ათასი მიზეზი ზეიმისთვის - როგორ აღინიშნება კასპობა, მთაბარობა, ტყიბულქალაქობა და სხვა დღეები

მაისიდან ნოემბრამდე რეგიონებში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა კონცერტებზე. აქედან დაახლოებით 1 მილიონი ქალაქების დღესასწაულების აღნიშვნას მოხმარდა, ნახევარ მილიონზე მეტი - მომღერლების ჰონორარს.

დავინტერესდით, რა დღეებს აღნიშნავენ ქალაქების მერიები და როგორ არჩევენ შემსრულებლებს ამა თუ იმ კონცერტისთვის.

გასართობი ღონისძიებების დოკუმენტაციაში, როგორც წესი, წერია რომ მათ ყველაზე პოპულარული შემსრულებლის დაქირავება სურთ. სტატისტიკის მიხედვით კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ხშირად დაქირავებული მუსიკალური ჯგუფი ხელისფულების მიმართ ლოალურად განწყობილი ტელეკომპანია იმედის ღამის შოუს ბენდია. პოპულარულია მსახიობი პაატა გულიაშვილიც - მას რუსთავი 2-ზე მიჰყავს იუმორისტული შოუ.

22 ოქტომბერს დუშეთში მთაბარობა გაიმართა, 23 ოქტომბერს - კასპობა აღნიშნეს, ამავე დღეს ხაშური ხაშურობას ზეიმობდა. მთა-ბარობასა და კასპობაზე "იმედის" ღამის შოუს ბენდი უკრავდა, ხაშურობა ამავე ტელევიზიის წამყვანს, ეკო ფანგანს მიჰყავდა. ამ სამი დღესასწაულის აღნიშვნა 300 000 ლარზე ოდნავ ნაკლები დაჯდა.

“გვინდა ჩვენი ღონისძიებები მრავალფეროვანი იყოს, მოსახლეობას რაც სურს, ის მივცეთ” - გვითხრა ჯემალ დამაცაშვილმა, დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა. ის ამ პოსტზე ორი თვის წინ დაინიშნა. 22 ოქტომბერს, როცა ველაპარაკეთ, “მთაბარობის” დღესასწაულის ჩასატარებლად ემზადებოდა. ქალაქის ბიუჯეტს ამ დღის აღნიშვნა 164 200 ლარი დაუჯდა. საკონცერტო პროგრამაში იყვნენ „ღამის შოუს ბენდი“, ჯგუფი „რეგიონი“, ანსამბლი „ჩვენებურები“ და მომღერალი ლელა ნაყეური.

საკონცერტო პროგრამა საზოგადოების აზრის კვლევას დავაფუძნეთ - გვეუბნება ჯემალ დამაცაშვილი და კვლევის მეთოდოლოგიას გვიხსნის: მერიის თანამშრომლები ახალგაზრდებს ეკითხებოდნენ, ვისი ნახვა გაუხარდებოდათ ქალაქის ცენტრში გამართულ კონცერტზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მთიანი რეგიონებში ახალგაზრდები არ ჩერდებიან. მოსახლეობის მეოთხედი პენსიონერია, მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ერთ-ერთი სტაბილურად დამსაქმებელი სახელმწიფო ორგანიზაციაა. 2022 წელს ამ 110 კაციან გუნდს, რომელიც კონცერტებსა და სხვა გასართობ ღონისძიებებს გეგმავს 605 592 ლარიანი ბიუჯეტი ჰქონდა. მთაბარობამდე ცენტრმა “300 არაგველობა” ჩაატარა 35 ათასი ლარით.

“ყველა დღე, რასაც დუშეთში აღნიშნავენ, ტრადიციულია” - გვეუბნება ცენტრის ხელმძღვანელი ჯემალ დამაცაშვილი და განაგრძობს: “მთაბარობაზე ის ადამიანებიც იქნებიან, ვინც შატილობას და ვაჟაობას ვერ დაესწრო”. ეს ორი, შედარებით ძველი დღეობა ფშავსა და ხევსურეთში წელს ვერ ჩატარდა. ზაფხულში დაგებული გზა წყალდიდობამ ისევ გააფუჭა.

დუშეთის მაღალმთიანი სოფლებიდან 22 ოქტომბერს “მთაბარობაზე” მსურველები დუშეთში მუნიციპალიტეტმა ჩამოიყვანა და უკანვე დააბრუნა. მთაბარობის მომწყობი კომპანიის ხარჯებში წერია, რომ ტრანსპორტირებაზე 1 500 ლარი დაიხარჯა, მთა-ბარობაზე მისულ სტუმრებს ხვდებოდათ ლუდი, ბურგერი და სხვა სასმელ-საჭმელი.

ცალკე სტრუქტურა კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის საქართველოში თითქმის ყველა ქალაქს აქვს და მათ, როგორც წესი, ადგილობრივი მერია აფინანსებს. ეს ორგანიზაციები მერიის კულტურის სამსახურს ღონისძიებების შინაარსობრივ მხარეს უთანხმებენ, ან სულაც მათი შეკვეთილი კონცერტების გამართვას უზრუნველყოფენ.

“პროგრამა მთელი წლისთვის წინასწარ დგება, მომდევნო წლის ბიუჯეტთან ერთად და ეს პროგრამა მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე ახალ დღესასწაულებს” - ამბობს ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია თამაზაშვილი. ლაგოდეხის შემთხვევაში ტრადიციულად ითვლება მაგალითად “ჰერეთობა” და სოფლების ისეთი დღეობები, როგორიცაა აფენობა, ვარდისუბნობა და ძელიცხოვრობა, ახლებად კი ნაყინის ან ფერების ფესტივალი.

“როცა ღონისძიების გეგმაზე ვმუშაობთ, არის ჯგუფები, ჩვენი აქტიური ახალგაზრდები, ასე რომ ვთქვათ, რომლებსაც ვხვდებით, ვეკითხებით, რა სურთ, რა ფესტივალი უნდათ - არ ხდება ერთპიროვნულად. როცა ახალგაზრდებს ეხება, ახალგაზრდები არიან ჩართულები. Შშემსრულებლებსაც ასე ვარჩევთ, ფეისბუკზე იდება, შიდა ჯგუფებშიც, პასუხები ანონიმურია, მხოლოდ იწერება სასურველი ჯგუფი, რომელსაც მოუსმენენ. ასე ავარჩიეთ ნაყინის ფესტივალზე “რეზო და ბავშვები”, ფერების ფესტივალზე “Killage” გვყავდა, ძირითადად ახალგაზრდებს რაც ეხება, ვცდილობთ იყოს მათი ჩართულობა” - გვეუბნება ნათია თამაზაშვილი. ამავე სისტემით აარჩია ლაგოდეხის მერიამ "ღამის შოუს ბენდი" სკოლის დამთავრების აღსანიშნავი ზეიმისთვის - 29 ივნისს მეთორმეტეკლასელებისთვის მოწყობილ კონცერტში ტელეკომპანია იმედის ბენდმა 14 142 ლარი ჰონორარი აიღო.

“საქართველოში ეს კულტურული მხარე რაღაცნაირად მიძინებულია და გამოცოცხლების და დასაქმების საშუალებაა იგივე მომღერლებისთვის და შემსრულებლებისთვის. ყველას ხომ არ შეუძლია სოფელში მუშაობა” - გვეუბნება თეონა ლალიევი. ის ერთ-ერთია იმ მეწარმეებს შორის, რომელიც ხშირად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და წელსაც არაერთი შეკვეთა მოიგო. მათ შორის - დმანისობა, ახალციხელობა და ბოლოს ხაშურლობა. თეონა ჰყვება, რომ ძირითადად ყველა ქალაქს ის უნდა, რაც უკვე გააკეთა სხვამ. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქალაქის მთავრობა კონკრეტულ შემსრულებელს არგებს ტენდერს.

“[ხაშურში] წამყვანის შემთხვევაში პირველად მქონდა მოთხოვნა, რომ ეკო ფანგანი უნდოდათ აუცილებლად, უფრო შემსრულებლებზე აქვთ ხოლმე, ხშირად უთქვამთ, რომ უნდათ ღამის შოუს ბენდი - ღამის შოუს ბენდი ძალიან ძვირადღირებული ჯგუფია და მაგ ფასში სხვა ჯგუფებიც შეიძლება დაიქირაო. მართლა უყვარს ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ კონცერტები ჩატარებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში” - გვიყვება თეონა ლალიევი.

ღამის შოუ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული ბენდია.

“[შეიძლება] არსებობს მოსაზრებებიც, რომ შეიძლება ვიღაცისგან იყოს დავალებები, რომ [იმედის ბენდი] დაიქირაონ ყველა კონცერტზე, მაგრამ ეს მოსაზრებები მართალი იქნებოდა, ეს ბენდი რომ “მართლა” შეტენილი ბენდი იყოს და კარგად ვერ უკრავდნენ. რეალურად უყვარს ხალხს, “აყავთ “ხალხი, დღეს ალბათ ნიაზსაც უწევს კონკურენციას. ქალაქიც ვალდებულია ის შესთავაზოს ხალხს, ვისი ნახვაც უნდათ …რატომაც არა, ძალიან კარგი იქნებოდა ჰოლოგრამის შოუ, მაგრამ ერთი ასეთი შოუ ჯდება 200 000 ლარი, აქვს რომელიმე ქალაქს ამის ფული, რომ ერთ რამეში გადაიხადოს?” - გვეუბნება დავით გოდერძიშვილი, კომპანია “ღამის რაინდების” ხელმძღვანელი. ეს კომპანია 23 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტში კასპობის დღესასწაულის მოწყობაში მონაწილეობდა. ქალაქს კასპობა 68 750 ლარი დაუჯდა, ამის 18% ანუ 12 000 ლარი ღამის შოუს ბენდის ჰონორარზე დაიხარჯა.

გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად გამოცხადებული შესყიდვების სატენდერო დოკუმენტაციები ძირითადად ერთმანეთის მსგავსია - ყველგან სავალდებულია ეთნო-კუთხის მოწყობა, ადგილობრივი შემსრულებლების ჩართვა, ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებების შეთავაზება, ეწყობა მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა და ეს ყველაფერი დედაქალაქიდან ჩაყვანილი შემსრულებლების კონცერტით და ფოიერვერკით სრულდება.

დღესასწაულების თუ კონცერტების მომწყობი კომპანიები ამბობენ, მათ ღონისძიების დასაგეგმად დიდი თავისუფლება არ აქვთ, ერთი მხრივ ბიუჯეტს უნდა მოერგონ, მეორე მხრივ, კი დამკვეთის გემოვნებას და მოთხოვნებს.

“რასაც ხაშურობაზე ვაკეთებ, იგივე გავაკეთე დმანისშიც, იგივე ინვენტარით, იგივე კარვებით - ერთმანეთისგან იწერენ მგონი ესენი და ისე აკეთებენ. შემსრულებლებზეც ასეა, ვიღაცას, მაგალითად გარდაბანს რომ ჰყავდა ერთი მომღერალი, მერე ყველას ის უნდა” - ამბობს თეონა ლალიევი.

ქალაქების დღესასწაულების აღნიშვნა ბოლო წლების ტენდენციაა - გასულ 5 თვეში საქართველოში აღინიშნა გომარეთობა, დმანისობა, ახალციხელობა, ტყიბულქალაქობა, კოლხობა, მანგლისობა, ბორჯომობა, გარისობა, ჰერეთობა, გორობა, აფენობა, კასპობა, აბაშობა, ჭყონდიდლობა, ბოლნისქალაქობა, გარდაბანობა, ზესტაფონობა, ჭიათურობა, ბორჯომობა, ცალკეა სოფლის დღესასწაულები. ეს დღესასწაულები თბილისობის მიბაძვით ეტაპობრივად გაჩნდა ძირითადად ბოლო 15 წლის განმავლობაში.

“ახლაა მაგის სეზონი, სექტემბერი და ოქტომბერია, ნოემბრის შუა რიცხვებში ეს ქალაქობები გაქრება, ყველაფერს შემოივლის" - ამბობს დავით გოდერძიშვილი.

გასული თვეების განმავლობაში მომღერლების და მსახიობების დაქირავებისთვის ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს წყალტუბომ, ქუთაისმა, ლაგოდეხმა, ფოთმა და ახალციხემ, ყველაზე ნაკლები ამბროლაურმა და ხელვაჩაურმა.

ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა, რომელსაც ნატო შერვაშიძე ხელმძღვანელობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე მაჭახლობა და კოლხობა მოაწყო. რა უნდა მომხდარიყო ამ დღესასწაულებზე, ცენტრმა დაგეგმა, თუმცა მერიამ დაამტკიცა. ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი თავის ძირითად ფუნქციად ადგილობრივი ფოლკლორის განვითარებასა და ხელშეწყობას მიიჩნევს. ამ ორგანიზაციის დაქვემდებარებაში შედის ხელვაჩაურის მუსიკალური სკოლებიც. ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ორასამდე ადამიანია დასაქმებული, 155 შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაა და კიდევ 31 შტატგარე. ცენტრის ბიუჯეტის 90% თანამშრომელთა ხელფასებს ხმარდება.

“რამდენად სწორი მიმართულებით იხარჯება ეს თანხები, ვფიქრობ ჩემი და თქვენი განსახილველი ნაკლებად არის. მაშინ, როცა ბიუჯეტი დგება, იქ უნდა მივიდეთ და ვთქვათ, რომ ეს ორი მილიონი არ გამოიყოს კულტურისთვის” - ამბობს ივენთ-კომპანია “ღამის რაინდების” დირექტორი, დავით გოდერძიშვილი.

რეგიონებში კონცერტებს ყოველთვის ჰყავს გახარებული მაყურებელი და მთავრობაც ვალდებულია, მათთვის ეს გააკეთოსო - ამბობს იგი.

“კულტურაში არასწორი რაღაცები ვერ ხდება და არ ხდება. კულტურას ძალიან ბევრი მაკონტროლებელი ჰყავს, თვითონ მერები არიან ჩართულები ქალაქობების დღესასწაულებზე, დაძმობილებული ქალაქებიდან ჩამოჰყავთ სტუმრები და არ ხდება ისე, რომ რაღაც ეწერა, რაც არ გაკეთდა, ან კარგად არ გაკეთდა” - გვეუბნება დავითი.

“ჩვენ არასდროს არ ვჩერდებით, სულ განვითარებაზე და სულ სიახლეებზე ვმუშაობთ. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერს ვუპასუხოთ, ყველაფერი მოვიცვათ. არ განვიცდით სიმწირეს, რეპერტუარი იმდენად მდიდარია, რომ ყველა სახის ღონისძიებას განსხვავებული რეპერტუარით ვპასუხობთ” - გვარწმუნებს ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო შერვაშიძეც.