რას ითხოვს გონჩარენკო - მშვიდობას თუ კაპიტულაციას?!

ოლექსი გონჩარენკო. მოსკოვი. 2015 წლის მარტი

უკრაინაში ძალას იკრებს სკანდალი, რომელიც სახელმწიფო რადის ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებებმა გამოიწვია. საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა მის მოსაზრებებს, რომლებიც ზოგმა კაპიტულაციის მოთხოვნად მიიჩნია, ზოგმა კი მათში რაციონალური მარცვალი დაინახა.

უკრაინული საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებიც ზოგიერთმა მიმომხილველმა ქვეყნის კაპიტულაციის მოთხოვნას გაუთანაბრა. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია შენიშნავს, არიან ისეთებიც, ვინც სახალხო დეპუტატის განცხადებებში რაციონალური მარცვალი დაინახა.

გონჩარენკოს „თეზისები“

2 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა და ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ოლექსი გონჩარენკომ რუსეთ-უკრაინის ომში განვითარებული ბოლო მოვლენების კომენტირებისას დაწერა: „ჩვენ ომს ვაგებთ“. გონჩარენკოს განცხადებებმა დისკუსია გამოიწვია როგორც ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ შიგნით, ისე უკრაინის საზოგადოებაში.

ოლექსი გონჩარენკოს თქმით, რუსეთის ბოლო საჰაერო იერიშებმა აჩვენა, რომ „უკრაინა უახლოვდება უზარმაზარ პრობლემას“, ხოლო უკრაინის მოქმედი ხელისუფლების რეაქცია მიუთითებს „რეალობის ვერგაგებაზე“.

გონჩარენკოს მიხედვით „შექმნილი რეალობა“ ასეთია: „ჩვენ ვაგებთ ომს; ვკარგავთ უამრავ ადამიანს; საკუთარი ფული არ გვაქვს არა მხოლოდ ომის დასაფინანსებლად, არამედ ქვეყნის ფუნქციონირებისთვისაც კი; ვკარგავთ ბიზნესსა და ეკონომიკას; ყოველ ჯერზე შემოთავაზებული პირობები კი წინაზე უარესია“.

შემდეგ გონჩარენკო ასკვნის, რომ მოქმედების საუკეთესო ვარიანტია: „მივაღწიოთ მშვიდობას და ვეცადოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას“. ბოლოს კი სვამს კითხვას: „როგორ გავაკეთოთ ეს?“

მომდევნო პოსტებში ოლექსი გონჩარენკომ აღნიშნა, „ომის დასრულებაზე სწრაფად შეთანხმებას ვერ შევძლებთო“ და ამიტომ ვთავაზობ საზოგადოებას, „მოდი, შევთანხმდეთ ყველაფერზე, რაც კი იქნებაო“.

„მოდი, მივანიშნოთ [რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს - რ.თ.], რომ მზად ვართ ნეიტრალიტეტზე სასაუბროდ... მთელი ქვეყნის დაღუპვა იმისთვის, რომ ნატოს წევრი გავხდეთ, ჩემი აზრით, აბსურდია“, - თქვა ოლექსი გონჩარენკომ, რომლის აზრითაც, დათმობები შეიძლება გაკეთდეს ენისა და სარწმუნოების საკითხზე.

„თუ ადამიანებს ერთმანეთში რუსულად საუბარი სურთ, დაე ილაპარაკონ... თუ ათიოდე ადამიანია, რომლებსაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში სიარული სურთ - დაე, იარონ. მთავარია, კონტროლი დაწესდეს, რომ იქ მართლა ღმერთზე ისაუბრებენ და არა სამშობლოს ღალატზე“, - დაწერა ოლექსი გონჩარენკომ.

პოლიტიკოსის თქმით, ყველაზე რთულია დონბასის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საჭიროა მას შემდეგ, რაც „შევაჩერებთ იერიშებს სკოლებზე, საავადმყოფოებზე, პორტებზე, საცხოვრებელ სახლებზე, ხიდებზე. <...> არის ვარიანტები: შეჩერება დაპირისპირების არსებული ხაზის გასწვრივ. ნეიტრალური ზონის შექმნა. როგორც რუსული, ისე უკრაინული ჯარების გაყვანა. გაეროს კონტროლი“.

რუსეთსა და უკრაინას შორის ცალკეული შეთანხმებების გაფორმების არაერთი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. 2025 წლის მარტში, უკრაინასა და რუსეთთან ცალ-ცალკე გამართული მოლაპარაკებების შედეგების საფუძველზე, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა შეთანხმებების შესახებ, რომლებიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისა და შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდგომ ნაბიჯებს ითვალისწინებდა. თუმცა მალევე მოსკოვმა განაცხადა, რომ შავ ზღვასთან დაკავშირებული შეთანხმება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდოდა, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული რიგი სანქციები და სხვა შეზღუდვები შემსუბუქდებოდა.

გონჩარენკოს კრიტიკოსთა პოზიცია მოკლედ ჩამოაყალიბა მისმა კოლეგამ ფრაქცია „ევროპული სოლიდარობიდან“, ვოლოდიმირ ვიატროვიჩმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს (УІНП):

„ის, რასაც ოლექსი გონჩარენკო გვთავაზობს, მოლაპარაკება კი არა, მოწყალების თხოვნაა - საკუთარი ნებით ვუშვერთ ყელს მკვლელის დანას. ასე იყო ასი წლის წინ. მეტჯერ აღარ იქნება!“

მოგვიანებით გონჩარენკოს განცხადებებს გამოეხმაურა მისი ფრაქცია, რომელმაც განაცხადა, რომ მშვიდობა არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის კაპიტულაციას.

„მშვიდობა - ეს არის უკრაინა, რომელიც ომის შემდეგაც რჩება ძლიერ, შეიარაღებულ, დემოკრატიულ, ევროპულ და უკრაინულ სახელმწიფოდ. თავისი არმიით. თავისი ენით. თავისი სარწმუნოებით“, - ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოლექსი გონჩარენკო

ოლექსი გონჩარენკო - უკრაინის პოლიტიკაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან არის. მისი პოლიტიკური კარიერის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი უკავშირდება ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიას“ - 2005 წელს ის პარტიის წევრი გახდა, 2006 წელს ოდესის საქალაქო, 2010 წელს კი საოლქო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. 2010-2014 წლებში ოდესის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2014 წლის ევრომაიდნისა და იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობის შემდეგ გონჩარენკომ „რეგიონების პარტია“ დატოვა და მალევე პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა. 2014 წელს „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ სიით უმაღლეს რადაში შევიდა. 2019 წელს იგი უკვე უპარტიო თვითწარდგენილი კანდიდატი იყო ოდესის ოლქში, თუმცა რადაში პროშოენკოს „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციას შეუერთდა. გონჩარენკო აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკას, იყო უკრაინის დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

რა უნდა რუსეთს?

ოლექსი გონჩარკნკოს სკანდალური განცხადებების ფონია რუსეთის მორიგი მინიშნებები, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული ეტაპობრივი ცეცხლის შეწყვეტით და, რომ მისი მოთხოვნაა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, რის მისაღწევადაც კრემლი აგრძელებს კიევისთვის მიუღებელი და მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი პირობების წამოყენებას.

1 ოქტომბერს მოსკოვის მახლობლად გამართულ სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაზე გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად უარყო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სატვირთო გემებზე დარტყმების ორმხრივად შეწყვეტის წინადადება და ასეთ ინიციატივას „უაზრო“ უწოდა. პუტინის თქმით, „ენერგეტიკული ზავის“ შესაძლო პირობები, რომელსაც აშშ-ის შუამავლობით განიხილავდნენ, მოსკოვის ინტერესებს არ შეესაბამება.

ასევე ნახეთ

პუტინის ზოოლოგია: ომი, როგორც „კვებითი ჯაჭვი“

„კიევის რეჟიმი არ ავლენს რაიმე სახის კომპლექსური შეთანხმებების მიღწევის სურვილს. რაღაც ფრაგმენტული შეთანხმებები კი ვერ დაგვაახლოებს მშვიდობიან მოგვარებასთან. შეთანხმებები მხოლოდ კომპლექსური შეიძლება იყოს და, როგორც გუშინ პრეზიდენტმა თქვა: ჩვენ ზავი კი არა, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 2 ოქტომბერს.

რუსეთი ასევე არ ავლენს მზადყოფნას, განიხილოს უკრაინის იმ ოთხი ოლქის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ საკუთარ კონსტიტუციაში შეიტანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე და დაკარგავს ტერიტორიის ნაწილს - მათ შორის იმ ტერიტორიებსაც, რომლებიც რუსეთს არ აქვს ოკუპირებული.

„არავითარი ნატო. არავითარი სამხედრო ბაზები, არავითარი სამხედრო სწავლებები უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ჯარების მონაწილეობით... მოგვიწევს ადგილზე არსებული რეალობის გათვალისწინება. ეს რეალობა კი მხოლოდ ფრონტის ხაზს არ გულისხმობს. საუბარია ასევე რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებული რეფერენდუმების შემდეგ განხორციელდა. ახლა ისინი, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, უკვე რუსეთის შემადგენლობაში არიან. ეს რეალობაა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რუსეთის ეს პოზიცია უცვლელი რჩება. მოსკოვს არც ერთხელ არ გამოუხატავს მზადყოფნა, შეარბილოს პოზიცია ან რაიმე სახის მოლაპარაკება გამართოს ამ საკითხზე.

გონჩარენკო და საქართველო

ოლექსი გონჩარენკოს არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული საქართველოს შესახებ. კერძოდ. უკრაინელი დეპუტატი 2022-25 წლებში საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა და რუსეთთან დაახლოებას უწოდებდა პრობლემას. 2025 წლის 26 ივნისი, PACE: გონჩარენკომ განაცხადა, რომ საჭიროა „ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველო მოსკოვისგან გადავარჩინოთ და საქართველო ქართველ ხალხს დავუბრუნოთ“. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება „ქართველი ხალხის ხმა კი არა, კრემლის ჩურჩულია“. ამავე გამოსვლაში მან განაცხადა, რომ პუტინმა 2008 წელს დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, შემდეგ კი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო ახლა, მისი შეფასებით, რუსეთი საქართველოს „ჰიბრიდული გზით“ იპყრობს - „ტანკების ნაცვლად მარიონეტებით“. გონჩარენკომ საქართველოს ხელისუფლება ბელარუსს შეადარა და თქვა, რომ საქართველო შეიძლება „მეორე ბელარუსი“ გახდეს.

ასევე ნახეთ

გონჩარენკო: „იმედი მაქვს, გავიგონებთ საქართველოს პოზიციას“

2025 წლის 10 აპრილი: საქართველოს საპროტესტო მოძრაობაზე საუბრისას თქვა: „საქართველო თავისუფალი იქნება - იმაზე მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია.“ გონჩარენკომ გაიხსნეა 1989 წლის 9 აპრილი და დღევანდელი საპროტესტო მოძრაობა მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლას დაუკავშირა. 2024 წლის 14 მაისი: საქართველოში უცხოური აგენტების კანონის მიღების ფონზე განაცხადა: „ან რევოლუცია იქნება, ან საქართველო მეორე ბელარუსი გახდება.“

2024 წლის 28 ნოემბერი: საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ გონჩარენკომ თქვა: „აღარანაირი თამაში - საქართველოს მმართველი პარტია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.“ მან ასევე განაცხადა, რომ PACE-ში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას არ დაუჭერდა მხარს და მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვდა.

2023 წლის 24 იანვარი: გონჩარენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლება „არა უბრალოდ მოსკოვის აგენტივით, არამედ სატელიტივით იქცევა“. ამავე განცხადებაში განაცხადა: „მე მიყვარს ქართველი ხალხი“, და აღნიშნა, რომ ქართველები უკრაინასთან ერთად იბრძვიან.

2022 წელს ქართულ მედიასთან ინტერვიუში გონჩარენკომ თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც დანაშაული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აბსოლუტური დარღვევაა.

თუმცა საქართველოსთან დაკავშირებული ყველაზე “ხმაურიანი” განცხადება ოლექსი გონჩარენკომ გამოაქვეყნა 2022 წლის 26 თებერვალს, როცა ქართულ ენაზე დაწერილ სტატუსში საქართველოს მოქალაქეებს სოხუმსა და ცხინვალში გასეირნებისაკენ მოუწოდა.

ფრაქციიდან გარიცხვა

პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“, რომლის საპარლამენტო ფრაქციის წევრიც გონჩარენკო იყო, განაცხადა, რომ „შეუძლებელია მშვიდობა ნიშნავდეს უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის კაპიტულაციას“.

პარტიის ლიდერსა და უკრაინის V პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ისევე როგორც ფრაქციის თანათავმჯდომარე არტურ გერასიმოვს, გონჩარენკოს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით „ევროპულმა სოლიდარობამ“ განაცხადა, რომ პარტიას აღარ შეუძლია გააგრძელოს „საერთო პოლიტიკური გზა“ სახალხო დეპუტატ გონჩარენკოსთან.

„ოლექსი გონჩარენკოს საჯარო პოზიციები ომის დასრულებისა და უკრაინის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის შესახებ განსხვავდება „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციისა და მისი იდეოლოგიური საფუძვლებისგან. სწორედ ამიტომ, ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ გადაწყვეტილებით, ჩვენ ახლა ვეღარ გავაგრძელებთ საერთო პოლიტიკურ გზას იდეოლოგიური უთანხმოების გამო“, - ნათქვამია პოლიტიკური ძალის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის ისტორიას არ აუქმებს, თუმცა პარტიული ერთიანობა „ვერ იქნება ფორმალობა, რომლის უკანაც სახელმწიფოს მომავალთან დაკავშირებით პრინციპულად განსხვავებული პასუხები იმალება“.

ოლექსი გონჩარენკო უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრი იყო, თუმცა პარლამენტის დეპუტატად ის არჩეული იქნა ოდესის ოლქის ერთმანდატიან ოლქიდან როგორც უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი.

„პირველ რიგში, პასუხს ვაგებ ჩემი ამომრჩევლების წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ვამბობ, ჩემი ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერს“, - განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.

4 ოქტომბერს გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ სვეტში გონჩარენკომ კვლავ დაწერა, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთის დამარცხება და, რომ არც რუსეთს არ შეუძლია უკრაინის დამარცხება და ამიტომ, საჭიროა მხარეების შეთანხმება, რაც, გონჩარენკოს თქმით, არ ნიშნავს კაპიტულაციას და დანებებას.

„გამოფიტვის ომში პარიტეტი აღარ არსებობს, ამიტომ აქ ჩვენ ვაგებთ. ისინი იბრძვიან საკუთარი ფულით, ჩვენ - სხვისი ფულით. ყოველი თვე გვართმევს ერთ ქარხანას, ერთ ხიდს, ათასობით სიცოცხლეს, ათასობით ადამიანს, რომლებიც წავიდნენ ქვეყნიდან და, დიდი ალბათობით, აღარ დაბრუნდებიან. დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. თუ არცერთ მხარეს არ შეუძლია გამარჯვება, მაშინ რჩება მოლაპარაკება. განზრახ ვიყენებ სწორედ ამ სიტყვას - „შეთანხმება“. არც კაპიტულაცია და არც დანებება. შეთანხმება ნიშნავს, რომ დათმობაზე ორივე (!) მხარე მიდის, - დაწერა ოლექსი გონჩარენკომ, - ბოლოს და ბოლოს, ვინმე სერიოზულად უნდა დაელაპარაკოს ადამიანებს და უთხრას მათ სიმართლე. საკმარისია ძლევამოსილებაზე, უძლეველობასა და შეუპოვრობაზე საუბარი.“

როგორ რეაგირებენ გონჩარენკოს განცხადებებზე?

უკრაინელთა დიდი ნაწილი აკრიტიკებს ოლექსი გონჩარენკოს, რომელსაც სოციალურ ქსლებში “რაშისტულ კონსერვადაც“ კი მოიხსენიებენ. მას ასევე ადანაშაულებენ პოლიტიკურ პოპულიზმსა და უკიდურესად მგრძნობიარე თემაზე პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების სურვილში. თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი იზიარებს ოლექსი გონჩარენკოს მიერ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას, კერძოდ, იმას, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ყოველდღიური მკვლელობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მოშლა, ბიზნესის განადგურება, სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქციის საწყობების დაბომბვა - ქვეყნისთვის რეალური გამოწვევებია, რომლებზეც ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ღიად და გულწრფელად უნდა ისაუბროს.

4 ოქტომბერს გონჩარენკოს მოწოდებებს უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ერთიანობა, პირველ რიგში, „ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების“ პასუხისმგებლობაა.

„პანიკის დათესვა არ გვჭირდება. ისედაც საკმარისია ყველა გამოწვევა და დარტყმა. ქაოსი არავის სჭირდება. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს რუსეთი... რაც უნდა რთული იყოს ჩვენთვის, პუტინსა და რუსეთს არ უნდა დავემორჩილოთ. სხვა შემთხვევაში უკრაინას გატეხენ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: მივიღეთ განახლებული სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის მზადებაზე მასირებული დარტყმისთვის

როგორც ექსპერტები შენიშნავენ, გონჩარენკოს მიერ ინიციირებული დისკუსია მიმდინარეობს საზოგადოებრივი განწყობების ცვლილების ფონზე: Gallup-ის მიერ 2026 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 66% მხარს უჭერს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას მოლაპარაკებების გზით, ხოლო 24% - ომის გაგრძელებას გამარჯვებამდე. 2022 წელს თანაფარდობა პრაქტიკულად საპირისპირო იყო: 22% და 73%.

სწორედ უკრაინის კაპიტულაციის მინიშნება დაინახა არაერთმა უკრაინელმა აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, სამხედრო მოსამსახურემ თუ ჟურნალისტმა.

„წავიკითხე გონჩარენკოს გეგმა. არ მომეწონა. ლომთან ვერ შეთანხმდები, სანამ ის თავის მოკბეჩას გიპირებს. ლომს უნდა ესროლო“, - მიიჩნევს ირინა ცებერმანოვსკაია, უკრაინელი ჟურნალისტი და ვოლონტიორი.

ოლექსი გონჩარენკოს ასევე შეახსენეს მისი პოლიტიკური წარსული - ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ წევრობა - და დაადანაშაულეს ის ცრუ მოლოდინის გაღვივებაში: თითქოს შესაძლებელია ომის დასრულება და ეს შესაძლებლობა ხალხის ხელშია.

ასევე ნახეთ

20 თებერვალი - დღე, რომელმაც შეცვალა უკრაინა

„ასეთი მოწოდებებით მნიშვნელოვნად აზიანებთ თავდაცვისუნარიანობას, რადგან ადამიანებს ყალბი იმედით ამხნევებთ. თქვენ მათ ომის დასრულების მოჩვენებით იმედს აძლევთ, მაშინ როცა მშვენივრად იცით, რომ კაპიტულაციაზე მოლაპარაკების გარდა, სხვა გზით მოლაპარაკებისთვის რუსეთი მზად არ არის. შეწყვიტეთ უბედური, დაღლილი ადამიანების გრძნობებზე თამაში“, - დაწერა Facebook-ზე უკრაინელმა პუბლიცისტმა და სამხედრო მოსამსახურემ, სერგეი მარჩენკომ.

ყოფილმა დეპუტატმა დმიტრო ლინკომ, რომელიც ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეციალური დანაყოფის, „სტუგნას“, მეთაურია, გონჩარენკოს ურჩია, თავისი დიპლომატიური ნიჭი ფრონტზე გამოევლინა.

„საკუთარ თავზე ვიღებ ვალდებულებას, უზრუნველვყო პირდაპირ მტრის პოზიციებამდე მიყვანა მოლაპარაკებების გასამართად. ჩემი ბიჭები მიგიყვანენ პირდაპირ რუსი სამხედროების სანგარში, სადაც შეძლებ შენი სამშვიდობო გეგმის წარდგენას, არგუმენტების მოყვანას და კომპრომისების მოძებნას", - დაწერა დმიტრო ლინკომ.

უკრაინელ ბიზნესმენსა და ბლოგერს, გარიკ კოროგოდსკის გონჩარენკოს სახელი არ უხსენებია, თუმცა, როგორც უკრაინული პრესა შენიშნავს, სწორედ მის გასაგონად დაწერა:

„ბლოგერებმა, დეპუტატებმა, სამხედრო ექსპერტებმა დაიწყეს თავიანთი აზრების ტრანსლირება სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. თითოეულმა აზრის ლიდერმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ. არადა, არსებობს შესანიშნავი, დაუწერელი წესი: თუ სანგარში არ ხარ, თუ შენი ახლობლები ფრონტზე არ არიან - მოკეტე“.

სამხედრო ანალიტიკოსისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩევლის, ოლექსი კოპიტკოს თქმით კი, ნეიტრალიტეტის იდეა „ლამაზ ლოზუნგად“ დარჩება მანამ, სანამ არ შეიქმნება იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც მზად იქნებიან რუსეთთან პოტენციური ომისა და მასთან დაკავშირებული რისკებისთვის:

„ჩვენი ტრაგიკული გამოცდილების გათვალისწინებით, უკრაინელი ხალხი ხიშტებით შეხვდება ნებისმიერ ფორმულას, რომლის ფარგლებშიც შეეცდებიან ჩვენი იარაღი გაცვალონ ქაღალდზე დაწერილ რაღაც სიტყვებში“.

ორგანიზაცია УНА-УНСО-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დმიტრო კორჩინსკიმ კი ხელისუფლებას მოუწოდა, მსგავსი მოსაზრებების ავტორთა მიმართ მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი დაწესდეს.

„ფრონტზე არსებული ვითარება ჩვენთვის საუკეთესოა 2022 წლის კონტრშეტევის შემდეგ... უკრაინა ახერხებს დიპსტრაიკების ბალანსის გაუმჯობესებას, საკუთარი ფრთოსანი რაკეტების გამოყენებას და ზოგიერთ ადგილზე უკვე ბალისტიკური რაკეტებისასაც. ოკუპანტების მხარდამჭერი მომღერლები ციხეში უნდა ისხდნენ. თუ ისინი გავლენიანი პოლიტიკოსები არიან, სასჯელი მათთვის ათჯერ უფრო მკაცრი უნდა იყოს“, - ამბობს დმიტრო კორჩინსკი.

ასევე ნახეთ

ვინ იყო რუსეთთან ომში დაღუპული მიკოლა კარპიუკი, რომელიც საქართველოსთვისაც იბრძოდა

ცნობილი უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველი ვიტალი პორტნიკოვი კი ხაზს უსვამს ასეთი დისკუსიის უაზრობას. მისი თქმით, რუსეთს სამშვიდობო პროცესის მიმართ რეალური დაინტერესება არ გააჩნია.

„როდესაც პუტინი მიხვდება, რომ ის უკრაინას კი არ ანადგურებს, არამედ კარგავს რუსეთს, შესაძლოა ასეთ შემთხვევაში დაფიქრდეს ზავზე... ამისთვის კი საჭიროა გადარჩენა და რუსეთის იძულება, შეჩერდეს. არცთუ სასიამოვნო გზაა, მაგრამ სხვა არჩევანი არ არსებობს“, - ამბობს პოლიტოლოგი.

აღმოსავლეთმცოდნე იგორ სემივოლოსის თქმით, რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის ბუნება არ არის დაკავშირებული რესურსებთან, რათა მხარეებმა იფიქრონ, რისი დათმობა შეუძლიათ და რისი - არა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება „უარყოფის ომია“.

„შეუძლებელია შეთანხმდე იმასთან, ვინც მიიჩნევს, რომ შენ საერთოდ არ არსებობ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

მშვიდობის თუ დისკუსიის მოთხოვნა?

ზოგიერთი უკრაინელი ანალიტიკოსი გონჩარენკოს წინადადებებში საღი აზრის მარცვალს ხედავს. ეკონომისტი და ფინანსური ანალიტიკოსი ოლექსი კუში მიიჩნევს, რომ გონჩარენკოს გეგმა „რაციონალურია“.

„როგორც იქნა, გაისმა ხმა რაციონალური სტრატეგიების მხარდასაჭერად... გონჩარენკო ომის ეტაპობრივი შეჩერების გზის ძიებისკენ მოგვიწოდებს. ჩვენი მხრიდან პირველი ასეთი ნაბიჯი შესაძლოა გახდეს „მშვიდობის დეკლარაცია“... შეიძლება ასევე გაჟღერდეს მოსაზრებები ნატოს, ზავის მექანიზმებისა და სხვა საკითხების შესახებ“, - დაწერა მან.

უნდა ითქვას, რომ გონჩარენკო არ არის ერთადერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელმაც საზოგადოებას მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების გზების უფრო აქტიურად ძიებისკენ მოუწოდა. იმავე 2 ოქტომბერს ყურადღება მიიპყრო უმაღლესი რადის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიილ გეტმანცევის („ხალხის მსახურის“) და ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებებმა.

გეტმანცევმა Telegram-ზე დაწერა, რომ ომის გამო შეუძლებელია ნორმალური დაგეგმვა, ინვესტიციების მოზიდვა და ინფრასტრუქტურის აღდგენა, ამიტომ „მოლაპარაკებების გააქტიურება და მშვიდობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“.

კიდევ ერთ შეტყობინებაში უკრაინელმა დეპუტატმა „მშვიდობის ადამიანებს“ გაერთიანებისკენ მოუწოდა, „რათა ხელისუფლებას მივცეთ საფუძველი ქვეყნის შენარჩუნებისა და გამარჯვებისთვის აუცილებელი რთული გადაწყვეტილებების მისაღებად“. პოლიტიკოსს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა „რთულ გადაწყვეტილებებში“.

ექსპერტთა შეფასებით, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებებით გამოწვეულმა დისკუსიამ გამოააშკარავა წინააღმდეგობა უკრაინაში მოლაპარაკებების მიმართ მზარდ საზოგადოებრივ მოთხოვნასა და იმ ნიშნების არარსებობას შორის, რომლებიც მიუთითებდა, რომ მოსკოვი მზად არის ეტაპობრივ შეთანხმებებზე ან კომპრომისებზე წავიდეს.

ომის დასრულების მიზნით აშშ-ის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ბოლო მცდელობების ფონზე, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ კრემლმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ აქვს სურვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში რაიმე არსებით კომპრომისზე წავიდეს.