განათლების სფეროში „ქართული ოცნების“ წამოწყებული ინიციატივები მთლიანად ცვლის სოხუმის უნივერსიტეტს. ლექტორები ცვლილებების მასშტაბს ხედავენ, თუმცა დეტალებზე წარმოდგენა არ აქვთ.
უნივერსიტეტს თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ორი კორპუსი უჭირავს. ჰყავს 3000-მდე სტუდენტი და 190-მდე პროფესორ-მასწავლებელი. აქვს სამსაფეხურიანი სწავლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა და ხუთი ფაკულტეტი:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის;
- ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა;
- სამართლისა და დიპლომატიის;
- განათლების მეცნიერებათა;
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა.
ცვლილებების პროცესში ეს ფაკულტეტები „მილევად რეჟიმში გადავა“. სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სოხუმის უნივერსიტეტმა უნდა ასწავლოს ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურის პედაგოგიკა, ასევე აგრარული სპეციალობები.
მთავრობის დადგენილებაში მითითებულია მხოლოდ აფხაზური ფილოლოგია და არა ქართულ-აფხაზური. ამ ფაკულტეტზე უნივერსიტეტი 20 აბიტურიენტის მიღებას შეძლებს.
აფხაზური ფილოლოგია საბაკალავრო პროგრამაა და სოხუმის უნივერსიტეტში ახლაც ასწავლიან.
„შეიძლება იყოს აფხაზური ფილოლოგია და ქართული ფილოლოგია. ერთად ან ცალ-ცალკე. თუმცა ჯერჯერობით არაფერი ვიცი, რა როგორ გადაწყდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პროგრამის ხელმძღვანელი თემურ გვანცელაძე.
პედაგოგიკის სპეციალობაში იქნება რამდენიმე მიმართულება (ბაკალავრიატი). მასში გაერთიანდება მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამა. მიმართულებებია ქიმია, გეოგრაფია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ქართული ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ისტორია, რუსული ფილოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია. თითოეულ ამ სპეციალობაზე უნივერსიტეტს 30 სტუდენტის მომზადება შეუძლია, ანუ წელიწადში 330 მასწავლებლის.
ამას ემატება სკოლამდელი განათლებაც - ესეც 30 ადგილი.
ბაკალავრიატის საფეხურზე მასწავლებლის ერთწლიანი პროგრამის მომზადება დაევალა ილიას უნივერსიტეტსაც, რაც უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ „ოცნების“ რეფორმის პრინციპს - ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი.
ასევე ნახეთ არაკონსტიტუციურია, ასამარებს უმაღლეს განათლებას, აკადემიურ თავისუფლებას, ევროპულ მომავალს - ილიაუნი დაანონსებულ ცვლილებებზეგანათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მასწავლებლის მოსამზადებელი ერთწლიანი პროგრამა ბაკალავრიატისგან დამოუკიდებლად იმუშავებს. თუ ვინმეს უკვე ზრდასრულ ასაკში მოუნდა მასწავლებლობა, შეუძლია ეს 60-კრედიტიანი პროგრამა გაიაროს და სკოლაში მუშაობა დაიწყოს.
სოხუმის უნივერსიტეტს მიაკუთვნეს აგრარული სპეციალობებიც, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ადმინისტრირების კუთხით. სოხუმის უნივერსიტეტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტერიტორიულად სწავლება ისევ იქ იქნება, სადაც მანამდე იყო, სწავლითაც იგივე პროფესორები ასწავლიან. სოხუმის უნივერსიტეტს ეს ფაკულტეტი, შესაბამისად გამოცდილებაც, აქამდე არც ჰქონია.
„ეს უნივერსიტეტი ძალიან მაგარია აფხაზეთის საკითხების კვლევებში. რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, რაღაც ფაკულტეტებს რომ კვეთს უნივერსიტეტიდან და ტექნიკურ პროგრამებს აწებებს… იგუებს სოხუმის უნივერსიტეტი ამას? გარდა ამისა, სტრატეგიული მიზანია თბილისში სოხუმის უნივერსიტეტი გვქონდეს. თუ აღარ ფიქრობენ აფხაზეთის დაბრუნებაზე?“ - ამბობს განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი.
იგივე პრობლემები აქვთ სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებს, ახალციხის, თელავის თუ ზუგდიდის სასწავლებლებში ბევრი გალელი აბარებდა. განათლების ექსპერტი გოტა ჭანტურია ამბობს, რომ მთავრობის წამოწყებული ცვლილებები „ფაქტობრივად, ამ უნივერსიტეტებს გააუქმებს“.
ბრძოლით დაარსებული უნივერსიტეტი
სოხუმის უნივერსიტეტს რთული, უნიკალური ისტორია აქვს. 1932 წელს სოხუმში დაარსდა პედაგოგიური ინსტიტუტი. თანდათანობით მას სხვა სპეციალობებიც ემატებოდა. სწავლობდნენ ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე. 1979 წელს ის აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტად გადაკეთდა.
ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე სოხუმის უნივერსიტეტი დაპირისპირების კერა გახდა. კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე ჰყვება, რომ მაშინ ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობას ემხრობოდნენ, აფხაზები - საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. საბოლოოდ ქართული ნაწილი უნივერსიტეტს გამოეყო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი გახდა.
აფხაზეთში ომის შემდეგ, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილად იქცა, ფილიალიც თბილისში გადმოვიდა. 2007 წელს მის ბაზაზე დაფუძნდა სოხუმის უნივერსიტეტი.