- რიჟვაძე თავდაპირველად, 7 ივლისს, მიიყვანეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, სადაც გადაუდებელი დახმარება გაუწიეს;
- იქიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, თბილისიდან კი თურქეთში გადაიყვანეს.
მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია მედიას 9 ივლისს, დილით დაუდასტურა ლალი ტურძელაძემ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა.
„თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, შეღვიძებისას კონტაქტში შემოდიოდა, გაუმჯობესებული პარამეტრებით - თუმცა მართვის სუნთქვაზე დავტოვეთ, ვინაიდან გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით აბსოლუტურად კონტაქტური. აბსოლუტურად ოჯახის მოთხოვნით გადავიყვანეთ. არც ლევანმა [რატიანმა] და არც ბატონმა პრემიერმა [ირაკლი კობახიძე] იმიტომ არ თქვეს, რომ ჩამოყალიბებული არ იყო ოჯახი და მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. თურქეთმა ჩაიბარა სტაბილურად - სხვანაირად არ წაიყვანდნენ, რადგან უნდა ეფრინათ. აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრებით - პირიქით ბევრად გაუმჯობესებული წაიყვანეს“, - უთხრა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან.
წინა საღამოს, 8 ივლისს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ რიჟვაძეს „დადებითი დინამიკა“ ჰქონდა და თქვა: „კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს“.
ასევე ნახეთ თორნიკე რიჟვაძე კონტაქტურია, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა - კლინიკის დირექტორითორნიკე რიჟვაძე კლინიკაში მოხვდა „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით“, - მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული და მძიმედ იყო.
გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
- აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თვითმკვლელობა საგარეჯოში, სტუმრად მყოფმა, მასპინძლის იარაღით სცადა;
- მანამდე დაწერა წერილი, რომელშიც ოჯახის დაცვას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს სთხოვს - ასეთია შსს-სა და სახელისუფლებო მედიის მიერ აღწერილი სურათი.
- თორნიკე რიჟვაძე ინციდენტისას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსანდრე ახვლედიანის სტუმარი იყო.
- რიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს მრავალ შეკითხვას უჩენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი პირველი იყო მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.