რატომ აფხაზეთი და რატომ მაინცდამაინც ეს წლები? მკვლევარი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ინტერნეტში რუსული სამთავრობო სააგენტოს, „სპუტნიკის“ ანიმაციას გადააწყდნენ და აღმოაჩინეს, რომ აფხაზეთის გასაბჭოებას აფხაზეთში დღემდე აღნიშნავენ. 1921 წლის 4 მარტი, ანუ დღე, როდესაც "წითელი არმია" სოხუმში შევიდა, აფხაზეთში საქართველოსგან გათავისუფლების დღედ აღიქმება.
„ამ მითის ნაწილია ისიც, რომ აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება სახალხო აჯანყების შედეგად დამყარდა და ამ აჯანყების ლიდერები შემდეგ საბჭოთა აფხაზეთის ლიდერები გახდნენ. ამ მითით მთავარი "წითელი არმია" კი არ არის, არამედ ადგილობრივი ბოლშევიკები, რომლებიც ამავე დროს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ამგვარი წარმოდგენა გავრცელებულია როგორც აფხაზებში, ისე ქართველებში. ჩვენ სულ გვგონია, რომ აქეთ აფხაზები იყვნენ, იქით - ქართველები და ეს ერთგვარი დემოგრაფიული კონკურენცია იყო, - ამბობს გიორგი კანდელაკი, - ჩვენი ამბიციაა, რომ ეს ეთნიკური პარადიგმა მთლიანად გადაიხედოს. ამ წიგნში ამის საკმარისი მაგალითებია“.
ასევე ნახეთ
ყველაფერი „25 თებერვლის“ შესახებაფხაზურ ინტერნეტში მართლაც ჩანს, რომ 1921 წლის 4 მარტი აფხაზეთისთვის განსაკუთრებული დღეა - აფხაზეთის "სახელმწიფოებრიობის" დღე. „ეხო კავკაზა“ წერდა, რომ აფხაზი კომუნისტები ცდილობდნენ კიდეც ის დასვენების დღედ გამოეცხადებინათ. 2010 წლის 4 მარტს გარდაიცვალა აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, რამაც ამ დღეს ცოტათი დაუკარგა საზეიმო იერი.
აი, მაგალითად, რას წერს აფხაზური ინტერნეტგამოცემა „აპსადგილ-ინფო“ 4 მარტზე:
„წიგნში „აფხაზეთის ისტორია“ აღწერილია იმ პერიოდის მოვლენები: „1921 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიქმნა აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტი (რევკომი), რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ე. ეშბა, ნ. ლაკობა და ნ. აკირტავა… ნ. აკირტავას ხელმძღვანელობით მოქმედმა აფხაზურმა აჯანყებულთა რაზმმა, IX წითელი არმიის მხარდაჭერით, ფსოუს მდინარესთან საქართველოს მენშევიკური მთავრობის რეგულარული ჯარების წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. ავანგარდში იყვნენ „კიარაზელები“, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სოფელ ლიხნის, ქალაქ გუდაუთისა და ახალი ათონის გათავისუფლებაში. 4 მარტს გათავისუფლდა სოხუმი, შემდეგ კი ოჩამჩირე და გალი. 10 მარტს აფხაზეთის რევკომმა ლენინს დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც იუწყებოდა, რომ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა.“
1921 წლის 8 მარტს სოხუმში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ლენინს გაუგზავნეს:
„დღეს აფხაზეთის მშრომელები, რომლებიც ქართველი მენშევიკების თვითმპყრობელობისა და იმპერიალისტთა მსახურების მძიმე უღლის ქვეშ იტანჯებოდნენ, თავისუფლებას ზეიმობენ. მიესალმებიან წითელ არმიას, რომელიც აჯანყებული აფხაზი ხალხის დასახმარებლად მოვიდა, და მხურვალედ მიესალმებიან მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს, ამხანაგ ლენინს, ასევე მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის შტაბს - მესამე კომუნისტურ ინტერნაციონალს.
აფხაზეთის რევკომის თავმჯდომარე - ე. ეშბა.“
ნიკოლოზ აკირტავა
„აფხაზეთი (1917-1921) - მეხსიერების რეკონსტრუქცია“ დაწერილია იმ პერიოდის საარქივო მასალებსა და პრესაზე დაყრდნობით. ამ ყველაფრის დამუშავების შემდეგ გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ სინამდვილეში სწორედ იმ მითის საპირისპირო სურათი გამოიკვეთა. ეს არ იყო აფხაზების ბრძოლა ქართველების წინააღმდეგ ან პირიქით, აქ პოლიტიკური იდეებისთვის იბრძოდნენ. აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ ბოლშევიკურ ორგანიზაციებს, სწორედ იმათ, რომლებიც, თითქოსდა განთავისუფლებას ესწრაფოდნენ, სათავეში ქართველები ედგნენ: ისაკ ჟვანია, სევერიან კუხალეიშვილი, ამბერკი ურუშაძე. საბჭოთა ხელისუფლება აფხაზეთში ისაკ ჟვანიამ გამოაცხადა.
„ხოლო ნესტორ ლაკობა, ეფრემ ეშბა და ნიკოლოზ აკირტავა რამდენად არიან პირველი პირები, კიდევ საკითხავია. ლაკობა მაშინ სულ რაღაც 25 წლის იყო“, - ამბობს კანდელაკი.
ეფრემ ეშბა
ამავე დროს „აქეთა მხარეს“ ანუ სოციალ-დემოკრატების ბანაკში ლიდერებად აფხაზები ჩანან. ამიერკავკასიის სეიმისა და ნოე ჟორდანიას მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთში, მათ შორის უსაფრთხოების სტრუქტურებში, არიან არზაყან ემხვარი (აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე), ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმის ხელმძღვანელი თარასხან ეშბა. სწორედ თარასხან ეშბა იყო ის, ვინც 1920 წელს აფხაზეთში მთლიანად გაანადგურა ბოლშევიკური ქსელი.
არზაყან ემხვარი
თარასხან ეშბას ამბავი საინტერესოა იმითაც, რომ მოგვიანებით ისიც და არზაყან ემხვარიც საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდნენ. ემხვარი ლევილშია დაკრძალული, თარასხანი კი ისევ საქართველოში დაბრუნდა, აჯანყების მოსაწყობად. ის დააპატიმრეს და დახვრიტეს. „სამეულის“ ხელმძღვანელი, რომელმაც მას სიკვდილი მიუსაჯა, ქართველი, გვარად ბახტაძეა. ბახტაძე აწერს ხელს აფხაზი ვასილ გურჯუას დახვრეტასაც. გურჯუა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
თარასხან ეშბა
გიორგი კანდელაკი ჰყვება, რომ 1918 წლის გაზაფხულზე, როდესაც ბოლშევიკებმა აფხაზეთში ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში, მათ წინააღმდეგ თბილისიდან ვალიკო ჯუღელის გვარდია გამოგზავნეს. აქაც არაორდინალური სიტუაცია შეიქმნა: ადგილობრივი, დრანდელი მეგრელების რაზმი ბოლშევიკების მხარეს იბრძოდა, აფხაზთა ასეული კი - ვალიკო ჯუღელის მხარეს.
წიგნი „აფხაზეთი (1917-1921) - მეხსიერების რეკონსტრუქცია“ სხვა ბევრ რამესთან ერთად ეხება კიდევ ერთ მივიწყებულ თემას, არჩევნებს.
1917 წელს ჩატარდა სოხუმისა და ოჩამჩირის საქალაქო თვითმმართველობის არჩევნები. ეს არჩევნები მთელს რუსეთის იმპერიაში ტარდებოდა, მათ შორის აფხაზეთშიც. ამავე წლის დეკემბერში ჩატარდა უკვე რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებიც. გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ეს არჩევნები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მათში ბოლშევიკები მონაწილეობენ და ისინი პირწმინდად დამარცხდნენ სოციალ-დემოკრატებთან.
„ჩვენ გვგონია, რომ ბოლშევიკები ყოველთვის ძლიერები იყვნენ. მაგრამ საქართველოში ასე არ იყო, ბოლშევიკებმა სოხუმსა და ოჩამჩირეში ერთი ხმოსანიც კი ვერ გაიყვანეს. სოციალ-დემოკრატებმა ათჯერ მეტი ხმა მიიღეს, თან პროპორციულ არჩევნებში“, - ამბობს გიორგი კანდელაკი.
ასევე ნახეთ
ამოწყვეტილი ოჯახი და ღამე ამოთხრილი მიცვალებული - აფხაზეთში ნესტორ ლაკობას მუზეუმს აღადგენენ1919 წელს ტარდება ასევე აფხაზეთის სახალხო საბჭოს (ანუ აფხაზეთის პარლამენტის) არჩევნები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სწორედ ამ საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელ კრებას უნდა გამოერკვიათ, რა სტატუსი ექნებოდა აფხაზეთს მომავალში. მოლაპარაკებები დაიწყო და თითქმის ბოლომდეც იყო მისული, მაგრამ...
1921 წლის 25 თებერვალს "წითელი არმია" თბილისში შემოვიდა, ათიოდე დღეში, 4 მარტს, ბოლშევიკებმა აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს.