"ბაზისბანკის" ხელში გადადის “ლიბერთი ბანკის” აქტივები, შესაძლებლობები და პასუხისმგებლობებიც; ასევე წვდომა, მათ შორის - 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკური პირის პერსონალურ მონაცემებთან.
“ბაზისბანკის” აქციებს 2012 წლიდან ჩინური “ჰუალინგ ჯგუფი” ფლობს, რომელიც საქართველოში 2007 წლიდან საქმიანობს. “ბაზისბანკის” გამსხვილების ფონზე აქტუალური გახდა დისკუსია ჩინეთის ზეგავლენების შესაძლო გაძლიერებასთან დაკავშირებით.
“ბაზისბანკში” ასეთ ვარაუდებს სრულიად უსაფუძვლოს უწოდებენ.
ორ ბანკს შორის გარიგებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო - როცა საქართველოში უკვე აქტიურად განიხილავდნენ საერთაშორისო სანქციების დაწესების შესაძლებლობას, “ლიბერთი ბანკისა” და პროსახელისუფლებო “იმედის” მფლობელის - ირაკლი რუხაძის წინააღმდეგ. 2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV). რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა „იმედი", სანქცირებამდე, 6 თებერვალს, „სიმბოლურ ფასად“ - 1000 ლარად გაყიდეს. ამიერიდან რუხაძის უკვე აღარც "ლიბერთი ბანკი" იქნება.
რამდენად გაყიდა ირაკლი რუხაძემ ბანკი, რომელიც სხვა ოპერაციებთან ერთად საქართველოს მოსახლეობის საპენსიო მომსახურებას ეწევა, უცნობია.
“ბაზისბანკი” არ ასაჯაროებს რა დაუჯდა "ლიბერთის" ყიდვა.
ბანკის გამსხვილება - რა ხდება ახლა?
„დამატებითი ცვლილებების შესახებ, როცა იქნება და როგორც იქნება, გავავრცელებთ განცხადებებს და განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით ყველა კლიენტს“ - ასე პასუხობენ „ბაზისბანკში“ რადიო თავისუფლების შეკითხვებს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ: იგეგმება თუ არა რებრენდინგი, სახელისა თუ ლოგოს შეცვლა.
ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა ორი ბანკის შერწყმა საკადრო ცვლილებებს, თანამშრომლების შესაძლო შემცირებას.
ორ ბანკს ახლა უკვე ერთი გენერალური დირექტორი მართავს - “ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად”.
ერთი ბანკის მიერ მეორეს ყიდვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვერც ეროვნულ ბანკში მივიღეთ - ჯერჯერობით არც ოფიციალური განცხადება გამოუქვეყნებიათ. ამ საკითხზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2025 წელს დაიწყო - „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის “კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის” შესასწავლად.
- ვიდრე “ლიბერთის” შეიძენდა, “ბაზისბანკი” - 4.9 მილიარდი ლარის აქტივებით - მეოთხე ადგილს იკავებდა; გამსხვილების შემდეგ - მესამე ადგილზე გადავა ["საქართველოს ბანკისა" და "თიბისის" შემდეგ]
- გაყიდული “ლიბერთი ბანკი” – 5.8 მილიარდიანი აქტივებით, მესამე ადგილს იკავებდა.
- ამ ორი ბანკის აქტივების წილი ბაზარზე დაახლოებით 10%-ს შეადგენს. [“საქართველოს ბანკისა” და “თიბისის” წილი - დაახლოებით 80%-ია]
"ბაზისბანკის" მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარი იყო. "ლიბერთი ბანკის" მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარი იყო.
“ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.
ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“ - აცხადებს "ბაზისბანკის" გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
ასევე ნახეთ
"ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკი" იყიდა“ზოგადად, გამსხვილება ხელს უწყობს კონკურენციის ზრდას საბანკო სექტორში. ბევრ პატარ-პატარა ბანკს ჯობია, რომ იყოს მსხვილი ბანკი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა მსხვილ ბანკებს. ასეთ დროს, მომხმარებელი ცალსახად მოგებული რჩება - რადგან მეტი შესაძლებლობა ეძლევა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე და აზუსტებს, რომ - “ლიბერთი ბანკის” შეძენას - “ძალიანაც რომ ნდომებოდათ", ვერ მოახერხებდნენ “საქართველოს ბანკი” და “თიბისი” ბანკი - “რადგან ძალიან გაიზრდებოდა მათი კონცენტრაცია ბაზარზე და ეროვნული ბანკი ამის უფლებას არ მისცემდა”.
კეპულაძის თქმით, ამ გარიგებამ “ლიბერთი ბანკს” შესაძლო სანქციების დაწესების საფრთხე აარიდა - რაზეც რამდენიმე წლის განმავლობაში მსჯელობდნენ.
“ირაკლი რუხაძესთან, ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტთან კავშირი “ლიბერთი ბანკს” კარგს არაფერს უკეთებდა, ყოველ შემთხვევაში. ვიღაცას შეიძლება ასეთ ბანკში ფულის შენახვისგან თავი შეგნებულად შეეკავებინა”, - გვეუბნება კეპულაძე. ამასთან, ის პრობლემას ვერ ხედავს, რომ - “ბაზისბანკს” ჩინური “ჰუალინგ ჯგუფი” ფლობს, რადგან ბანკმა, მისი თქმით, არაერთხელ მოიზიდა სესხი EBRD-იდან [ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი] თუ მსხვილი ევროპული ფონდებიდან.
“საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული” - ამბობს კეპულაძე.
2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც რუსული VTB ბანკი სანქცირებულთა სიაში მოხვდა, სანქციები გავრცელდა საქართველოში მოქმედ მის ფილიალზეც - "ვითიბი ბანკი ჯორჯიაზეც" და დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები მასაც შეეზღუდა. "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ფიზიკური პირების, მეანაბრეებისა და მსესხებლების მომსახურება "ბაზისბანკის" ხელში გადავიდა; ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესმეანაბრეებისა და მსესხებლების მომსახურება - „ლიბერთი ბანკმა" გადაიბარა.
ვარაუდები ჩინური გავლენის გაძლიერებაზე
„სანქციების შიშით რუხაძე “ლიბერთი ბანკიდანაც” გაიქცა. იგი “ბაზისბანკმა” შეიძინა. 1.6 მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს ჩინეთის კონტროლქვეშ მყოფი ბანკი დაარიგებს. საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტის პერსონალური მონაცემები ჩინურ კომპანიას ექნება. სხვა რამის გამო კი არ გააყიდინეს ტიკტოკი ამერიკაში ჩინელებს. თუ რაიმე კარგი გვინდა რომ დავინახოთ, ამ გარიგებაში არის ის, რომ “ლიბერთიბანკი” სანქციების საფრთხიდან გამოვიდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში ყოფილმა პარლამენტარმა, პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ.
ტრამპის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნით, 2026 წლის იანვრის მონაცემებით, ჩინური კომპანია ByteDance-ისგან გამოსყიდულ იქნა TikTok-ის ამერიკული ნაწილის აქტივები [ბაზები] - პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზნებით. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ TikTok-ის აქტივების 80%-ზე მეტი ამერიკული და გლობალური კომპანიების კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო. ცალკე იზრუნეს ალგორითმების დაცულობაზე. აშშ-ის ნაწილში მათ ჩინური კომპანია ვეღარ აკონტროლებს.
ექსპერტები ხშირად მსჯელობენ ჩინეთის კანონმდებლობაზე, რომელიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სრულ წვდომას აძლევს ჩინეთში მოქმედი კომპანიების ბაზებზე და მათ ხელთ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე.
ასევე ნახეთ
TikTok-ის გენერალური დირექტორი ევროპარლამენტში დაიბარეს რუმინეთში არჩევნების შემდეგრაში შეიძლება გამოადგეს ჩინურ მხარეს ქართველი პენსიონერების პერსონალური მონაცემები? - დავუსვით გოცირიძეს შეკითხვა, რომელიც მისი ფეისბუკპოსტის შემდეგ ბევრს გაუჩნდა.
“ამერიკაში როგორც ამბობენ, ეს დაკავშირებულია ალგორითმებთან, რომლებსაც შეუძლია მოსახლეობაზე ზეგავლენა, ზომბირება - ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. მე არაფერს ვამტკიცებ - თეორიულად ვამბობ - თუკი ევროპაში და აშშ-ში პერსონალურ მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით რაღაც უსიამოვნო განცდები არსებობს, ასეთი განცდები ამ მომენტში ჩვენთან გაცილებით უფრო ხელშესახებია.
საქართველოში თითქმის ყველა ოჯახი არის “ლიბერთი ბანკთან” დაკავშირებული, რადგან პენსიონერი სახლში ყველას ჰყავს. ცალკე არიან კიდევ სოციალური დახმარების მიმღები ადამიანები. წრე ძალიან ფართოა”, - რომან გოცირიძე იხსენებს ასევე საფრთხეებს რუსულ კომპანიებთან, მათ შორის - Yandex GO.
ასევე ნახეთ
Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმესრომან გოცირიძის მიერ წამოწეულ თემას სრულიად უსაფუძვლოდ და აბსურდულად თვლიან “ბაზისბანკში”.
“...და "ბაზისბანკის" კლიენტების პირადი მონაცემები 33 წლის განმავლობაში არ იყო დაცული?!"...
“ბაზისბანკი” არის ქართული ბანკი, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო კანონმდებლობის შესაბამისად. საქმიანობა სრულიად გამჭვირვალეა”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას.
“ბაზისბანკი” და ჩინური ინვესტიცია
ბაზისბანკი 1993 წელს შეიქმნა და ათეულობით წლის განმავლობაში სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. 2008 წელს, ბანკის აქციების 15% - EBRD-მა [ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა] შეიძინა.
2012 წელს, ჩინურმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფმა“, “ბაზისბანკის” აქციების 90%-ი შეისყიდა, ხოლო თანდათან წილი კიდევ უფრო გაზარდა.
„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო - თავდაპირველად - დეველოპერული მიმართულებით.
“ჰუალინგ ჯგუფის” საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალი ვრცელია:
- ჰუალინგ თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, ჰუალინგ თბილისის ზღვის რეზიდენსი, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა.
- “ ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი, უალინგის პარკი, ჰუალინგ ვილა & თაუნჰაუსები, სასტუმრო დორმითორი, ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში;
2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ-ი), ქუთაისში - მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით.
2008 წელს ჰუალინგ ჯგუფმა შეიძინა ხე-ტყის დამზადების 20-წლიანი ლიცენზია, რაც მოიცავს ყოველწლიურად 88 000 მ3 ხის დამზადების უფლებას. ხე-ტყის 95%-ის ექსპორტი ხორციელდება შუა აზიაში, ეგვიპტეში, ირანში, ერაყში და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, დანარჩენი 5 %-ის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.
- 2017 წელს, “ჰუალინგის” ინვესტიციებით დაფუძნდა ავიაკომპანია Myway Airlines (მაივეი ეარლაინსი).
- 2020 წელს, ჰუალინგ ჯგუფმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ შეიძინა.
"ჰუალინგ ჯორჯიას" ვებსაიტზე საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ მხოლოდ 2018 წლის ინფორმაცია მოიპოვება, რაც იმ დროისთვის თანხაში დაახლოებით 500 მილიონი დოლარი იყო. დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3000-ს აღემატებოდა.
კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ 1988 წელს ჩინეთში დაფუძნდა და პირველი სავაჭრო ცენტრი გახსნა. მას შემდეგ, კომპანია - ცენტრალურ აზიაში უდიდეს სადისტრიბუციო ცენტრად გადაიქცა. მისი საქმიანობა მოიცავს: დეველოპერულ თუ სასტუმროების მართვის ბიზნესს, საბითუმო ვაჭრობა, ენერგეტიკულ პროექტებს, მეცხოველეობას.
“კომპანიას ჩინეთის მთავრობისგან არაერთი ჯილდო მიუღია ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის… ჰუალინგ ჯგუფი, რომლის სათავო ოფისი სინძიანში, ურუმჩიში მდებარეობს, დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოს, როგორც ახალ და დიდი პოტენციალის მქონე ბაზარს”, - წერია “ჰუალინგ ჯგუფის” ოფიციალურ ვებსაიტზე.