„გვსურს ტერიტორიაზე სრულად გავრცელდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2“ - ითხოვს თბილისის მერიაში „რიყის დოქების“ მფლობელი კომპანია „რიყე დომი“.
თანხმობა - ამ ადგილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნის ტოლფასია.
თუ მერია ინვესტორის თხოვნას დასთანხმდება, ეს ნიშნავს, რომ რიყის პარკის ტერიტორიაზე, რომელსაც აქამდე სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა და სადაც ცნობილი „რიყის დოქების“ ნგრევა დასასრულისკენ მიდის, 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 67 761 კვ.მ-ის ფართობის შენობა უნდა აშენდეს - სულ მცირე, „პანორამა თბილისის“ ზომის.
საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონას. ამ ტიპის ტერიტორიებზე K2 კოეფიციენტი ითვალისწინებს მაღალი ინტენსივობისა და მასშტაბის მრავალსართულიანი კომპლექსების (მაგალითად, დიდი სასტუმროების, ბიზნესცენტრების ან მრავალფუნქციური სივრცეების) მშენებლობას.
ზუსტად ამ, სამშენებლო მოცულობის შეთანხმების თხოვნით (და „განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განსასაზღვრად“) მიმართა „რიყე დომმა“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 26 ოქტომბერს.
ასე გამოიყურება "რიყის დოქები" დღეს. 2026 წლის 28 ოქტომბერი, დემონტაჟი დასასრულისკენ მიდის
რას პასუხობს მერია ინვესტორს?
თბილისის მერიას სამშენებლო მოცულობის (67 761 კვ.მ-ის ფართობი) შეთანხმებაზე უარი არ უთქვამს - კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა და ამისთვის მას 30 დღე მისცა.
„სააგენტო საპროექტო წინადადებასთან დაკავშირებით მსჯელობას შეძლებს სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ“, - მისწერა „რიყე დომს“ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ.
Rike Tubes
„მშენებლობის ნებართვას გავცემთ, თუ პროექტი მისაღები იქნება ქალაქისთვის და ჩაჯდება მის ურბანულ განვითარებაში. მანამდე კი დაველოდებით. ჯერ ამ ტერიტორიაზე განაშენიანების არანაირი პროექტი არ შესულა“ - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ 28 ოქტომბერს.
თბილისის მერიის განცხადება
„რიყის დოქების“ ადგილას რომ სასტუმრო აშენდება, ეს საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულებაშიც წერია, რომელსაც ხელს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
მთავრობის ამ განკარგულებით, ტერიტორიას უკვე მოუხსნეს ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა, მანამდე იქ მდგარი შენობები მხოლოდ რეკრეაციული დანიშნულების უნდა ყოფილიყო, რაც ბიზნესისთვის არ იყო მომხიბვლელი.
“ანუ რეალურად, მიწის ნაკვეთს მოეხსნა ის შეზღუდვა, რის გამოც, მისი ფასი, გაყიდვის დროს, საწყის ფასზე ათჯერ შემცირდა. მეტიც, სახელმწიფომ მეპატრონეს იმის უფლებაც მისცა, შენობის დაშლის შემდგომ მასალებიც მასვე გაეყიდა და შემოსავალიც მას მიეღო.
შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ინვესტორმა, ამ ქონებაში გადახდილი ათი მილიონი ლარი დაშლილი მასალებიდანაც კი ამოიღო, რაც მაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სახელმწიფომ, ეს ქონება, ფაქტობრივად, გააჩუქა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე. აბესაძე „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” ყოფილი თავმჯდომარეა 2014-2016 წლებში.
მთავრობის განკარგულებით, „ინვესტორმა “რიყის დოქების” ადგილას უნდა ააშენოს სასტუმრო, ხოლო ინვესტიცია ჯამში უნდა იყოს არანაკლებ 44 000 000 (ორმოცდაოთხი მილიონი) ლარი“. ეს სასტუმრო უნდა ამუშავდეს შემდეგ ათ წელიწადში.
როგორი იქნება სასტუმრო კომპლექსი და ზუსტად რა მასშტაბის, ჯერჯერობით უცნობია.
დაშლილი "რიყის დოქები"
„შესაძლებელია, რიყეზე ვიღაცამ იცხოვროს კიდეც“
„ამ მოცულობის შენობაზე თანხმობა ნიშნავს სარეკრეაციო სივრცეში, ქალაქის ცენტრალური პარკში, ისტორიული განაშენიანების ზონაში ლამის ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობას“, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ამონარიდი შპს "რიყე დომის" მიერ მერიაში წარდგენილი მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებიდან
იმის ნათლად წარმოსადგენად, თუ რა მასშტაბის მშენებლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ირაკლი აბესაძემ ფოტომონტაჟით, რიყის დოქების ადგილას დაახლოებით ამ მოცულობის შენობა "ჩადგა" და დაწერა, რომ არათუ მშენებლობის დაწყების წინ, არამედ, შენობა-ნაგებობის მოცულობის ეტაპზეც აუცილებელია მერიას ხელი მიუწვდებოდეს ყველა საჭირო კვლევასა და სპეციალისტების მოსაზრებებზე.
ფოტომონტაჟი, რომელიც ირაკლი აბესაძემ საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნა თვალსაჩინოებისთვის, თუ რა მოცულების შენობა შესაძლოა აშენდეს "რიყის დოქების" ადგილას
„ყველაზე ცოტა, რაც ახლა თბილისის მერიამ უნდა გააკეთოს, ამ პროცესის საჯაროობაა“, - ეუბნება ირაკლი აბესაძე რადიო თავისუფლებას:
„თავის დროზე, „რიყის დოქების“ მოცულობა და არქიტექტურული იერ-სახეც იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ დღეს არსებობს საფრთხე, რომ გაცილებით უარესი რეალობა მივიღოთ. აღარაფერს ვამბობ შენობის დანიშნულებაზე. თუ „დოქებს“ სარეკრეაციო ფუნქცია უნდა ჰქონოდა (საგამოფენო სივრცე და საკონცერტო დარბაზი), ახლა ნამდვილად ვიცით, რომ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, რიყეზე სასტუმრო აშენდება“.
ირაკლი აბესაძე ვარაუდობს, რომ სასტუმროს მოჰყვება რესტორნები, კაზინო და შესაძლოა, სასტუმრო აპარტამენტებიც კი:
- „წარმოგიდგენიათ? შესაძლებელია, რიყეზე ვიღაცამ იცხოვროს კიდეც“, - ამბობს ის.
ასე გამოიყურებოდა "რიყის დოქები" დაახლოებით ერთი თვის წინ
„და პირსახოცები გადმოფინონ პირდაპირ რიყეზე“, - ამატებს ხელოვნებათმცოდნე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქრის" წევრი თამარ ამაშუკელი.
ზონის სტატუსის შეცვლა, რასაც ინვესტორი ახლა ითხოვს, მისი აზრით, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ის იქ ააშენებს აპარტოტელს (სასტუმრო-ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი - რ.თ.) და:
"რიყე თავის ფუნქციას ბოლომდე დაკარგავს“.
ხელოვნებათმცოდნე გვიხსნის, რომ დღეს, ამ ტერიტორიაზე მოქმედი კოეფიციენტით, ინვესტორს მხოლოდ 12 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება შეუძლია, ეს კი, თამარ ამაშუკელის აზრით, ვერც ერთი ინვესტორისათვის იქნებოდა მიმზიდველი და ყიდვას გადააწყვეტინებდა. ამიტომ, მისი ვარაუდითაც, ეს წინასწარ შეთანხმებული პროცესია:
„რა პროცესსაც ახლა ვადევნებთ თვალს, მგონია, რომ ეს ძალების მოსინჯვაა, როგორ შეხვდება ამას საზოგადოებრივი აზრი. ჯერ ათ სართულს მოსინჯავენ. მერე შეიძლება ხუთ სართულზე ჩამოვიდნენ. ამიტომ ახლა მთავარი არის დათანხმდება თუ არა მერია ამ ზონის სტატუსის შეცვლას".
თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ შეუძლებელია მერიამ დაასაბუთოს რატომ შეიძლება პარკი გადაკეთდეს "საზოგადოებრივ-საქმიან" ზონად, თუ, ცხადია, არ დაწერენ, რომ "მაქრო ქონსტრაქშენის" კიდევ უფრო გამდიდრება სურთ":
"სხვა დასაბუთება არ არსებობს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ვერ გაბედონ", - ამბობს ხელოვნებათმცოდნე.
ჯერ უპასუხოდ დარჩენილი კითხვები
კითხვებით „რიყის დოქების“ მფლობელ კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენსაც“ (რომელიც თავის მხრივ არის „რიყე დომის“ მფლობელი) მივმართეთ. გვაინტერესებდა:
- რამდენსართულიანი იქნება რიყეზე დაგეგმილი სასტუმრო კომპლექსი და რას მოიცავს ის.
- რადგან გამოითქვა ვარაუდი, რომ მიწის ნაკვეთისთვის მოთხოვნილი ფუნქციური ზონის (სსზ-2) გათვალისწინებით, შესაძლოა, საუბარი იყოს დაახლოებით 10 სართულიან შენობის აშენებაზე, - ვითხოვეთ ამ ვარაუდის დადასტურება ან პირიქით, უარყოფა.
- დავინტერესდით, სასტუმროს გარდა, ხომ არ არის დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე მაგალითად, კაზინოს, რესტორნების და სხვა თანმდევი პროფილის დაწესებულებების გახსნა.
- თუ არსებობს უკვე იდეურად რაიმე პროექტი? ან მონახაზი, რომლის რაიმე დეტალის გაზიარებაც შესაძლებელია. ჩვენთვის?
- ვითხოვეთ შესაბამისი კვლევები. ასევე მოვითხოვეთ ინფორმაცია წარადგინეს თუ არა ეკონომიკის სამინისტროში საექსპერტო დასკვნა, რა საბაზრო ღირებულების იქნებოდა “რიყის დოქების” მასალა დაშლის შემდგომ და ვითხოვეთ ამ ღირებულების შესახებ ინფორმაციაც.
კომპანიის დირექტორმა, ბელარუსის მოქალაქე ევგენი ნესტერენკომ კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვა და დაგვპირდა, რომ გვიპასუხებს. მიღების შემთხვევაში პასუხი აისახება აქ.
საექსპერტო დასკვნა და ინფორმაცია “რიყის დოქების” მასალის დაშლის შემდგომ საბაზრო ღირებულების შესახებ გამოვითხოვეთ ეკონომიკის სამინისტროსგანაც. სტატიის გამოქვეყნებამდე არც მათი პასუხი მიგვიღია.
ასევე ნახეთ
მთავრობამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის უფლება გასცა - შესაძლოა მის ნაცვლად სასტუმრო აშენდეს"რიყის დოქების" მიმდებარე ტერიტორია, დაშლილი მასალის ნარჩენები
რა ეტაპების გავლაა საჭირო მშენებლობის დასაწყებად?
იმისთვის, რომ რიყის პარკში მშენებლობა დაიწყოს, ჯერ გეგმარებითი დავალება უნდა დამტკიცდეს. ამის შემდეგ:
- მზადდება განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) სრული პროექტი.
- შემდეგ, არქიტექტორები და ურბანისტები ამზადებენ დეტალურ პროექტს დამტკიცებული გეგმარებითი დავალების მკაცრი დაცვით (მოიცავს სატრანსპორტო სქემას, ინფრასტრუქტურას, კორპუსების განლაგებასა და კეთილმოწყობას).
- კანონმდებლობის შესაბამისად, გრგ-ს პროექტი გადის საჯარო განხილვის ეტაპს.
- პროექტი ეგზავნება სხვადასხვა მუნიციპალურ თუ სახელმწიფო უწყებას (მაგ., სატრანსპორტო სამსახურს, ენერგოკომპანიებს, გარემოს დაცვის სამსახურს და ა.შ.) დასკვნების მისაღებად.
- ყველა შეთანხმებისა და საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, გრგ-ს საბოლოო პროექტი დასამტკიცებლად ეგზავნება საკრებულოს (თბილისში – თბილისის საკრებულოს), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების შესახებ.
- და ბოლოს მესაკუთრე იწყებს კონკრეტული არქიტექტურული პროექტების მომზადებას და ითხოვს მშენებლობის ნებართვას.
ინვესტორი ახლა ამ პროცესის საწყის ეტაპზეა.
ასევე ნახეთ
„რიყის დოქების“ ნაშალი მასალა იყიდებაროგორ იყიდებოდა და ინგრეოდა “რიყის დოქები” - ფაქტები
2026 წლის 13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ „ევროპის მოედანზე“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენებული „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა გასცა.
ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა: „მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“.
„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვისურვებდი იქ ყოფნას იმ დღეს, როდესაც მის დანგრევას დაიწყებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას “რიყის დოქების” პროექტის ავტორმა, იტალიელმა არქიტექტორმა, მასიმილიანო ფუკსასმა.
ასევე ნახეთ
ეს სიგიჟეა - ინტერვიუ „რიყის დოქების“ არქიტექტორ მასიმილიანო ფუკსასთან„რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხებოდა - იქ ხელოვნების ცენტრის და მუსიკისა და დრამის თეატრის განთავსება იგეგმებოდა, მოგვიანებით კი ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.
ასე გამოიყურებოდა "რიყის დოქები" დანგრევამდე. ფოტო არქივიდან, 2014 წელი.
“დოქების” გაყიდვას “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ცდილობდა.
საბოლოოდ, 2022 წელს, აუქციონზე არაერთხელ გატანის შემდეგ (მეექვსე მცდელობაზე) ობიექტი 10 მილიონ ლარად გაიყიდა - ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის ხელში აღმოჩნდა.
“რიყის დოქების” თავდაპირველი ფასი 95 მილიონი ლარი იყო.
ხიდაშელის კომპანიამ, GLOBAL VICTORY TRUST-მა ვალდებულებად აიღო, რომ 36 თვის განმავლობაში, 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმის, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოსაწყობად.
2025 წელს დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა.
„რიყის დოქების“ ახალი მფლობელი გახდა 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანია „რიყე დომი“;
ამ დროისათვის, რეესტრში კომპანიის დირექტორად მითითებულია მიხეილ ტყეშელაშვილი, რომელიც ამავდროულად მართავს „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის კომპანიების წილებს. მათ შორის - „ჯი ჯი ჯი ჯორჯიაში“, GORAGROUP-ში, Parna-სა და ა.შ.
„რიყე დომს“, თავის მხრივ, ფლობდა 2017 წელს რეგისტრირებული „ნ.გ.ბ.“. ამ კომპანიას კი ფლობდა ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი.
შპს „რიყე დომი“ 2025 წლის 10 ივნისს კომპანია შპს „მაქრო ფროფერთიმ“ იყიდა. ამ კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის შპს „მაქრო ქონსთრაქშენს“.
თავის მხრივ, ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ქართულ-თურქული მოქალაქეობის მქონე ემინ უჩარი.
ასევე ნახეთ
„რიყის დოქები“ გაიყიდავინ არის ემირ უჩარი?
OCCRP და "აი, ფაქტის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თურქმა ბიზნესმენმა ქონება აზერბაიჯანის ავტონომიურ ოლქში, ნახიჩევანში იშოვა.
ემინ უჩარი, 27 წლის განმავლობაში ნახიჩევანის მმართველის, ვასიფ თალიბოვის ოჯახის ახლობელია. როგორც “აი, ფაქტი” წერს, ის ხელმძღვანელობს მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიებს, რომელთა კავშირი თალიბოვების ოჯახთან საჯაროდ იყო ცნობილი. ხოლო კომპანიებს, რომელსაც ემინ უჩარი ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანში ათეულობით სახელმწიფო ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ემინ უჩარმა ბოლო წლებში საქართველოში 270 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიზნესი და უძრავი ქონება დააგროვა. მათ შორის არის სამი სასტუმრო, რომელიც სტუმარმასპინძლობის სფეროში ფრანგული გიგანტი კომპანიის, Accor-ის პარტნიორია.
„მარქო ჯგუფის“ ვებგვერდის მიხედვით, კომპანია ფლობს არაერთ სასტუმროსა და ბიზნესს საქართველოში. ესენია:
- სასტუმროები - Mercure Tbilisi Old Town-ი და Ibis Styles Tbilisi Center;
- ავეჯის ფაბრიკა Glorya, ავეჯის მაღაზია Bellissa;
- სახლის აქსესუარების მაღაზია Madamme Coco;
- რესტორანი Dinehall-ი.
პროექტის განხორციელება და ამისათვის 44 მილიონი ლარის დახარჯვა (დღგ-ის გარეშე) “რიყე დომს“ 2030 წლის 5 მაისამდე დაევალა.
რა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება?
თამარ ამაშუკელის აზრით, ერთადერთი სწორი გზა - თბილისის ისტორიული პარკის შენარჩუნებაა.
თავის დროზე ის რიყის პარკში "დოქების" დადგმის წინააღმდეგი იყო. ხოლო როდესაც შენობის დანგრევა გადაწყდა - დაშლის და სხვა ადგილას გადატანის.
ირაკლი აბესაძის შეფასებით კი, თუ ეს ტერიტორია ზედ მდგარი შენობა-ნაგებობებით მაინც უნდა გაყიდულიყო, უკეთესი გამოსავალი იქნებოდა მიწის ნაკვეთის ღირებულების შეფასება მისი სამშენებლო განვითარების პირობით - ამ შემთხვევაში ინვესტორი ბიუჯეტში გადაიხდიდა გაცილებით დიდ თანხას, ვიდრე რეალურად გადაიხადა და ვერ იყიდდა ქალაქის ისტორიულ ცენტრში მიწის ნაკვეთს იმ ფასად, რა ფასიც, მისი თქმით, "დღეს ადევს მიწას გლდანში ან თბილისის რომელიმე გარეუბანში”.