როგორ გააძევეს ბელარუსელი აქტივისტი საქართველოდან, სადაც 5 წელი იცხოვრა

ლევ მიხეევი

საქართველოში ცხოვრების 5 წლისთავზე ბელარუსელი ლევ მიხეევი საქართველოს ხელისუფლებამ მოულოდნელად დააკავა და მოსთხოვა აერჩია, რომელ ქვეყანაში გაეძევებინათ. ვარიანტებს შორის იყო ბელარუსიც, სადაც მიხეევზე ძებნაა გამოცხადებული. ლევმა სომხეთი აირჩია, თუმცა ის იქაც დააკავეს.

25 სექტემბრის დილით თბილისში მცხოვრები ლევ მიხეევი მიგრაციის განყოფილებაში მივიდა. როგორც რადიო თავისუფლებას უყვება, უნდოდა, ახალი ID-ბარათის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აეღო. ორი კვირით ადრე დოკუმენტის განახლებაზე შეიტანა განაცხადი, რასაც ყოველწლიურად აკეთებდა. ის სწორედ მიგრაციის განყოფილებაში დააკავეს. მიზეზად დაასახელეს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ვიმყოფებოდი. არანაირად არ მინდოდა კანონი დამერღვია“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

ლევ მიხეევის ID-ბარათის მოქმედების ვადა 2026 წლის 9 ოქტომბერს იწურებოდა. დაკავების შემდეგ ის თავიდან თბილისში, მიგრაციის დეპარტამენტში წაიყვანეს გასაუბრებაზე. იქ შეატყობინეს, რომ საქართველოში დარჩენა არ შეეძლო და ქვეყანა იმ დღესვე უნდა დაეტოვებინა. აღმოჩნდა, რომ ორი თვით ადრე სასამართლომ მიხეევს საერთაშორისო დაცვაზე უარი უთხრა. თუმცა თავად ლევი პროცესს არ დასწრებია. რესპონდენტი ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა.

მიხეევისთვის საერთაშორისო დაცვის ისტორია ხუთ წლის წინ დაიწყო. ამ კუთხით ის საკუთარ თავს „ვეტერანს“ უწოდებს. პირველი წერილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით ლევმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისწერა, 2021 წლის აგვისტოში.

მალევე მიგრაციის დეპარტამენტში დაუძახეს. პირველი საუბარი, რესპონდენტის თქმით, საკმაოდ მეგობრული იყო და მას საქმის სწრაფად განხილვას დაჰპირდნენ. წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2023 წლის მაისში, მეორედაც დაიბარეს. მიხეევის სიტყვებით, ამჯერად უფრო მკაცრად ესაუბრნენ. კიდევ წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებამ მას უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე იმ საბაბით, რომ ლევს თითქოს ბელარუსში საფრთხე არ ემუქრებოდა.

ლევ მიხეევი ლეპელში გამართული პროტესტის დროს, 2020 წელი.

თავად ლევი ამბობს, რომ ბელარუსში დაბრუნება მისთვის საშიშია, რადგან ბელარუსმაც და რუსეთმაც მასზე ძებნა გამოაცხადეს. კონკრეტულად რისთვის, არ იცის. რუსულ საძიებო ბაზაში მითითებულია, რომ ბელარუსის ხელისუფლება მას 2022 წლის დეკემბრიდან ეძებს.

მიხეევი იხსენებს, რომ 2021 წელს მასთან გასაჩხრეკად მივიდნენ. ის წარმოშობით მინსკიდანაა, თუმცა იმ დროს ლეპელის რაიონის სოფელ ბოროვკაში ცხოვრობდა. რესპონდენტის თქმით, მილიციელები მოგონილი მიზეზით მივიდნენ საქმეზე, რომელთანაც მას შესაძლოა კავშირი ჰქონოდა ან არც ჰქონოდა.

„რადგან მწერალი ვარ, გადაწყვიტეს, რომ შეიძლებოდა კედლებზე ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები დამეწერა“, - ირონიულად ამბობს ლევი.

ჰყვება, რომ მაშინ ძალოვნებმა ჩხრეკისას ვერაფერი იპოვეს. თუმცა ამან მისი მოთმინების ფიალა აავსო. ნივთები ჩაალაგა, ბინა გაყიდა და საზღვარგარეთ წავიდა.

ლევი ამბობს, რომ ის ვიქტორ ბაბარიკას (ბელარუსელი ბანკირი, ფილანთროპი და ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმმა 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა რ.თ.) საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო. 2020 წლის აგვისტოში ლეპელში ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე გამოდიოდა. როცა თბილისში ჩამოვიდა, ბელარუსელი პოლიტპატიმრების სოლიდარობისა და უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციებშიც იღებდა მონაწილეობას. ყველაფერი ბელარუსში შეიძლება პატიმრობის საფუძველი გახდეს.

ასევე ნახეთ

შეწყალებულმა დენის კულანინმა საქართველო დატოვა

უარი საერთაშორისო დაცვაზე მიხეევმა 2024 წელს ქართულ სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა წელს, ზაფხულში თავისი სააპელაციო საჩივრის განხილვა გამოტოვა, ისევე როგორც სასამართლოს შედეგი. ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი მისამართიც ჰქონდა და ტელეფონიც, რომელზეც არაერთხელ დაურეკავთ. ახლა რატომ არ შეატყობინეს ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი, არ იცის.

„იმიტომ, რომ ბელარუსელი ვარ“, - მიხეევის აზრით, სწორედ ამის გამო უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ უარი საერთაშორისო დაცვაზე.

არჩევანი უარჩევანოდ

დაკავების შემდეგ მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა მიხეევს შესთავაზეს აერჩია: გაეძევებინათ ბელარუსში, რუსეთში, თურქეთში ან სომხეთში.

„არჩევანი უარჩევნოდ“, - ასე აფასებს ამას მიხეევი და წუხს, რომ ვერ შეძლო, ვინმესთან კონსულტაცია გაეარა. დაკავებულს ნება არ მისცეს დაერეკა ადვოკატთან, უფლებადამცველებთან ან თუნდაც იმ ბინის მფლობელთან, რომელსაც ქირაობდა. მხოლოდ ის მოასწრო, რომ უფლებადამცველებს დაკავების შესახებ მოკლე შეტყობინება გაუგზავნა. სთავაზობდნენ ბელარუსის კონსულის მოწვევას. თუმცა მან კატეგორიულად თქვა უარი ლუკაშენკოს რეჟიმის წარმომადგენლებს დალაპარაკებოდა.

ლევ მიხეევი თბილისში ბელარუსის და საქართველოს დროშებით

საბოლოოდ ლევმა სომხეთი აირჩია - მისი აზრით, შეთავაზებული ქვეყნებიდან ის ყველაზე უსაფრთხო იყო.

ამის შემდეგ მიხეევმა გარკვეული დრო კიდევ გაატარა თბილისის მიგრაციულ ციხეში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ათავსებენ. იქაურ პირობებს უფასო ჰოსტელს ადარებს. ადამიანები ცალკე ოთახებში ცხოვრობენ, რომელთა შორისაც შეუძლიათ თავისუფლად იარონ, აივანზე გავიდნენ. სძინავთ საწოლებზე. კვებაც არის, თუმცა თავად ლევ მიხეევი მთელი დღე უჭმელი დარჩა.

„იქ ვიპოვე ერთი ბელარუსელი მინსკიდან, ჩიჟოვკის რაიონიდან, ახლაც იქ ზის. კიდევ სერბი იყო, რუსი და შვედი“, - ჰყვება ლევი.

მიხეევმა თანამშრომლებს სთხოვა, ნება დაერთოთ დეპორტაციამდე წასულიყო და თავისი ნივთები შეეგროვებინა. ბადრაგის თანხლებით წაიყვანეს. რესპონდენტი ამბობს, რომ მთელი მისი ქონება ორ ჩანთაში ჩაეტია.

„ძველ ნივთებს არ ვაჩერებ. მთავარი ისაა, რაც ადამიანს სულში და თავში აქვს“, - ამბობს თავის ბარგზე.

ლევ მიხეევი (მარჯვნივ) თბილისში ბელარუსული აქციის დროს

მიხეევი ჰყვება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი ამ პროცედურის განმავლობაში ბელარუს ძალოვნებზე უკეთ ეპყრობოდნენ - არ შეურაცხუყვიათ, თუმცა დეპორტაციამდე მიხეევი ხელბორკილებით გადაჰყავდათ. სამედიცინო შემოწმებისას საცვლების ამარა დატოვეს. საუბარიც საკმაოდ მკაცრი იყო, გულისხმობს იმ მომენტს, როდესაც უთხრეს, რომ საქართველოში ვეღარ დარჩებოდა.

„იმ თანამშრომლებთან, რომლებსაც მარტყოფიდან თბილისში გადავყავდი, საკმაოდ ლოიალურად ვსაუბრობდით. მეკითხებოდნენ რა ხდებოდა ბელარუსში: „ბატკა, ბატკა, როგორ არის იქ თქვენი ბატკა?“ (ალექსანდრე ლუკაშენკო. — რ.თ.). ვეუბნები: „ის ჩემი ბატკა არ არის“. ვუყვებოდი, როგორი სიტუაციაა სინამდვილეში. ეტყობა, ადგილობრივ ტელევიზიას უყურებენ და ჰგონიათ, ყველაფერი კარგადაა. მეც ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, ტელევიზორში რომ აჩვენებენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის“, - ჰყვება ლევი.

ასევე ნახეთ

ირანის მოქალაქის მხარდასაჭერად, რომელსაც საქართველოდან გაძევება ემუქრება, აქცია გაიმართა

„ალბათ ახლა დამაკავებთ“

ნივთების შეგროვების შემდეგ მიხეევი მიგრაციის დეპარტამენტში დააბრუნეს, იქიდან კი სამსახურებრივი მიკროავტობუსით სომხეთის საზღვრისკენ წაიყვანეს. როდესაც ლევმა საზღვრის ქართულ მხარეს საკონტროლო პუნქტი გაიარა, თანმხლებმა თანამშრომლებმა მას პასპორტი, ტელეფონი და ჯარიმის ქვითარი გადასცეს - 1000 ლარი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის გამო.

„მითხრეს, პირდაპირ სომხეთისკენ წავსულიყავი. წავედი, რა მექნა? დავუკავშირდი უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს, მოვუყევი სიტუაცია. შევედი სომხეთის ტერიტორიაზე და ვუთხარი: „გამარჯობა. ესა და ეს ვარ. ალბათ ახლა დამაკავებთ. ასეთი სიტუაცია მაქვს, აი ჩემი პასპორტი. გთხოვთ, გაერკვეთ. მზად ვარ მოვითხოვო საერთაშორისო დაცვა“. მათ მთხოვეს დავლოდებოდი“, - ჰყვება მიხეევი.

საზღვრიდან ის უახლოესი ქალაქის, ნოემბერიანის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, ისევ ხელბორკილებით. მესაზღვრეებს წყალი სთხოვა - დაალევინეს. დაახლოებით 23 საათზე მიხეევი უკვე სომხეთში იყო.

„ხუთი წელი განიხილავდნენ - და ერთ დღეში გადაწყვიტეს ჩემი საქმე“, - ირონიით ამბობს საქართველოს ხელისუფლებაზე.

ლევ მიხეევი გათავისუფლების შემდეგ სომხეთის ქალაქ ნოემბერიანში

ღამე პოლიციის განყოფილების საკანში გაატარა.

„ძალიან კარგად მექცეოდნენ. მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გინდაო. მაჭამეს, რამაც ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა. სახლიდან მომიტანეს საჭმელი. ძალიან კარგად მოხარშული წიწიბურა ადგილობრივ ყველთან და ცხელ-ცხელ პურთან ერთად“, - ჰყვება ლევი.

შემდეგ გაათავისუფლეს. კიდევ ერთი ღამე ნოემბერიანის სასტუმროში გაატარა, რადგან ერევნისკენ სამარშრუტო ტაქსი დღეში მხოლოდ ერთხელ დადის - დილის რვა საათზე. მეორე დღეს სომხეთის დედაქალაქისკენ გაემართა. იქ უფლებადამცველებმა მას დროებითი საცხოვრებელი უპოვეს. ლევს დასუფთავების სფეროში სურს იმუშოს, საქართველოშიც იმავეს აკეთებდა.

„კარგად და მხნედ ვარ, მხიარულად. მოვლენებს პოზიტიურად ვუყურებ. ვცდილობ ნებისმიერი გამოცდა მივიღო. დარდი აქ ვერაფერს მიშველის, საბოლოოდ შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ შემოტრიალდეს. ახლა ახალი ცხოვრებაა, ახალი ქვეყანა, ახალი შესაძლებლობები. საშიში არაფერია. არის რეალობა, რომელსაც უნდა მოერგო: სატრანსპორტო ბარათი, საბანკო ბარათი. ეს საყოფაცხოვრებო მოთხოვნებია. ყველაფერი გვარდება. მთავარია, შენი გამომუშავებული ფულით მუშაობა და არსებობა შეგიძლია, ნორმალურად, ღირსეულად“, - ამბობს ლევი.

ასევე ნახეთ

უნგრელი ჟურნალისტი და აქტივისტი ლასლო მეზეში მიგრაციის დეპარტამენტმა დააკავა - მას გაძევება ემუქრება

მიხეევი გეგმავს საერთაშორისო დაცვა სომხეთშიც მოითხოვოს, საქართველოდან გაძევებაც გაასაჩივროს. მას საქართველოში შესვლა ნახევარი წლით აუკრძალეს. მიხეევი არ გამორიცხავს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, დაბრუნება სცადოს, რადგან „საქართველო გულში ჩაუვარდა“.

„ფსიქოლოგიურად მძიმეა, როცა ჩვეული ცხოვრებიდან ამოგგლეჯენ, მეგობრებს მაშორებენ. ქართველ მეგობრებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. შოკში იყვნენ, ტიროდნენ. ახლა მზად არიან მესტუმრონ. ბინის მფლობელიც გაგებით მოეკიდა. ამ თანაგრძნობამ და სოლიდარობამ ძალიან ამაღელვა“, - ჰყვება მიხეევი.

ლევ მიხეევის საქმეს გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს ადასტურებს, რომ მიხეევმა მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2021 წელს მიმართა, რაზეც მას უარი ეთქვა, რადგან არ არსებობდა სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.

ლევ მიხეევმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გაასაჩივრა. გადაწყვეტილება ორივე სასამართლომ ძალაში დატოვა. ამის გამო 2026 წლის 29 ივნისიდან ლევ მიხეევი თავშესაფრის მაძიებლად აღარ ითვლებოდა, რც მისი გაძევების საფუძვლად იქცა.