2026 წლის 22 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაჩქარებული წესით მიიღო კანონები, რომლებიც ქვეყნიდან წასულ და რუსეთის მართლმსაჯულებისგან თავის არიდებაში დადანაშაულებულ რუსეთის მოქალაქეებს ეხება. დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ეს კანონები, უპირველეს ყოვლისა, რეჟიმის იმ კრიტიკოსების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს (რომლებსაც მან „გადაგვარებულები“ უწოდა). გარდა ამისა, „ხალხის მტრების“ ახალ რეესტრში მოხვედრილი პირები ვერ მიიღებენ საკონსულო მომსახურებას, ვეღარ განკარგავენ უძრავ ქონებას, რომელსაც შესაძლოა ყადაღა დაედოს. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს კანონები ფაქტობრივად მოქალაქეობის ჩამორთმევისა და სამოქალაქო სიკვდილის ტოლფასია.
სახელმწიფო დუმის მიერ მიღებული კანონები შემზღუდავ ზომებს უწესებს სამშობლოში მართლმსაჯულების მიერ დევნილ და საზღვარგარეთ წასულ რუსეთის მოქალაქეებს. ეს შეზღუდვები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და, ხელისუფლების შეფასებით, თავს არიდებენ სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას ან არ იხდიან ადმინისტრაციულ ჯარიმებს.
სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, ახალი ნორმები საშუალებას მისცემს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დააკისროს „იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, მაგრამ განაგრძობენ მისთვის ზიანის მიყენებას“.
„აქ, ქვეყნის შიგნით, ჩვენ თავად გავერკვევით, ხოლო ვინც წავიდა - მორჩა. იფიქრონ იმაზე, როგორ გამოცხადდნენ სასამართლოს წინაშე ნებაყოფლობით. სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი“, - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი და ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ)
კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში შეიტანა 13-მა დეპუტატმა, მათ შორის იანა ლანტრატოვამ, რომელიც ამჟამად რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის (ომბუდსმენის) თანამდებობას იკავებს.
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვასილი პისკარიოვმა მაშინ განმარტა, რომ კანონის მიზანი იმ ადამიანების დასჯაა, რომლებიც სამშობლოს საზღვარგარეთიდან აკრიტიკებენ.
„ისინი დასავლეთში, ასე ვთქვათ, ნატოს იურისდიქციის ქვეყნებში, საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობენ. თავს თავისუფლებისთვის მებრძოლებად წარმოაჩენენ და დასავლელი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ძალიან, ძალიან კარგად ცხოვრობენ. იქ მათ მფარველობენ და ხელშეუხებლობასაც უზრუნველყოფენ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი დასავლეთის რიგი ქვეყნების სტრუქტურების მიერ აქტიურად არიან ჩართულნი ანტირუსულ საქმიანობაში. მათთვის ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ მიხვდნენ: მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი გარდაუვალია”.
ასევე ნახეთ
როგორ ვაქციოთ მწერალი "უცხოურ აგენტად" და "ტერორისტად" - ბორის აკუნინის მაგალითირა აკრძალვები წესდება?
თავდაპირველად კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ მსჯავრდადებულ და ჯარიმების არგადამხდელ ემიგრანტებს გაუყინავდნენ საბანკო ანგარიშებს, მათ აეკრძალებოდათ როგორც მინდობილობით გარიგებების გაფორმება, ასევე პრაქტიკულად ყველა საკონსულო მომსახურებით სარგებლობა (მათ შორის ახალი უცხოური პასპორტის მიღება, ქორწინების რეგისტრაცია და სახელის შეცვლა), დისტანციურად სახელმწიფო სერვისებითა და საბანკო ანგარიშებით სარგებლობა, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება და კრედიტების აღება.
მეორე მოსმენისთვის კანონპროექტს დაემატა პირდაპირი აკრძალვები სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისთვის. კერძოდ:
- როსრეესტრს ეკრძალება დევნილი ემიგრანტების განცხადებების განხილვა უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ;
- ბანკებს ეკრძალებათ ასეთი პირებისთვის ფულადი გადარიცხვების განხორციელება მობილური აპლიკაციებისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით;
- ნოტარიუსებს ეკრძალებათ (დევნილ ემიგრანტთა სასარგებლო) ნებისმიერი სანოტარო მოქმედების შესრულება, გარდა მათი სიცოცხლისა ან მხედველობადაქვეითებული პირის ხელმოწერის ფაქსიმილეს შესაბამისობის დადასტურებისა.
კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები ძალაში შედის ემიგრანტის სპეციალურ სიაში შეტანიდან მეორე დღეს. ამ „სპეციალურ სიაში“ - რეესტრში, რომელსაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს და აქვეყნებს, მოხვდება ყველა ის პირი, ვინც, სამართალდამცავი ორგანოებისა და ფედერალური საგადასახადო სამსახურის შეფასებით, თავს არიდებს ძალაში შესული სასამართლო განაჩენებისა და ადმინისტრაციული სასჯელების აღსრულებას.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით დანაშაულთა ჩამონათვალი შეზღუდული არ არის - კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი დანაშაულისთვის დაკისრებული სასჯელის თავიდან არიდების შემთხვევაში.
რიგაში რუსეთის საელჩო და მის წინ ლატვიელი მხატვრის, კრიშ სალმანისის მიერ შექმნილი „პუტინის თავის ქალის“ პლაკატი, 2023 წლის იანვარი.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, აქ მიდგომა უფრო შერჩევითია. შეზღუდვები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დაჯარიმდნენ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროპაგანდის, არასასურველი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის, რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისა“ და სეპარატიზმისკენ მოწოდების მუხლებით.
რეესტრში შეყვანილი პირების წინააღმდეგ შესაძლებელი იქნება ქონებრივი სარჩელების წარდგენა, ხოლო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა მათი გაყინული ფინანსური აქტივებიდან ჩამოიჭრება.
„გადაგვარებულთა“ ახლო ნათესავებს, რომლებსაც დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვთ, დაჰპირდნენ „ჰუმანიტარულ დახმარებას“, რომელიც ასევე გაიცემა „გაქცეული ემიგრანტის” გაყინული ანგარიშიდან ან ქონებიდან. თუმცა ამ დახმარების დანიშვნის საკითხს მანამდე განიხილავს უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც, კანონის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩამოაყალიბებს. პირის რეესტრიდან („სპეციალურ სიიდან“) ამოღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი რუსეთში დაბრუნდება ან დაკისრებულ სასჯელს სრულად მოიხდის.
ასევე ნახეთ
„უცხოეთის აგენტის სტატუსი სულაც არ არის ფორმალობა“ - ინტერვიუ ეკატერინა კოტრიკაძესთანვის შეეხება
იურისტთა განმარტებით, მთლიანობაში, რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონები შეეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რუსეთის სასამართლომ გაასამართლა, მაგრამ განაჩენი არ აღსრულდა. პირველ რიგში, ეს ეხება რუსეთში ფართოდ გავრცელებულ იმ პრაქტიკას, როდესაც პოლიტიკური საქმეების გამო ადამიანებს დაუსწრებლად ასამართლებენ. თუმცა კანონი მხოლოდ პოლიტიკურ საქმეებს არ ეხება. საუბარია ნებისმიერ დანაშაულზე, რომლისთვისაც დაკისრებული სასჯელი არ აღსრულებულა. ცალკე არის აღნიშნული, რომ ამ კატეგორიაში მოხვდებიან ისინიც, ვისაც პოლიტიკური ხასიათის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო აკისრებენ პასუხისმგებლობას. უპირველესად, ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მოთხოვნებს არ ასრულებენ. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არა მხოლოდ თავად „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებულ ან მათთან დაკავშირებულ პირებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც, მაგალითად, გააზიარეს „უცხოელი აგენტის“ პოსტი შესაბამისი სავალდებულო აღნიშვნის გარეშე.
რუსეთის მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის 27 სექტემბერი.
იურისტთა განმარტებით, კანონის სხვა მუხლები ეხება „არასასურველ ორგანიზაციებთან“ თანამშრომლობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებას და რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციას“.
„ეს კანონი, ფაქტობრივად, ადამიანებს ფუნდამენტურ უფლებებს უზღუდავს. აქ აშკარად ჩანს ბელარუსული სცენარის გამეორება, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას იურისტმა მაქსიმ ოლენიჩევმა, - რამდენიმე წლის წინ ბელარუსის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ პასპორტების გაცემა შეწყვიტა და განაცხადა, რომ პასპორტის მიღება მხოლოდ ბელარუსში ჩასვლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს გადაწყვეტილებების გამო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ქვეყანაში დაბრუნდნენ და ხელისუფლების ხელში აღმოჩნდნენ. შედეგად, ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა, ფაქტობრივად, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორება მოახდინოს.“
ასევე ნახეთ
"იგრძნობოდა, რომ რაღაც ცუდი მწიფდებოდა": თავიანთი ქვეყნიდან გაქცეული რუსების ხმები„სამოქალაქო სიკვდილი“
ემიგრაციაში მცხოვრები ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რადიოწამყვანი და DW-ს კოლუმნისტი, ტატიანა ფელგენგაუერი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონებს „სამოქალაქო სიკვდილით დასჯას“ უწოდებს.
“წარმოიდგინეთ, რომ თქვენ „უცხოელი აგენტი“ ხართ. ამ სიაში კი სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან, მათ შორის ტულის ოლქის მერძევე ქალიც, - წერს ჟურნალისტი, - თქვენ ვეღარ განკარგავთ საკუთარი შემოსავლების ნაწილს. ეს თანხები სპეციალურ ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს. ნებისმიერი საჯარო გამოსვლა, იქნება ეს ტექსტი, აუდიო თუ ვიდეო, სპეციალური გაფრთხილებით უნდა დაიწყოთ. ყველა ფინანსური ოპერაციის შესახებ ანგარიშს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს აბარებთ. ამასთან, თქვენ „ტოქსიკურ კონტაქტად“ იქცევით, რადგან ნებისმიერი ადამიანი, ვინც თქვენთან საჯაროდ იურთიერთებს, შესაძლოა იმავე რეესტრში შეიყვანონ”.
ტატიანა ფელგენგაუერის თქმით, იმთავითვე ცხადი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლება იმ შეზღუდვებით არ დაკმაყოფილდებოდა, რომლებიც თავდაპირველად, 2014 წელს გამოცხადდა.
“სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის, რეგულარული გამოსვლებიდან კარგად ჩანს, რამდენად აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ბევრი ცნობილი „უცხოელი აგენტი“ ემიგრაციაში არ გამქრალა, არამედ აგრძელებს მუშაობას და შემოსავლის მიღებას. ამიტომ წასულ მსახიობებსა და მწერლებს ჩამოართვეს შემოსავლები, რომლებსაც ალბომებიდან, წიგნებიდან, ფილმებიდან და სხვა საავტორო უფლებებიდან იღებდნენ. თუმცა ესეც არასაკმარისი აღმოჩნდა, რის შემდეგაც „უცხოელ აგენტებს“ აუკრძალეს პედაგოგობა, საგანმანათლებლო საქმიანობა, ასევე რეკლამის განთავსება და გავრცელება. მოკლედ, ეს ყველაფერი აშკარად ჰგავს ადამიანების ეკონომიკურად დახრჩობის მცდელობას”.
იურისტებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი დუმის მიერ მიღებული ახალი შეზღუდვები ფაქტობრივად ტოლფასია მოქალაქეობის ჩამორთმევისა, რაც რუსეთის კონსტიტუციით აკრძალულია.
„ამ კანონს „სამოქალაქო სიკვდილის კანონი“ უწოდეს, რადგან ის რუსეთიდან ემიგრაციაში წასულ და პოლიტიკური ხასიათის სამართალდარღვევების გამო დევნილ ადამიანებს ძირითად სამოქალაქო უფლებებს ართმევს, - ამბობს იურისტი მაქსიმ ოლენიჩევი, - ადამიანები ვეღარ მიიღებენ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, დაბადების მოწმობას და სხვა მსგავს საბუთებს. ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი აუცილებელია მათთვის, ვინც რუსეთის ფარგლებს გარეთ ინტეგრაციას ცდილობს, რადგან მათზე აპოსტილის დასმაა საჭირო. თუ ადამიანებმა ამის გაკეთება კანონის ძალაში შესვლამდე ვერ მოასწრეს, ამის შემდეგ ამ დოკუმენტების მიღება უკვე შეუძლებელი იქნება”.
მაქსიმ ოლენიჩევი
აპოსტილი - საერთაშორისო დამადასტურებელი შტამპი (ან ელექტრონული სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს, რომ ოფიციალური დოკუმენტი ნამდვილია და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ქვეყანაში.
როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ფაქტობრივად, რუსეთის სახელმწიფო უარს ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს ჩვეულებრივი სამოქალაქო უფლებების განხორციელებაზე - საკუთარი ქონებით სარგებლობაზე, ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტის მიღებაზე - ისე, რომ თვითონ ინარჩუნებს უფლებას, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არის ჩადენილი, მაშინაც კი, თუ ეს ადამიანები საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
ასევე ნახეთ
ვის და როგორ ართმევდნენ მოქალაქეობას საბჭოთა პერიოდშისწორება III რაიხზე
ჟურნალისტი კირილ შულიკა დარწმუნებულია, რომ კანონის მიღებით რუსეთის ხელისუფლების მიზანია, ქვეყნიდან წასული ადამიანები საბოლოოდ და სრულად მოწყვიტოს რუსეთს.
“რუსეთის ხელისუფლებას საზღვრები იმის გამო არ აქვს ღია, რომ ადამიანებმა მხოლოდ დროებით დატოვონ რუსეთი. ისინი სამუდამოდ უნდა წავიდნენ ქვეყნიდან. მთელი ეს სისტემა საბჭოთა გამოცდილებაზეა აგებული. მაშინ ხალხს ქვეყნიდან არ უშვებდნენ, ახლა კი პირიქით - უშვებენ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკან ვეღარ დაბრუნდნენ და ქვეყანასთან ყოველგვარი კავშირი დაკარგონ”, - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ანდრეი პივოვაროვის თქმით კი, ახალი კანონი თავისთავად უკვე შექმნილ რეპრესიულ მექანიზმს დიდად არაფერს მატებს, თუმცა მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება:
“ეს კანონი ნაკლებად არის მიმართული უკვე წასული ადამიანების წინააღმდეგ. ის, უფრო მეტად, მორიგი საფრთხობელაა ქვეყნის შიგნით მცხოვრები მოსახლეობისთვის და იმ პირებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ ჯერჯერობით საკუთარ პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებენ. ხელისუფლება აჩვენებს, რა შეიძლება დაემართოთ მათ, თუ დამოუკიდებელ მედიას ინტერვიუს მისცემენ, ხელისუფლებას გააკრიტიკებენ ან ომზე სიმართლეს იტყვიან. ეს ადამიანებისთვის ფინანსური ზეწოლის გზით ხმის ჩახშობის კიდევ ერთი მცდელობაა“.
ბლოგერი რუსტემ ადაგამოვი კი უახლესი ისტორიის უფრო შორეულ პერიოდს გადასწვდა და პარალელი გაავლო რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისა და მესამე რაიხის საკანონმდებლო ძალისხმევებს შორის:
„1933 წლის 14 ივლისი, ბერლინი. ჰიტლერის მთავრობა იღებს დეკრეტებს, რომლებიც ითვალისწინებს სახელმწიფოსა და ხალხის „მტრებად“ გამოცხადებული პირებისა და ორგანიზაციების მთელი ქონების კონფისკაციას, ასევე მოქალაქეობის ჩამორთმევასა და საკუთრების ჩამორთმევას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას უცხოეთიდან აკრიტიკებენ და სამშობლოში დაბრუნებაზე უარს ამბობენ. ცალკე გათვალისწინებულია მათი ნათესავების დაპატიმრებაც, როგორც ზეწოლის მეთოდი. ფორმულირება მაქსიმალურად ფართოა - საკმარისია, შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანი „მარქსისტად“ ან უბრალოდ „მტრულად განწყობილად“ გამოაცხადოს“.
გერმანიის ახალი კანცლერი ადოლფ ჰიტლერი, ვიცე-კანცლერი ფრანც ფონ პაპენი (ჰიტლერის მარცხნივ) და იოზეფ გებელსი (მარჯვნივ), 1933 წლის მარტი
რუსტემ ადაგამოვის თქმით, ზუსტად 93 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება თითქმის იმავე გზას გადის, რადგან სქემა პრაქტიკულად იდენტურია.
„1933 წელს ჰიტლერის რეჟიმის კრიტიკოსი თუ უცხოეთში წავიდოდა, კარგავდა ქონებას, მოქალაქეობას და ხშირად საკუთარი ნათესავების თავისუფლებასაც. 2026 წელს პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი კარგავს ქონებას, საკუთარ ფულსა და უძრავ ქონებაზე წვდომას, ასევე დოკუმენტების გაფორმების შესაძლებლობას. მექანიზმი იგივეა: საზღვარგარეთ ცხოვრება (ეკონომიკური და ყოფითი თვალსაზრისით) იმდენად გაუსაძლისი უნდა გახდეს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ადამიანს მაქსიმალურად ძვირი დაუჯდეს. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ „სახელმწიფოსა და ხალხის მტრების“ ნაცვლად ახლა მათ „პასუხისმგებლობისგან თავის ამრიდებლებს“ და „დისკრედიტაციის ჩამდენებს“ უწოდებენ“, - ამბობს რუსი ბლოგერი.