„10 ლარი რანაირად გახადეს?“ - რას ჰყვებიან მგზავრები გაძვირებულ ტრანსპორტზე

საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა. გაძვირებას საწვავის მომატებულ ფასს უკავშირებენ (ფოტომონტაჟი).

გაძვირებული მგზავრობის თემაზე რესპონდენტების მოსაძებნად გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ აქტიურ ფეისბუკ ჯგუფში დავწერეთ, რომელიც დაახლოებით 84 000 ადამიანს აერთიანებს. პოსტი მალევე იქცა დისკუსიის სივრცედ.

„1 ლარი შეიძლება ბევრს არაფრად მოეჩვენოს, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ასე არ ვფიქრობთ, სტუდენტები ვართ, 1 ლარიც ჩვენთვის ბევრია...“

საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობის ფასები გაიზარდა - ზოგ მიმართულებაზე ბილეთი 5 ლარითაც გაძვირდა.

ადგილობრივი მედიების ცნობით, მგზავრობა გაძვირდა თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურის, ბაკურიანის, ბორჯომის, ახალციხის, გორისა და მარნეულის მიმართულებით.

მგზავრობის გაძვირების მთავარ მიზეზად საწვავის ფასის ზრდა სახელდება. ირანის ომისა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო ნავთობი გაძვირდა საერთაშორისო ბაზარზეც, რასაც დაემატა მიწოდების შეფერხებაც.

ასევე ნახეთ

ირანი ნავთობპროდუქტების გაძვირებას ცდილობს - რა მოხდება საქართველოში?

„ფორმულა ერთია - გაძვირდება ნავთობპროდუქტები საყიდლად? გაძვირდება გასაყიდად“, - თქვა ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა პარლამენტში, ფასების შემსწავლელი კომისიის მე-11 სხდომაზე.

ეს „ფორმულა“ მგზავრებისთვის ბევრად მარტივად იკითხება და ნიშნავს გაძვირებულ ბილეთსა და ყოველდღიურად გაზრდილ ხარჯს, რომელიც უკვე ტვირთად აწევთ. იგივე ეხებათ მძღოლებსაც - საწვავის გაძვირების გამო მათაც უფრო მეტი ხარჯი აქვთ და უხდებათ მგზავრობის ფასის გაზრდა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ადამიანებს, რომლებისთვისაც საქალაქთაშორისო მგზავრობა ხშირი ან სულაც ყოველდღიური რუტინაა - მიდიან სამსახურში, უნივერსიტეტში, ექიმთან, ოჯახის საქმეებზე. ამ სტატიაში გიყვებით, როგორ აისახა გაძვირებული მგზავრობა მათ ცხოვრებასა და ხარჯებზე.

მარნეული - „1 ლარიც ჩვენთვის ბევრია...“

19 წლის თამაშა ვალიევა მარნეულიდან თბილისში კვირაში ხუთჯერ, ზოგჯერ კი ექვსჯერაც დადის. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელი კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტამდე მისასვლელად ყოველდღე ორი ტრანსპორტი სჭირდება - მარნეულიდან თბილისამდე სამარშრუტო მიკროავტობუსით ჩამოდის, გაჩერებიდან უნივერსიტეტამდე კი ავტობუსით მიდის. მაისის დასაწყისიდან ერთი გზა ერთი ლარით ძვირი უჯდება. „3 ლარი იყო და ახლა გახდა 4 ლარი. 1 ლარი შეიძლება ბევრს არაფრად მოეჩვენოს, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ასე არ ვფიქრობთ, სტუდენტები ვართ, 1 ლარიც ჩვენთვის ბევრია...“

თამაშა ამბობს, რომ ის და სხვა სტუდენტები ხშირად საუბრობენ ერთმანეთში მგზავრობის, ტანსაცმლის, საკვების, სწავლის გაზრდილ ხარჯებზე. „სამწუხაროდ, შეიძლება ზოგმა გოგომ სწავლაც ვეღარ გააგრძელოს. არცერთი სტუდენტი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, დღეს რამდენ ფულს ხარჯავს. სწავლაზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა ხარჯებზე.“

ავტოსადგური „ოკრიბა“, საიდანაც დასავლეთ საქართველოს მიმართულებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გადის

თამაშა, ისევე, როგორც მისი მეგობრების უმრავლესობა, მუშაობას ვერ ახერხებს სწავლის გამო - მთელ დროს უნივერსიტეტში ატარებს და შემდეგ უკან, მარნეულში ბრუნდება. „ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს პოვნა გვიჭირს. ისეთი ადგილები, სადაც დღეში 2-3 საათი ვიმუშავებთ, თითქმის არ არის.“ თუკი მისი ნაცნობებიდან ვინმე სამსახურს მაინც იშოვის, „ბევრს ღამის ცვლაში მუშაობა უწევს და სწავლას საკმარის ყურადღებას ვეღარ აქცევს…“

თამაშა გვეუბნება, რომ რადგან ფინანსურად სრულიადაა ოჯახზე დამოკიდებული, ცდილობს, მაქსიმალურად დაზოგოს, რომ მის ოჯახს ზედმეტი ტვირთი აღარ დააწვეს. „ცუდად ვგრძნობ თავს, იმდენს მუშაობენ… და ყოველდღე რაღაც ძვირდება…ვზოგავ, რა თქმა უნდა. ცოტა ლექცია რომ გვაქვს, არ ვჭამ საჭმელს“

თამაშა სახელმწიფოსგან სტუდენტების მეტ მხარდაჭერას მოელის: „ვფიქრობ, სახელმწიფო უფრო ახლოს უნდა იყოს სტუდენტებთან და დაგვეხმაროს, რომ უფრო მარტივად ვისწავლოთ, ფულზე არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ეს გაძვირდა, ის გაძვირდა. გაძვირებაზე არ უნდა ვიფიქროთ. თბილისში მგზავრობა 20 თეთრია, სახელმწიფომ კარგი რაღაც გააკეთა, ჩვენთვისაც უნდა იყოს [შეღავათი], ვინც შორი გზიდან დავდივართ.“

გორი - „რომელი ხელფასი გასწვდება ამხელა ხარჯს?”

გაძვირებული მგზავრობის თემაზე რესპონდენტების მოსაძებნად გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ აქტიურ ფეისბუკ ჯგუფში დავწერეთ, რომელიც დაახლოებით 84 000 ადამიანს აერთიანებს. პოსტი მალევე იქცა დისკუსიის სივრცედ - ადამიანებმა კომენტარების ველში საკუთარი გამოცდილება, უკმაყოფილება და ყოველდღიური სირთულეები გაგვიზიარეს.

კომენტარები გორის ერთ-ერთ ფეისბუკჯგუფში

ზოგისთვის გაძვირებული მგზავრობა დამატებითი ფინანსური ტვირთი აღმოჩნდა, სხვებისთვის - გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი. მძღოლებისთვის კი ეს ნიშნავს აუცილებლობას, გაზარდონ ფასები, რომ მუშაობის გაგრძელება შეძლონ.

„სამარშუტო ტაქსი 7 ლარი, მინივენი 10 ლარი, ხელფასი იგივე. გორში სამუშაოები არაა, ამიტომ გვიწევს მუშაობა თბილისში, ეგეც კაპიკებზე და ტრანსპორტის გაძვირება გვინდოდა კიდე? სირცხვილია!“

„დღეს ზეთი შევცვალე, ვიხდიდი 120 ლარს, ახალა იგივე ზეთში 150 ლარი გადავიხადე, გაძვირდაო. საბურავში 100 ლარს ვიხდიდი, გახდა - 150, კიდევ რამდენი ასეთი. მარტო საწვავი არაა მანქანა. იყიდი, დაყენებ ნაწილს - არ ვარგა, მიდიხარ, კიდევ ყიდულობ - ეს ისახება ყველაზე და ყველაფერზე. სადაც მუშაობთ, იმანაც უნდა მოგიმატოს ხელფასი“

გორელი აქტივისტი საბა ბულისკირია

ვესაუბრეთ საბა ბულისკერიასაც, გორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს. „კვირაში სამი-ოთხჯერ მაინც მიწევს თბილისში წასვლა და უკან დაბრუნება, ვემზადები დოქტორანტურისთვის და მიწევს საუნივერსიტეტო საქმეებისთვის თბილისში ყოფნა.“ საბა აქტიურად ესწრება პროევროპულ საპროტესტო აქციებსა და მარშებსაც.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ გორი–თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასური გაიზარდა. „მე როცა მივედი სალაროსთან, მერე გავიგე, რომ თურმე ხუთი ლარის ნაცვლად, ახლა შვიდი ლარი უნდა გადამეხადა სამარშუტო ტაქსში. მინივენები თავიდან იყო შვიდი ლარი, შემდეგ რვა ლარი გახდა, ახლა უკვე ოფიციალურად ათი ლარია, თუმცა დიდუბეში სხვადასხვა ადგილზე ამბობენ თხუთმეტ ლარს და უფრო მეტსაც“. საბა გვიხსნის, რომ მძღოლები ხშირად თვითნებურად ადგენენ ფასს და „რაც უფრო გვიანია, უფრო ძვირად მოდის გორში მინივენი.“

აქტივისტი ჰყვება, რომ მგზავრობის გაძვირების შემდეგ მისი ყოველდღიური ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. „არც გაძვირებამდე არ იყო პატარა ხარჯები. დაახლოებით 15 ლარი ჯდებოდა წასვლა-წამოსვლა, თუ აქედან წავიდოდი მიკროავტობუსით და იქიდან მინივენით დავბრუნდებოდი. თუ ორივე მხრიდან მინივენით ვიმგზავრებდი - 20 ლარამდე. და ახლა მინივენით სიარული 30 ლარამდე ჯდება წასვლა-წამოსვლა და „მარშუტკით“ სიარული სადღაც 20 ლარი.“

წარმოიდგინეთ ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში ყოველდღე ოცდახუთი-ოცდაათი ლარის დახარჯვა, რომელი ხელფასი გასწვდება ამხელა ხარჯს? ეკონომიკურად ძალიან დააზარალებს ნებისმიერ მოქალაქეს ეს ყველაფერი, მითუმეტეს იმის ფონზე, თუ როგორ არის გაძვირებული თუნდაც პროდუქტების ფასები“, - აქტივისტის თქმით, გორში სამუშაო ადგილების სიმცირის გამო ბევრი ადამიანი იძულებულია, სამუშაოდ თბილისში წავიდეს და შემდეგ ყოველდღე უკან, გორში დაბრუნდეს. „როდესაც ამხელა ხარჯი ექნებათ ტრანსპორტში, ეს მათ ჯიბეს თავისთავად ძალიან დააზარალებს.“

საბა გვეუბნება, რომ გორი-თბილისის ტრანსპორტი არაა ერთადერთი, რაც ბოლო დროს გაძვირდა. „ყველა სოფლის მიმართულებით გაძვირდა, ზოგან ორმოცდაათი თეთრით, ზოგან - 1 ლარით. აი, მაგალითად, სოფელი ატენიდან გორში ღირდა ლარ-ნახევარი და ახლა უკვე ორი ლარია.“

მგზავრობის გაზრდილი საფასური განსაკუთრებით პენსიონერებს აწუხებთ. აქტივისტის თქმით, ბევრ მათგანს გორში ჩამოსვლა უწევს პენსიის ასაღებად, ასევე პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად. „წამლის ან პროდუქტების საყიდლად წასული პენსიონერი მგზავრობაში ხარჯავს ხუთ ლარს. ეს, რა თქმა უნდა, მისთვის არის პრობლემა. იმიტომ, რომ ხუთი ლარით შეუძლია ორი-სამი დღის პური იყიდოს, სანამ ეს ჯერ შესაძლებელია და კიდევ არ გაძვირებულა.“

გორის მუნიციპალიტეტის Facebook ჯგუფებში არ წყდება საუბარი გაძვირებულ ტრანსპორტზე - ადამიანები საკუთარ გამოცდილებას და წუხილს კომენტარებში აზიარებენ. „10 ლარი რანაირად გახადეს მგზავრობა თბილისამდე…“; „იმიტომ რომ ხმას ვერ ამოიღებენ, აბა ომი გინდათო, ხო გვაშინებენ, ომზე უარესს დღეში არ ვართ?!“ „რანაირად გახადეს 10 ლარი და გეტყვით, საწვავს შევეშვათ, შარშან რომ 4 საბურავში 200 ლარს იხდიდი, წელს 400-500 ლარი უნდა, ზეთის შეცვლას რომ უნდოდა 60 ლარი, ახლა 130 ლარი უნდა, აღარაფერს ვიტყვი მანქანის ცვეთაზე, და ვისაც მანქანა ჰყავს სახლში, გეცოდინებათ, რამდენად ძვირი გახდა მისი შენახვა“; „დენი გაძვირდა, პროდუქტი გაძვირდა, გაზი გაძვირდა, საწვავი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა და მოსთხოვეთ მთავრობას!!!“ - ეს მხოლოდ ნაწილია იმ რეაქციებისა, რომლებსაც ადამიანები გაძვირებულ ტრანსპორტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აზიარებენ.

კომენტარები სოციალურ ქსელში

მოქალაქეებმა ერთ-ერთ ჯგუფში განცხადებაც გამოაქვეყნეს, რომელშიც გორის მერიას 3 მიკროავტობუსის დანიშვნასა და საფასურის კვლავ 5 ლარამდე შემცირებას სთხოვენ.

„სტუდენტები და თბილისში დასაქმებული მოქალაქეები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მიზერულ ანაზღაურებაზე ვმუშაობთ, ვითხოვთ, რომ გორის მერიამ დანიშნოს დამატებით 3 მიკროავტობუსი და მგზავრობის საფასური კვლავ 5 ლარის ფარგლებში შენარჩუნდეს, ან დაუყოვნებლივ აღდგეს თბილისი–ნიქოზის მატარებლის მოძრაობა…ტაქსისა და სამარშრუტო ტრანსპორტის ხარჯი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი არ არის, რაც მოსახლეობისთვის დამატებით სოციალურ ტვირთს წარმოადგენს.“, - წერენ მოქალაქეები.

ფეისბუკჯგუფი „გორი-თბილისი იაფი მგზავრობა“

გაძვირებული მგზავრობით შეწუხებული მოქალაქეები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა ჯგუფი - „გორი–თბილისი იაფი მგზავრობა“, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან უფრო ხელმისაწვდომი ტრანსპორტის პოვნაში. ჯგუფის აღწერაში წერია, რომ „მიზანია მგზავრებმა იპოვონ კომფორტული და იაფი გადაადგილების გზა, მძღოლებმა კი ერთმანეთში გაინაწილონ საწვავის ხარჯი.“

ბორჯომი - „მგზავრობის ხარჯი ალბათ 80-90 ლარით მაინც გაგვეზრდება”

გიორგი ბარამიძე მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში ცხოვრობს. „3-4-ჯერ გვიწევს თვის განმავლობაში თბილისში ჩასვლა, ხან ექიმთან, ხან სხვადასხვა საჭიროების გამო - ბიძა ონკოლოგიური პაციენტია და თვეში რამდენჯერმე გვიწევს ექიმთან მისი ჩაყვანა. ბავშვებიც ხან ექიმთან, ხან ბებოს მოსანახულებლად მიდიან. ყველა ჯერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობთ. ხვალაც მიდიან ბიძაჩემი და ჩემი მეუღლე თბილისში ქიმიოთერაპიაზე“

გიორგი ამბობს, რომ მის სოფლამდე ტრანსპორტის ფასი რამდენიმე დღის წინ 3 ლარით გაიზარდა: „აქამდე თვეში 150-დან 200 ლარამდე გვეხარჯებოდა, ახლა მხოლოდ მგზავრობის ხარჯი ალბათ 80-90 ლარით მაინც გაგვეზრდება“

როდესაც გიორგიმ მგზავრობის გაზრდილი საფასურის შესახებ მძღოლებს ჰკითხა, მათგან პასუხად მიიღო, რომ „საწვავთან ერთად გაძვირდა სათადარიგო ნაწილებიც“ და გაძვირებამდე მგზავრობის საფასური ამ ხარჯებსაც ვერ სწვდებოდა.

„იმ ადამიანებისაც მესმის - ყველას ოჯახი ჰყავს სარჩენი. ფასები იზრდება, შემოსავალი კი იგივე რჩება, რა ქნან?“

გიორგი გვეუბნება, რომ თითქმის ყველა საჭიროებისთვის მის ოჯახს დიდ ქალაქებში ან თბილისში უხდება წასვლა. „კარგი იქნებოდა, ყველაფერზე რომ არ გვიწევდეს დედაქალაქში ჩასვლა, მაგრამ რეალობა ასეთია.“