ბოლო 19 წლის განმავლობაში პირველად, „გამარჯვების დღესთან” დაკავშირებული აღლუმი მოსკოვის წითელი მოედანზე სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ამ დღეს მოსკოვში სრულად გაითიშება მობილური ინტერნეტი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს ურჩია, თავი შეიკავონ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლისგან. თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტროც იმუქრება, თუ უკრაინული დრონები მოსკოვში აღლუმს შეუტევენ, კიევის ცენტრზე მასირებულ დარტყმას განახორციელებს.
რუსეთმა პირველად ომის ოთხი წლის განმავლობაში, ცალმხრივად გამოაცხადა ორდღიანი (8–9 მაისი) ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო ეს შეთავაზება, თუმცა იმ პირობით, რომ 6 მაისიდან გამოცხადდებოდა სიჩუმის რეჟიმი. რუსეთმა კიევის ინიციატივას წაუყრუა და ჩვეულ რეჟიმში გაუშვა დრონები და რაკეტები უკრაინის მიმართულებით. დარტყმების ქვეშ აღმოჩნდნენ დნეპრი, ზაპოროჟიე, კრამატორსკი და სუმი.
„სარკისებურად და რუსული დარტყმების საპასუხოდ იმუშავებენ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“, — განაცხადა 7 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც დაიმუქრა უკრაინაზე „გარდაუვალი“ დარტყმით, თუ კიევი ჩაშლის „გამარჯვების დღის“ აღნიშვნას. სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ უკრაინელებსა და უცხოელ დიპლომატებს მოუწოდა, დატოვონ უკრაინის დედაქალაქი შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში.
მარია ზახაროვა
რადიო თავისუფლების უკრაინულმა რედაქციამ თავი მოუყარა ანალიტიკოსების მოსაზრებებს იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ მოსკოვის წლევანდელი 9 მაისის აღლუმისგან: დაარტყამს თუ არა უკრაინა რუსეთის დედაქალაქს და ხომ არ აწყობს მოვლენების ამგვარი განვითარება თვითონ მოსკოვს?
„საზეიმო არაფერია“
საერთაშორისო გამოცემა The Conversation-მა 7 მაისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „რუსეთს გამარჯვების დღის აღსანიშნავი არაფერი აქვს — უკრაინა ომს უკან, პუტინთან აბრუნებს“. სტატიის ავტორია ყოფილი ავსტრალიელი დიპლომატი, ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი ჯონ რიჩარდსონი.
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები შთამბეჭდავია.
„ეს არის ნიშანი იმისა, რომ უკრაინის შესაძლებლობებმა, შორ მანძილზე მიიტანოს იერიში, ჩაშალა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური რიტუალი და ასევე დაანგრია ომის რუსეთამდე მიუწვდომლობის ილუზია“, — აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ავტორი საუბრობს ფრონტზე ინიციატივის სავარაუდოდ უკრაინის სასარგებლოდ ცვლილების შესახებ: ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა გარემოება, რომლის თანახმადაც თებერვალში უკრაინელმა სამხედროებმა უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნეს, ვიდრე დაკარგეს — 2023 წლის შემდეგ პირველად. ასევე აღნიშნავს კიევის გეოპოლიტიკურ წარმატებებს, მათ შორის უსაფრთხოების ათწლიან შეთანხმებებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რომლებიც დაინტერესდნენ დრონებისგან თავის დაცვის უკრაინული გამოცდილებით.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ჯიდა, საუდის არაბეთი, 2026 წლის 24 აპრილი.
„ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ომის მსვლელობა მკაფიოდ უკრაინის სასარგებლოდ ტრიალდება. არსებული ჩიხი შესაძლოა გარკვეული დრო კიდევ გაგრძელდეს. მაგრამ ბოლო ტენდენციები მიუთითებს, რომ რუსეთი უკვე ვეღარ იქნება იმის იმედად, რომ უბრალოდ მეტ ხანს გაძლებს და დაელოდება უკრაინას გამოფიტვას“, — წერს ჯონ რიჩარდსონი.
მისი თქმით, უკრაინის შორი მანძილის იერიშები აზიანებს რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას, იწვევს რუსეთის ეკონომიკის სტაგნაციას და ზრდის დანაკარგებს ბრძოლის ველზე, რამაც შეიძლება აიძულოს კრემლი გამოაცხადოს სარისკო მობილიზაცია, ან შესაძლოა გამოიწვიოს უკმაყოფილება თვითონ პუტინის გარემოცვაში.
„ამან შესაძლოა აიძულოს პუტინი გადახედოს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკუთარ გათვლებს და უარი ათქმევინოს მაქსიმალისტური მიზნების მიღწევის მტკიცე მიდრეკილებაზე“, — ამბობს სტატიის ავტორი.
ესკალაცია უნდა?
რუსეთის რთული მდგომარეობის მიუხედავად, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა პირიქით, შეიძლება დაინტერესებული იყოს იმით, რომ უკრაინამ ჩაშალოს „საკრალური“ დღესასწაული, ამბობს აღმოსავლეთი ევროპის პოლიტიკის მკვლევარი, პოლონელი ანალიტიკოსი რუსლან შოშინი (გამოცემა Rzeczpospolita).
მისი თქმით, კრემლის ლიდერს თითქოს უნდა სურდეს პაუზა, რათა აღადგინოს უკრაინული დრონებით დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და აღლუმი შეფერხების გარეშე ჩატარდეს. თუმცა, შოშინის აზრით, შეუძლებელია პუტინი ვერ აცნობიერებდეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვა მოსკოვზე იერიშის პროვოცირებას ახდენს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მისი შესაძლო მიზანიც ეს იყოს.
„აღლუმის დროს უკრაინული დრონების გამოჩენა შესაძლოა პუტინმა გამოიყენოს, როგორც საკუთარი გარემოცვის ლოიალობის შემოწმების საბაბი… და დაიწყოს მორიგი იძულებითი მობილიზაციის ტალღა… კრემლისთვის ეს ასევე იქნებოდა მშვენიერი შესაძლებლობა, დაადანაშაულოს უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების საბოლოო ჩაშლაში“, — აღნიშნავს რუსლან შოშინი.
უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავენ სტამბოლში, თურქეთი, 2025 წლის 23 ივლისი.
მისი შეფასებით, ოთხწლიანი ომის შემდეგ პუტინი შესაძლოა ორიენტირებული იყო სწორედ ესკალაციაზე, როგორც ჩიხიდან გამოსვლის გზაზე.
„და კიდევ: მას უკვე აღარ წარმოუდგენია რუსეთი „ომის გარეშე“, აღარ წარმოუდგენია რეპრესიებისა და ცენზურის შესუსტება, რაც მისი ხელისუფლებისთვის სარისკო იქნებოდა“, — მიიჩნევს ანალიტიკოსი.
რუსი პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია AFP-ს ადასტურებს, რომ რუსულ საზოგადოებაში უკვე რამდენიმე თვეა დომინირებს განცდა, რომ „რაღაც ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს“.
„ჰაერში კიდია კითხვა: საით მივდივართ და როგორ?" — ამბობს ანალიტიკოსი, რომლის თქმითაც, ამ შფოთვის საფუძველში დევს რუსეთში მკაცრად ტაბუდადებული თემა — ომი, რომელიც თავდაპირველად რიგითი რუსებისთვის ხელშესახებ შედეგებს არ გულისხმობდა. ახლა კი, ომის მეხუთე წელს ირკვევა, რომ რუსეთს ვერც იმ უკრაინული რეგიონების სრულად კონტროლი შეუძლია, რომლებიც საკუთარ კონსტიტუციაში „თავისად“ ჩაიწერა.
პოლიტოლოგ ტატიანა სტანოვაიას თქმით, პუტინი იმყოფება იმ რადიკალი მხარდამჭერების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც მას არასაკმარისი სისასტიკის გამო აკრიტიკებენ. პუტინი ასევე განიცდის ზეწოლას ბიზნესწრეების მხრიდან, რომლებიც იმედგაცრუებული არიან იმით, რომ ჯერაც ვერ მიაღწია რაიმე სახის შეთანხმებას.
„არსებობს უფრო მკაფიო, განსაზღვრული მოქმედებების სურვილი: ან ვასრულებთ ომს და ვიწყებთ მოლაპარაკებებს, ან რაც შეიძლება ძლიერად ვურტყამთ კიევს“, — ამბობს პოლიტოლოგი.
ასეთი გათვლის —პუტინის მხრიდან უკრაინის შეგნებული პროვოცირების — შესაძლებლობას არც უკრაინელი პოლიტოლოგი, პროფესორი ოლექსი გარანი გამორიცხავს. მისი თქმით, ისტორიამ უკვე იცის მსგავსი პრეცედენტები: 1999 წელს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში საცხოვრებელი სახლები ააფეთქეს. სწორედ ეს აფეთქებები გახდა მეორე ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დაწყების საბაბი.
„არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ კრემლი მოაწყობს პროვოკაციას, რომ შეიძლება რაღაც აფეთქებები ორგანიზებულად წარმოაჩინოს და შემდეგ ეს გამოიყენოს. ვიცით, რომ ეს დიქტატორული და ფაშისტური რეჟიმების პრაქტიკაა. სწორედ ეს გამოიყენა პუტინმა ჩეჩნეთის ომის გასამართლებლად... მაშინ პუტინს საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეც არ დაუნანია“, — ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი.
კრემლმა მაშინ აფეთქებები ტერაქტებად გამოაცხადა და პასუხისმგებლობა ჩეჩენ მებრძოლებს დააკისრა. თუმცა კრემლის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს აფეთქებები სინამდვილეში ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის გეგმის ნაწილი იყო.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე მეხუთე წელია გრძელდება, თუმცა პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ შეტევები შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
და კიევი დაარტყამს?
ოლექსი გარანი აღნიშნავს, რომ უკრაინამ უკვე აჩვენა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, „მისწვდეს“ მოსკოვს და კიდევ უფრო შორეულ გეოგრაფიულ პუნქტებს. თანაც, 9 მაისს მოსკოვზე იერიშის მიტანას გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც ექნებოდა. თუმცა პოლიტოლოგს არ მიაჩნია, რომ კიევი აუცილებლად გადადგამს ამ ნაბიჯს. ამის მიზეზი კი, მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობაა.
ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში გამართულ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტზე, 2026 წლის 23 აპრილი
„მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება — ჩვენი მოკავშირეების რეაქცია; რუსეთის შესაძლო პასუხები, რომლებითაც ის იმუქრება; გავლენა საერთაშორისო მხარდაჭერაზე; უცხოური მისიების უსაფრთხოების რისკები... აშკარაა, რომ იქნება ბალანსი სამხედრო მიზანშეწონილობას, საერთაშორისო სამართალს, პოლიტიკურ შედეგებს, სამოქალაქო უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებს შორის. და ეს ყველაფერი ჩვენმა ხელმძღვანელობამ უნდა აწონ-დაწონოს“, — თქვა ოლექსი გარანმა რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის პროექტ „Свобода. Live“-ში.
გიორგი ჩიჟოვი — ყოფილი რუსი პოლიტოლოგი, რომელიც 2009 წლიდან უკრაინაში ცხოვრობს და რეფორმების მხარდაჭერის ცენტრს ხელმძღვანელობს — დარწმუნებულია, რომ უკრაინა 9 მაისს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებისგან თავს არ შეიკავებს. თუმცა ეჭვი ეპარება, რომ სამიზნე კონკრეტულად მოსკოვი ან აღლუმი იქნება.
ვლადიმირ პუტინი სამხედრო მეთაურებთან აღლუმის დასრულების შემდეგ, წითელ მოედანზე, მოსკოვი, რუსეთი, 2025 წლის 9 მაისი.
„ამ ქმედებამ შეიძლება საერთაშორისო პარტნიორების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვიოს — ეს ჩვენ არ გვჭირდება. თანაც, მოსკოვში თავმოყრილია საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი რაოდენობა — ამ დაცვის გარღვევა ძალიან რთული იქნება“, — ამბობს გიორგი ჩიჟოვი.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინამ შესაძლოა ისარგებლოს რუსეთის იმ რეგიონების „დასუსტებით“, საიდანაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები დედაქალაქის მიმართულებით გადაიტანეს, და იერიშები სწორედ იქ მიიტანოს. ჩიჟოვის აზრით, ტრადიციულ უკრაინული დრონების სამიზნეებად შეიძლება იქცეს სამხედრო ობიექტები, ნავთობის ინდუსტრიის საწარმოები ან სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც უკრაინაში მყოფ რუსულ არმიას ამარაგებს.
„რუსეთი მიიღებს დარტყმებს სხვა რეგიონებზე. გაუგებარია, რატომ უნდა დავაფრთხოთ პარტნიორი ქვეყნები და მათი საელჩოები. რუსეთს არ შეუძლია თანმიმდევრული რაიმე იმიჯის შექმნა. ყველა ხედავს, რომ ისინი იქცევიან თავხედი აგრესორებივით. 9 მაისის ირგვლივ გაჩაღებული ეს ვნებათაღელვა რუსეთის სასარგებლოდ არ იმუშავებს“, — მიიჩნევს გიორგი ჩიჟოვი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზზე მდებარე დრუჟკოვკაში, 2026 წლის 24 აპრილი.
ევროკომისიაში რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას განუცხადეს, რომ მოსკოვის გაფრთხილებების მიუხედავად, კიევიდან საკუთარი დიპლომატების გაყვანას არ გეგმავენ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის მუქარები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პუტინი არ არის მზად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენ ამას არ ავყვებით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პარალელურად კი რუსეთზე ზეწოლას გავაძლიერებთ. დიპლომატიურ მისიაზე განზრახ თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კიდევ ერთი მძიმე დარღვევა იქნებოდა რუსეთის მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია ჩვენს საელჩოსთან კიევში და მუდმივად აფასებს უსაფრთხოების ვითარებას. ადგილზე ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, — აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა Bloomberg-თან კომენტარში თქვა, რომ კიევიდან საელჩოს ევაკუაციას არ გეგმავს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც განუცხადეს რადიო თავისუფლებას, რომ კიევში საელჩო „ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას“.
„მიგვაჩნია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს მოწოდება კიევიდან საელჩოების ევაკუაციის შესახებ მიუღებელია. ეს მუქარები კიევის, მისი გადაწყვეტილებების ცენტრებისა და უკრაინაში უცხოური საელჩოების მიმართ, ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას აგრესიულ პოზიციაზე და შეთანხმდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე“, — განაცხადეს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს საფრანგეთის საგარეო უწყების პრესსამსახურში.
„პუტინი ახლა ცდილობს თავისი პატარა პარადის გადარჩენას იმ იმედით, რომ საელჩოების მუქარით დაარწმუნებს ზელენსკის, არ დაატეხოს სიკვდილის წვიმა მის ღონისძიებას მოსკოვში. მისი პრობლემა ახლა იმაში მდგომარეობს, რომ არ იცის, სად დაარტყამენ — უკრაინელებმა შეიძლება ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და დაარტყან რუსეთს მოსკოვის მიღმა მდებარე დაუცველ ობიექტებს“, — უთხრა რადიო თავისუფლებას ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ასევე ნახეთ
პუტინის ახალი "9 მაისი": "დიდებაც შეიძლება მოკვდეს"უკრაინელი დიპლომატი, რომან ბესმერტნი დარწმუნებულია, რომ 9 მაისს მსოფლიო იხილავს „იზოლაციის, შიშის, მარტოობის აღლუმს — გარიყული პუტინის აღლუმს“. მისი თქმით, რუსულ საზოგადოებაში გამარჯვებას, რომელსაც ამ დღეს აღნიშნავენ, აღარანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის ამჟამინდელ მდგომარეობასთან.
„პუტინი გარიყული ხდება. ის აღარავის სჭირდება. რუსეთი საერთოდ აღარავის სჭირდება. ეს არის ქვეყანა, რომელიც თვითონ ამავე რუსების თვალწინ უბრალოდ იშლება“, — მიიჩნევს რომან ბესმერტნი, რომლის თქმითაც, 29 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს მხოლოდ ერთი მიზნით დაურეკა — 9 მაისს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ასევე ნახეთ
რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ბრძოლას აგრძელებენ, მოსკოვი მეორე მსოფლიო ომის აღლუმისთვის ემზადებააღლუმის წინა დღე
მოსკოვის მიერ გამოცხადებული „ზავის“ მიუხედავად, უკრაინამ და რუსეთმა 8 მაისის ღამეს კვლავ მიიტანეს იერიშები ერთმანეთის ტერიტორიებზე.
უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს მოსკოვში, ყირიმში, პერმში, როსტოვსა და იაროსლავლში მდებარე სამრეწველო ობიექტები, ხოლო რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 67 უპილოტო აპარატი.
- მოსკოვი, გროზნო
8 მაისის შუაღამის შემდეგ მოსკოვზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა, - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. მისი თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ღამისა და დილის განმავლობაში მოსკოვისკენ მიმავალი 27 დრონი გაანადგურეს.
გამოცემა „აგენტსტვოს“ ცნობით, გროზნოში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა: ერთი კამიკაძე დრონი აფეთქდა ხანკალის სამხედრო ბაზის მახლობლად, ხოლო მეორე - ერთი წლის წინ გახსნილი ახალი რკინიგზის სადგურის მახლობლად.
- იაროსლავლის ოლქი
Astra-ს ანალიზის მიხედვით, იაროსლავლში ცეცხლი გაუჩნდა „Славнефть-ЯНОС“-ს - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ეს საწარმო, რომელსაც „როსნეფტი“ და „გაზპრომი“ ფლობენ, რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ ოლქში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. მისი გადამამუშავებელი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.
იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომლის თქმით, ამ ობიექტს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა რუსეთის ომის დაფინანსებაში.
„მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს სამხედრო დაზვერვას სამართლიანობის ასეთი გამოვლინებისთვის. უკრაინული შორი მოქმედების სანქციები კვლავ მოქმედებს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ რუსეთის იერიშების საპასუხოდ. რუსეთმა ნამდვილი მშვიდობა უნდა აირჩიოს და ამას მხოლოდ ძლიერი ზეწოლა უზრუნველყოფს“, — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
- ანექსირებული ყირიმი
ანექსირებულ ყირიმში, „Крымский ветер“-ის ცნობით, სატელიტური გადაღებების მონაცემებზე დაყრდნობით, დაზიანებულია და იწვის მსხვილი ელექტროქვესადგური „კრასნოპერეკოპსკი“.
გარდა ამისა, არხის ინფორმაციით, ხანძრის კერა ფიქსირდება ქიმიური ქარხნის (ОАО „Бром“) ტერიტორიაზეც.
- როსტოვის ოლქი
როსტოვში კამიკაძე დრონი დაეცა აერონავიგაციის შენობას, რის გამოც 13 აეროპორტის მუშაობა შეჩერდა — ასტრახანში, ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადში, გელენჯიკში, გროზნოში, კრასნოდარში, მაჰაჩყალაში, მაგასში, მინვოდში, ნალჩიკში, სოჭში, სტავროპოლსა და ელისტაში.
სააგენტო „ტასი“, ATOR-ზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 80-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა.
გარდა ამისა, გამოცემა Astra-ს ცნობით, დრონებმა იერიში მიიტანეს საღებავებისა და ლაქების ქარხანა „ემპილსსა“ და სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „რადარზე“.
როსტოვის მცხოვრებლები აფეთქებების შესახებ იუწყებიან, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე კი მასშტაბური ხანძარია ასახული. Astra-ს ანალიზის მიხედვით, ხანძარი დასავლეთის სამრეწველო კვანძის რაიონში გაჩნდა. გამოცემის ცნობით, იქ მრავალი საწარმოა განთავსებული, მათ შორის ქარხანა „ემპილსი“ (რომელსაც 2026 წლის იანვარშიც დაესხნენ თავს) და სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „რადარის“ ფილიალი.
„ემპილსი“ რუსეთის სამხრეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქიმიური და ლაქ-საღებავების ქარხანაა, ხოლო „რადარის“ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი სპეციალური დანიშნულების რადიოელექტრონული ტექნიკისა და სისტემების შემუშავებასა და წარმოებაზე მუშაობს, აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
უკრაინული Telegram-არხი Exilenova+, NASA-ს სურათზე დაყრდნობით, წერს, რომ ხანძრის ერთ-ერთი კერა მართლაც „რადარის“ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. Telegram-არხ „Крымский ветер“-ის მონიტორინგის ჯგუფი კი ამტკიცებს, რომ როსტოვში შეტევის სამიზნე საწარმო „Ростовагропромзапчасть“ გახდა.
- პერმის მხარე
პერმის მხარის გუბერნატორმა, დმიტრი მახონინმა განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო აპარატები „სამრეწველო პოლიგონებს“ დაესხნენ თავს.
„ადგილზე მუშაობს ყველა ოპერატიული სამსახური. განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. რეგიონში კვლავ მოქმედებს „დრონების საფრთხის“ რეჟიმი“, — დაწერა მან.
Telegram-არხი Exilenova+ ამტკიცებს, რომ შეტევის სამიზნე კვლავ გახდა პერმის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო — „Лукойл-Пермнефтеоргсинтез“ (ПНОС).
საერთო ჯამში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 მაისს მოიგერიეს 264 უკრაინული დრონი ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, როსტოვის, რიაზანის, სმოლენსკის, ტულას, ულიანოვსკის და იაროსლავის რეგიონებში; ასევე კრასნოდარის მხარეში, თათრეთში, მოსკოვის რეგიონში, ანექსირებულ ყირიმსა და აზოვისა და შავი ზღვების თავზე.
როგორი იქნება "9 მაისი"? - რუსული ვერსია
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, 9 მაისს ვლადიმირ პუტინი აპირებს სიტყვით გამოვიდეს ე.წ. გამარჯვების აღლუმზე, რომელიც „როგორც ყოველთვის წითელ მოედანზე გაიმართება, ოღონდ ამჯერად სამხედრო ტექნიკის დემონსტრირების გარეშე“. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან, უცხო სახელმწიფოების სამხედრო ატაშეები.
უშაკოვის თქმით, აღლუმის შემდეგ პუტინი უცხოელ სტუმრებთან და ვეტერანებთან ერთად ალექსანდრეს ბაღში ყვავილებს მიიტანს “უცნობი ჯარისკაცის” საფლავზე.
ასევე ნახეთ
გამარჯვების დღე წითელ მოედანზე: 5 რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ9 მაისს პუტინი კრემლში უცხოელი და საპატიო სტუმრებისთვის მიღებასაც გამართავს.
უშაკოვის თქმით, რუსეთს 9 მაისისთვის უცხოელი სტუმრებისთვის სპეციალური მიწვევები არ გაუგზავნია. მისი მტკიცებით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ლაოსის პრეზიდენტმა, მალაიზიის უზენაესმა მმართველმა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვში ჩასვლის სურვილი თავად გამოთქვეს.
ე.წ. მაღალი რანგის სავარაუდო სტუმრების სია:
- ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის პრეზიდენტი
- თჰონგლუნ სისულიტი, ლაოსის რესპუბლიკის პრეზიდენტი
- სულთან იბრაჰიმი, მალაიზიის უზენაესმა მმართველი
- ბადრა გუნბა, დე ფაქტო აფხაზეთი პრეზიდენტი
- ალან გაგლოევი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი
- სინიშა კარანი, ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი
8 მაისს მოსკოვში ჩავიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელმაც პუტინთან უნდა განიხილოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობის განახლების პერსპექტივები. კომისიას 2021 წლიდან აღარ უმუშავია. წინასწარი ინფორმაციით, აღლუმის მსვლელობისას ფიცო “წითელ მოედანზე” არ იქნება.