პოკროვსკის ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დამანგრეველ შედეგებს. ოდესღაც მშვიდობიანი და აყვავებული ქალაქი დღეს მოსახლეობისგან დაცლილი და განადგურებულია.
2025 წლის ოქტომბრის დასასრულს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარეს, რომ პოკროვსკში სიტუაცია უკიდურესად გაუარესდა. ზოგიერთმა სამხედრო მეთაურმა და ანალიტიკოსმა მაშინ იწინასწარმეტყველა, რომ ქალაქი შეიძლება ახალ წლამდე დაცემულიყო, სხვები, უფრო პესიმისტურად განწყობილნი, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოელოდნენ ამას.
1 დეკემბერს გამოქვეყნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსულმა ჯარებმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში დაიკავეს ქალაქები პოკროვსკი და ვოვჩანსკი. 1 დეკემბრის საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩებოდა.
უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState, რომელიც ფრონტის ხაზზე ბრძოლებს აკვირდება, რუკაზე ასახავს იმ მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას, სადაც ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ პოკროვსკის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებას. აშშ-ში დაფუძნებული ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ობიექტური დაკვირვების მონაცემების გეოლოკაციის საფუძველზე, ნოემბრის ბოლოს ქალაქის 46% რუსეთის სამხედროების კონტროლის ქვეშ იყო.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 1,5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პოკროვსკი რჩებოდა ზურგის ქალაქად, სადაც თავს იყრიდნენ როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები. სამხედროები აღმოსავლეთისკენ, ფრონტისკენ მიემართებოდნენ, ხოლო სამოქალაქო პირები - დასავლეთისკენ, თავშესაფრის საძებნელად. ფრონტის ხაზის მოახლოების მიუხედავად, ქალაქი ცდილობდა ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ 2024 წლის ზაფხულიდან რუსეთის არმიამ გააძლიერა იერიშები. ყოველდღიური დაბომბვების შედეგად, პოკროვსკი სწრაფად იქცა ნანგრევებად და გაუკაცრიელდა.
ქალაქ პოკროვსკის განადგურების ისტორიას გიყვებით რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ შეგროვებული ფოტოების გამოყენებით.
2022 - ცხოვრებას ვერ შეაჩერებ
რუსეთმა პოკროვსკს პირველად 2022 წელს დაარტყა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს.
ადგილობრივი მცხოვრებლები პოკროვსკზე რუსული დარტყმის შედეგად დანგრეული სახლის მახლობლად. 2022 წლის 15 ივნისი
ომის დაწყებიდან მოყოლებული, პოკროვსკში ხალხი დონბასის სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩადიოდა - როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული დასახლებებიდან, ასევე რუსული არმიის დაბომბვის შედეგად დანგრეული დასახლებებიდან.
პოკროვსკის რკინიგზის სადგური: ხალხი დნიპროსა და ლვოვისკენ მიმავალი საევაკუაციო მატარებლების მოლოდინში. 2022 წლის 25 ივნისი
ამ დროს პოკროვსკი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებას ცდილობდა.
24 წლის ირინა ბუდაკოვას ხელში უჭირავს შვილი, რომელიც ორი დღის წინ გააჩინა. პოკროვსკის სამშობიარო სახლი. 2022 წლის 6 ივლისი
„ზოგჯერ გვიწევდა მშობიარობის მიღება დაბომბვის დროს“, - უთხრა Reuters-ს პოკროვსკის პერინატალური ცენტრის დირექტორმა, ივან ციგანოკმა. „მშობიარობა ისეთი პროცესია, რომლის შეჩერება შეუძლებელია“.
ქვიშის ტომრები პოკროვსკის სამშობიარო სახლის ფანჯრებში. 2022 წლის 29 ივნისი
ამ დროს ბავშვები ჯერ კიდევ თამაშობდნენ ეზოებში.
2022 წლის 24 ივნისი
2023 - დამშვიდობებები
2023 წელს პოკროვსკი იყო დამშვიდობების ქალაქი - ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე სწორედ აქედან ემშვიდობებოდა დონბასს და მიემგზავრებოდა ევაკუაციაში.
50 წლის ცოლ-ქმარი - ტატიანა და ანატოლი პლატფორმაზე ემშვიდობებიან ერთმანეთს. ტატიანა საევაკუაციო მატარებლით მიემგზავრება ლვოვში, ანატოლი კი რჩება. პოკროვსკი. 2023 წლის 8 იანვარი
ბიჭი თავის კატასთან ერთად, ევაკუაციით გამგზავრების წინ. პოკროვსკი. 2023 წლის 9 თებერვალი
ამასობაში, რუსეთის არმიამ გააძლიერა ქალაქის დაბომბვა - ბევრი ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში, მრავალი სახლი განადგურდა.
ქალი მრავალსართულიანი შენობის წინ ელოდება ძმის ნანგრევებიდან გამოყვანას. შენობა ძლიერ დაზიანდა რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. პოკროვსკი. 2023 წლის 15 თებერვალი
დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები პოკროვსკზე რუსული არმიის საარტილერიო თავდასხმის შემდეგ. 2023 წლის 21 ივნისი
ახალგაზრდა კაცი დაჭრილი გოგონას გადარჩენას ცდილობს. პოკროვსკი, 2023 წლის 7 აგვისტო
რუსი სამხედროები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით - უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, მართვადი საავიაციო ბომბებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ მისი არმია, სრულმასშტაბიანი ომის დროს, მიზანმიმართულად ურტყამს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს საავადმყოფოებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ენერგეტიკულ და წყლის მომარაგების ობიექტებს.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ იერიშებს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ეს მიზანმიმართულებად კეთდება.
ქალი თავის ბინაში მორიგი დაბომბვის შემდეგ. პოკროვსკი. 2023 წლის 8 აგვისტო
დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლები პოკროვსკში. 2023 წლის 8 აგვისტო
პოკროვსკის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი. 2023 წლის 8 აგვისტო
2023 წლის ბოლოსთვის პოკროვსკში ცხოვრება თანდათან ჩაკვდა: ადგილობრივმა მოსახლეობამ ევაკუაცია დაიწყო, დაიხურა სუპერმარკეტები და ადგილობრივი ბიზნესი.
2024 - ნგრევა
2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშებში გამოჩნდა პოკროვსკის მიმართულება. წელი რუსული დაბომბვით დაიწყო.
პოკროვსკი დაბომბვის შემდეგ. 2024 წლის 21 თებერვალი
პოკროვსკი დაბომბვის შემდეგ. 2024 წლის 21 თებერვალი
ვითარება გაუარესდა. 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში რუსულმა არმიამ ავდიივკა აიღო და სამხრეთ-აღმოსავლეთით კიდევ უფრო წინ წაწია. ამავე წლის აპრილში რუსულმა არმიამ გაარღვია ფრონტის ხაზი სოფელ ოჩერინოსთან, დასახლებასთან, რომელიც პოკროვსკიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
რუსეთის არტილერიის დაბომბვის შემდეგ 97 წლის ლიდია ლომინევსკაია პოკროვსკში ფეხით ჩავიდა ქალაქ ოჩერეტინოდან. ფოტო გადაღებულია პოკროვსკის თავშესაფარში. 2024 წლის 28 აპრილი
დაბომბვის მიუხედავად, ბევრი ადგილობრივი მცხოვრები პოკროვსკში დარჩა.
ქალაქის მცხოვრებლები წყალს აგროვებენ ბიუვეტში. 2024 წლის 16 აპრილი
ტრაქტორი მინდორში მუშაობისას პოკროვსკის მახლობლად. 2024 წლის 7 აპრილი
ფრონტის ხაზი თანდათან უახლოვდებოდა ქალაქს; ზაფხულისთვის უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები უკვე პოკროვსკის რაიონში იყო.
ფრონტის ხაზი პოკროვსკის (მაშინ ავდიივკის) მიმართულებაზე: რუსული ტექნიკა ნაღმზე ფეთქდება. 2024 წლის 19 ივნისი
უკრაინელი ჯარისკაცები პოკროვსკის მახლობლად მდებარე მზესუმზირის მინდორში. 2024 წლის 13 აგვისტო
თავად ქალაქში სულ უფრო მეტი დანგრეული შენობა გაჩნდა, მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. აგვისტოს დასაწყისში, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, პოკროვსკში თითქმის 48 000 ადამიანი რჩებოდა (ომის დასაწყისში ქალაქის მოსახლეობა 60 000-ზე მეტი იყო). 20 აგვისტოს დაიწყო ბავშვიანი ოჯახების იძულებითი ევაკუაცია.
დაბომბვის შედეგად დანგრეული სკოლა. 2024 წლის 23 აგვისტო
ქალი ყიდულობს სურსათს მაღაზიაში, რომელიც მალე დაიხურება რუსული ჯარების წინსვლის გამო. პოკროვსკი. 2024 წლის 23 აგვისტო
ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად ქალაქში გაჩენილი ქვაბული. 2025 წლის 3 აგვისტო
ლტოლვილთა ნაკადი არ წყდებოდა, თუმცა 5 სექტემბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააჩერა ყველა საევაკუაციო მატარებელი: უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. დევნილებისთვის ახალ სატრანზიტო პუნქტად იქცა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე პავლოგრადი. ერთ თვეში პოკროვსკი დაახლოებით 12 000 ადამიანმა დატოვა. თუმცა, მასობრივი ევაკუაციის მიუხედავად, ქალაქში მაინც რჩებოდა 30 000-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
ქალები ჰყიდიან ყვავილებს დაკეტილი სუპერმარკეტის გვერდით. 2024 წლის 3 სექტემბერი
პოკროვსკის მიმართულება. 2024 წლის სექტემბერი
სექტემბრის შუა რიცხვებში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სავალდებულო ევაკუაციის მიუხედავად, ქალაქში რჩებოდა 16 000 ადამიანი, მათ შორის 177 ბავშვი და მათი მშობლები.
პოკროვსკი. 2024 წლის 24 სექტემბერი
4 ოქტომბერს ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მტერი პოკროვსკიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით იმყოფება.
2024 წლის ოქტომბერი: ე.წ. დრაკონის კბილები, ტანკსაწინააღმდეგო გამაგრებები, პოკროვსკის მახლობლად
ამ დროს ქალაქი დაცარიელებული იყო. არც ხალხი, არც მანქანები. ქუჩები სარეველებით დაიფარა, მხოლოდ მიტოვებული ძაღლები და გარეული ღორები დარბოდნენ - ასეთი იყო პოკროვსკის გარეუბანი იმ მიმართულებით, საიდანაც რუსული არმია უტევდა. ვინც უარი თქვა ევაკუაციაზე, ცდილობდა, შეძლებისდაგვარად, სახლში დარჩენილიყო. ქალაქის ერთ ნაწილში მაღაზიები ჯერაც მუშაობდა და ხალხის ნახვაც შეიძლებოდა, მაგრამ ქუჩებში უკვე თავდაცვითი მოწყობილობები გამოჩნდა.
„დრაკონის კბილების“ პოკროვსკში. 2024 წლის 20 ოქტომბერი
ოქტომბრის ბოლოს ქალაქში რჩებოდა 11 900 მცხოვრები, მათ შორის 55 ბავშვი. პოკროვსკის შენობების 80%-მდე დანგრეული იყო. ქალაქს აღარ მიეწოდებოდა გაზი, წყალი და ელექტროენერგია.
დანგრეული ხიდი პოკროვსკში. 2024 წლის 4 ნოემბერი
ქუჩების დასუფთავება. 2024 წლის 6 ნოემბერი
პოკროვსკის გარეუბნებიდან რუსული არმიის პოზიციებამდე ექვს კილომეტრზე ოდნავ მეტი რჩებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსები ქალაქს 152 მმ-იანი, 122 მმ-იანი ქვემეხებით და FPV დრონებით ბომბავდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ პერიოდში ქალაქს სტუმრობდა.
უკრაინის პრეზიდენტი აჯილდოებს სამხედროებს პოკროვსკში. 2024 წლის 18 ნოემბერი
ზაფხულის ბოლოს შემოიღეს კომენდანტის საათი - 15:00 საათიდან მეორე დღის 11:00 საათამდე.
პოკროვსკი. 2024 წლის დეკემბერი
2025 - განადგურება
2025 წელი კვლავ რუსული დაბომბვებით დაიწყო.
2025 წლის 21 იანვარი
ქალაქში რჩებოდა დაახლოებით 7000 ადგილობრივი მცხოვრები. „ამ დროისთვის ყველა ბავშვი ევაკუირებულია“, - განაცხადა პოკროვსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი დობრიაკმა 25 იანვარს.
2025 წლის 25 იანვარი
ის, რაც დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტისგან დარჩა. 2025 წლის 25 იანვარი
ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული წყლის განაწილება. პოკროვსკი. 2025 წლის 3 თებერვალი
იანვრის დასაწყისში პოკროვსკში მაღარო დაიხურა, თუმცა რამდენიმე მაღაზია, ფოსტის ერთი ფილიალი და ქალაქის საავადმყოფო შეზღუდულ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას, - განაცხადა მაშინ პოკროვსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი დობრიაკმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან საუბრისას. მთელი ქალაქი იბომბებოდა არტილერიითა და FPV დრონებით. დობრიაკის თქმით, დაბომბვის ინტენსივობა გაძლიერდა, შესაბამისად ქალაქში დარჩენილი ადამიანებისთვის საზოგადოებრივი სერვისების უმეტესობა მიუწვდომელი გახდა.
მარტის შუა რიცხვებისთვის პოკროვსკში 2500-ზე ცოტა მეტი ადამიანი რჩებოდა.
„თეთრი ანგელოზის“ რაზმის თანამშრომლები პოკროვსკიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას ახდენენ. 2025 წლის 12 აპრილი
პოლიციის თანამშრომლებს მიაქვთ პოკროვსკში დაღუპული მამაკაცის ცხედარი. 2025 წლის 12 აპრილი
დაღუპულებს იქვე, ეზოებში ასაფლავებდნენ. ინტენსიური დაბომბვის გამო სასაფლაოზე დაკრძალვა შეუძლებელი იყო.
საფლავები ქალაქში. 2025 წლის ზაფხული
პოკროვსკი 2025 წლის ივნისში
2025 წლის წლის ივნისიდან დაწყებული, ქალაქში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. ივლისში პოკროვსკში რუსეთის დიდმა დივერსიულმა ჯგუფმა შეაღწია. 15 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ ქალაქი გაწმენდილია, მაგრამ რუსების ცალკეული ჯგუფები განაგრძობდნენ ქალაქში შეღწევას. რუსული არმიის მოახლოებისა და დაბომბვის გამო, ქალაქზე წვდომა შეიზღუდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ივლისის ბოლოსთვის ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 23 ოქტომბერს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ვადიმ ფილაშკინმა, განაცხადა, რომ პოკროვსკში შენობების თითქმის 90% განადგურებული იყო.
სამი დღის შემდეგ, 26 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსული ჯარების პოკროვსკში შეღწევა. ამან მნიშვნელოვანი აჟიოტაჟი გამოიწვია, მიუხედავად ქალაქში სიტუაციის გაუარესების შესახებ ადრე გავრცელებული ინფორმაციისა. სამხედრო პერსონალი და ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ პოკროვსკი 1,5-2 თვეში დაეცემოდა, ხოლო უარეს შემთხვევაში, ნოემბრისთვის. ასევე იყო მოწოდებები სარდლობის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად ემოქმედა უკრაინული ძალების გასაყვანად. თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ქალაქის დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ არაერთხელ განაცხადა პოკროვსკის აღების შესახებ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ: რუსეთის ჯარს 21 თვე დასჭირდა ავდიივკის აღების შემდეგ დაახლოებით 40 კმ წინსვლისთვისა და პოკროვსკ-მირნოგრადის შტოს ალყაში მოქცევის ოპერაციის დასაწყებად. ISW-ის ექსპერტთა ვარაუდით, რუსეთი საბოლოოდ ორივე ქალაქს დაიპყრობს, თუმცა ექსპერტები ვადების დასახელებისგან თავს იკავებენ. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის დასაკავებლად რუსეთს რამდენიმეწლიანი მძიმე ბრძოლა დასჭირდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქალაქიდან ჯარების გაყვანის ნებისმიერი გადაწყვეტილება ადგილზე მყოფი სამხედრო მეთაურების გადასაწყვეტი საკითხია“.
არა მხოლოდ სამხედრო ექსპერტები და ჟურნალისტები, არამედ სამხედრო მოსამსახურეების ნათესავები და მშვიდობიანი მოქალაქეები სულ უფრო ხშირად განიხილავენ პოკროვსკის დაკარგვის შესაძლებლობას, ქალაქის შემდგომი დაცვის მიზანშეწონილობას და სანახევროდ ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გაყვანის დროულობას, სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, ალყაში მოქცევის მსგავსი საფრთხეები არაერთხელ წარმოიშვა - ბახმუტში, ავდიივკასა და უჰლედარში. ყოველ ჯერზე, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებდა ამ ქალაქების დაცვის გადაწყვეტილებას, ზოგჯერ მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად, ძირითადად საზოგადოებისთვის ასეთი გადაწყვეტილებების ლოგიკის ახსნის გარეშე.
უკრაინელ ჯარისკაცებს იერიში მიაქვთ პოკროვსკში მდებარე კერძო სახლზე, რომელსაც რუსი ჯარისკაცები აფარებდნენ თავს. სკრინშოტი ვიდეოდან, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-7 საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე კორპუსმა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოქტომბრის ბოლოს პოკროვსკში დაახლოებით 1250 მშვიდობიანი მოქალაქე რჩებოდა. ნოემბრის ბოლოსთვის (დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით), ეს მაჩვენებელი უცვლელი იყო.