Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გონჩარენკო: „იმედი მაქვს, გავიგონებთ საქართველოს პოზიციას“


ოლექსი გონჩარენკო
ოლექსი გონჩარენკო

როგორი განწყობებია უკრაინაში - ელოდებიან თუ არა ომს, რას ფიქრობენ დასავლეთის დახმარებაზე, ბერლინის თავშეკავებულ პოზიციასა და საქართველოს არცთუ ისე ხმამაღალ მხარდაჭერაზე - ამ და სხვა კითხვებზე „რადიო თავისუფლებას“ უკრაინის რადის დეპუტატმა, ევროსაბჭოს მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ოლექსი გონჩარენკომ უპასუხა.

რადიო თავისუფლება: მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს გამოიცნოს, რას აპირებს რუსეთი, როგორია განწყობა უკრაინაში? რა მოლოდინი გაქვთ?

„რუსეთთან ომი ყოველდღიურობად იქცა, შევეჩვიეთ... არ მგონია, რომ პუტინი შემოიჭრება, ეს უფრო შანტაჟს ჰგავს“

ოლექსი გონჩარენკო: რა თქმა უნდა, ხალხი ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც ხდება, მაგრამ პანიკა არ არის. უკვე 8 წელია, რუსეთის ფედერაციასთან ომი გვაქვს და ეს ომი ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, შევეჩვიეთ... არ მგონია, რომ პუტინი შემოიჭრას, ჩემი აზრით, ეს უფრო შანტაჟს ჰგავს, მაგრამ როცა საქმე პუტინს და კრემლს ეხება, ყველაფერია მოსალოდნელი და ვერაფერს გამორიცხავ. ამ დილემას ერთადერთი პასუხი აქვს - თუ საკმარისად ძლიერები ვიქნებით, პუტინი ამას არ გააკეთებს, თუ სუსტებად ჩაგვთვლის - მაშინ კი შემოიჭრება. ამიტომ მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ეხმარება - იქნება ეს პრაქტიკული მხარდაჭერა, ფინანსური დახმარება თუ თავდაცვითი იარაღის მიწოდება. მადლობა ამერიკას, მადლობა დიდ ბრიტანეთს, ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს, პოლონეთს... რაც უფრო მეტ ასეთ დახმარებას მივიღებთ, მით უფრო ნაკლები იქნება ახალი, დიდი ომის ალბათობა ევროპის შუაგულში.

რადიო თავისუფლება: თქვენს „სამადლობელ სიაში“ არ ფიგურირებს გერმანია, რომელმაც ახლახან საველე ჰოსპიტლითა და 5000 ჩაფხუტით მოგამარაგათ. როგორ შეაფასებდით გერმანიის როლსა და ჩართულობას ამ კრიზისში?

ოლექსი გონჩარენკო: არ დავმალავ, იმედგაცრუებული ვარ გერმანიის პოზიციით. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ დახმარებისთვის - ჰოსპიტალიც გამოგვადგება და ჩაფხუტებიც. მაგრამ რაც შეეხება ბერლინის პოზიციას იარაღის მოწოდებაზე - ის, რომ მათ ესტონეთსაც კი აუკრძალეს ძველისძველი, მგონი ჯერ კიდევ გდრ-ის დროინდელი იარაღის მოწოდება ჩვენთვის, არც კი ვიცი, რა ვთქვა ამაზე... იმის გაგება, რომ ბრიტანულმა თვითმფრინავმა გადაწყვიტა, გერმანიის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით ჩასულიყო უკრაინაში, შეუძლებელია. ამ ემატება ბავარიის პრემიერისა და სამხედრო ფლოტის აწ უკვე ყოფილი მეთაურის განცხადებები... ვფიქრობ, გერმანელების პოზიციის ახსნა ორი მიზეზით შეიძლება: პირველი ისაა, რომ გერმანელები ვერ ელევიან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს და პუტინთან ბიზნესის კეთებას, ამის გამო კი თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ ეს ეკონომიკური კი არა, გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც მთელ ევროპას დიდ საფრთხეს უქადის. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ გერმანელებს დღემდე სინდისი ქენჯნით და დანაშაულის გრძნობა აწუხებთ რუსების მიმართ ნაცისტური რეჟიმის ქმედებების გამო. მაგრამ ავიწყდებათ, ან არ სურთ გაიხსენონ, რომ მაშინ მხოლოდ რუსი ხალხი არ იტანჯებოდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე დიდი მსხვერპლის გაღება სწორედ უკრაინელებს, პოლონელებსა და ბელარუსებს მოუწიათ - ომის დროს ეს მიწები ლამის სრულიად განადგურდა.

რადიო თავისუფლება: დასავლეთის რიგ ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, მათი საქმე არაა და არ უნდა ჩაერიონ, ეს მათ არ ეხებათ. რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დისპუტი მათ არ ეხებათ. როგორი იქნებოდა ამ მოსაზრებაზე თქვენი კონტრარგუმენტი?

„გერმანელები ვერ ელევიან ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს და პუტინთან ბიზნესის კეთებას, ამის გამო კი თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ ეს ეკონომიკური კი არა, გეოპოლიტიკური პროექტია“

ოლექსი გონჩარენკო: კონტრარგუმენტი აბსოლუტურად მარტივი და მკაფიოა - ევროპის ისტორია გვიჩვენებს, რომ მაამებლობით აგრესორს ვერ შეაჩერებ. თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის ამით არ დაკმაყოფილდება, ისევე, როგორც თავის დროზე არ დაკმაყოფილდა საქართველოში გამარჯვებით. არ დაგავიწყდეთ, ვსაუბრობთ კაცზე, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ ტრაგედიად მიაჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის შემდეგ დადგება ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, ფინეთის ჯერი. ყველა იმ ქვეყნისა, რომელთა მიწებსაც თავის დროზე ან საბჭოთა, ანაც მეფის რუსეთი აკონტროლებდა. მეორე არგუმენტი კიდევ უფრო მარტივია - თუ დიდი ომი იქნება, უკრაინა იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის. ათასობით ადამიანი შეეწირება ამას, განადგურდება ატომური სადგურები, რადგან უკრაინა სავსეა ტექნოლოგიურად საშიში ობიექტებით, იქნება მილიონობით ლტოლვილი. ასე რომ, ევროპაში არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ეს მათ არ ეხებათ და შეუძლიათ, გვერდზე გადგნენ.

რადიო თავისუფლება: დასავლური სკეპტიციზმი მარტო ამით არ შემოიფარგლება - მოხშირდა განცხადებები, რომ უკრაინისთვის უკეთესი იქნებოდა, ნატოში შესვლა გადაიფიქროს, რომ ეს მისაღები მსხვერპლია, თუ ამის ალტერნატივა რუსეთის ღია აგრესია იქნება. ცალკე სცენარად განიხილება ერთგვარი მორატორიუმიც, რომლის მიხედვითაც უკრაინის ნატოში შესვლის საკითხი დროებით გაიყინებოდა. რას ფიქრობენ ამაზე უკრაინაში?

„თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის ამით არ დაკმაყოფილდება, ისევე, როგორც თავის დროზე არ დაკმაყოფილდა საქართველოში გამარჯვებით“

ოლექსი გონჩარენკო: მგონი ეს უკრაინას კი არა, ნატოს უნდა ჰკითხოთ. იმიტომ რომ, თუ ისინი რუსეთისგან მსგავს მოთხოვნებს დათანხმდებიან, მაშინ გამოდის, რომ ნატო ნატო აღარ იქნება. შემდეგი, რის გაკეთებასაც მათ რუსეთი აიძულებს, იქნება 1997 წლის საზღვრებზე დაბრუნება, და 16 წევრი ქვეყანა ეყოლებათ. რუსეთისთვის უფლების მინიჭება, რომ კრემლმა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ნატოში და ვინ არა, ნიშნავს, ბორის ჯონსონის ციტატა რომ გამოვიყენო, იმას, რომ ზოგი ქვეყანა უფრო სუვერენულია, ვიდრე სხვები. პუტინის შანტაჟს ერთადერთი პასუხი უნდა გავცეთ და ეს პასუხი უნდა იყოს - არა! სხვა ყველაფერს ის სისუსტედ ჩათვლის და უფრო მეტ შანტაჟზე წამოვა.

რადიო თავისუფლება: თქვენ ისაუბრეთ ქვეყნებზე, რომლებიც უკრაინას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ეხმარებიან - ამ მხრივ რამდენად კმაყოფილი ხართ საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერით?

ოლექსი გონჩარენკო: არ ვიცი, გაკეთდა თუ არა განცხადებები უკრაინის მხარდაჭერისა და დეესკალაციის მოწოდების შესახებ პრემიერის ან პრეზიდენტის მხრიდან? მე არ მომისმენია ისინი.

რადიო თავისუფლება: მარტივი მიზეზის გამო - მათ ასეთი განცხადებები არ გაუკეთებიათ.

ოლექსი გონჩარენკო: თუ ასეა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. იმედი მაქვს, გავიგონებთ საქართველოს პოზიციას. მინდა გაგახსენოთ, რომ 2008 წელს, უკრაინა ღიად უჭერდა მხარს საქართველოს. ჩვენი პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა და თქვა, ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართო. ასე რომ, დასანანია, რომ მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა.

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG