როგორ ასახლებდნენ ქართველებს საბჭოთა აფხაზეთში

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი

ხალხის უწყვეტი გადასახლება - ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკაა, რომელიც ყველა რესპუბლიკას შეეხო. აფხაზეთში ხშირად ამბობენ, რომ ასე შეიცვალა იქ დემოგრაფიული სურათი ქართველების სასარგებლოდ. თუმცა მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი საარქივო მასალებზე დაყრდნობით სხვა რამეს ჰყვება.

რადიო თავისუფლება: დავიწყოთ იმით თუ საერთოდ რატომ ასახლებდნენ ხალხს საკუთარი მამულიდან სხვაგან?

ირაკლი ხვადაგიანი: გადასახლებები უფრო იწყება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამის მიზეზი არის ომები კავკასიაში, რუსეთ-ოსმალეთის ომი და მუჰაჯირობა. 1860-იან წლებში აფხაზეთის არისტოკრატია და მოსახლეობა ბატონყმობის გაუქმებას ვერ შეეწყო. იყო გამოსვლები. ამის ჩასახშობად რუსეთის იმპერიამ აფხაზების ლამის ნახევარი აიძულა ოსმალეთში გადასახლებულიყვნენ. შავი ზღვის სანაპიროს ნაწილი გაუკაცრიელდა და მერე უკვე იმპერია წყვეტდა, როგორ გამოეყენებინა ეს მიწები.

საბჭოთა რუსეთი ამ კოლონიალური პოლიტიკის მემკვიდრე იყო. როგორც მეფის რუსეთი ცდილობდა ეთნიკური რუსების გაძლიერებას სასაზღვრო რეგიონებში, ისე საბჭოთა კავშირიც.

მკვლევარმა გამოიყენა საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის (შემდგომში - სამინისტროს) საარქივო ფონდში არსებული გადასახლების ბიუროს და სახკომსაბჭოს გადასახლების განყოფილების დოკუმენტური მასალები; ამავე არქივში დაცული საქართველოს სსრ სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს ფონდში არსებული მოსახლეობის აღწერებისა და სტატისტიკის დოკუმენტური მასალები; საქართველოს შსს აკადემიის არქივის მეორე განყოფილებაში (ყოფილი „იმელის“ არქივი) დაცული საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ფონდში არსებული დოკუმენტები; საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სპეციალური გამოცემები; პრესის მასალები და ონლაინსივრცეში ხელმისაწვდომი სხვა რელევანტური წყაროები.

მთელ სსრკ-ში დაიწყო ე.წ. სასოფლო-სამეურნეო გადასახლებები. იმ რეგიონებიდან, სადაც ცოტა მიწა და ჭარბი მოსახლეობა იყო ხალხს უფრო რესურსიან ადგილებში ასახლებდნენ. დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო ნაკლებად ერევა ასეთ საკითხებში, ადამიანი თვითონ წარმართავს თავის ცხოვრებას. მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან და იძულებით კოლექტივიზაციასთან.

აფხაზეთში იძულებითი სასოფლო-სამეურნეო გადასახლებები იწყება 1938 წლიდან და გრძელდება 1952-53 წლებამდე. თუ სადმე მუშახელი სჭირდებოდათ, ცივი გონებით წყვეტდნენ, რომ ამა და ამ რეგიონიდან ამდენი და ამდენი ადამიანი უნდა აიყაროს და იქ დასახლდეს.

- აფხაზეთი მაშინ ასეთი უკაცრიელი იყო?

- აფხაზეთში მიწა ბევრი იყო, თუმცა რეჟიმი ნებისმიერ დაბლობში ეძებდა ასეთ ადგილებს. თან მაშინ ციტრუსისა და ჩაის მოყვანაზე ჰქონდათ კურსი აღებული. ლავრენტი ბერიასთვის (საბჭოთა კავშირის შს მინისტრი) ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ თავისუფალ ტერიტორიაზე კოლმეურნეობებს აწყობენ და ხალხს აიძულებენ იქ ჩასახლდნენ.

- ანუ, ხალხის ნების წინააღმდეგ?

- ყველა წყარო ამბობს, რომ ეს ხდება იძულებით. მიუხედავად მძიმე პირობებისა, მოსახლეობას არ უნდოდა თავისი კერა დაეტოვებინა, აყრილიყო და გაურკვეველ პირობებში წასულიყო. ასევე ვერ ეთვისებოდნენ კლიმატს, ნესტს, სიცოცხლისთვის საშიშ მალარიას. მაგალითად, ასე ძალდატანებით აყარეს მესხეთიდან რამდენიმე ოჯახი და ოჩამჩირეში ჩაასახლეს. ისინი შემდეგ უკან დაბრუნებას ითხოვდნენ, ვერ შევეგუეთ, დავიხოცეთო.

თან ეს ხალხი ჩადიოდა ველურ ტერიტორიაზე, სადაც მათ უნდა გაეწმინდათ მიწა, მოეწყოთ საცხოვრებელი, არც სკოლა ჰქონდათ, არც - სამედიცინო პუნქტი.

ასევე ნახეთ

სტალინური დეპორტაციები - როგორ გადაასახლეს საქართველოდან ასი ათასამდე ადამიანი

- ანუ ადგილობრივი მოსახლეობის მიტოვებულ სახლებს კი არ იკავებენ, ახალს აშენებენ?

- ჰო, სავარგულებიც თვითონ უნდა მოეწყოთ. ამის გამო წარმოებაც დაბალი ჰქონდათ. ორად იყვნენ გახლეჩილები. რადგანაც წასვლა არ უნდოდათ, ნაცვლად იმისა, რომ პირუტყვიც თან წაეყვანათ, სახლიც დაეშალათ და გადაეტანათ, ცდილობდნენ, სახლი გაეყიდათ ან დროებით სხვისთვის გადაეცათ. თუ დაბრუნება მოუწევდათ, ნულზე რომ არ დარჩენილიყვნენ. თუ თავისუფალ დროს იპოვიდნენ, მიდიოდნენ ძველ სამოსახლოში, რომ იქაც რაღაცისთვის მოევლოთ. ძალიან ხშირად გარბოდნენ და მშობლიურ ადგილებში ბრუნდებოდნენ, თითქმის 10 პროცენტი უკან გამორბოდა.

- რატომ ვერ აითვისეს ეს ტერიტორია თავად აფხაზებმა?

- მუჰაჯირობის დროს აფხაზების თითქმის ნახევარი ოსმალეთში გააძევეს, დარჩენილებსაც ეკრძალებოდათ დაცარიელებულ ტერიტორიაზე დასახლება. ასევე უახლოესი რეგიონებიდან - მაგალითად, სამურზაყანოდან - უშლიდნენ ხელს, რომ გლეხები გადასულიყვნენ და დასახლებულიყვნენ. უფრო შიდა რუსეთიდან ცდილობდნენ ხალხის ჩასახლებას. რუსეთიდან ჩაყვანილი კოლონისტების უმრავლესობა ვერ შეეგუა ახალ გარემოს, ან იღუპებოდა, ან გარბოდა. მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა.

ძირითადად მაინც მეგრული მოსახლეობა გადავიდა სამურზაყანოსა და კოდორის იქით ტერიტორიაზე. ამან მოიტანა ის, რომ 1917 წლისთვის, როცა რუსეთის იმპერია დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები იყვნენ, მეორე ადგილზე - აფხაზები. თან ამ ტერიტორიას კიდევ ჰქონდა რესურსი, ახალი დასახლებები გაჩენილიყო.

აფხაზური ულტრანაციონალისტური ნარატივის მიხედვით, აფხაზეთში ქართული მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო გადასახლებების დრო გაიზარდა ხელოვნურად და უმრავლესობა გახდა. ეს სრული სიცრუეა, ქართველები ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს იყვნენ უმრავლესობაში. აფხაზების კოლონიზაციას თუ ვინმე ახდენდა, მხოლოდ რუსეთის იმპერია. ის რუსებს აძლიერებდა აფხაზეთში და არა ქართველებს. მაქსიმალურად უშლიდა ხელს, რომ ქართული მოსახლეობა იქ დაფუძნებულიყო.

- ანუ ქართველებს მაშინ არ ჰქონდათ უფლება, რომ მაგალითად, სოხუმში, გაგრაში დაფუძნებულიყვნენ?

- არ ჰქონდათ. მაგრამ, იმ დროისთვის, როცა რუსეთის იმპერია დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მოსახლეობის 40-50 პროცენტი მაინც ქართველები იყვნენ, მათ შორის მოიჯარეები. აფხაზების გადასახლების შემდეგ, ვინც დარჩა იმათ მიწაც მეტი ჰქონდათ და იჯარით გასცემდნენ. ძირითადად დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ქირაობდა. დე ფაქტო ცხოვრობდნენ, მაგრამ საკუთრების უფლება არ ჰქონდათ.

ასევე ნახეთ

გენერალი გვიშიანი და საჯინიბოში ამობუგული სოფელი ჰაიბახი

- ამ, ე.წ. სასოფლო-სამეურნეო გადასახლებების დროს რამდენი ადამიანი ჩაასახლეს აფხაზეთში?

- სასოფლო-სამეურნეო გადასახლებების გამო სულ 12 ათასამდე ადამიანი ჩაასახლეს აფხაზეთში, ოცამდე მეურნეობა. ეს ძალიან მცირე რიცხვია. გადასახლებები იყო ორ ეტაპად, პირველი ეტაპი 1938-1941 წლებში. შემდეგ ომი დაიწყო და პროცესი შეჩერდა. 1946 წლიდან განახლდა და 1952 წლამდე გასტანა. ომის დროს ჩასახლებული მამაკაცების თითქმის ნახევარი ფრონტზე გაიწვიეს, ამის გამო ახლად შექმნილი მეურნეობები ძალიან დასუსტდა, ბევრი უკან მშობლიურ მხარეში გაიქცა.

- საიდან ჩაასახლეს ეს ხალხი?

- სამეგრელო, იმერეთის მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. მაგრამ კიდევ ვამბობ, მითია თითქოს ბერიას სასოფლო-სამეურნეო გადასახლებებით გახდა აფხაზეთში ქართული მოსახლეობა უმრავლესობა. 1921 წელს უკვე უმრავლესობა იყო. ამ პროცესში სულ ლაპარაკია 12 ათას ადამიანზე, რომლის ნაწილი დაიღუპა, ნაწილი გაიქცა.

1949 წელს მორიგი დიდი გადასახლება დაიწყო, ოპერაცია „ვოლნა“ (ქართ. ტალღა) - ეთნიკური სომხების, ბერძნებისა და ასირიელების მასობრივი დეპორტაცია უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან... რეჟიმმა ნატოს მოსაზღვრე ზონებიდან ოსმალეთის იმპერიის ყოფილი მოქალაქეები აყარა და შუა აზიაში გადაასახლა. ისინი ამ რეგიონებში მაშინ მოხვდნენ, როცა პირველ მსოფლიო ომს ან სომხების შემთხვევაში, გენოციდს გაურბოდნენ.

აფხაზეთიდან მაშინ 20 ათასამდე ბერძენი გაასახლეს. მათი სახლები და მიწები დაცარიელდა და ამ მეურნეობის საპატრონოდ ისევ დასავლეთ საქართველოდან გადმოასახლეს ხალხი - დაახლოებით 8 ათასი ადამიანი. ოღონდ სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერძნების ნაწილი უკან დაბრუნდა და ჩასახლებულების ნაწილსაც მოუწია დაკავებული სახლები დაეტოვებინა.

საბოლოოდ, ორივე ეტაპით ჩასახლებულებიდან 10 ათასამდე ადამიანი თუ დარჩა აფხაზეთში.

- მეორე მხრივ, აფხაზებმა შეიძლება თქვან, ცოტანი ვართ და ჩვენთვის 10 ათასიც ბევრიაო.

- ცხადია ეს არის არგუმენტი. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, თუ როგორ არის ეს პროცესი შეფუთული, რომ აი, ქართველი ნაციონალისტი სტალინი და ბერია ასე ცდილობდნენ აფხაზების შევიწროებასო. თუ მართლაც ასე იყო, რა უშლიდა სტალინს ერთდღიანი ოპერაციით გადაესახლებინა აფხაზები, როგორც ეს ჩეჩნებთან, ინგუშებთან და ყირიმელ თათრებთან გააკეთა. თუ სადმე არის კოლონიზაცია, ეს არის რუსული კოლონიზაცია, ყოველივე აფხაზურისა და ქართულის წინააღმდეგ.