"მამაც უკრაინას ქართველებისგან" - როგორ გაგზავნეს თბილისიდან 300 გენერატორი

გენერატორების გაგზავნის პროცესი

15 დეკემბერს საქართველოდან უკრაინაში მოხალისეებმა 335 გენერატორი გაგზავნეს. მათი დიდი ნაწილი (330 გენერატორი) სულ ახალია, სპეციალურად უშუქოდ დარჩენილი უკრაინელებისთვის ნაყიდი.

აქედან ორი ყველაზე მძლავრი გენერატორი ორ პატარა ქალაქში - ბოიარკასა და ხმელნიცკში ჩავა, წყალმომარაგების სისტემებისთვის, რომლებიც დენის გათიშვის შემთხვევაშიც კი შეძლებს სასმელი წყლის მიწოდებას ქალაქებისთვის.

დანარჩენი კი კიევის ოლქში გადანაწილდება - საბავშო ბაღებზე, სკოლებზე, სამედიცინო დაწესებულებებსა და სახელდახელოდ შექმნილ ცენტრებზე, სადაც უშუქოდ დარჩენილები, მაგალითად, ტელეფონებს დატენიან, კომპიუტერს ჩართავენ ან თუნდაც ჩაისთვის წყალს აიდუღებენ.

აქტივისტებმა კამპანია „გაუზიარე სინათლე“ ფეისბუკზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადეს და ეს წამოწყება მოქალაქეებმა მალევე აიტაცეს. ფონდში რიცხავდნენ ერთი ლარიდან დაწყებული, ათასობით ლარით დამთავრებული. საერთო ჯამში ხალხმა, ორგანიზაციებმა და ბიზნესმენებმა ერთად 490 ათას ლარი შეაგროვეს.

რუსეთმა სიცივის დადგომასთან ერთად, 10 ოქტომბრიდან, უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმები დაიწყო. ნოემბრის ბოლოს უკრაინაში 6 მილიონზე მეტი სახლი იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.

ეს მწვანე გენერატორო საქველმოქმედო კამპანიას აფხაზეთიდან დევნილმა აჩუქა.

ტყუპები ნიკა და ნუცა ყუთებზე სტიკერებს აკრავენ - უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ წარწერებსა და შემომწირველების სახელებს. საერთო ჯამში 4000 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადარიცხა თანხა ფონდში.

ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ გენერატორები უკრაინაში საშობაოდ თუ არა, საახალწლოდ მაინც ჩააღწევს.