მხურვალე უკრაინოფობი, მსოფლმხედველობით იმპერიალისტი - რატომ თქვა უარი კიევმა ბულგაკოვზე?

მიხეილ ბულგაკოვი

კიევში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლის აღებამ უკრაინაში კულტურული მეხსიერების, იდენტობისა და დეკოლონიზაციის შესახებ მწვავე დებატები განაახლა. ერთისთვის ბულგაკოვი რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოა, მეორისთვის კი - კიევის მრავალფეროვანი კულტურული სამყაროს ნაწილი, რომლის წაშლაც ისტორიის გადახედვას ნიშნავს.

კიევში აიღეს მიხეილ ბულგაკოვის ძეგლი, რომელიც მწერლის მუზეუმთან, ანდრიივსკის დაღმართზე იდგა 2007 წლიდან. “ძეგლი შესანახად გადაეცა მოქანდაკე ნიკოლაი რაპაის მემკვიდრეს”, ნათქვამია უკრაინის დედაქალაქის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.

ძეგლის აღების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2025 წლის 18 დეკემბერს მიიღო კიევის თვითმმართველობამ უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დასკვნით, რომლის თანახმადაც, საერთო ჯამში დემონტაჟს დაექვემდებარა კულტურის მოღვაწეთა 15 მონუმენტი და მემორიალური დაფა, მათ შორის პოეტ ანა ახმატოვასა და კომპოზიტორ მიხეილ გლინკას ძეგლები. უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა ეს ობიექტები მიიჩნია „რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოებად, რომლებიც უკრაინის საჯარო სივრცეებიდან უნდა გაქრნენ”.

მიხეილ ბულგაკოვის ძეგლი (კიევში), რომელიც 2026 წლის 5 ივნისს აიღეს.

კიევში დაბადებული და მცხოვრები ბულგაკოვის ძეგლის აღების გადაწყვეტილებამ უკრაინის კულტურულ წრეებშიც დიდი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გამოცემა „სუსპილნეს“ ინფორმაციით, დისკუსიის მონაწილეთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო სივრცეებიდან „იმპერიული ნიშნების“ მოცილება, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ ბულგაკოვი „კიევის კულტურული კოდის ნაწილია“. მწერალმა ოქსანა ზაბუჟკომ ძეგლის აღებას „კრემლის მონუმენტური პროპაგანდისგან სივრცის გაწმენდა“ უწოდა. კიეველი ფილოსოფოსის, ანდრეი ბაუმაისტერის თქმით კი, მიმდინარე პროცესი „შემოქმედებით საწყისთან აგრესიული უფერულობის ბრძოლაა”, რომელსაც კულტურულ პოლიტიკად ნიღბავენ.

უკრაინელი პოლიტოლოგი კონსტანტინე ბონდარენკოც დარწმუნებულია, რომ “მიხაილ აფანასიევიჩის” მიმართ „დღევანდელი ხუნვეიბინების“ დამოკიდებულება სულაც არ განისაზღვრება მწერლის ნაწარმოებების შინაარსით.

„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ თავისი “ოსტატი და მარგარიტა”, “ძაღლის გული” ან “თეთრი გვარდია” უკრაინულად დაეწერა - თან ისე, რომ ერთი სიტყვითაც არ შეეცვალა მათი შინაარსი. ჩათვლიდნენ მას ანტიუკრაინულ მწერლად? მეეჭვება. პეტლიურასა და უკრაინელების შესახებ პასაჟებიც კი უწყინარ მხატვრულ ხერხად შეფასდებოდა. მაგრამ ბულგაკოვი რუსულად წერდა - და სწორედ ეს არის მისი მთავარი „დანაშაული“ ნაციონალისტების თვალში. ამასთან, ბულგაკოვი განასახიერებდა „სხვა კიევს“ - იმ კიევს, რომელიც განსხვავებული კულტურებისა და ენების წარმომადგენლების გამაერთიანებელი იყო. კიევს, სადაც ყველას კომფორტულად ეცხოვრებოდა, განურჩევლად წარმომავლობისა, კულტურისა თუ შეხედულებებისა. და სადაც არავინ არეგულირებდა და არ უკარნახებდა ადამიანებს, რა უნდა წაეკითხათ, რომელ ენაზე ელაპარაკათ და რომელ ტაძარში ევლოთ”, - დაწერა ბონდარენკომ თავის Telegram-არხზე.

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა კი გადაწყვეტილების მიღებისას განაცხადა, რომ “ბულგაკოვის ლიტერატურული მემკვიდრეობა შეიცავს უკრაინული სახელმწიფოებრიობის მიმართ ნეგატიურ შეფასებებს და ასახავს რუსულ იმპერიულ პოზიციას, რომელიც უარყოფს უკრაინულ იდენტობას”.

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ექსპერტების დასკვნით, მწერალი მიხეილ ბულგაკოვი, რომელიც კიევში დაიბადა და გაიზარდა, „უკრაინოფობი“ და „რუსი იმპერიალისტი“ იყო, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ბულგაკოვის სახელის გამოყენება საჯარო სივრცეში კანონის დარღვევა იქნება: უკრაინაში ბულგაკოვის ძეგლები აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის განდიდებად მიიჩნევა.

ორ სამყაროს შორის

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ექსპერტულ დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ბულგაკოვის ნაწარმოებებში არ არის არც ერთი უკრაინელი პერსონაჟი, რომელიც დადებითად იქნებოდა წარმოჩენილი. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, მწერალი უკრაინულ ენას პაროდირებდა ან ირონიულად ამახინჯებდა, დასცინოდა უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას და უარყოფდა უკრაინელი ერის არსებობას. ექსპერტებს მაგალითად მოაქვთ ციტატები ბულგაკოვის ისეთი ნაწარმოებებიდან, როგორებიცაა „ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები“, „თეთრი გვარდია” (პიესა "ტურბინების დღეები"), „მე მოვკალი” და სხვ.

კადრი სპექტაკლიდან "ტურბინების დღეები". მოსკოვი, 1962 წ.

„მიხეილ ბულგაკოვი მსოფლმხედველობით იმპერიალისტი და მძაფრი უკრაინოფობია... მწერალი, მიუხედავად კიევში გატარებული წლებისა, ზიზღით უყურებდა უკრაინელებსა და მათ კულტურას, სძულდა უკრაინის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, უარყოფითად აფასებდა უკრაინული სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების ჩამოყალიბებას. იმ დროის რუს მწერალთა შორის ბულგაკოვი ყველაზე ახლოს დგას პუტინიზმის დღევანდელ იდეოლოგემებთან და უკრაინაში ეთნოციდის კრემლისეულ გამართლებასთან“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ექსპერტულ დასკვნაში.

კიევის ბულგაკოვის მუზეუმში (რომლის მახლობლადაც იდგა ძეგლი) მიიჩნევენ, რომ ეს შეფასება არასაკმარისად დასაბუთებული და ზედმეტად ემოციურია, თუმცა იმას არ უარყოფენ, რომ მწერალი ნამდვილად არაერთგვაროვანი პიროვნება იყო. მუზეუმის ხელმძღვანელმა ლუდმილა გუბიანურიმ 2025 წლის დეკემბერში, როცა უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დასკვნა გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მუზეუმის თანამშრომლებმა დაიწყეს „ტურბინების სახლის“ (ბულგაკოვის მუზეუმის) კონცეფციის გადააზრება:

„ორ სამყაროს შორის ვართ მოქცეული: შავსა და თეთრს შორის. ბულგაკოვის თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ არაფერია შესაცვლელი. სხვები კი გვეუბნებიან: „გაეთრიეთ აქედან თქვენც და თქვენი ბულგაკოვიც“. ჩვენ ვერ დავრჩებით ისეთები, როგორებიც 24 თებერვლამდე ვიყავით. და ვერ მოვიქცევით ისე, თითქოს არაფერი მომხდარა“.

მიხეილ ბულგაკოვის სახლ-მუზეუმი კიევში

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ანტონ დრობლოვიჩის თქმით, მუზეუმის დახურვას არავინ აპირებს და ექსპონატებიც ადგილზე დარჩება. მუზეუმს უბრალოდ სახელს შეუცვლიან და კონცეფციას გადაამუშავებენ. ასევე არ აიკრძალება ბულგაკოვის ნაწარმოებების კითხვა.

„ბულგაკოვის მუზეუმი კიევში, ახალი სახელით, მსოფლიოში ერთადერთი ადგილი იქნება, სადაც ბულგაკოვზე სრულ სიმართლეს მოჰყვებიან - მათ შორის მის ყოფით ანტისემიტიზმზე, მის შოვინიზმზე, მაგრამ ასევე არ დარჩება უყურადღებოდ მისი პიროვნების სხვა მხარეც - მისი ანტისაბჭოთა პროექტი, მისი ბედი, როგორც კიეველი მწერლისა. ამიტომ ყველა ბრალდება, თითქოს უკრაინა ბულგაკოვს კრძალავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ, უბრალოდ, არ გვინდა საჯარო სივრცეში მისი განდიდება“, - განმარტა ანტონ დრობლოვიჩმა.

ფილოსოფოსი გიგა ზედანიაც მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში დადგმული ძეგლის ფუნქცია წარსულის საზეიმო აღნიშვნაა.

“არა უბრალოდ იმის დაფიქსირება, რომ წარსული არსებობდა, არამედ იმის აღნიშვნა, რომ ეს წარსული საზეიმო იყო. წარსული არის - პირველ რიგში - ნაციონალური, ეროვნული წარსული. კი ბატონო, რომში დგას რუსთაველის ბიუსტი, მაგრამ არა მთავარ მოედანზე, არამედ ვილა ბორგეზეს პარკში, ათეულობით სხვა ბიუსტს შორის. სწორედ ამიტომ დგას თბილისის ცენტრში რუსთაველის ძეგლი და არა, მაგალითად, შექსპირის. სწორედ ამიტომ დგას ლესტერის მოედანზე შექსპირის ძეგლი და არა - რუსთაველისა. სწორედ ამიტომ არაფერი ესაქმება თავისუფლების მოედანზე პუშკინის ძეგლს. არა იმიტომ, რომ პუშკინი არ მიყვარს, უბრალოდ იმიტომ რომ საჯარო სფეროში ჩვენნაირი ჩაგრული ერები ზეიმობენ თავიანთ წარსულს და არა - დამპყრობელი ერებისა. წარსულის წაშლა იქნებოდა, ბულგაკოვისა და პუშკინის ნაწერების წაკითხვა ან გამოცემა რომ აეკრძალა ვინმეს უკრაინასა და საქართველოში. მაგრამ მათი ძეგლების აღება არის უბრალოდ იმ მომავლის განსაზღვრა, რომელიც უნდა იშვას წარსულიდან. და ეს მომავალი არც უკრაინაში და არც საქართველოში არ უნდა იყოს რუსული”, - დაწერა გიგა ზედანიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში.

პუტინის მორიგი მსხვერპლი

რატომ გახდა უკრაინისთვის მიუღებელი “თეთრი გვარდიისა” და “ოსტატი და მარგარიტას” ავტორი, ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტი The CurrentTimes-ი ესაუბრა ვოლოდიმირ ვიატროვიჩის - ისტორიკოსს, პუბლიცისტს, უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ყოფილ დირექტორსა და უმაღლესი რადის დეპუტატს.

„ბულგაკოვი იყო ერთ-ერთი იმ რუს მწერალთაგანი, რომლებსაც რუსეთი იყენებდა და დღემდე იყენებს კულტურული გავლენის შესანარჩუნებლად იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ოდესღაც მოსკოვზე იყვნენ დამოკიდებული, - ამბობს უკრაინელი ისტორიკოსი, - ეჭვგარეშეა, რომ ბულგაკოვი რუსულ იმპერიალიზმს განადიდებდა. ადამიანი, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა უკრაინასთან და კიევთან, საკუთარ შემოქმედებაში აბსოლუტურად ანტიუკრაინულად განწყობილ მწერლად წარმოჩნდა. არავინ კრძალავს ბულგაკოვის კითხვას, მაგრამ, ვფიქრობ, აღარ ღირს საუბარი ბულგაკოვის სახელობის ქუჩების ან ძეგლების საჭიროებაზე. ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რომელსაც რუსეთი იყენებს იმ მთავარი თეზისის დასამტკიცებლად, რომელიც აგრესიის საფუძველში დევს - თითქოს ჩვენ ერთი ხალხი ვართ. თუ ერთსა და იმავე მწერლებს ვცემთ პატივს, ერთსა და იმავე დღესასწაულებს აღვნიშნავთ და ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ეს მათთვის იმის მტკიცებულებაა, რომ ერთი ერი ვართ და ცალკე არანაირი უკრაინელი ხალხი არ არსებობს. თუ არ არსებობს უკრაინული კულტურა, მაშინ არც ცალკე უკრაინული სახელმწიფოა საჭირო და მისი ლიკვიდაციაც შეიძლება“.

ვოლოდიმრ ვიატროვიჩი

ვოლოდიმირ ვიატროვიჩის თქმით, უკრაინის კოლონიზაციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო (და არის) უკრაინული ენის განადგურება.

„მიმდინარე ომშიც რუსულენოვანი მოსახლეობის არსებობა გამოიყენება არგუმენტად იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს. ბევრი უკრაინელისთვის, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლამდე რუსულად საუბრობდნენ, უკრაინულ ენაზე გადასვლა უსაფრთხოების საკითხად იქცა: რუსულმა ენამ შესაძლოა რუსული ტანკებიც მოიზიდოს“.

უკრაინელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი კითხვას - არავინ აუქმებს ახლა კომპოზიტორ ვაგნერს, ხომ შეიძლება ამ ბულგაკოვის შემთხვევაშიც წარსული დარჩეს წარსულში? - ასე უპასუხებს:

„ვაგნერს, ყოველ შემთხვევაში დღეს, არავინ იყენებს იმისთვის, რომ გერმანული რასის სიდიადეზე ილაპარაკოს. ამის საპირისპიროდ, რუსული პროპაგანდა იმავე პუშკინის ნაწარმოებებს იყენებს იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად დიდია რუსული კულტურა და რომ უკრაინულ კულტურას არსებობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ წარსულის აღქმაზეა დამოკიდებული აწმყოც და მომავალიც. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ის, რასაც დღეს ვლადიმირ პუტინი აკეთებს, წარსულის აბსოლუტურად დამახინჯებული ხედვის შედეგია. პუტინს გულწრფელად სჯერა, რომ მისი მისია ისტორიულია - აღადგინოს რუსეთის იმპერია. მისი დამახინჯებული ისტორიული წარმოდგენებით, უკრაინა არის გეოპოლიტიკური გაუგებრობა, რომელიც მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ ვიღაცამ რუსეთს ნაწილი „მოაჭრა“. ამიტომ, წარსულთან გამკლავების გარეშე რუსეთის შეჩერება და ამ ომში გამარჯვება შეუძლებელი იქნება”.

ასევე ნახეთ

პუშკინცვენა - რას ერჩიან ალექსანდრ სერგეის ძეს?

კიევში ბულგაკოვის ძეგლის აღებამ მძაფრი რეაქციები გამოიწვია რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაშიც, თუმცა სოციალური ქსლებით ბევრმა რუსმა საჯარო ინტელექტუალმა დაწერა, რომ ბულგაკოვიც პუტინის მორიგი მსხვერპლია და რომ არა 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი, მწერლის ძეგლი მშვიდად იდგებოდა კვარცხლბეკზე.

ალექსანდრ პოდრაბინეკის, რუსი უფლებადამცველისა და ყოფილი საბჭოთა დისიდენტის თქმით, რუსეთის ლიბერალურ ნაწილში ბულგაკოვი ყოველთვის იყო უკანონობის, ტოტალიტარიზმისა და ძალადობის მოწინააღმდეგე.

“ამიტომაც არიან ის და მისი პერსონაჟები ჩვენთვის ახლობელი, ამიტომ მოგვწონს მისი ნაწარმოებები. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში და ვუჭერთ მხარს მის სამხედრო წინააღმდეგობას რუსეთის მიმართ. და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი ბულგაკოვი მათთვის მიუღებელია - იმ უკრაინელებისთვის, რომლებსაც ასე თანავუგრძნობთ. სტერეოტიპები გვენგრევა. ინტელექტუალურ ჩიხში შევდივართ: ან ბულგაკოვია ცუდი, ან უკრაინა. ასეთი პრობლემის ერთბაშად გადაწყვეტა რთულია, ამიტომაც მიმდინარეობს ასეთი მძაფრი ბრძოლები სოციალურ ქსლებში. სინამდვილეში უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთში საკმარის მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ბულგაკოვის ქედმაღლობას უკრაინული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის მიმართ. ჩვენთვის არსებითია მისი ანტისაბჭოთა ხაზი შემოქმედებაში, დანარჩენს კი ვერ ვამჩნევთ. ისევე, როგორც ვერ ვამჩნევთ ანტონ ჩეხოვის ახალგაზრდობის დროინდელ ანტისემიტიზმს ან დოსტოევსკის დამცინავ დამოკიდებულებას პოლონელების მიმართ”, - ამბობს ალექსანდრ პოდრაბინეკი.

რუსი ლიტერატურათმცოდნე ოლეგ ლეკმანოვი კი ფიქრობს, რომ პროტესტის უფლება აქვთ არა რუსეთის მოქალაქეებს, არამედ იმ უკრაინელებსა და კიეველებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ძეგლი არ უნდა აეღოთ:

“ჩვენ კი, რუსეთის ფედერაციის, იმ სახელმწიფოს მოქალაქეებმა, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომი დაიწყო, ჩემი აზრით, ამ ვითარებაში უმჯობესია ჩვენი წუხილი ჩვენთვის შევინახოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ ოდესმე, შესაძლოა, ვითარება შეიცვლება”.

“ეს ჩვენი საქმე არ არის”, - ასე გამოეხმაურა ემიგრაციაში მცხოვრები ცნობილი რუსი მწერალი და ტელეწამყვანი ვიქტორ შენდეროვიჩი კიევში ბულგაკოვის ძეგლის აღებას:

“უკრაინაში მოიძებნება (და უკვე მოიძებნა კიდეც) ხალხი, რომელიც შეაფასებს როგორც ამ ძეგლის აღებას, ისე სხვა მრავალ შიდა პროცესს. ჩვენი, რუსების, საქმეა, ვცადოთ შევაჩეროთ უკრაინელების ყოველდღიური მკვლელობა, რომელიც ჩვენი სახელით და ჩვენი ფულით ხდება. ხოლო თუ ამ საშინელების შეჩერება არ შეგვიძლია, მაშინ ტაქტი და თანაგრძნობა მაინც უნდა გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინაშეც ასე მძიმედ და სისხლიანად ვართ დამნაშავე. ცალკე პუნქტად (მათთვის, ვისაც უკრაინაში რუსული კულტურის ბედი ძალიან სტკივა): უთხარით მადლობა პუტინს! <…> ძალიან უნდა გეცადა, რომ საქმე ყოველივე რუსულის მიმართ ასეთ სიძულვილამდე მიგეყვანა. მაგრამ ჩვენ ეს გამოგვივიდა“.

ბულგაკოვის პერსონაჟები და ბულგაკოვის ძეგლი

კიდევ ერთმა რუსმა პუბლიცისტმა დმიტრი ტრავინმა დაწერა, რომ არასოდეს უნახავს ისეთი დაძაბული და ყოვლისმომცველი დისკუსია, როგორიც კიევში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლის აღებას მოჰყვა. თუმცა თვითონ, ნაცვლად იმისა, რომ ცხარე დისკუსიაში ჩაბმულიყო „წონიანი არგუმენტებით“, გადაწყვიტა წარმოედგინა, რა რეაქცია ექნებოდათ ძეგლის აღებაზე ბულგაკოვის ცნობილ პერსონაჟებს:

  • შარიკოვი, ცხადია, ძეგლს დაუფიქრებლად აიღებდა.
  • პოლკოვნიკი ტურბინი და მისი ძმა კი თავს გამოიდებდნენ ძეგლის დასაცავად.
  • კოროვიევი, რა თქმა უნდა, ბულგაკოვის დაცვას არ დაიწყებდა, მაგრამ ბეჩავ შარიკოვს კი აიგდებდა აბუჩად.
  • შვონდერი გათავისუფლებულ კვარცხლბეკზე სხვა მწერლის ძეგლს დადგამდა — ისეთი მწერლისას, რომელიც გაბატონებულ იდეოლოგიაში ჯდება.
  • ანუშკა ძეგლის მახლობლად დაღვრიდა ზეთს.
  • უიღბლო ბერლიოზი მოცურდებოდა და კისერმოტეხილი ჩაგორდებოდა ანდრიივსკის დაღმართის ბოლომდე.
  • ფინანსური დირექტორი რიმსკი შემოგვთავაზებდა ძეგლის პატრიარქის ტბორებზე გადატანას და ამ მიზნისთვის სოლიდურ სახელმწიფო დაფინანსებასაც მოიპოვებდა.
  • გენერალი ჩარნოტა კი ამ ფულს ეგრევე ბანქოში მოუგებდა რიმსკის.
  • პოეტი ბეზდომნი რევოლუციურ ლექსებს დაწერდა ძველი სამყაროს ნგრევაზე.
  • პროკურატორი პილატე პონტოელი არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, როცა ძეგლთან აღმოაჩენდა ადამიანთა ჯგუფს შეძახილებით: „ჯვარს აცვი!“ ის უბრალოდ ხელებს დაიბანდა.
  • გენერალი ხლუდოვი თავის თავზე აიღებდა არაპოპულარულ გადაწყვეტილებას და ყველას დახვრეტდა.
  • სტიოპა ლიხოდეევი დარდისგან დათვრებოდა, გამოფხიზლებული კი აღმოაჩენდა, რომ ყირიმში იმყოფება და ამის გამო უკრაინის შავ სიაშიც მოხვდებოდა.
  • პროფესორი პრეობრაჟენსკი საერთოდ ვერაფერს გაიგებდა ძეგლის აღების შესახებ, რადგან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაზეთებს აღარ კითხულობდა.
  • ექიმი ბორმენტალი კი წაიკითხავდა და შეძრწუნდებოდა.
  • მარგარიტა ჯადოსნურ მალამოს წაისვამდა და ვოლანდთან გაფრინდებოდა, რათა ბულგაკოვის დახმარება ეთხოვა.
  • ხოლო ვოლანდი, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნება შეეძლო, ამ იდეაზე უარს იტყოდა და ბულგაკოვს „მუზეონში“ გადაიტანდა, რადგან მიხაილ აფანასიევიჩს, როგორც იმპერიალისტს, ბედნიერება შეიძლება არ დაუმსახურებია, მაგრამ სიმშვიდე კი ნამდვილად დაიმსახურა.

უკრაინამ რუსეთთან დაკავშირებული კულტურის მოღვაწეების ძეგლების დემონტაჟი 2022 წლის თებერვლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით აღებული იქნა ათეულობით ძეგლი, მათ შორის ალექსანდრე პუშკინის, მაქსიმ გორკის, მიხეილ ლერმონტოვის, ისააკ ბაბელის და სხვათა ძეგლები. ძეგლების დემონტაჟი მიმდინარეობს 2023 წელს მიღებული კანონის - „უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვისა და ტოპონიმიკის დეკოლონიზაციის შესახებ“ - შესაბამისად.