რატომ ვერ ირჩევს საქართველო სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებს?

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მეოთხედ გაახანგრძლივა.

საქართველოს სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უნდა აირჩიონ ერთი მოსამართლე, თუმცა კანდიდატების შერჩევის პროცესი იუსტიციის სამინისტრომ უკვე მეოთხედ გადადო.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპის საბჭოს თითოეული წევრი ქვეყნიდან ერთი მოსამართლეა.

საქართველოდან ახალი მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მომავალი 9 წლის განმავლობაში იმუშავებს, უნდა აირჩიოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

თუმცა, სანამ ასამბლეა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველომ უნდა შეარჩიოს და წარადგინოს მოსამართლეობის 3 კანდიდატი.

ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, ვინ მოხვდება შერჩეულ სამეულში, არამედ ისიც, როგორ შეარჩევენ ამ კანდიდატებს საქართველოში - რამდენად ღია, კონკურენტული და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება ეს კონკურსი.

ამ სტატიაში ვეცდებით, გავარკვიოთ, რამდენად გამჭვირვალედ და სამართლიანად ირჩევს საქართველო იმ კანდიდატებს, რომელთაგან ერთ-ერთიც სტრასბურგის მოსამართლე გახდება.

ვინ და როგორ ირჩევს კანდიდატებს საქართველოში?

კანდიდატების შერჩევის წესს იუსტიციის მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს. იუსტიციის მინისტრივე ხელმძღვანელობს შესარჩევ კომისიას, რომელშიც ასევე შედიან იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, პროკურატურის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

განცხადებებს განიხილავს და გადაარჩევს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ამის შემდეგ კომისია ესაუბრება შერჩეულ კანდიდატებს, გასაუბრების შემდეგ კი აფასებს ქულებით. საბოლოო სიაში უნდა იყოს განსხვავებული სქესის სულ მცირე ერთი კანდიდატი.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი?

არაერთ მოთხოვნას - სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი უნდა იყოს კვალიფიციური იურისტი, კარგი რეპუტაციით, კარგად უნდა იცნობდეს ეროვნულ, საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა სამართალს, სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას.

კომიტეტს შეუძლია დაიწუნოს ქვეყნის წარდგენილი კანდიდატები იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ მათი შერჩევის პროცესი არ იყო სამართლიანი და გამჭვირვალე ან არ არიან საკმარისად კვალიფიციურები.

სად ხედავენ ექსპერტები პრობლემას?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც ხარვეზებსა და რისკებზეა საუბარი.

ავტორები რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებენ, რომლებიც, მათი შეფასებით, პროცესის დამოუკიდებლობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ახარვეზებს.

თამარ ონიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ონიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის პროცესის გაუმჭვირვალობა.

„ეს არის სრულად დახურული პროცესი, სადაც ვერც გავიგებთ, ვინ მიიღო მონაწილეობა, წარდგენილი დოკუმენტები რა იყო, მიღებული ქულები რა იყო, კომისიის სხდომის ოქმების გასაჯაროების შესაძლებლობასაც არ ითვალისწინებს.“

საია-ს“ თავმჯდომარე აღნიშნავს იმასაც, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში ჩართულები არ არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და „ამ პროცესის გარე კონტროლიც შეუძლებელია.“

„ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კომისიას აქვს დამოუკიდებლობა იმ რეალობაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები პოლიტიზირების მაღალი ხარისხით ხასიათდება - დაწყებული სასამართლოდან, დამთავრებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებით.“

გიორგი ბურჯანაძე, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე.

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ, მისი დაკვირვებით, ამ კონკურსში ცოტას სურს მონაწილეობის მიღება.

იუსტიციის სამინისტრომ ივლისში მას მისწერა, რომ კონკურსის გახანგრძლივების მიზეზი ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისი, განსაკუთრებით ქალი კანდიდატების სიმცირე იყო. „ეს ნამდვილად ყველა იურისტისთვის საოცნებო, მნიშვნელოვანი პოზიციაა. ერთადერთი მიზეზი, რითაც კანდიდატების სიმცირე შეიძლება აიხსნას, არის ის, რომ არ ენდობოდე ამ კომისიის შემადგენლობას.“

ბურჯანაძე ამბობს იმასაც, რომ კანდიდატების ობიექტურად შეფასება ეჭვის ქვეშ იდგა წინა კონკურსის დროსაც. „2016 წელს, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევდნენ, ძალიან კარგ სამოსამართლო გამოცდილების მქონე იურისტებს სპეციალურად დაბალ ქულებს უწერდნენ, რომ ისინი არ წარედგინათ და ისეთებს უწერდნენ მაღალ ქულებს, რომელთა წარდგენაც თვითონ უნდოდათ. ამის გამო „ქართულ ოცნებას“ ის კონკურსი გაუუქმეს და ჩაუგდეს.“ სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ კომისიას სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა აძლევს.

რა მოხდა 2016 წელს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას?

2016 წელს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა გიორგი პაპუაშვილი, რომელიც მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე იყო, თუმცა საბოლოოდ სტრასბურგის მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს შორის ვერ მოხვდა.

გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს არქივში იპოვა პაპუაშვილისთვის დაწერილი შეფასებები.

გიორგი პაპუაშვილისთვის დაწერილი ქულები

პაპუაშვილს 11 ადამიანი აფასებდა და თითოეულს მაქსიმუმ 5 ქულის დაწერა შეეძლო. საბოლოოდ, მისი შეფასებების საშუალო არითმეტიკულმა 5-დან 1.86 ქულა შეადგინა.

კომისიის შეფასებაში ჩანს, რომ მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პაპუაშვილი 0.5 ქულით, ხოლო მთავრობის მაშინდელმა საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ 0 ქულით შეაფასეს.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს ამ წელს მოსამართლეობის კანდიდატებად ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი წარუდგინა, თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა ამ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა და კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში პაპუაშვილმა მონაწილეობა აღარ მიიღო და თქვა, რომ „სამთავრობო საკონკურსო კომისიის წევრთა უმეტესობა ხელისუფლების წარმომადგენელია და ხელისუფლების მისდამი დამოკიდებულების გათვალისწინებით მიზანშეწონილად აღარ მიაჩნდა ამ კონკურსში მონაწილეობა."

გიორგი ბურჯანაძის თქმით, საქართველოსთვის რეპუტაციული თვალსაზრისით განსაკუთრებით პრობლემური იქნება, თუ კონკურსი ისევ გახანგრძლივდება ან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ აირჩევს საქართველოს წარდგენილ კანდიდატებს. „გამოდის, რომ ქვეყანას იმის რესურსი არ აქვს, რომ ერთი ობიექტური მოსამართლე შეარჩიოს.“ მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, მოქმედი მოსამართლე, ლადო ჭანტურია თანამდებობაზე დარჩება, ვიდრე არ აირჩევენ მის შემცვლელს.

ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2017 წელს აირჩიეს.

ლადო ჭანტურია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე

კონკურსის გახანგრძლივების მიზეზებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განმარტება საჯარო წყაროებში ვერ მოვიძიეთ.

სტატიაში განხილულ საკითხებსა და გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ კითხვებით იუსტიციის სამინისტროს მიმართა. სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის სამინისტროს პასუხი არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.