მართვის მოწმობის გამოცდა თუ გამძლეობის ტესტი?

ფოტოილუსტრაცია: მართვის მოწმობის აღება საქართველოში ბევრისთვის მხოლოდ გამოცდა აღარ არის.

მართვის მოწმობის აღება საქართველოში ბევრისთვის მხოლოდ გამოცდა აღარ არის. მძღოლობის კანდიდატები ჩივიან არათანაბარ სწავლების ხარისხზე, გამოცდების დაჯავშნის პრობლემებსა და მზარდ ფინანსურ თუ ფსიქოლოგიურ წნეხზე.

შენიშვნა: ამ სტატიაში წამოჭრილ ყველა პრობლემაზე რადიო თავისუფლებამ კითხვები შსს-ს მომსახურების სააგენტოს გაუგზავნა. გამოვითხოვეთ სტატისტიკური მონაცემებიც. გონივრული ლოდინის ვადის გასვლის შემდეგ სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მივიღეთ, უწყების განმარტებები, მიღებისთანავე, სტატიაში მოგვიანებით აისახება.

ინსტრუქტორები საგამოცდო ავტომობილებს ამოწმებენ. ივლისის სიცხეა. მანქანებში კონდიციონერები უკვე ჩართულია. რუსთავის მომსახურების სააგენტოს ეზოში მართვის მოწმობის მსურველების რიგი დგას.

„პირველად გავდივარ...“ „მე მესამედ“, „ბოლო გასვლა მაქვს... იმედია, დღეს მაინც ჩავაბარებ“... - ისმის ცალკეული ფრაზები.

კედელზე დაკიდებულ ეკრანს მივშტერებივარ, ჩემი ნომერი შეიძლება ნებისმიერ დროს აინთოს. მეც გამოცდის რიგში ვდგავარ.

ერთი კანდიდატი საგამოცდო ავტომობილამდე საერთოდ ვერ აღწევს - სანდლებითაა მოსული, ფეხსაცმლის შეცვლას სთხოვენ. სასოწარკვეთილი მეგობრებს ურეკავს: „ვინმეს ხომ არ შეგიძლიათ დახურული ფეხსაცმელი მომიტანოთ?“

„ჩემი ჩაიცვი... მგონი მოგერგება. მე საგულშემატკივროდ ვარ მოსული“, - თავის ფეხსაცმელებს სთავაზობს უცნობი ქალი. გულშემატკივრები სააგენტოს შენობის გვერდით, ხეების ჩრდილში, სკამზე დასხდომას ერთმანეთს ასწრებენ.

რამდენიმე წუთში პირველი საგამოცდო მანქანა გადის. შემდეგ - მეორე... მესამე.

„ჩადუნელი!“ - მიძახის გამომცდელი მანქანიდან.

ორი თვის უკან, როცა მართვის მოწმობის ასაღებად მზადება დავიწყე, წარმოდგენაც არ მქონდა, წინ რა მელოდა. საჭესთან არასდროს ვმჯდარვარ. თეორიული გამოცდა პირველივე ცდაზე ჩავაბარე. მოედანზეც კარგად ვმართე მანქანა.

აი სულ ბოლო ეტაპზე, ქალაქში ტარებისას კი ფინიშამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩავიჭერი. გამომცდელმა მანქანა გააჩერა, ადგილი შემიცვალა, უკან გადამსვა და დაშვებული შეცდომა ამიხსნა.

სამართლიანად შემაფასა, მაგრამ მანქანიდან რომ გადმოვედი, მაინც ვიტირე.

არა იმიტომ, რომ უსამართლოდ მომექცნენ. ვტიროდი იმის გამო, რაც ხელმეორედ უნდა გამევლო:

  • ახალი რეგისტრაცია და თავისუფალი ადგილის მოლოდინი;
  • დამატებითი გაკვეთილები და დამატებითი ხარჯები.

მე მარტო არ ვიყავი. მართვის მოწმობის მსურველების დასახმარებლად შექმნილ ფეისბუკჯგუფებში ბევრი ჩიოდა, რომ ეს ბოლო ეტაპი მათთვის თვეების, ზოგჯერ წლების, ათასობით ლარისა და ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზი გახდა.

საქართველოში B კატეგორიის [მსუბუქი ავტომობილის] მართვის მოწმობის მისაღებად კანდიდატმა სამი ეტაპი უნდა გაიაროს.

  • ჯერ - თეორიული გამოცდა.
  • შემდეგ - „მოედანი“: პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი
  • და ბოლოს - „ქალაქი“: მანქანის მართვა რეალურ სიტუაციაში

აი, სწორედ, ეს ბოლო ეტაპია ყველაზე საკამათო.

„პრობლემა ქალაქის გამოცდა არ არის. პრობლემა ისაა, როგორ გვამზადებენ ამ გამოცდისთვის.“, - გვეუბნება რესპონდენტი, რომელმაც გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა, მაგრამ მაინც ანონიმურობა ითხოვა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2015-2025 წლებში, საქართველოში ავარიებს 5 324 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ 2025 წელს 469 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის - 28 ბავშვი. 164 ქვეითი. დაშავდა 8 191 ადამიანი. მათგან 1 151 ბავშვი.

ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო შემთხვევებით სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში თითქმის სამჯერ ნაკლებია. ჩვენთან კი კვირა არ გავა ავარია ქუჩაში, ზებრასა თუ ტროტუარზე მსხვერპლით არ დასრულდეს.

საგზაო მოძრაობისას მაღალი საფრთხის გამო, მხოლოდ თეორიის ცოდნა და მოედანზე რამდენიმე მანევრის შესრულება კარგი მძღოლობისთვის საკმარისი არ არის. გამომცდელმა უნდა შეაფასოს:

  • რამდენად შეუძლია მძღოლს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
  • რამდენად მშვიდად მართავს ავტომობილს.
  • როგორ რეაგირებს მოულოდნელ სიტუაციებზე.
  • განჭვრეტს თუ არა საფრთხეს წინასწარ და პასუხობს თუ არა მათ, უსაფრთხო გადაწყვეტილებებით.


„ქალაქში მოძრაობისას მძღოლმა გადაწყვეტილებები წამიერად უნდა მიიღოს და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს უსაფრთხო - დაუთმოს თუ არა გზა, დაიწყოს თუ არა გასწრება, როგორ იმოქმედოს, როცა სხვა მძღოლი შეცდომას უშვებს, ან როცა ქვეითი მოულოდნელად გზაზე გადადის.. სწორედ ამიტომ ქალაქის გამოცდა აუცილებელია“, - ამბობს მევლუდ მელაძე, საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა იქვე ამატებს, რომ მკაცრი გამოცდა თავისთავად უსაფრთხო მძღოლების მომზადებას არ ნიშნავს.

მევლუდ მელაძე, ქართველი ავტომრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

„სამი ინსტრუქტორი გამოვიცვალე“

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება მაისიდან გამარტივდა. კანდიდატებმა სამის ნაცვლად ხუთი შეცდომის დაშვების უფლება მიიღეს.

თეორიის ჩაბარების შემდეგ კანდიდატს მოედნის დასაძლევად 30 დღე და ხუთი უფასო გასვლა აქვს. ჩაჭრის შემთხვევაში იმავე დღეს ერთი ფასიანი გასვლაცაა შესაძლებელი [35 ლარი ჯდება]

მოედნის ჩაბარების შემდეგ კი ქალაქის გამოცდისთვის ერთწლიანი ვადის ათვლა იწყება.

თეორიული გამოცდის რეგისტრაცია 51 ლარი ღირს. ქალაქის გეგმურ გამოცდაზე გასვლა - 90 ლარი. თუ კანდიდატი თვლის, რომ გეგმურ თარიღს მეტისმეტად დიდხანს ელოდება, შეუძლია - დააჩქაროს, რაც 250 ლარი დაუჯდება. ადგილები აქაც თითქმის არასდროს არის. 2026 წლის მაისამდე არაგეგმური გამოცდა ყოველდღე ტარდებოდა, ცვლილებების შემდეგ კი მხოლოდ შაბათობით.

გამოცდაზე გასვლის საფასურის გათვალისწინებითაც, ყველაზე ძვირი ხშირად ცუდი სწავლება ჯდება. ყველაზე რთული კი იმ ადამიანის პოვნაა, რომელიც მართვას გასწავლის.

თამარ გაგნიაშვილმა თეორიული გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა, მოედანი მესამე, ქალაქი კი - მეოთხე ცდაზე.

Your browser doesn’t support HTML5

„ინსტრუქტორების ძებნამ გამაწამა“ - თამარ გაგნიაშვილის გამოცდილება

„სტოპ ნიშანზე არ გავჩერდი ერთხელ... ერთხელ ქვეითთა გადასასვლელზე ძალიან ცუდად გადავედი. ვერ ვიტყვი, ტყუილად ჩამჭრეს-მეთქი,“ - იხსენებს ის.

მაგრამ სანამ ქალაქის გამოცდამდე მივიდოდა, სამი ინსტრუქტორი გამოიცვალა.

„ერთი ინსტრუქტორი იმას მეუბნებოდა, ინტუიციით უნდა იხელმძღვანელოო. მე კი ზუსტად დადგენილი ინფორმაცია მჭირდებოდა - ამ სიტუაციაში ასე მოიქეცი, ამ შემთხვევაში ასე. ბოლოს ვიპოვე ისეთი ინსტრუქტორი, რომელმაც ყველაფერი კარგად ამიხსნა. თუმცა ალბათ რვა გაკვეთილი, რვა საათი და 400 ლარი ტყუილად დავხარჯე.“

დღეს იმ გამოცდილების საფუძველზე თავად შექმნა აპლიკაცია, სადაც მოსწავლეები ინსტრუქტორებს აფასებენ, დაინტერესებულს კი შეუძლია ქულებისა და რეკომენდაციების მიხედვით აირჩიოს, ვინ იქნება მისი მასწავლებელი, რათა „კარგი მასწავლებლის პოვნა გამართლებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“.

თამარ გაგნიაშვილი

სტატიისთვის გამოკითხულ რესპონდენტებს შორის ძნელად მოიძებნა ადამიანი, რომელმაც სწავლების პროცესში ინსტრუქტორი ერთხელ მაინც არ შეეცვალა.

  • ზოგი სწავლების სტილს ვერ შეეგუა.
  • ზოგი კომუნიკაციის ფორმას.
  • ზოგი ამბობს, რომ ინსტრუქტორს თავადაც განსხვავებულად ესმოდა ის წესები, რომელთა ცოდნასაც გამოცდაზე ითხოვდნენ.


თეკლა ჯაფოშვილს ყველაზე მეტად პირველი ინსტრუქტორი დაამახსოვრდა.

არა იმიტომ, რომ ბევრი ასწავლა, უფრო პირიქით:

„მთელი გაკვეთილი ტელეფონში სქროლვით იყო დაკავებული. რაღაცას რომ ვეკითხებოდი, პასუხის გაცემაც ეზარებოდა. ბოლოს მოედანი YouTube-ზე ნანახი ვიდეოებით ჩავაბარე. ის ფული რაში გადავიხადე, დღემდე არ ვიცი.“

მარინა ტოხიშვილი კიდევ ერთ მაგალითს იხსენებს. ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა უთხრა, რომ მხარზე გახედვა [ბრმა ზონების შემოწმება] საერთოდ არ იყო საჭირო.

„დღეს ვფიქრობ, ეს ჩემს უსაფრთხოებასაც უქმნიდა საფრთხეს და სხვისასაც,“ - ამბობს ის.

მარიამ გორგოძემ ოთხი ინსტრუქტორი გამოიცვალა და ბოლო-ბოლო იგრძნო, რომ მართვას სწავლობდა და არა „ტრიუკებს“ გამოცდისთვის:

„უნდა აგიხსნას, რას რატომ აკეთებ. უნდა გაგააზრებინოს. ტელეფონში არ უნდა ჰქონდეს თავი ჩარგული. დაზეპირებულ ტექსტებს არ უნდა გიმეორებდეს.“

სახელმწიფო ავტოსკოლის შექმნა, ინსტრუქტორების სერტიფიცირება და სწავლებისა და საგამოცდო პროგრამის ერთიანი სტანდარტის დანერგვა რესპონდენტების ყველაზე ხშირ მოთხოვნებს შორისაა.

თუ ერთმა ინსტრუქტორმა ერთი რამ ასწავლა, მეორემ - მეორე, კანდიდატი გამოცდაზე დაბნეული მიდის. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვისთან სწავლობს. ყველამ ერთი და იგივე უსაფრთხოების პრინციპები უნდა ასწავლოს.“, - ამბობს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე.

ამ აზრს იზიარებს ინსტრუქტორი მზია ოკუჯავაც.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მთავარი მიზანი უსაფრთხო მძღოლის მომზადებაა, მაშინ მხოლოდ გამოცდის ხარისხზე ზრუნვა საკმარისი არ არის. უნდა იზრუნოს სწავლების ხარისხზეც:

„გამოცდა გამოცდისთვის არ უნდა ბარდებოდეს. ზოგი ინსტრუქტორი მანიპულაციებს ასწავლის და არა მართვას. შედეგად კანდიდატი გამოცდას აბარებს, მაგრამ ქალაქში დამოუკიდებლად მოძრაობა მაინც უჭირს.“

რა ჯდება მართვის მოწმობა?

  • ზოგისთვის - 800 ლარი
  • სხვებისთვის - 1 500.
  • ბევრისთვის - 3 000.
  • ზოგისთვის კი 5 000 ლარსაც აჭარბებს.

მართვის მოწმობის საფასური მხოლოდ მომსახურების სააგენტოში გადახდილი თანხა არ არის. პრაქტიკული გაკვეთილი, რომელიც დაახლოებით 45 წუთი გრძელდება, საშუალოდ 50 ლარი ღირს. საათნახევრიანი გაკვეთილის ფასი კი 100 ლარია.

მართვის დამოუკიდებლად სწავლას რამდენიმე გაკვეთილი იშვიათად ჰყოფნის.

თუ კანდიდატი 10 გაკვეთილს გაივლის, სწავლაში 500 ლარის გადახდა მოუწევს. თუ იგივე რაოდენობის საათნახევრიან გაკვეთილებს აირჩევს 1 000 ლარი დაუჯდება.

ამას ემატება გამოცდების საფასური. თუ კანდიდატი რამდენჯერმე ჩაიჭრება, ხარჯიც ავტომატურად იზრდება.

ბევრს გამოცდის ჩასაბარებლად სხვა ქალაქში უწევს წასვლა: გზის ფული, საწვავი, სასტუმრო, კვება, დაკარგული სამუშაო დღე.

ლალი ტუღუშს გამოცდებისთვის სხვადასხვა ქალაქში სიარულის გამო სამსახურის დატოვება მოუწია:

„ამ მართვის მოწმობას ჩემი სამსახური შეეწირა. კვირაში რამდენი დღე შეიძლება ვერ მიხვიდე?“

მისი გზა ოზურგეთიდან დაიწყო. შემდეგ - გორში გაგრძელდა. მერე - რუსთავში. ბოლოს - თელავში. მართვის მოწმობა ჯერ კიდევ არ აქვს. მაგრამ მცდელობას არ წყვეტს.

როდესაც გამოცდიდან გამოცდამდე ორი თვე გადის, ადამიანების უმეტესობა იძულებულია, ინსტრუქტორთან ისევ დაბრუნდეს. ანუ, თითოეული წარუმატებელი მცდელობა მხოლოდ 90-ლარიანი გამოცდის დაკარგვა არ არის. ის ხშირად ნიშნავს კიდევ რამდენიმე გაკვეთილს. კიდევ რამდენიმე ასეულ ლარს.

„ადგილი არ არის“ - გამოცდის ჩაბარების უფლების მიღების რიგში

ქალაქში მართვის გამოცდის ჩასაბარებლად კანდიდატს ერთი წელი აქვს.

ქაღალდზე ეს საკმარის დროდ გამოიყურება. პრაქტიკაში კი ბევრი ამბობს, რომ ამ ერთ წელში შესაძლებლობის ნახევრის გამოყენებასაც ვერ ახერხებს.

ანა ორმოცაძე მეორე წრეზეა, ეს ნიშნავს, რომ ქალაქში ტარების გამოცდა ვერც ერთხელ ჩააბარა. ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ თეორიის და მოედანზე ტარების ჩაბარება თავიდან უწევს....

„ახლა ველოდები მოედნის გამოცდის ჩაბარებას და შემდეგ უკვე ქალაქის გამოცდა უნდა დავჯავშნოთ, თუ მოვახერხე საერთოდ დაჯავშნა. ანუ ერთწლიანი ვადა კი გვაქვს, მაგრამ პირველ წრეზე მხოლოდ და მხოლოდ მოვასწარი ხუთჯერ დარეგისტრირება, იმიტომ რომ ჯავშნები დიდი პრობლემაა, ადგილები არასდროს არ არის“, - ამბობს ის.

ანა ორმოცაძე

ივნისიდან მომსახურების სააგენტომ ჯავშნების სისტემა შეცვალა... თუ იქამდე ყოველი მომდევნო თვე წინა თვის ბოლოს იხსნებოდა, ახლა დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაშია შესაძლებელი.

პრაქტიკაში კი ეს ცვლილება გამოცდიდან გამოცდამდე ერთთვიანის ნაცვლად ორთვიან პაუზად გადაიქცა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა - გამოცდაზე ივნისის ბოლოს გავედი, მომდევნო თარიღის დაჯავშნა კი სექტემბერში მოვახერხე. ივლისი და აგვისტო, ორი თვე უკვე შევსებული იყო.

„გამოდის ისე, რომ მე შეიძლება ამ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ოთხჯერ მოვახერხო გასვლა ორ თვიანი შუალედებით... ჯავშნების პრობლემის გამო ვფიქრობ, ერთწლიანი ვადაც უნდა გახანგრძლივდეს. თეორიის გამარტივებამ მოიტანა შედეგი, რომ კიდევ უფრო მეტი კანდიდატი მიჰყავთ ქალაქის გამოცდამდე და გაზრდილ ნაკადს მომსახურება ვერ უმკლავდება“, - ამბობს ანა ორმოცაძე.

დიდი პაუზა ნიშნავს, რომ გამოცდამდე ისევ ინსტრუქტორთან უნდა დაბრუნდეს. ისევ გადაიხადოს. ისევ გაიაროს იგივე მარშრუტი. ისევ დაელოდოს.

ღამეები უნდა ათენო რეფრეშში და მაინც ვერ ნახო ადგილი“, - ამბობს თამარ გაგნიაშვილი.

კანდიდატების ნაწილი სწორედ ამ დროს იწყებენ 250-ლარიანი არაგეგმური გამოცდაზე გასვლაზე ფიქრს. არა იმიტომ, რომ ასე სურთ. არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი აღარ რჩებათ. არაგეგმურზეც პრობლემებია - მხოლოდ შაბათს დღეს ტარდება და უმეტესად დაჯავშნილია.

ჩემი სურვილი და მოთხოვნაა - მოგვცენ 12 რეალური მცდელობის უფლება“, - ამბობს ანა ორმოცაძე.

იქამდე სანამ ამ სტატიაზე ვმუშაობდით, მომსახურების სააგენტომ ჯავშნების სისტემაში ცვლილება შეიტანა. ახალი წესით ის კანდიდატები, რომლებიც მოედანს ჩააბარებენ ქალაქის გამოცდის დაჯავშნას ნებისმიერ თარიღში შეძლებენ, მათთვის ცალკე კვოტა გამოიყოფა. შსს-ს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაკადს და უკვე ჩაჭრილებს გამოცდაზე ხელახალ რეგისტრაციას გაუადვილებს.

„წარმოსახვითი ღერძულა გადავკვეთე“ - საგამოცდო მარშრუტის პრობლემები

გამოცდაზე წარმატება ხშირად მხოლოდ ცოდნაზე არ არის დამოკიდებული. მოძრაობის ინტენსივობა, ინფრასტრუქტურა, სხვა მძღოლების ქცევა და შემთხვევითი გარემოებები გამოცდის მიმდინარეობას მნიშვნელოვნად ცვლის.

„გამოცდა უნდა ტარდებოდეს სიმშვიდით და არა პანიკებით! უნდა იყოს ყველაფერი მოწესრიგებული და ვიღაცის უაზროდ გაჩერებული მანქანისთვის მე არ უნდა ვისჯებოდე! ზუსტად... დასჯაა ეს ! სტრესია ! ყველაფრის ფასად გვიჯდება თითოეულ ჩვენგანს ამ ეტაპის გავლა და (ჩვენ) მე მხოლოდ სამართლიან გამოცდებს ვითხოვ. განადგურებული ნერვების და ვალების გარეშე..“, - ამბობს ლალი ტუღუში.

B კატეგორიის მართვის მოწმობის ქალაქის გამოცდა საქართველოს 10 ქალაქში ტარდება - რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმსა და ზუგდიდში. ზოგიერთ ქალაქში ავტოსკოლებს მოსწავლეები საგამოცდო მარშრუტებზე დაჰყავთ, ზოგიერთ ადგილას კი აკრძალულია და პატრული აკონტროლებს.

„საგამოცდო მარშრუტებზე მეცადინეობა აკრძალულია... ვიღაცები მაინც ახერხებენ ამას და ატარებენ მოსწავლეებს, ეს არათანაბარ პირობებში გვაყენებს. მე მაჩერებენ და ქულას მაკლებენ მართვის მოწმობიდან.. საგაკვეთილო პროცესიც ფერხდება. კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს და შერჩევითი მიდგომა არ უნდა დაიშვებოდეს“, - ამბობს მზია ოკუჯავა.

ზოგიერთი საგამოცდო გზა ავტობანსაც მოიაზრებს, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის თანახმად კი ავტობანზე სასწავლო მანქანის სვლა აკრძალულია.

„მაინც გავყავართ მასწავლებლებს, ჰო? აბა ისე როგორ უნდა ჩააბარო იქ, სადაც არასდროს გივლია? ანუ რა გამოდის? სახელმწიფო უკანონო ქმედებისკენ გვიბიძგებს?“, - კითხულობს ანა ორმოცაძე.

ქალაქის გამოცდის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვდები, რომ საჭესთან მარტო ხარ, მაგრამ გამოცდას მარტო არ აბარებ. შენს გამოცდაში ერთვება ქვეითი, რომელიც წითელზე გადადის. მძღოლი, რომელიც მიმართულების მაჩვენებლის გარეშე ზოლს იცვლის. გაჩერებული ავტომობილი, რომელიც უცებ უკუსვლით იწყებს მოძრაობას. ორმო, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი, თუ საპირისპირო ზოლი თავისუფალი არ არის. წაშლილი საგზაო მონიშვნა, ხეებით დაფარული შუქნიშანი, გზაზე ქაოსურად შემოჭრილი ბაზრობა.

სასწავლო მანქანა გადაადგილდება თბილისის ქუჩებში

მარიამ ტოხიშვილს პირველი ქალაქის გამოცდა ყველაზე კარგად ახსოვს. მის ზოლში გაჩერებულმა ავტომობილმა მოულოდნელად უკუსვლით დაიწყო მოძრაობა. მძღოლი მანქანიდან გადავიდა. მარიამმა დაბრკოლებას გვერდი აუარა. რამდენიმე მეტრში საცობი დაიწყო. თავის ზოლში დაბრუნება ვეღარ მოასწრო. გამოცდა დასრულდა.

დღეს ამ ეპიზოდს მშვიდად იხსენებს:

„100 პროცენტით ჩემი ბრალი იყო."

მაგრამ ამბობს, რომ ქალაქში გამოცდისას ყველაზე რთული ზოგჯერ საკუთარი მოქმედება კი არა, სხვისი ქცევის სწორად შეფასებაა.

ლალი ტუღუშს გამოცდაზე ყველაზე მეტად ქვეითების ეშინოდა: „იცი, რომ შეიძლება ვიღაცამ უცებ ფეხი დადგას ზებრაზე. შეიძლება მანქანებს შორის გადმოხტეს. ავტობუსს გაეკიდოს. გამოცდაზე ამ ყველაფერს სულ სხვა სიმძიმე აქვს."

სოფო ნიშნიანიძე გამოცდას ახალციხეში აბარებდა. ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე გზის მონიშვნა იყო. „მეოთხედ რომ გავედი გამოცდაზე, გზები უკვე დახაზული იყო და გამოცდის ჩაბარებაც ბევრად გამიადვილდა. მანამდე წარმოსახვითი ხაზებით უნდა გევლო."

მარიამ ჯიმშელეიშვილი კი ამბობს, რომ გამოცდის დროს ყურადღების ნაწილი სულ ორმოების არიდებაზე ჰქონდა გადატანილი: „მე გამოცდაზე ორიენტირებული უნდა ვიყო კარგად მართვაზე და ჩაბარებაზე და არა იმაზე, იამკა იამკაზე რომ მხვდება, როგორ ავარიდო თავი."

ქალაქის გამოცდაზე ყველა შეცდომა ერთნაირად არ ფასდება. არსებობს მსუბუქი და მძიმე შეცდომები.

მსუბუქი შეცდომა გამოცდას არ ასრულებს - კანდიდატი აგრძელებს მოძრაობას, თუმცა შეფასებაზე აისახება. მძიმე შეცდომა კი გამოცდის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საფუძველია.

ასეთად ითვლება, მაგალითად, ქვეითისთვის გზის დაუთმობლობა, წითელ შუქზე მოძრაობა, „სტოპის“ ნიშნის უგულებელყოფა, ისეთი მანევრი, რომელმაც ავარიული სიტუაცია შექმნა, ან შემთხვევა, როცა გამომცდელს უსაფრთხოების მიზნით საჭეზე ან მუხრუჭზე ჩარევა უწევს.

თეორიულად ეს წესები ყველასთვის ერთნაირია. მაგრამ რესპონდენტების ნაწილი ამბობს, რომ რეალურ მოძრაობაში ყველა სიტუაცია წინასწარ ვერ იწერება.

მარიამ გორგოძე, რომელმაც ქალაქის გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა, ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ შეფასების სისტემა მეტ მოქნილობას საჭიროებს.

„გამომცდელი რობოტივით ერთმნიშვნელოვნად არ უნდა აფიქსირებდეს შეცდომებს. ეს არაა საზეპირო გამოცდა, რადგან მოძრაობას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად უნდა მიიღებოდეს."

მისი აზრით, უსაფრთხოების პრინციპი უცვლელი უნდა დარჩეს. თუმცა თითოეული საგზაო სიტუაცია ერთნაირად არ უნდა შეფასდეს.

„თუ საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, მონიშვნები დაზიანებულია, გზები განსხვავებულ პირობებშია და მარშრუტებს თანაბარი სირთულე არ აქვს, შეფასების სისტემამ ეს გარემოებებიც უნდა გაითვალისწინოს“, - ამბობს მევლუდ მელაძე.

მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ გზების დახაზვა და მოწესრიგება მათ უფლებამოსილებას სცილდება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა:

„რა თქმა უნდა, მათთან კომუნიკაცია გვაქვს, მეტ გავლენას ვერ ვახდენთ“, - აცხადებენ უწყებაში.

ინსტრუქტორი ზურა კაცელაშვილი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურა მართლაც პრობლემაა. მაგრამ იქვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

„ხშირად კანდიდატს ჰგონია, რომ უსამართლოდ ჩაიჭრა. ვიდეოს რომ ვუყურებთ, მერე თვითონაც ხედავს, რომ მძიმე შეცდომა ჰქონდა.“

წესები, რომელიც ქართულ კანონმდებლობაშია გაწერილი საერთაშორისო სტანდარტებითაა ნაკარნახევი

„წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გავიზიარეთ, შეგვეძლო პირველები ვყოფილიყავით, მაგრამ მაინც გავაფუჭეთ... მთავარი პრობლემა სისტემაა.. ეს მექანიზმი მანქანასავით აწყობილი უნდა იყოს, საერთო სტანდარტით უნდა ხდებოდეს სწავლებაც და გამოცდის შეფასებაც. ლიცენზია და სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს, როგორც ინსტრუქტორს ისე გამომცდელს... გამოსაცდელს ის გზა და დაბრკოლებები უნდა ხვდებოდეს, რასაც ამ საერთო სტანდარტით მომზადებისას დაძლევს“, - აცხადებს მევლუდ მელაძე.

მას გერმანული მოდელი იზიდავს, სადაც როგორც თავად შენიშნავს „ქალაქში გამოცდის ჩაბარებაზე იმაზე რთულია, ვიდრე საქართველოში“, თუმცა სწავლა იმაზე „სტრუქტურირებულია, ვიდრე საქართველოში“.

გერმანიაში მძღოლობის კანდიდატმა უნდა:

  • გაიაროს ავტოსკოლა;
  • გაიაროს სავალდებულო თეორიული კურსი;
  • ჩააბაროს თეორიული გამოცდა;
  • გაიაროს პრაქტიკული სწავლება, რომელიც მოიცავს: ქალაქში მოძრაობას; ავტობანზე მართვას; ღამის მართვას;


მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვება პრაქტიკულ გამოცდაზე, თუმცა დამოუკიდებლად ვერ დარეგისტრირდები. ავტოსკოლამ უნდა დაადასტუროს, რომ:

  • გავლილი გაქვს თეორიული კურსი;
  • გავლილი გაქვს სავალდებულო პრაქტიკული გაკვეთილები (მათ შორის ღამის, ავტობანზე და საქალაქთაშორისო გზებზე);
  • მზად ხარ გამოცდისთვის.

პრაქტიკულ გამოცდაზე ავტოსკოლის ავტომობილით გადიან, კანდიდატთან ერთად გამოცდას ესწრება გამომცდელი და ინსტრუქტორი.

„ზოგიერთი წუწუნებს ქალაქის გამოცდა გაუქმდესო, მე ის უფრო მიკვირს, როგორც სხდებოდნენ საჭესთან მხოლოდ მოედანჩაბარებულები... ქალაქის გამოცდა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ კანდიდატმა რეალურად ისწავლოს მართვა და თავიდან აიცილოს საავარიო სიტუაციები... მხოლოდ მოედნით აუცილებლად ავარია მომივიდოდა“, - ამბობს ანა ვახტანგაძე, რომელმაც სხვებისგან განსხვავებით, გამოცდის თარიღებიც სწრაფად დაჯავშნა და ქალაქიც პირველივეზე ჩააბარა.

გამომცდელების მიმართ კანდიდატის დამოკიდებულებაც ინდივიდუალურია. ნაწილს გაუმართლა, „შეცდომებზე თვალებიც დაუხუჭეს“.

„არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა, შესახვევი ამერია და ინსტრუქტორმა გადამარჩინა, თორემ ახლა ჩაჭრილი ვიქნებოდი“, - ამბობს ანა ვახტანგაძე.

ნაწილისთვის გამომცდელები პროფესიონალები იყვნენ; არ ჰქონიათ უსამართლობის განცდა.

„ყოველთვის ჩემი მიზეზით ვიჭრებოდი.. გამომცდელები ყურადღებიანები იყვნენ და ჩემზე მეტად ღელავდნენ ხოლმე“, - ამბობს თამარ გაგნიაშვილი.

ნაწილისთვის კი გამომცდელები უხეშები არიან; აგდებული ტონი აქვთ; კანდიდატს დამატებით სტრესს უქმნიან; ზოგჯერ გადაწყვეტილებები სუბიექტურია.

განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ გამოცდის დროს შექმნილ ფსიქოლოგიურ წნეხზე.

„ჩამჭრეს“- გასაჩივრების მექანიზმები

„იცით? მომსახურების სააგენტოში არავინ იღიმის“, - თავის გამოცდილებას გვიზიარებს იკი ქოთოლაშვილი, რომელსაც ივლისის თვეში ბოლო გასვლა ჰქონდა და მაინც ვერ ჩააბარა.

ამბობს, რომ ყველაზე რთული თავად ჩაჭრა კი არ იყო, არამედ ის, რომ ყოველი მომდევნო გამოცდა უფრო მეტად აშინებდა:

„გამოცდიდან გამოცდამდე უფრო და უფრო მეტ შეცდომას ვუშვებდი. თავიდან მეგონა, უბრალოდ ვნერვიულობდი. მერე მივხვდი, ეს უკვე ნერვიულობა აღარ იყო. ეს მუდმივი სტრესი იყო. იმდენს ფიქრობ ამ გამოცდაზე, რომ საბოლოოდ იმაზე უარესად მართავ, ვიდრე სინამდვილეში შეგიძლია.“

იკი ქოთოლაშვილი

ჩაჭრის შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა. გამომცდელი უხსნიდა, რა შეცდომა დაუშვა.

ამბობს, რომ აღარაფერი ესმოდა:

„მანქანიდან გადმოვედი... და ბევრი ვიტირე.“

საბოლოოდ, გასაჩივრების მიზნით სააგენტოში დაბრუნდა და ვიდეოჩანაწერი მოითხოვა.

აი, როგორ აღწერს იქ ნანახს:

„ჯობდა სულ არ ავსულიყავი, ჩემი თავი რაღა საკითხავი იყო… სააგენტოში ვნახე ორსული ქალი, რომელიც გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ იმდენად ცუდად გახდა, ისეთ პანიკაში იყო, რომ ამის ყურება ძალიან მძიმე იყო. მაშინ კიდევ ერთხელ დავფიქრდი – ნუთუ მართლა ასე უნდა ხდებოდეს? ნუთუ ყველაფერი ამად ღირს?.. მთელი სააგენტო თავს შემოეხვია, ჩვენც ჩვენი დარდი სადღა გვახსოვდა... სასწრაფო დახმარების მანქანა [მოვიდა]... სააგენტოს ხელმძღვანელმა თავად შესთავაზა რომ სახლში წაიყვანდა… ყველა ერთად ვცდილობდით იმ სამი გულის დამშვიდებას ამ ქალში რომ ფეთქავდა... საშინელი დღე იყო...“

ვიდეოჩანაწერის ნახვა ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია. თუ ფიქრობ, რომ შეფასება არასწორია, შედეგის გასაჩივრებაც შეგიძლია. პროცედურა კანონით არის განსაზღვრული. გამოცდის შედეგის გასაჩივრება შესაძლებელია სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

Your browser doesn’t support HTML5

„მანქანიდან გადმოვედი... და ბევრი ვიტირე“, - იკი ქოთოლაშვილის ამბავი

საჩივარს სააგენტოს საპრეტენზიო კომისია განიხილავს. კომისიამ გადაწყვეტილება 30 სამუშაო დღეში უნდა მიიღოს.

თუ დაადგენს, რომ პრაქტიკული გამოცდის შედეგი არასწორი იყო, კანდიდატი გამოცდაზე ხელახლა დაიშვება - ხელახალი რეგისტრაციისა და გამოცდის საფასურის გადახდის გარეშე.

თუ კომისიის გადაწყვეტილებასაც არ ეთანხმება, მისი გასაჩივრება უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სასამართლოშია შესაძლებელი.

მაგრამ ავტოექსპერტ მევლუდ მელაძეს მიაჩნია, რომ არსებული სისტემა მაინც არასაკმარისია.

მისი აზრით, ვიდეოჩანაწერი მხოლოდ კომისიისთვის არ უნდა არსებობდეს.

„რატომ არ შეუძლია კანდიდატს ეს ვიდეო სპეციალისტებს აჩვენოს? ან საჯაროდ გამოაქვეყნოს? თუ ვიდეო არსებობს, მაშინ მისი დანიშნულებაც უნდა არსებობდეს. დღეს კი საბოლოოდ ისევ იმავე სისტემას უბრუნდება, რომელმაც უკვე ერთხელ შეაფასა.“

მელაძეს ისევ გერმანიის მაგალითი მოჰყავს. იქ გამოცდაზე გამომცდელთან ერთად ინსტრუქტორიც იმყოფება. გასაჩივრების შემთხვევაში კი შეფასებას მხოლოდ ერთი ადამიანი აღარ აკეთებს.

რამდენად ხშირად ცვლის კომისია გადაწყვეტილებას?

ეს კითხვა სტატიის მომზადებისას მომსახურების სააგენტოსაც დავუსვით.

გვაინტერესებდა:

  • რამდენი კანდიდატი ითხოვს ვიდეოჩანაწერის ნახვას;
  • რამდენი საჩივარი შედის ყოველწლიურად;
  • რამდენ შემთხვევაში იცვლება საბოლოო გადაწყვეტილება.

მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აქ აისახება

საგამოცდო ცენტრებთან განსაკუთრებული ინტერესით და მოლოდინით იმ მანქანას აკვირდებიან, რომელიც უკან ბრუნდება. თუ საჭესთან ისევ კანდიდატია, გამოცდა ჩაბარებულია, თუ გამომცდელი წინ ზის და მძღოლობის კანდიდატი კი უკან მაშინ...

„ეეეეჰ“ - აღმოხდებათ მომლოდინე გულშემატკივრებს.

საგამოცდო მანქანიდან ყველა ერთნაირად არ გადმოდის. ვიღაც ოჯახის წევრებს ურეკავს, ვიღაც ცრემლებს ვერ იკავებს, ვიღაც კი პირდაპირ მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობისკენ მიემართება, მოთხოვნით; „ვიდეო მაჩვენეთ!“.

ქალაქის გამოცდა საშუალოდ 30-35 წუთს გრძელდება. ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც შეყვარებულს გულშემატკივრობს, მეუბნება: „ეს ის მომენტია, როცა მიხარია, რომ არ მწერს.. თუ მომწერს, უკვე ვიცი, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდაო“.

სააგენტოს ეზოში მომლოდინე ინსტრუქტორებიც აკვირდებიან შემომსვლელ მანქანებს. მათაც აინტერესებთ, რამდენი შეძლებს დღეს ჩაბარებას.