თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისის აეროპორტამდე მგზავრებს ორი კომპანია „ჯორჯიან ბასი“ და „ომნიბუს ექსპრესი“ ემსახურებიან. თითოეული დღეში 10-მდე რეისს ასრულებს.
„ბოლო ფაქტორი იყო საწვავის ფასი. თვე-ნახევრის წინანდელ ფასთან შედარებით ფასი 1 ლარით გაგვეზარდა (საბითუმო 2,5 ლარი იყო და 3,5 ლარი გახდა)... იმისთვის, რომ ხარისხიანი მომსახურება შევძლოთ, იძულებული გავხდით ხარჯები გაგვესწორებინა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას Omnibus Express-ის დირექტორმა, ირაკლი კაბულაშვილმა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბოლო რამდენიმე კვირაა ქართულ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი ფასი იზრდება.
ასევე ნახეთ
საქართველოში საწვავი ძვირდება - ზოგ შემთხვევაში მატება 50 თეთრიამისი თქმით, ბოლო ხუთ წელში, განსაკუთრებით კი გასული ერთი წლის განმავლობაში მათი ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებით ფასების მატებით:
- სათადარიგო ნაწილები;
- შეკეთების ღირებულება;
- პერსონალის ხელფასები.
„ჩვენი კონკურენტი გახდა უცხოეთის ქვეყნები და მძღოლები გარბიან ევროპაში სამუშაოდ. ამის გამო საკმაოდ გაზრდილია ავტობუსის მძღოლებზე მოთხოვნა და ხელფასი (მატება 100%)“, - ამბობს ის.
Omnibus Express-ის დირექტორი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციით, რომლითაც ისინი იძულებულები გახდნენ, თბილისში ელბაქიძის ქუჩის ნაცვლად ავტოსადგურებიდან მომსახურებოდნენ მგზავრებს, ყოველ რეისზე ხარჯი 150 ლარამდე გაზარდა - „სადგურში როცა შევდივართ, ცალკე თანხაა ავტობუსის გასვლაზე, სადგურებში ოფისები და დამატებითი პერსონალი“.
ასევე ნახეთ
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალი ავტობუსები შეცვლილი ადგილებიდან გავლენ„საწვავი იყო ბოლო წვეთი, ჩვენ ხარჯები შარშან ივნისიდან გაგვეზარდა. იმედი გვქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, სახელმწიფოსთან მოლაპარაკება გვქონდა - იქნებ, დიღომში გაჩერების უფლება გვქონდა. თუმცა ამას საწვავის ფასი დაემატა... ასე [ფასის გაზრდის გარეშე] კომპანია დაიხურებოდა“, - ამბობს ის.
რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, როგორ მოხდა, რომ ორმა კომპანიამ ერთდროულად გაზარდეს ერთი და იმავე მიმართულების რეისებზე თანხა.
„ტარიფები მეტ-ნაკლებად მისდევს ხოლმე ერთმანეთს, რადგან მეტ-ნაკლებად თანაბარი ზომის კომპანია როცა მუშაობს ჩაკეტილ ბაზარზე, ტარიფები ემთხვევა - თუკი ერთ-ერთი აკეთებს ფასდაკლებას, მეორეც იძულებულია...“
Omnibus Express გაზრდილი ხარჯების გამო 5 ლარით ფასის მომატებას აპირებს ბათუმისა და ზუგდიდის რეისებზეც:
„ქუთაისის აეროპორტის რეისებზე ყველაზე დიდ კრიზისში ვიყავით უკვე სადგურების დამატების გამო... ყველგან 5-5 ლარით მოემატება“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ჯორჯიან ბასსაც“ - კომპანიის დირექტორი ამ ეტაპზე საუბარს ვერ ახერხებს. მისი კომენტარი, მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება.