რას ფიქრობს ხალხი - NDI-ის კვლევა მოკლედ.

ხალხს სურს, იცხოვროს დემოკრატიულ გარემოში, თუმცა თვლის რომ საქართველო არადემოკრატიული ქვეყანაა.

ხალხი ფიქრობს, რომ პარლამენტარები ძირითადად იმას აკეთებენ, რასაც მათგან პარტია ითხოვს.

ხალხი თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას და შესაბამისად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ ეცოდინებოდა ვისთვის მიეცა ხმა.

ხალხი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებში კორუფცია სხვადასხვა ფორმით არსებობს. სასამართლოში, პოლიციაში, პარლამენტში, პროკურატურასა და საჯარო დაწესებულებებში კორუფციის ყველაზე გავრცელებული ფორმა ნეპოტიზმია. ვხვდებით ქრთამის აღებას, ბიუჯეტის ფლანგვას პირადი მიზნებისთვის, ოფიციალური ინფორმაციის და ანგარიშების გაყალბებას.

ასეთია მოკლე შეჯამება 2018 წლის დეკემბერში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევისა, რომლის პოლიტიკური ნაწილიც დღეს, 20 იანვარს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

უფრო დეტალურად:

  • მოსახლეობის 36% თვლის, რომ არსებულ პოლიტიკურ სისტემაში მთავრობის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენის არანაირი საშუალება არ აქვს.

  • საქართველოს მოსახლეობის 59% ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ცხოვრობდნენ დემოკრატიულ ქვეყანაში, თუმცა 46% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

  • იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საქართველოს არადემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევენ, 2013 წლის ბოლოდან სტაბილურად იზრდება.

  • საქართველოს მოსახლეობის 53% თვლის, რომ საქართველო დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა უნდა იყოს და ლიდერი, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ოპოზიციის წინაშე არ მოწონს მოსახლეობის 55%-ს.

გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ:

  • მოსახლეობის 72% თვლის, რომ სამსახურში აყვანისას დამსაქმებელმა უპირატესობა უცხოელებთან შედარებით ქართველებს უნდა მიანიჭონ, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

  • 56%-ის აზრით, ქვეყანამ უნდა შეზღუდოს საქართველოში ჩამომსვლელი უცხოელი იმიგრანტების რაოდენობა;

  • 61 %-ის აზრით, საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება მისი ძლიერი მხარეა

  • 46% თვლის, რომ უცხოელ ემიგრანტებს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

მთავრობა და პარლამენტი

  • მოსახლეობის 49% მთავრობის მუშაობას ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს, პარლამენტარების კვალიფიკაციას კი არასაკმარისად მიიჩნევს.

  • მოსახლეობის 71% ამბობს, რომ პარლამენტში მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არიან დაკავებულები.

  • მოსახლეობის 62%-ის აზრით ქართველი პარლამენტარები არაეთიკურად იქცევიან და ქვეყნისთვის ცოტას შრომობენ.

  • მოსახლეობის 72% თვლის, რომ პარლამენტარები იმას აკეთებენ, რასაც მათგან პარტია მოითხოვს, 60%-ს კი მიაჩნია, რომ ისინი საკუთარ ინტერესებს იცავენ. ასეთი პარლამენტარები არ მოწონს ქვეყნის 57%, რომელიც თვლის, რომ პარლამენტის წევრი ყოველთვის საკუთარი აზრით უნდა ხელმძღვანელობდეს, თუნდაც საკუთარი პარტიის წინააღმდეგ მიდიოდეს.

  • მოსახლეობის 62%-მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი;

  • მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ თუკი პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნა მოუნდება, ამას ადვილად ვერ შეძლებს.

კორუფცია

  • მოსახლეობის 30% თვლის, რომ კორუფცია ქვეყანაში ძალიან არის გავრცელებული.

  • სამინისტროებში ნეპოტიზმის არსებობის სჯერა მოსახლეობის 63%-ს, 61% კი თვლის, რომ ნეპოტიზმს ადგილი აქვს ადგილობრივ თვითთმართველობებში.

  • ქრთამის აღების მაღალი მაჩვენებელია სასამართლოში, სადაც მოსახლეობის 38% თვლის, რომ კორუფციის ეს ფორმაა გავრცელებული. პოლიციაში ქრთამის აღებასა და მოთხოვნაზე საუბრობს მოსახლეობის 39%, პარლამენტში 24%, პროკურატურაში კი 35%.