მამა ალექსეი უმინსკი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსკოვის ცენტრის წყნარ უბანში მდებარე ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა. მისი გათავისუფლება და ეკლესიიდან განკვეთა, ანუ ხარისხის აყრა, დაახლოებით 10 დღეში მოხდა.
2024 წლის 4 იანვარს, რუსეთის მართლმადიდებლურ შობამდე სამი დღით ადრე, ამ ეპარქიაზე პასუხისმგებელმა ეპისკოპოსმა დაურეკა უმინსკის და უთხრა, მეორე დღეს მასთან გამოცხადებულიყო. როდესაც უმინსკი მივიდა, ეპისკოპოსმა გადასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, იგი მსახურებიდან გათავისუფლებული იყო - ანუ მას მრევლის წინაშე ქადაგების უფლებამოსილება ჩამოერთვა.
ერთ საათზე ნაკლებ დროში უმინსკი დისციპლინური კომიტეტის წინაშე წარდგა, რომლის ოთხმა წევრმაც ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ რამდენიმე კითხვა დაუსვა, თუ რატომ არ წარმოთქვამდა თავისი წირვა-ლოცვისას უკრაინასთან რუსეთის ომის მხარდასაჭერ ლოცვას, შემდეგ მათ დაადასტურეს მისთვის უფლებამოსილების შეჩერება და უბრძანეს, დაუყოვნებლივ მოეხსნა ჯვარი.
ასევე ნახეთ
რუსეთში სჯიან მღვდლებს, რომლებიც უარს ამბობენ "ომში გამარჯვების" ლოცვაზეშობის შემდგომ დღეებში უმინსკის არაერთხელ შეატყობინეს ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით, გამოცხადებულიყო საეკლესიო სასამართლოში მისი ეკლესიიდან შესაძლო განკვეთის შესახებ სხდომაზე. ის არ გამოცხადდა. ამის ნაცვლად, რუსეთი დატოვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მღვდელმა უთხრა, რომ მას საეკლესიო სასამართლო პროცესის შემდეგ დააპატიმრებდნენ.
მალევე უმინსკიმ ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მოსკოვის პატრიარქმა კირილემ, დაამტკიცა საეპარქიო სასამართლოს 13 იანვრის გადაწყვეტილება მისთვის საეკლესიო ხარისხის აყრის შესახებ „ღვთაებრივი ლიტურგიის დროს "წმინდა რუსეთის" ლოცვის წაკითხვაზე უარის თქმის“ გამო, განუცხადა უმინსკიმ რადიო თავისუფლების ჯგუფ „სისტემას“.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფის, „ქრისტიანები ომის წინააღმდეგ“, ცნობით, 65 წლის უმინსკი ერთ-ერთია იმ დაახლოებით 50 რუს მართლმადიდებელ მღვდელთაგან, რომლებსაც ეკლესია დევნის იმისთვის, რომ ისინი უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგი არიან ან მხარს უჭერენ უკრაინას, რომელიც რუსეთის შეჭრისგან იცავს თავს.
ალექსი უმინსკი
რამდენიმე მათგანი, უმინსკის მსგავსად, დაისაჯა "წმინდა რუსეთის" ლოცვის წარმოთქმაზე უარის თქმის გამო. ამ ლოცვას მოსკოვის საპატრიარქო მთელი ქვეყნის მასშტაბით იყენებს წირვა-ლოცვებზე, უკრაინის წინააღმდეგ ომის აშკარა მხარდაჭერის ნიშნად.
კირილემ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის ხმამაღალმა მხარდამჭერმა, შეთხზა ეს ლოცვა და იმავე წლის სექტემბერში წირვაზე წაიკითხა. ახლა ეს ლოცვა უკვე სავალდებულოა და მასში ნათქვამია, რომ „ისინი, ვისაც ომის გაჩაღება სურს, აღდგნენ წმინდა რუსეთის წინააღმდეგ“ და შეიცავს ღვთისადმი თხოვნას: „მოგვეცი ძალა გამარჯვებისთვის”.
როდესაც დისციპლინურმა კომიტეტმა ჰკითხა, თუ რატომ არ კითხულობდა ამ ლოცვას, უმინსკიმ უპასუხა: „მე არ ვიცი, რა არის წმინდა რუსეთი“, - უთხრა მან „სისტემას“. ის ამბობს, რომ ხშირად იღებს წერილებს ყოფილი კოლეგებისგან, რომლებიც დილემის წინაშე დგანან: მათ შეუძლებლად მიაჩნიათ ლოცვა ომისთვის, მაგრამ ეშინიათ დაგმობის და საეკლესიო განკითხვის.
ომის ოპონენტების წინააღმდეგ ეკლესიის მიერ განხორციელებულმა დევნამ გავლენა მოახდინა სასულიერო პირებსა და მრევლზე ხაბაროვსკიდან - რომელიც რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია - ვილნიუსამდე, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიეტუვის ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირი იმის გამო დაისაჯა, რომ ომის წინააღმდეგი იყვნენ.
ასევე ნახეთ
15 წელი ღმერთისა თუ პუტინის სამსახურში?!"ეს დახურული სხდომაა"
დასჯილთა შორისაა ვლადიმირ სელიავკო, რომელიც 2022 წელს განკვეთეს ეკლესიიდან ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქის მთავარი რუსულ მართლმადიდებლური ტაძრის რამდენიმე კოლეგასთან ერთად, რომელთა შორის იყო მაღალი რანგის სასულიერო პირიც და რომლებიც არ მალავდნენ ომის საწინააღმდეგო პოზიციას.
სელიავკო ეჭვობს, რომ ეკლესიის მიერ მისი და სხვების დევნა იმავე სასულიერო პირის მიერ იყო წამოწყებული, რომელმაც შემდეგ გადაწყვიტა მათი ბედი, როგორც ეკლესიის სასამართლო პროცესების მოსამართლემ. ეს იყო ახალი ეპისკოპოსი, რომლის დანიშვნის შემდეგ მის მაგიდაზე ომის საწინააღმდეგო თავისი განცხადებების ამობეჭდილი ვერსიები ნახა.
რუსეთის სახელმწიფომ, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, გააძლიერა დისიდენტობის წინააღმდეგ მუდმივი ზეწოლა, უკრაინის, რუსეთის მსგავსად უპირატესად მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყნის, წინააღმდეგ ომის ყველანაირი კრიტიკის ჩახშობის მიზნით.
განკვეთილი მღვდლები ამბობენ, რომ გარკვეული გაგებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დისციპლინური სისტემა იმეორებს რუსეთის საერო მართლმსაჯულების სისტემას - განსაკუთრებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, სადაც შედეგი ხშირად წინასწარ არის განსაზღვრული და გამამართლებელი განაჩენები ძალიან იშვიათია.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი კირილე
თუმცა საეკლესიო სისტემის ზოგიერთი ასპექტი კიდევ უფრო ნაკლებად გამჭვირვალე ჩანს რუსეთის საერო სასამართლოებთან შედარებით. რუსეთში სასამართლო შტო ოფიციალურად გამოყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და “თეატრალური წარმოდგენის” ვითომ წესებით თამაშის დემონსტრირება ხდება.
უმინსკის და სელიავკოს მსგავსი მღვდლების ჩვენებები მიუთითებს იმ გაუმჭვირვალე ვითარებაზე, რომლის დროსაც დისციპლინური სასჯელის ან ეკლესიიდან განკვეთის წინაშე მყოფ ამ სასულიერო პირებს არ აქვთ ადვოკატების ან სხვა ფორმის დაცვის ჩართვის საშუალება.
„საპროცესო კოდექსი საერთოდ არ არსებობს. სასამართლოს მოთხოვნები არსადაა აღწერილი“, - განუცხადა „სისტემას“ ანდრეი კურაევმა, მღვდელმა, რომელიც 2022 წელს ომის კრიტიკისთვის დააჯარიმეს და შემდეგ რუსეთიდან გაიქცა. პატრიარქმა კირილემ კურაევს 2020 წელს წირვა-ლოცვის ჩატარება აუკრძალა და ეკლესიის სასამართლომ იმავე წელს მის თვის საეკლესიო ხარისხის აყრა გადაწყვიტა.
„მაგალითად, თუ საქმეში მოწმეები შეიძლება გამოიძახონ, არავინ იცის, როგორ გამოიძახონ ისინი, ვინ დაფარავს მათ მგზავრობის ხარჯებს და ა.შ. პროკურორი და მოსამართლე ერთი და იგივე პირია. ბრალდებას წარმოადგენს იგივე ადამიანი, რომელსაც განაჩენს გამოაქვს“, - თქვა მან, - „სასამართლოში გამოძახებულ პირს ბრალდების საგანი არ ეცნობება“.
მისი თქმით, ეპარქიის სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავს ეპისკოპოსი. ისინი ხელფასს არ იღებენ და ჩვეულებრივ სამრევლოებში აგრძელებენ მსახურებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მთლიანად ეპისკოპოსზე არიან დამოკიდებულნი.
ანდრეი კურავიოვი
„როდესაც კითხულობთ, „შემიძლია ადვოკატი მოვიყვანო?“, ისინი გიპასუხებენ: „არა, ეს დახურული სხდომაა“. ამ დროს, ეს ტრადიციას ეწინააღმდეგება: ბიზანტიის იმპერიაში ასეთი ადვოკატები არსებობდნენ და მთელ პერსონალს საპატრიარქო ინახავდა”, - ამბობს კურაევი, ეკლესიის სასამართლოების შესახებ 800-გვერდიანი წიგნის ავტორი.
„1917 წლის რევოლუციამდე რუსეთში მოქმედებდა საეკლესიო სასამართლოები და იყვნენ ძალიან სერიოზული საეკლესიო ადვოკატები... მსგავსი არაფერი არსებობდა საბჭოთა რუსეთში და არც პოსტსაბჭოთა რუსეთშია“, - განუცხადა სისტემას სერგეი ჩაპნინმა, ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი ქრისტიანული კვლევების ცენტრის კომუნიკაციების დირექტორმა
კურაევის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასამართლოები „ნორმალურად ფუნქციონირებდა“ ბოლშევიკურ რევოლუციამდე, მაგრამ „საბჭოთა რეჟიმმა ეს ტრადიცია გაანადგურა“. მისი თქმით, ის 2004 წელს აღდგა, მაგრამ „ფუნქციონირება დაიწყო მხოლოდ კირილეს დროს“, რომელიც „საეკლესიო სასამართლოს მოქმედების წესებს ნელ-ნელა ადგენდა, რადგან მას ყოველთვის არ სურს არასასურველ მღვდლებთან საქმეების თვითონ გარჩევა“.
ასევე ნახეთ
პუტინის და კირილეს "ღმერთი" მათ დავალებებზე დარბის - ანდრეი კურაევისევდა, მაგრამ არა სინანული
ოფიციალურად ხარისხაყრილ მღვდლებს შეუძლიათ ეპარქიის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები უზენაეს საეკლესიო სასამართლოში გაასაჩივრონ, ამბობს ჩაპნინი. მაგრამ სისტემის შიგნით წარმატებული გასაჩივრების მცირე იმედის გამო, განკვეთილმა მღვდლებმა ეს ვარიანტი უარყვეს. ზოგიერთმა მათგანმა აირჩია გზა, რომელიც „საუკუნეების განმავლობაში არ გამოიყენებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ”, - თქვა ჩაპნინმა. მათ მიმართეს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ხელმძღვანელობით მოქმედ საეკლესიო სასამართლოს.
მოსკოვის ომმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად დააზიანა ისედაც დაძაბული ურთიერთობები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერ წინამძღოლ ბართლომეოს შორის.
საეკლესიო ხარისხი კურაევს, უმინსკისა და სელიავკოს ბართლომეოსმა აღუდგინა ხანგრძლივი ძალისხმევის შემდეგ. სამივე მწუხარებით საუბრობს მრევლისგან მათ განცალკევებაზე იმ ეკლესიის ხელით, რომლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაც მათ ვერ მიიღეს.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უმინსკის პარიზში მდებარე პატარა ეკლესია ჩააბარა და ეკლესიის ზემოთ მცირე ბინა გამოუყო, მაგრამ ხელფასს არ აძლევენ. ის სოციალურ მედიაში ლექციებისა და ქადაგებების წაკითხვით შოულობს ფულს. მან მოსკოვში, თავის ყოფილ ეკლესიაში მრევლისგან განშორება ოჯახისგან განშორებას შეადარა.
ასევე ნახეთ
მამა პეტრე ბაშკირეთიდან: რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში თავისუფლება ისჯებასელიავკო ლიეტუვაში დარჩა, სადაც ამჟამად მსახურობს ეკლესიაში, რომელიც საბჭოთა ეპოქაში საკონცერტო დარბაზად გადაკეთდა. მას აქვს სცენა, მაგრამ კანკელი არ გააჩნია და მის წირვას ათასობით ადამიანის ნაცვლად ორი ათეული პირი ესწრება.
ყოველ კვირა დილით სელიავკო საკუჭნაოდან დასაკეც ტრიბუნას, რამდენიმე ხატის სადგამს და შანდლებს იღებს, წირვას ატარებს და შემდეგ ყველაფერს საკუჭნაოში აბრუნებს.
ის არ ნანობს, რომ ომის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა, მაგრამ დარდობს, რაც დაკარგა.
„სინდისმა გამაკეთებინა“, - თქვა მან. - „მაგრამ ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს საკუთარი ფეხით შედიხარ საოპერაციოში, სადაც რაღაცის ამპუტაციას გიპირებენ... ექვსი წლიდან მღვდლობაზე ვოცნებობდი. ასობით ადამიანი მოვნათლე, დავაქორწინე და მათი მშობლების დაკრძალვის ცერემონია ჩავატარე, ახლა კი არ მესალმებიან, ქუჩის მეორე მხარეს გადადიან... ჩემი ბიძა, მღვდელი, აღარ მელაპარაკება [და არც] ჩემი ერთ-ერთი ძმა და ჩემი სიმამრი, რომელიც ასევე მღვდელია. მშვიდად ვერ მივდივარ მამაჩემის საფლავზე, რადგან საბოლოოდ ისეთ თემში აღმოვჩნდები, რომელიც აღარ მიმიღებს.“