რით მოწამლეს ალექსეი ნავალნი?

ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის სიკვდილის დღიდან თითქმის ორი წლის თავზე გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდისა და გერმანიის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნივთიერება ეპიბატიდინი.

ეპიბატიდინის კვალი აღმოჩენილია ნავალნის სხეულიდან აღებულ ნიმუშებში და „უდიდესი ალბათობით“, სწორედ ამ შხამმა გამოიწვია ორი წლის წინ ციმბირის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რუსი ოპოზიციონერის სიკვდილი, ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, გამოხატა ნდობა ნავალნის მოწამლვაზე ამ ოფიციალური განცხადების მიმართ.

მოკავშირეების განცხადებით, „მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს ჰქონდა საშუალებები, მოტივი და შესაძლებლობა ეს მომაკვდინებელი ტოქსინი ნავალნის ორგანიზმში მოეხვედრებინა, როცა ის ციმბირში, რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფებოდა და ჩვენ მას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას მის სიკვდილზე“.

ასევე ნახეთ ნავალნი ბაყაყის შხამით მოწამლეს - ამ დასკვნამდე მივიდა ხუთი ევროპული ქვეყანა

კრემლი უარყოფს ბრალდებას და უწოდებს „საინფორმაციო კამპანიას“. გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩომ უარყო მოსკოვის მონაწილეობა ნავალნის სიკვდილში და დასავლური სახელმწიფოების განცხადებას უწოდა „დასავლელ მეიგავეთა ჭკუასუსტობა“ და „ნეკროპროპაგანდა“.

ტოქსინის წარმომავლობა?

ეპიბატიდინის მოპოვება რთულად, მაგრამ შესაძლებელია სამხრეთ ამერიკაში მობინადრე ბაყაყებისგან, რომლებსაც „შხამიანი ისრის ბაყაყებსაც“ უწოდებენ, ვინაიდან ასეთი ბაყაყების კანზე გამოყოფილ შხამს ოდესღაც ადგილობრივები ისრების მოსაწამლავად იყენებდნენ.

სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ტოქსინის მოპოვება მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ რეგიონში და ძალიან მცირე ოდენობით არის შესაძლებელი. შხამიანი ისრის ბაყაყი „ენთონი“ ენდემურია ეკვადორსა და პერუში.

არაბუნებრივ გარემოში მყოფი ისრის ბაყაყები შხამს არ გამოიმუშავებენ და მეტიც: ბუნებრივ გარემოშიც კი, ტოქსინის გამოსაყოფად მათ სჭირდებათ შესაბამისი საკვები, რომლის მიღების შედეგადაც გამოიმუშავებენ ალკალოიდებს, რაც ეპიბატიდინს მათ კანში აგროვებს. თუ საკვები შეიცვლება, კანში ტოქსინის მარაგები ილევა.

შესაძლებელია ეპიბატიდინის შექმნა ლაბორატორიულადაც.

„შესაბამის ადგილას ისეთი ველური ბაყაყის პოვნა, რომელიც ზუსტად იმ საკვებს ჭამს, რომელიც საჭიროა ალკალოიდების გამომუშავებისთვის, თითქმის შეუძლებელია... თითქმის“ - უთხრა ბიბისის ტოქსიკოლოგმა ჯილ ჯონსონმა, რომლის განმარტებითაც, „ეს არის ადამიანის მოწამლვის წარმოუდგენლად იშვიათი მეთოდი. რაც კი ეპიბატიდინით მოწამლვის შემთხვევები ვიცი, იყო ლაბორატორიულად მიღებული და არასასიკვდილო“.

ასევე ნახეთ ვაშინგტონისთვის სადავო არ არის ევროპელების დასკვნა ნავალნის მოწამვლის შესახებ

რა შხამია?

სპეციალისტების განმარტებით, ნეიროტოქსინი ეპიბატიდინი მორფინზე ორასჯერ უფრო ძლიერმოქმედია.

მართალია, ტარდება კვლევა ეპიბატიდინზე - როგორც ტკივილგამაყუჩებელზე ან ფილტვების მტკივნეული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაზე, თუმცა, ის კლინიკურად, ადამიანზე არასდროს გამოუყენებიათ მისი ტოქსიკურობის გამო.

სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „არ არსებობს ნავალნის სხეულში ტოქსინის არსებობის უბრალო ახსნა“.

როგორ მოქმედებს ბაყაყის შხამი?

ეს ძლიერი ქიმიური ნაერთი მოქმედებს ნერვულ სისტემაში არსებულ ნიკოტინის რეცეპტორებზე.

ვინაიდან ის ზედმეტად ასტიმულირებს ნერვულ რეცეპტორებს, შესაბამისი დოზირების შემთხვევაში, შეუძლია გამოიწვიოს კუნთების კრუნჩხვა, პარალიზება, გულის რიტმის შენელება, სუნთქვის უკმარისობა და საბოლოოდ, სიკვდილი.

ლიდსის უნივერსიტეტის გარემოს ტოქსიკოლოგიის პროფესორმა - ალასტერ ჰეიმ ბრიტანულ PA Media-ს განუცხადა, რომ ეპიბატიდინმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დახშობა და მისით „მოწამლული ადამიანი გაგუდვით კვდება“.

ვინმეს სისხლში ამ ტოქსინის აღმოჩენა „მიუთითებს ორგანიზმში მის განზრახ შეყვანაზე“, ამბობს პროფესორი ჰეი.

შესაძლებელია ეპიბატიდინის ტოქსიკურობის გაზრდაც კი, „ზოგიერთ სხვა მედიკამენტთან ერთად გამოყენებით“.

ასევე ნახეთ „პუტინმა თავად დაავიწროვა ეჭვმიტანილთა წრე საკუთარ თავამდე“ - The Insider-ის რედაქტორი ნავალნის მოწამვლაზე

რთულად გამოსავლენი ტოქსინი?

„სკაი ნიუსი“ აქვეყნებს კლინიკური ტოქსიკოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ჰოლანდიელი პროფესორის - ერიკ ფრანსენი მოსაზრებებს:

„შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ასეთი ტიპის შხამები საინტერესოა რუსეთისთვის, ვინაიდან ისინი საკმაოდ ძნელად გამოსავლენია“.

დოქტორი ფრანსენი ამბობს, რომ „საავადმყოფოებში ჩატარებული რუტინული ტოქსიკოლოგიური სკრინინგით ჩვენ მას ვერ აღმოვაჩენდით. ასე რომ, შესაძლოა, ეს იყო დაუდგენელი მოწამლვის ხერხი“.

ფრანსენმა აგრეთვე განაცხადა: „ბევრი არაფერი ვიცით ამ ტოქსინების ადამიანზე ზემოქმედებაზე, რადგან ადამიანზე მისი გამოცდა შეუძლებელია და რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ ცხოველებზე დაკვირვებაა შესაძლებელი.

თუმცა არსებობს ანგარიშები, რომელთა თანახმადაც, ამ ტოქსინების შესაბამისი ოდენობით მიღების შედეგად, ადამიანი შეიძლება 10-დან 20 წუთამდე დროის მონაკვეთში გარდაიცვალოს.

ეს შეიძლება მოხდეს სისხლის მიმოქცევაში მისი საკვებმომნელებელი სისტემიდან ან ინექციის საშუალებით მოხვედრით. ჩემი ვარაუდით, მას პირდაპირი ზეგავლენა აქვს კუნთებსა და გულზე.

გულისრევა და ღებინება ასეთი ტოქსინების გვერდითი ეფექტებია“.

დოქტორი ფრანსენის აღწერა შეესაბამება ფოტოებს, რომლებიც „ნავალნის ფონდმა“ გამოაქვეყნა: ციხის საკანში, სადაც ის ცუდად გახდა, მკაფიოდ ჩანს ამოღებინებული მასა.

რას აცხადებს რუსეთი?

შაბათს მოკავშირე სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ევროპის ლაბორატორიებმა დაადასტურეს ნავალნის მოწამლვა დაუგენელი შხამით.

მოსკოვი მანამდე ირწმუნებოდა, რომ ნავალნი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა, თუმცა ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია მუდმივად ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი მოწამლვით „მოკლეს“.

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ „საუბრები და ყველა განცხადება წარმოადგენს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანი დასავლეთის მძიმე პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა“.

გაერთიანებული სამეფოსა და ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონმა, რომელიც ამავდროულად ქიმიური იარაღის ექსპერტიც არის, განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც კრემლი ამბობს, ნავალნის სიკვდილის ჩათვლით, ყოველთვის სკეპტიკურად უნდა იყოს აღქმული. მან ბიბისის რადიო 4-ს განუცხადა, რომ 14 თებერვლის განცხადების ხელმომწერ ქვეყნებს „აქვთ მტკიცებულება, რომ ნავალნი სახელმწიფომ მოკლა“.

ნავალნი სიკვდილამდე სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში და ბოლო ეტაპზე გადაყვანილი იყო არქტიკულ ზონაში მდებარე ხარპის კოლონიაში.

ასევე ნახეთ ალექსეი ნავალნი მოწამლეს - იულია ნავალნაია

რუსეთის მიერ გავრცელებული ცნობებით, 47 წლის ნავალნიმ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, კოლაფსი განიცადა და გონზე მოსვლის გარეშე გარდაიცვალა. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ნავალნი საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობდა.

ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულია ნავალნაიამ გასული წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წლის თებერვალში, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ „მოვახერხეთ ალექსეის ბიოლოგიური მასალის მოპოვება და კონტრაბანდის გზით, მისი უსაფრთხოდ გატანა საზღვარგარეთ. მინიმუმ ორი ქვეყნის ლაბორატორიებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიკვლიეს ეს ნიმუშები და ორი სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიები მივიდნენ ერთ დასკვნამდე - ალექსეი მოკლეს, უფრო ზუსტად კი - ის მოწამლეს“.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი რუსეთის სასჯელაღსრულების უწყებამ ორი წლის წინ, 2024 წლის 16 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე წუთებით ადრე გაავრცელა. ღონისძიების ორგანიზატორებმა იულია ნავალნაიას მისცეს შესაძლებლობა მიემართა მონაწილეებისთვის:

"ვიფიქრე, თქვენს წინაშე უნდა წარვმდგარიყავი თუ ჩემს შვილებთან დავბრუნებულიყავი? შემდეგ დავფიქრდი, რას იზამდა ალექსეი ჩემს ადგილას? და დარწმუნებული ვარ, ის იდგებოდა აქ, ამ სცენაზე.

არ ვიცი, უნდა დავიჯეროთ საშინელი ამბები, რომლებსაც ვიგებთ? ამბები, რომლებსაც მხოლოდ ოფიციალური მედიიდან ვიღებთ, მრავალი წელია, იცით, ამ ვითარებაში ვართ. ჩვენ ვერ დავუჯერებთ პუტინსა და მის მთავრობას. ისინი მუდმივად იტყუებიან.

მაგრამ, თუკი ეს სიმართლეა, მინდა, პუტინმა და ყველამ მის გარშემო, მისმა მთავრობამ, მისმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ისინი დაისჯებიან იმისთვის, რასაც ჩვენს ქვეყანას უშვრებიან".