს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიყიდვის შეწყვეტას. ყოველ შემთხვევაში, ეს სწრაფად არ მოხდება, საზოგადოების შესაძლო წინააღმდეგობის გათვალისწინებით. ამავე მიზეზით ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა ბულგარეთის დაბრუნება რუსეთის გაზისა და ნავთობის იმპორტზე, რომლის წილი ქვეყნის შიდა ბაზარზე 2022 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბულგარეთი ყველაფერს გააკეთებს ევროპულ გზაზე დარჩენისთვის, რუმენ რადევი
თვითონ რუმენ რადევიც ამბობს, რომ არ აპირებს ევროპული გზიდან გადახვევას, თუმცა მისი განცხადებებიდან ისიც ჩანს, რომ არ აპირებს გაერთიანების პასიურ წევრად ყოფნას.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბულგარეთი ყველაფერს გააკეთებს ევროპულ გზაზე დარჩენისთვის, მაგრამ დამიჯერეთ, ძლიერი ბულგარეთი ძლიერ ევროპაში მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას და პრაგმატიზმს, - ციტირებს Reuters-ი რუდენ რადევს, - რადგან ევროპა გახდა მსხვერპლი საკუთარი ამბიციებისა - ყოფილიყო მორალური ლიდერი წესების გარეშე მოქმედ სამყაროში, ამიტომ ევროპას ახლა სჭირდება კრიტიკული აზროვნება, პრაგმატული ქმედებები და კარგი შედეგები. განსაკუთრებით - ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში და მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღებაში ინდუსტრიული პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის აღსადგენად. სწორედ ეს იქნება ბულგარეთის მთავარი წვლილი მის ევროპულ მისიაში.“