რემონტი სკოლებში სასწავლო პროცესის პარალელურად

“წლებია მოვითხოვთ რემონტს სკოლაში. ძველი შენობაა, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყო, რაც არ უნდა კარგად დაესუფთავებინათ, ჰიგიენის ნორმების სათანადოდ დაცვა მაინც არ გამოდიოდა. ბოლოს და ბოლოს, რემონტი დაიწყო, მაგრამ ჩვენ, მშობლებმა, ამის შესახებ ჩვენი შვილებისგან გავიგეთ. სკოლიდან დაბრუნებულები ზოგი თავის ტკივილს უჩიოდა, ზოგი ახველებდა და ზოგი შეუძლოდ იყო. რემონტს თუ იწყებდნენ, ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ?!” - წუხს რადიო თავისუფლებასთან 21-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

21-ე საჯარო სკოლაში რემონტი დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო და ის 70 დღე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მოწესრიგდება სკოლის ტუალეტები და სპორტული დარბაზი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო და კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება რამდენიმე კლასს, სადაც ამის საჭიროებაა. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლების რემონტი სასწავლო პროცესის პარალელურად პერიოდულად რიგ სკოლებში მიმდინარეობს ხოლმე, ვინაიდან ყველა სასწავლო შენობის რეაბილიტაცია საზაფხულო არდადეგების დროს ვერ ესწრება.

“როცა ამდენი სკოლა არის გასაკეთებელი, ფიზიკურად ვერ ხერხდება მათი ყველას რემონტი არდადეგების დროს. ყოველთვის, როცა სამუშაოებს ვაკეთებთ, ვათანხმებთ დირექტორთან, რომ ისე მოხერხდეს, სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. მშობლებთან ჩვენ შეხება არ გვაქვს, კომუნიკაცია გვაქვს დირექტორთან”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.

მშობელი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან წუხდა მიმდინარე რემონტის გამო, ფიქრობს, რომ სასწავლო პროცესის პარალელურად ჩატარებული რამდენიმეთვიანი რემონტი, თუნდაც ის აკურატულად მიმდინარეობდეს, სამშენებლო მტვრისა და საღებავების სუნის მაღალი კონცენტრაციის გამო, მაინც უარყოფითად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე. მისი აზრით, ბავშვებისთვის უმჯობესი იქნებოდა, რემონტის დროს ისინი სხვა სკოლაში გადაეყვანათ.სააგენტოში კი ამბობენ, რომ ასეთი პრაქტიკა მათ არ აქვთ:

“თუ სკოლა არის ავარიული, სკოლა არის დასანგრევი, ან სრულად სარეაბილიტაციოა, მაშინ გადაგვყავს სხვა შენობაში ბავშვები. გააჩნია მასშტაბს. კოსმეტიკური რემონტის გამო სხვა შენობაში ბავშვები არ გადაგვყავს“.

პედიატრები, რომელთაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ამბობენ, რომ სასწავლო პროცესის პარალელურად სამშენებლო პროცესი, დიდი ალბათობით, ბავშვების ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება, განსაკუთრებით იმ ბავშვების, ვისაც მწვავე ალერგიული ფონი აქვს, და უფროსები მაქსიმალურად უნდა ეცადონ ბავშვები აარიდონ ხმაურს, მტვერსა და ალერგიის წყაროებს, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ადგილზე ნახვისა და სიტუაციის სიმძიმის შეფასების გარეშე დასკვნის გაკეთება ძნელია.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის პედიატრი ნინო მჭედლიშვილი ამბობს, რომ იმ ბავშვებმა, ვისაც აქვს დადასტურებული ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ასთმის შემთხვევები, შესაძლო გამწვავებისგან თავის დასაცავად აუცილებლად თან უნდა იქონიონ პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები.

იურისტი ანა აბაშიძე ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები სასწავლო პროცესის პარალელურად განსაკუთრებით სარისკოა მაშინ, როდესაც უკვე დადასტურებულია ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის არსებობა და ისიც, რომ სამშენებლო მასალები ტყვიის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა:

“სახეზეა მინიმუმ რისკის შემცველი მოქმედებები ბავშვებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი პასუხი, თუმცა ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ზიანზე. თუ მშობლები გადაწყვეტენ შეაფასებინონ ის ზიანი, რაც ბავშვს უკვე მიადგა სკოლაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფნის დროს, ეს გახდება უკვე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი როგორც სკოლისთვის, ასევე განათლების სამინისტროსთვის“.

სატენდერო წინადადებას, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ის კომპანია, რომელიც 21-ე სკოლასთან ერთად სხვა 2 სკოლასაც არემონტებს, თან ახლავს ჯანმთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციები, სადაც საუბარი მხოლოდ რემონტში ჩართული პირების უსაფრთხოებაზეა და ბავშვების ინტერესები ამ დოკუმენტში, ფაქტობრივად არ არის გათვალისწინებული.

თბილისის 21-ე სკოლა ერთ-ერთია იმ 50 სატესტო სკოლას შორის, რომელიც განათლების სამინისტრომ “ახალი სკოლის მოდელის” დასანერგად შეარჩია. სამინისტროში ამბობენ, რომ “ახალი სკოლის მოდელის” შემოტანის მიზანი ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა, რომელიც მოსწავლეს თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს და ამ მისიის შესრულებაში სკოლებს მხარდამჭერთა ჯგუფებიც დაეხმარებიან. სამინისტროში ახალი სკოლის მოდელის დანერგვას რეფორმას უწოდებენ და, როგორც ირკვევა, ამ მოდელის შეტანის ფარგლებში სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა რამ კეთდება, გამომდინარე მათი სპეციფიკიდან.

“ჩვენთანაც, ისე როგორც სხვა 50 შერჩეულ სკოლაში, მოვიდნენ დეკემბერში, ნახეს ინფრასტრუქტურულად სად რა იყო გაკეთებული და გასაკეთებელი. იანვარში მომწერეს, სარემონტო სამუშაოების დაწყება შეუშლიდა თუ არა ხელს სასწავლო პროცესს.

ამ ფუფუნებაზე, რომ ვყოფილიყავით რეფორმაში ჩართული 50 სკოლიდან ერთ-ერთი, უარს ვერ ვიტყოდით და ამიტომ შევეცადეთ გაგვეკეთებინა ყველაფერი, რომ რემონტს ბავშვებისთვის უმტკივნეულოდ ჩაევლო. შევთავაზეთ მეორე ცვლაც, კლასების მონაცვლეობაც, ერთი ფლიგელიც გავათავისუფლეთ…

შედეგად სკოლაში ყველგან გვექნება ინტერნეტი, რომელიც მანამდე მხოლოდ ადმინისტრაციის ოთახში გვქონდა. შემოიტანეს კომპიუტერული ტექნიკა, შიგნით ჩატვირთული უამრავი სასწავლო რესურსით, პროქტორები, კვირაში ორჯერ დადიან ქოუჩები, რომლებიც მასწავლებლებს ეხმარებიან ამ ტექნოლოგიების დანერგვაში…” - გვეუბნება 21-ე სკოლის დირექტორი, რომელმაც თავის სკოლაში რემონტის დაწყების ზუსტი თარიღი თვითონაც არ იცოდა და საკმაოდ მცირე დრო ჰქონდა მშობლებთან კომუნიკაციისთვის.

ის, რომ სკოლები რემონტის დროს თავად ვერ ირჩევენ და არც გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ცხადი ხდება სოციალურ ჯგუფებში - სხვადასხვა დახურულ ჯგუფში - ამ თემაზე დაწერილი პოსტებიდანაც.