უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს დაწყებული სამხედრო აგრესიის პირველივე დღეებიდან, რუსეთი უკანონოდ ახორციელებს უკრაინელი ბავშვების გადაყვანასა და დეპორტაციას; ძალით უნერგავს „რუსეთის სიყვარულს“ და მიზანმიმართულად უშლის უკრაინულ იდენტობას. 2022 წლიდან დეპორტაციამ ფარული პრაქტიკის ხასიათი დაკარგა და მასობრივი, სისტემური სახე მიიღო. უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საუბარია მინიმუმ 20 ათას გაყვანილ ბავშვზე.
დეპორტირებულ ბავშვებს შორის არიან ხერსონის ოლქის ჩვილთა სახლის აღსაზრდელები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წლის შემოდგომაზე გაიტაცა. უკრაინა მეოთხე წელია ცდილობს ბავშვების ნათესავებისთვის დაბრუნებას. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ ბავშვები დაბომბვებისგან „იხსნა“.
რადიო თავისუფლების პროექტი The CurrentTimes-ი და სამხედრო დანაშაულების დოკუმენტირებისა და გაშუქების პროექტი The Reckoning Project-ი ჰყვებიან ხერსონის ბავშვთა სახლის იმ აღსაზრდელებზე, რომელთა დაბრუნება მოხერხდა, და მათზე, ვისაც კვლავ რუსეთში უწევთ ყოფნა.
გამოძიების მთავარი მიგნებები:
- უკრაინამ ხერსონის ჩვილთა სახლიდან გატაცებული 46 ბავშვიდან 10 უკვე დააბრუნა;
- დაბრუნებულ ცხრა ბავშვს რუსეთში რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭეს;
- რუსეთში დარჩენილი ბავშვების უმრავლესობა გადაყვანილია მიმღებ ოჯახებში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე;
- ოთხ გატაცებულ ბავშვს კვლავ ეძებენ მიმღები ოჯახების სახელმწიფო პორტალის „усыновите.рф“-ის მეშვეობით. ანკეტებში არ არის მითითებული, რომ ისინი ხერსონიდან არიან;
- ოკუპირებულ ყირიმში მდებარე დაწესებულებაში, სადაც ხერსონის ბავშვთა სახლის ზოგიერთი აღსაზრდელი რჩება, ხშირად ტარდება „პატრიოტული“ ღონისძიებები და შეხვედრები რუსულ ძალოვან სტრუქტურებთან.
შენიშვნა: ამ მასალაში ნახსენები ბავშვების სახეები გამოქვეყნებულია უკრაინაში მცხოვრები მათი ნათესავების ნებართვით. სხვა ბავშვების მონაცემები უსაფრთხოების მიზნით დაფარულია.
წაიყვანეთ თქვენი შვილი ყირიმიდან
„რა არ ვიფიქრე - სად წაიყვანეს, რა დაემართა? ისევ უკრაინაში იყო თუ სადმე სხვაგან? საერთოდ ცოცხალი იყო? იქნებ უკვე აღარ არის ამ ქვეყნად… მაგრამ გული მაინც მეუბნებოდა, რომ ცოცხალია. დედა მაინც გრძნობს თავის შვილს“, - ამბობს ოლღა პუზიკი.
მისი შვილი, ვიტია, ხერსონის ბავშვთა სახლიდან 2022 წლის შემოდგომაზე გაიყვანეს, როცა ქალაქი უკვე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო. მაშინ ვიტია ორ წელსაც არ იყო მიღწეული. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მისმა ახლობლებმა არაფერი იცოდნენ ბავშვის ბედის შესახებ. ახლა კი ვიტია უკვე სახლშია - დედასთან ერთად.
ვიტია ხერსონის ჩვილთა სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა - მას თანდაყოლილი ფიზიკური განვითარების დეფექტის გამო ოპერაციისთვის ამზადებდნენ. საბრძოლო მოქმედებების გამო ოლღა იძულებული გახდა ევაკუაციას დათანხმებოდა, თუმცა შვილის წაყვანა ვერ შეძლო.
ოლგა
სულ ხერსონის ჩვილ ბავშვთა სახლიდან 2022 წლის ოქტომბერში რუსულმა ხელისუფლებამ 48 ბავშვი გაიტაცა. მათგან ორი კერძო პირებს გადასცეს ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დანარჩენები კი გადაიყვანეს ოკუპირებულ ყირიმში და სიმფეროპოლის ბავშვთა სახლ „იოლოჩკას“ მიაბარეს.
საოკუპაციო ხელისუფლებას ხერსონის ბავშვთა სახლიდან გაჰყავს ბავშვები. 2022 წლის 21 ოქტომბერი.
თუმცა ამის შესახებ მაშინვე არ გამხდარა ცნობილი. ვიტიას ძებნაში მოხალისეები და უკრაინელი მოხელეები დაეხმარნენ. როდესაც შეიტყო, სად იყო, ოლგამ ყველა შესაძლო ინსტანციას მიმართა და შვილის დაბრუნება მოითხოვა. რუსულმა მხარემ შესთავაზა, თავად ჩასულიყო ბავშვის წასაყვანად სიმფეროპოლში.
ოლგა ჰყვება, რომ ძალიან ეშინოდა რუსეთში მარტო წასვლის: ჯერ ერთი, ფიქრობდა, რამე შეიძლება დამართოდა, მეორეც - არ იცოდა რუსული ენა. თუმცა ბოლოს დამ დაუჭირა მხარი და 2023 წლის ოქტომბერში მასთან ერთად გაემგზავრა რუსეთში.
და ეს მარტივი გზა არ ყოფილა. ხერსონიდან სიმფეროპოლამდე 300 კილომეტრზე ნაკლებია, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების გამო ოთხი ქვეყნის გავლით მოუწიათ მგზავრობა. რუსეთში ოლგა ესტონეთის გავლით შევიდა. საზღვარზე მას დაკითხვა ელოდა. პირველ რიგში - მამაკაცი ნათესავების შესახებ. ამ კითხვებზე ოლგა უპასუხებდა, რომ ყველა გარდაცვლილი იყო.
„მესაზღვრე მეკითხება: „რა, მართლა ყველა დაგეღუპათ?“ ვეუბნები: „დიახ, ყველა დაიღუპა“, - იხსენებს ის.
ოლგას გადმოცემით, მას ასევე ეკითხებოდნენ, როგორ და ვისგან გაიგო, ვინ გაიყვანა მისი შვილი:
– სად არის ის?
– ყირიმში.
– და რატომ არის იქ?
– გაიყვანეს.
– ვინ გაიყვანა?
– არ ვიცი, ვინ გაიყვანა.
– და საიდან გაიგე?
– მოხალისეებმა მითხრეს.
რუსეთში ოლგას ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელი დახვდა და მატარებელში ჩასვა, ხოლო ყირიმში უკვე „იოლოჩკის“ თანამშრომლებმა უმასპინძლეს. თავდაპირველად მას მოსთხოვეს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სანაცვლოდ ორიგინალების ნაცვლად მისცეს „რუსული ცნობების“ ქსეროასლები. მხოლოდ ამის შემდეგ მიიყვანეს შვილთან. ამ დროს ბავშვები სადილობდნენ. „იოლოჩკის“ თანამშრომელმა ოლგას შესთავაზა, დაეცადა, სანამ ბავშვები ჭამას დაასრულებდნენ.
„მაშინ გავიფიქრე: „კი, როგორ არა, დაველოდები, სანამ ჭამას მორჩება“. შევედი და დავუძახე: „ვიტკა!“ ის მაშინვე ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და ხელში აყვანა მომთხოვა. მორჩა, მას მერე ხელი აღარ გაუშვია ჩემთვის“, - იხსენებს ოლგა.
ოლგა და ვიტია
ოკუპირებული ყირიმიდან ოლგა და ვიტია მოსკოვში გადაიყვანეს კატარელ დიპლომატებთან, რომლებიც ვიტიას დაბრუნების პროცესში მონაწილეობდნენ. ისინი სხვა გატაცებული ბავშვების საკითხზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ოლგა იხსენებს, რომ ბავშვების ოჯახებისთვის კატარის საელჩომ სადილი გამართა, სადაც მათ ფოტოებსა და ვიდეოებს უღებდნენ.
ოლგას თქმით, ამ შეხვედრაზე მასთან მივიდა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, რომლის დაკავებაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერი აქვს გაცემული უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და იძულებით გადაადგილებაში ეჭვის საფუძველზე.
ოლგა და ვიტია კატარის საელჩოში კატარის დიპლომატებთან და მარია ლვოვა-ბელოვასთან (თეთრებში) შეხვედრის დროს, 2023 წლის ოქტომბერი.
„მან მკითხა: „რას ჩამოხვედით? ვინ გითხრათ, რომ ბავშვი აქ არის?“ მე ვუპასუხე, რომ უკრაინის ომბუდსმენის ოფისში მითხრეს. „და საიდან იცოდნენ, რომ ბავშვი იქ იყო?“ ვუთხარი: „იცოდნენ“. ასეთი საუბარი გვქონდა“, - ჰყვება ამ შეხვედრის შესახებ ოლგა.
ვიტია კატარელ დიპლომატთან ერთად თვითმფრინავში
„ჩვენი ბავშვები უპატრონოები არ არიან“. ანგელინასა და ჟენიას ისტორია
„იოლოჩკაში“ ოლგამ ხერსონის ბავშვთა სახლის სხვა აღსაზრდელებიც ნახა. ხერსონის ოკუპაციის მომენტისთვის იქ დაახლოებით ორმოცდაათამდე ბავშვი იმყოფებოდა. ზოგი, ვიტიას მსგავსად, მძიმე დაავადებების გამო ექიმების დახმარებას საჭიროებდა, ზოგი მუდმივად იქ ცხოვრობდა, ზოგი კი დროებით იმყოფებოდა.
მათ შორის იყვნენ ანგელინა და ჟენია, რომელთა დედა მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა, ბავშვები დროებით ბავშვთა სახლში ჩაებარებინა. მათმა ბებიამ, ლიუბოვ ბურინამ, შვილიშვილები ბოლოს შორიდან ნახა, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ რუსეთში გაიყვანდნენ. ანგელინა სამი წლის იყო, ჟენია - მხოლოდ 1,5 წლისა.
ანჯელინა (მარცხნივ) და ჟენია გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე
„როცა ჩემი შვილიშვილები ბავშვთა სახლში იყვნენ, მე იქ მივედი, მაგრამ შეხვედრის უფლება არ მომცეს. ფანჯრიდან მაჩვენეს ორივე - ერთიც და მეორეც. ეს იყო ჩემი ბოლო შეხვედრა ბავშვებთან", - ჰყვება ლიუბოვი. - "ჩვენთვის არავის დაურეკავს, არავის უთქვამს, რომ ბავშვები გაჰყავდათ. პირიქით, იქ რადიოში აცხადებდნენ, რომ ბავშვები, გაჯანსაღების მიზნით, სწრაფად უნდა გაეყვანათ რომელიღაც ბანაკებსა თუ პანსიონატებში. საბოლოოდ კი ისინი ყირიმში აღმოჩნდნენ. საერთოდ ყველა ბავშვი გაიყვანეს, ვინც საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სახლებში, ინტერნატებში იმყოფებოდა.“
ლიუბოვ ბურინა
ხერსონის მუდმივი დაბომბვების გამო ლიუბოვს უკრაინის სხვა ნაწილში გადასვლა მოუწია. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თითქმის არაფერი იცოდა თავისი შვილიშვილების შესახებ. ფიქრი იმაზე, რომ ისინი შეიძლება რუსულ ოჯახში აღმოჩენილიყვნენ, მის აღშფოთებას იწვევდა.
„[მათი აყვანის] უფლება არ აქვთ, ჩვენი ბავშვები არც ობლები არიან და არც უპატრონოები. რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა იშვილონ სხვა ერის ბავშვები?“ - ამბობს ბურინა.
2026 წლის თებერვლის ბოლოს მოხერხდა ანგელინასა და ჟენიას უკრაინაში დაბრუნება. ბავშვებმა თქვეს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიმღებ ოჯახში ცხოვრობდნენ.
ანჯელინას (წინ) და ჟენიას დაბრუნება უკრაინაში. 2026 წლის 13 თებერვალი
„საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ მოვიდა რუსეთი? რას აკეთებს აქ? უკრაინა მშვენივრად ცხოვრობდა მათ გარეშე“, - ასკვნის ბავშვების ბებია, ლიუბოვ ბურინა.
ვინ გაიტაცა ბავშვები
2022 წლის შემოდგომაზე, უკრაინის კონტრშეტევის პიკზე, რუსეთის მთავრობამ გამოსცა დადგენილება ხერსონის მცხოვრებლების, მათ შორის ბავშვების, რუსეთსა და კრემლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაყვანის შესახებ. იმავე დღეს, 21 ოქტომბერს, სამხედროებმა და დეპუტატებმა დაიწყეს ბავშვების გაყვანა ხერსონის ჩვილ ბავშვთა სახლიდან. ამ პროცესის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა სახელმწიფო დუმის მაშინდელმა დეპუტატმა იგორ კასტიუკევიჩმა, რომელიც პროცესს აკონტროლებდა. ახლა ის რუსეთის ფედერაციის საბჭოში ოკუპირებული ხერსონის ოლქის სენატორია. უკრაინაში კასტიუკევიჩს ბავშვების დეპორტაციის საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი.
კადრებში ასევე ჩანან ოკუპირებული ყირიმის „ჯანდაცვის სამინისტროს“ მოხელეები და სიმფეროპოლის ბავშვთა სახლ „იოლოჩკის“ რამდენიმე თანამშრომელი.
ხერსონის ბავშვთა სახლიდან გადაჰყავთ ბავშვები. სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ: ტატიანა ზავალსკაია, მარგარიტა სუსლოვა, სიმფეროპოლის „იოლოჩკის“ ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე, ანტონ ლიასკოვსკი, ყირიმის „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე“ და რუსეთის პარლამენტის წევრი იგორ კასტიუკევიჩი.
ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში დატოვეს ორი ბავშვი, კიდევ 46 ბავშვი - მათ შორის ვიტია, ანგელინა და ჟენია - გადაიყვანეს ოკუპირებულ ყირიმში და შეასახლეს სიმფეროპოლის ჩვილთა სახლ „იოლოჩკაში“. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი.
როგორც ადრე Hromadske-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, დოკუმენტებს ხელს აწერდა ბავშვთა სახლის ყოფილი პედიატრი ტატიანა ზავალსკაია, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაწესებულების დირექტორმა რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ასე ცდილობდა რუსეთი ბავშვების უკრაინიდან გაყვანის ფორმალურ (ქაღალდზე) ლეგალიზაციას. შესაბამისად, ზავალსკაიასაც წარდგენილი აქვს ბრალი დეპორტაციის საქმეზე.
ტატიანა ზავალსკაია რუსული სახელმწიფო არხის RT-ის (Russia Today) ფილმში
უკრაინაში კანონდარღვევების გამოძიების გაეროს საერთაშორისო კომისიის კომისარი, ვრინდა გროვერი, ამ ქმედებებს სამხედრო დანაშაულს უწოდებს.
„დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, საერთაშორისო სამართლის თვალში არანაირი ძალა არ აქვს. შესაბამისად, ის, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსულმა ხელისუფლებამ დანიშნა, არ ანიჭებს მას არავითარ სამართლებრივ უფლებამოსილებას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას", - ამბობს გროვერი. - "ჩვენს გამოძიებებში მივედით დასკვნამდე, რომ უკანონო გადაადგილება და დეპორტაცია, მაგალითად ბავშვებთან დაკავშირებულ ამ შემთხვევაში, სამხედრო დანაშაულია“.
რუსული დოკუმენტები უკრაინელი ბავშვებისთვის
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გზით უკრაინამ შეძლო ხერსონის ჩვილთა სახლის მხოლოდ 10 აღსაზრდელის დაბრუნება. თითქმის ყველა ბავშვს, მათ შორის ანგელინას და ჟენიას, რუსული მოქალაქეობა ჰქონდათ მინიჭებული.
ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინიდან ობოლი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.
საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხერსონის ბავშვთა სახლიდან გაყვანილ ყველა ბავშვს „რუსული დოკუმენტები“ გაუკეთეს. ჩვენ ასევე დამოუკიდებლად შევძელით დადასტურება, რომ უკრაინაში დაბრუნებულ მინიმუმ ცხრა ბავშვს აქვს რუსული დაბადების მოწმობა, ანგელინასა და ჟენიას კი რუსული უცხოეთის პასპორტებიც გაუკეთეს.
ოლგა პუზიკმა, რომელმაც შეძლო შვილის „იოლოჩკიდან“ დაბრუნება, განაცხადა, რომ მისთვის გადაცემულ დოკუმენტებს (ასლებს) შორის იყო სამედიცინო ცნობები, დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ვიტიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა, და ბავშვის დედისთვის გადაცემის „აქტი“, რომელიც შედგენილი იყო ხერსონის ბავშვთა სახლის იმ დირექტორის სახელით, რომელიც საოკუპაციო ხელისუფლებამ დანიშნა (ანდრეი ხალევინი), და არა ყირიმის „იოლოჩკის“ ხელმძღვანელობის მიერ. ამასთან, „გადაცემის აქტში“ მოცემულია დოკუმენტების არასრული სია, რომელთა ასლებიც ოლგას გადასცეს.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ მის შვილს გაუკეთეს ინდივიდუალური სადაზღვევო ნომერი - СНИЛС. თუმცა ეს ნომერი შეიძლება გაიცეს არამოქალაქეებზეც. ამიტომ ზუსტად ძნელია იმის თქმა, მიანიჭეს თუ არა ვიტიას რუსეთის მოქალაქეობა.
ბავშვის დოკუმენტების გაფორმებაში სხვებთან ერთად მონაწილეობდა ალა ბარხატნოვა - ხერსონის ოლქის რუსული ადმინისტრაციის „შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს“ წარმომადგენელი. 2023 წლის აგვისტოში იგი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა ხერსონის ჩვილთა სახლის აღსაზრდელებთან, რათა მათთვის СНИЛС-ები და რუსული დაბადების მოწმობები გაეცა. გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს გატაცებული ბავშვების დოკუმენტები.
ალა ბარხატნოვა, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი, ხელს აწერს დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ხერსონის ბავშვთა სახლიდან წაყვანილ ბავშვებზე გაცემული აქვთ რუსული დაბადების მოწმობები და სოციალური დაზღვევის მოწმობები. ოკუპირებული ყირიმი, 2023 წლის 6 აგვისტო.
დოკუმენტებთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ მომავალ სასამართლო პროცესებში შეიძლება რუსეთის სასარგებლოდ იმუშაოს, ხოლო ვიტიას და იმ ბავშვებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭეს, პრობლემები შეუქმნას. მაგალითად, ბიჭებს შეიძლება დაავალდებულონ რუსეთის არმიაში სამსახური, ამბობს The Reckoning Project-ის უფროსი იურიდიული მრჩეველი ჯეკ სპროსონი:
„არსებობს პრაქტიკული შედეგები, რაც ფაქტობრივად რუსეთის მოქალაქეობაში იძულებით ჩართვას ახლავს - საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო ჩართვა, რაც, დიდი ალბათობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაც იქნებოდა“.
ჯეკ სპროსონი
იურისტი განმარტავს, რომ თეორიულად ასეთ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე ან გააუქმონ იგი საერთაშორისო სასამართლოების გზით, თუმცა როგორ იმუშავებს ეს პროცედურა პრაქტიკაში, ბოლომდე ნათელი არ არის.
„არსებობს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურები, მაგრამ პრაქტიკაში ისინი ხშირად იურიდიულად რთულია და შეიძლება რისკებსაც შეიცავდეს, მაგალითად, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ფაქტობრივად, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას ცდილობენ, ეს შესაძლებლობა მიუწვდომელია", - ამბობს იგი. - "მათთვის, ვინც არ იმყოფება რუსეთში და არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იურიდიული არგუმენტი, რომ თავად უკრაინელი ბავშვის „პასპორტიზაცია“, მისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, უკანონო იყო და ამ საფუძველზე უნდა გაუქმდეს. მაგრამ პრაქტიკაში ეს ცოტა რამეს ცვლის იმ ბავშვისთვის, რომელსაც უკვე აქვს რუსეთის მოქალაქეობა და იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან იმ ბავშვისთვის, რომელიც სადღაც რუსეთში იმყოფება და მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია“.
ოჯახები გატაცებული ბავშვებისთვის
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე რუსულმა ხელისუფლებამ დაიწყო ადგილნაცვალი და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვებისთვის მიმღები ოჯახების ძებნა რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას, რომლის თქმითაც, რუსულ ოჯახებს „გამარტივებული წესით“ უნდა მიეცეთ უკრაინელი ობლების აყვანის შესაძლებლობა. ამ თხოვნით ლვოვა-ბელოვამ პირადად მიმართა პუტინს ომის დაწყებიდან ორი კვირის თავზე, 2022 წლის მარტში.
„დავალება მივიღეთ, მაგრამ შემდეგ რა უნდა გაგვეკეთებინა, საერთოდ გაუგებარი იყო. არანაირი მარეგულირებელი დოკუმენტი არ არსებობდა - როგორ უნდა მოწყობილიყო ეს ყველაფერი, როგორ უნდა მოგვეძებნა ოჯახები, სწორედ ის ოჯახები, რომლებიც საჭიროა და როგორ არ დაგვეშვა შეცდომა. მაშინ მე დავურეკე ჩემს ახლო გუბერნატორებს და ვუთხარი, რომ აი, მეგობრებო, ასეთი გამოწვევაა. და თითოეულმა მათგანმა თქვა, რომ გარკვეული რაოდენობის მიმღებ ოჯახებს შეარჩევდა. <...> საბოლოოდ გამოგვივიდა 390 ბავშვი, რომლებიც რეგიონებიდან წამოვიყვანეთ“, - ამბობდა ინტერვიუში ლვოვა-ბელოვა.
ვლადიმირ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა 2022 წლის 9 მარტს გამართულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც ლვოვა-ბელოვამ პუტინს სთხოვა, გაემარტივებინა უკრაინელი ბავშვების გაშვილების პროცესი
ხერსონის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, ისევე როგორც ბევრი სხვა ბავშვი, რომლებიც რუსებმა გაიყვანეს, შეტანილნი არიან რეპატრიაციის სიებში, თუმცა როგორც ჩანს, რუსეთი მათ სახლში (უკრაინაში) დაბრუნებას არც კი აპირებს.
2026 წლის იანვარში ოკუპირებული ხერსონის ოლქის რუსმა „სენატორმა“ კონსტანტინ ბასიუკმა განაცხადა, რომ „იოლოჩკაში“ გაგზავნილი 42 ხერსონელი ბავშვი „ყირიმულ ოჯახებს“ გადასცეს. ბასიუკი ამტკიცებს, რომ „იოლოჩკაში“ ხერსონის ბავშვთა სახლის ხუთი აღსაზრდელი რჩება. თუმცა მისი ეს განცხადება გადამოწმებას საჭიროებს.
როგორც უკვე აღინიშნა, „იოლოჩკაში“ გადაყვანილი 46 ბავშვიდან სულ მცირე 10 უკვე დაბრუნებულია უკრაინაში. ჩვენმა წყაროებმა ასევე დაადასტურეს, რომ დარჩენილი ბავშვების უმრავლესობა მართლაც მიმღებ ოჯახებში იმყოფება.
მაშინ, როცა კიევი ხერსონის ჩვილთა სახლის 36 აღსაზრდელის დაბრუნებისთვის იბრძვის, რუსეთის ხელისუფლება გატაცებული ბავშვებისთვის ახალი მეურვეების მოძებნას ცდილობს. ჩვენ აღმოვაჩინეთ ხერსონის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელების სულ მცირე ოთხი ანკეტა რუსულ სახელმწიფო საიტზე „усыновите.рф“ (ანკეტები აქტიური იყო 2026 წლის იანვრისთვის). ამასთან, არ არის მითითებული, რომ ბავშვები ხერსონიდან არიან გაყვანილი. პატარა ანგელინასა და ჟენიას ანკეტებიც ამ საიტზე იძებნებოდა. როდესაც ისინი 2026 წლის თებერვალში უკრაინაში დააბრუნეს, გაირკვა, რომ რეპატრიაციამდე ისინი რუსულ ოჯახში ცხოვრობდნენ.
რუსულ ვებსაიტზე (усыновите.рф) ხერსონის ბავშვთა სახლიდან გატაცებული ბავშვების პროფილების სკრინშოტები.
დეპუტატ სერგეი მირონოვის „შვილობილი“
ერთი თვით ადრე, ვიდრე ხერსონის ჩვილთა სახლიდან ბავშვებს ოკუპირებულ ყირიმში გადაიყვანდნენ, იქ ჩავიდა რუსი დეპუტატი იანა ლანტრატოვა, რომელსაც თან ახლდა ქალი სახელად ინა ვარლამოვა - რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის და პარტია „სპრავედლივაია როსიას“-ს ლიდერის, სერგეი მირონოვის მომავალი მეუღლე. ეს 2022 წლის სექტემბერში მოხდა. ვარლამოვა და ლანტრატოვა ბავშვთა სახლში რამდენჯერმე ჩავიდნენ. ამის შესახებ თავადვე წერდნენ სოციალურ ქსელებში.
მათ პირველებმა გაიყვანეს ხერსონის ჩვილთა სახლიდან ორი ბავშვი: ყველაზე პატარა გოგონა - მარგარიტა პროკოპენკო, რომელიც მაშინ ერთ წლამდეც არ იყო, და ბიჭი ილია ვაშჩენკო, რომელიც მაშინ დაახლოებით 2,5 წლის იყო.
ილია ვაშჩენკო (მარცხნივ) და მარგარიტა პროკოპენკო გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე
მარცხნიდან მარჯვნივ: ვადიმ ილმიევი, ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაცია; ტატიანა ზავალსკაია, რუსეთის მიერ დანიშნული ბავშვთა სახლის დირექტორი ინა ვარლამოვა; სახელმწიფო დუმის დეპუტატი იანა ლანტრატოვა; ილმიევის მრჩეველი არტიში. 2022 წლის 26 აგვისტო.
როგორც Hromadske-მა გაარკვია, აქაც ფიგურირებს პედიატრი ტატიანა ზავალსკაია, რომელიც მოგვიანებით სხვა ბავშვების გაყვანის დოკუმენტებსაც მოაწერს ხელს. სწორედ მან გააფორმა მინდობილობები ვარლამოვასა და ლანტრატოვაზე, რათა ბავშვები მოსკოვში წაეყვანათ.
„ვაჟნიე ისტორიიმ“ დაადგინა, რომ ვარლამოვამ და მირონოვმა იშვილეს მარგარიტა და მას სახელი და დაბადების ადგილი შეუცვალეს, ხოლო ТСН-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს „შვილად აყვანის“ დეტალები. გატაცებული ილია ვაშჩენკოს შესახებ არაფერია ცნობილი.
მას შემდეგ, რაც ხერსონი გათავისუფლდა და დანაშაულების გამოძიება დაიწყო, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გატაცებული ბავშვების დაბრუნებას. მარგარიტა პროკოპენკოს კანონიერი მეურვე, დარინა რეპინა, ზრუნავს მარგარიტას დაზე. ქალი მიმართავს მსოფლიო ლიდერებს და ითხოვს დახმარებას, რათა თავისი ბავშვი დაიბრუნოს.
უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი ამბობს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს რუსულ მხარეს მარგარიტას საქმეზე და შესთავაზეს ნათესაობის დადგენის ტესტის ჩატარება, რათა გოგონა დაბრუნდეს:
„თქვენ მოგყავთ გოგონა და ჩვენ კი არა, დამოუკიდებელი ექსპერტები ატარებენ ორ დნმ-ტესტს, რომელთა შედეგებსაც შემდეგ ჩვენ წარვადგენთ. ანუ საჯაროდ კი არ გამოვფენთ, არამედ უბრალოდ ვაჩვენებთ და შევადარებთ შედეგებს. თუ ვხედავთ, რომ ეს უკრაინელი ბავშვია, ის ავტომატურად ბრუნდება თავის უკრაინულ ოჯახში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთ წინადადებაზე რუსეთის მხარის რეაქცია?! ამიტომ ისინი ამას არასოდეს დათანხმდებიან“.
ნადია და სოფია: უკრაინელი ბავშვები ობოლთა რუსულ ბაზაში
იმ ბავშვებს შორის, რომლებიც რუსმა ჩინოვნიკებმა ხერსონის ჩვილთა სახლიდან გაიყვანეს და რომელთა დაბრუნებაც ჯერ ვერ მოხერხდა, არიან ტყუპი დები - ნადია და სოფია. 2022 წლის შემოდგომაზე ისინი ორ-ორი წლის იყვნენ. გოგონების დედას მშობლის უფლებები ჩამოერთვა, თუმცა ტყუპებს ჰყავთ ორი დეიდა, რომლებიც ამჟამად პოლონეთში ცხოვრობენ თავიანთ შვილებთან ერთად.
2023 წელს უკრაინელი გამომძიებლები დაუკავშირდნენ მილა და ოქსანა კლოჩკოვებს. ეძებდნენ ნადიასა და სოფიას ბიოლოგიურ დედას, რათა მისგან დნმ-ის ნიმუში აეღოთ და ნათესაობა დაედასტურებინათ. ასე შეიტყვეს დებმა, რომ მათ ჰყავდათ დისწულები და რომ ისინი რუსეთმა გაიტაცა.
მილა კლოჩკოვა
„ჩვენებმა რატომ არ გაიყვანეს ეს ბავშვები უსაფრთხო ადგილზე? ჩვენც ხომ ვიცოდით, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო", - ამბობს გოგონების დეიდა, ოქსანა კლოჩკოვა. - "მაგრამ ბავშვები ხომ წმინდაა. წარმოდგენაც კი არ მაქვს, რატომ შეეხნენ [რუსები] ბავშვებს“.
ორივე ქალი იმედოვნებს, რომ გოგონებსა და ყველა გატაცებულ ბავშვს რაც შეიძლება მალე დააბრუნებენ უკრაინაში. მათ ასევე იმედი აქვთ, რომ გოგონები რუსულ ოჯახებში არ გაუშვილებიათ. თუმცა ნადიასა და სოფიას ანკეტები ჩნდებოდა პორტალზე „усыновите.рф“ - ისინი ამ საიტზე 2024 წელს The New York Times-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. მას შემდეგ გოგონების ბედის შესახებ არაფერია ცნობილი.
სოფიასა და ნადიას პროფილები პორტალ усыновите.рф"-ზე
კლოჩკოვები აღიარებენ, რომ მათი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ახლო. ისინი თავადაც სხვადასხვა ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ და ერთმანეთთან ურთიერთობა უკვე ზრდასრულ ასაკში დაიწყეს.
მილა კლოჩკოვა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ვარშავაში გადავიდა მოზარდ შვილთან ერთად. მას ემიგრაციაში ოჯახის სარჩენად და ჯანმრთელობის პრობლემების გასამკლავებლად მძიმე შრომა უწევს. მაგრამ როგორიც უნდა იყოს გარემოებები, კლოჩკოვები ამბობენ, რომ მზად არიან გვერდში დაუდგნენ უკრაინაში მყოფ დას, თუ მას ბავშვებს დაუბრუნებენ.
„მხარდაჭერა იყო და მომავალშიც იქნება, ჩვენ [ახლაც] ვურთიერთობთ", - ამბობს ოქსანა კლოჩკოვა. - "მაგრამ პასუხისმგებლობა სხვა საკითხია. მე მესმის, რომ ახლა უკრაინაში ომია. და ამ ეტაპზე მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს შვილებზე. მან, როგორც დედამ, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ბავშვებზე“.
როგორ აბრუნებენ ბავშვებს
ბავშვები იზრდებიან და სულ უფრო მეტად იცვლებიან, განსაკუთრებით ისინი, ვინც რუსულმა ხელისუფლებამ მცირე ასაკში გაიყვანა სამშობლოდან. ყოველწლიურად სულ უფრო რთული ხდება მათი ამოცნობა ფოტოებზე, თვით ნათესავებისთვისაც კი. ნათესავებს, თავის მხრივ, ეშინიათ, რომ ხანგრძლივი განშორების გამო ბავშვები მათ ვეღარ იცნობენ ან უკვე შეუყვარდებათ სხვა ადამიანები - ის ოჯახები, რომლებმაც ისინი მიიღეს. გარდა ამისა, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, მშვილებლებს აქვთ უფლება შეცვალონ ბავშვის ნებისმიერი პირადი მონაცემი, დაბადების თარიღისა და ადგილის ჩათვლით.
გაეროს საერთაშორისო კომისიის ბოლო გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გამომძიებლებმა დაადგინეს მინიმუმ 21 რეგიონი, სადაც რუსეთის ხელისუფლებას გადაჰყავს დეპორტირებული და უკრაინიდან უკანონოდ გაყვანილი ბავშვები, რომლებსაც ანაწილებენ როგორც დაწესებულებებში, ისე ოჯახებში.
რეგიონები, სადაც, გაეროს საერთაშორისო კომისიის მონაცემებით, რუსეთის მიერ დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვები იმყოფებიან ან იყვნენ განთავსებულნი
უკრაინის ომბუდსმენის ოფისი, უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა Bring Kids Back და რიგი სამოქალაქო ორგანიზაციებისა, მათ შორის The Reckoning Project, დაკავებულნი არიან რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების მოძიებითა და რეპატრიაციით.
„ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია. ვიცით, სად იმყოფებიან ბავშვები ფიზიკურად. რაც არ უნდა ეცადონ რუსები, რომ ისინი ახალი დოკუმენტებითა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუდმივი გადაადგილებით დამალონ“, - ამბობს უკრაინის ადამიანის უფლებათა რწმუნებული დმიტრო ლუბინეცი.
უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი
რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით ისინი მზად არიან დააბრუნონ უკრაინელი ბავშვები მხოლოდ მშობლების ან იმ ნათესავების პირადი განცხადების საფუძველზე, რომლებსაც შესაბამისი მინდობილობა აქვთ. თუმცა, როგორც უკრაინაში ამბობენ, ასეთი მიმართვების არსებობაც არ აჩქარებს პროცესს.
„[რუსული მხარე] მაქსიმალურად აჭიანურებს, ართულებს [პროცესს], სვამენ დამატებით კითხვებს, ითხოვენ დამატებით დოკუმენტებს. ეს ყველაფერი მაქსიმალურად რთულად მიმდინარეობს და ამიტომ ჩვენ ვერ ვაბრუნებთ ყველა უკრაინელ ბავშვს“, - ამბობს ლუბინეცი.
გატაცებული ბავშვების რეპატრიაციაში უკრაინას ეხმარება 46 ქვეყნის კოალიცია, მათ შორის კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, ნორვეგია, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა, იაპონია, აშშ და ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. კიევს ასევე ეხმარება კატარი, ხოლო ბოლო პერიოდში - აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპიც. როგორც უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, შუამავლების მეშვეობით ისინი გადასცემენ მცირე სიებს.
„ჩემი აზრით, როგორც კი დიდ სიას გადავცემთ, რუსეთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ბავშვები სხვა ადგილზე გადაიყვანოს, კვლავ შეუცვალოს დოკუმენტები, ანუ გააკეთოს ყველაფერი, რათა დამატებით დამალოს ნებისმიერი ინფორმაცია ამ ბავშვების შესახებ", - ამბობს ლუბინეცი. - "აზრი აქვს <...> თითოეული შემთხვევის ცალკე დამუშავებას. რადგან თითოეული ბავშვის დაბრუნება არის ცალკე მოლაპარაკება, ცალკე დოკუმენტების პაკეტი“.
სწორედ ამიტომ ბავშვები უკრაინაში ბრუნდებიან მცირე ჯგუფებად - რამდენიმე ადამიანის სახით.
სხვა ომების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაეროს დამოუკიდებელმა კომისიამ ურჩია უკრაინას, შექმნას დნმ-ის ბაზა იმ ბავშვების ნათესავებისთვის, რომელთა დეპორტაცია ან გადაადგილება განახორციელა რუსეთმა.
„არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან პატარები იყვნენ, ფაქტობრივად ჩვილები, ამიტომ ვერ დავეყრდნობით მათ მეხსიერებას ან იმას, რომ ისინი შეძლებენ რაიმეს მოყოლას. ამ შემთხვევაში დნმ-ის რეესტრი ძალიან აქტუალური და ეფექტიანი იქნება ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი შემდგომი დაბრუნებისთვის“, - ამბობს კომისარი ვრინდა გროვერი.
ვრინდა გროვერი
უკრაინის ომბუდსმენმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება აგროვებს ნათესავების დნმ-ს, თუმცა ამ ბაზის პრაქტიკაში გამოყენება ჯერ რთულია. მოსკოვი პროცედურას თვეებითა და წლებით აჭიანურებს.
„პროცესი მარტივი არ არის", - ამბობს ლუბინეცი. - "რუსებს კარგად ესმით: ყოველი დაბრუნებული ბავშვი არის პოტენციური მოწმე იმ სამხედრო დანაშაულებისა, რომლებიც მათ ამ ბავშვების მიმართ ჩაიდინეს. როგორ ფიქრობთ, მათ დიდი სურვილი აქვთ ბავშვების დაბრუნების?“
გატაცებული ბავშვების მილიტარიზაცია
რუსულ მიმღებ ოჯახებსა და ბავშვთა სახლებში უკრაინელ ბავშვებს არა მხოლოდ რუსულად ლაპარაკი და რუსული სასკოლო პროგრამით სწავლა უწევთ. რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად ეწევა მათ „პატრიოტულ გადამზადებას“. იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიის ანგარიშში საუბარია სამხედრო-პატრიოტულ ბანაკებზე, რომლებიც, მათ შორის, უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციისთვის გამოიყენება: ავტორებმა დათვალეს სულ მცირე 210 ასეთი ცენტრი.
იგივე სურათს აჩვენებენ რუსეთის სახელმწიფო მედიებიც: ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თავად რუსეთში ბავშვები მარშირებენ სამფეროვანი დროშით, შლიან და აწყობენ ავტომატს, სწავლობენ დრონების მართვას. ამაზე საუბრობენ უკრაინაში დაბრუნებული ბავშვებიც, ამბობს ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი.
„გარდა ამისა, ყველა ბავშვი უნდა იყოს ე.წ. სამხედრო ორგანიზაციების წევრი, მაგალითად, „იუნარმიის“, - ამბობს ის. - "ანუ ეს არის არა უბრალოდ რუსიფიკაციის, არამედ უკვე უკრაინელი ბავშვების მილიტარიზაციის ერთ-ერთი ელემენტი როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ მტკიცედ მჯერა, რომ რუსები უკრაინელ ბავშვებს მომავალ რუსულ არმიაში რესურსად გამოიყენებენ“.
ე.წ. პატრიოტული აღზრდა მიმდინარეობს სიმფეროპოლის „იოლოჩკაშიც“, სადაც ხერსონის ბავშვთა სახლიდან გადაყვანილი ბავშვები იმყოფებიან. მათთან რეგულარულად მიდიან რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების, მაგალითად, როსგვარდიის თანამშრომლები. საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები ბავშვებთან ერთად წრიულ ცეკვებსაც ასრულებდნენ, ხოლო სასამართლო აღმასრულებლებს საჩუქრები მიჰქონდათ.
ე.წ. გამარჯვების დღეს, 9 მაისს, „იოლოჩკის“ თანამშრომლებს ბავშვები მიჰყავთ ხოლმე „მარადიულ ცეცხლთან“, ხოლო სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რეგულარულად ატარებენ ღონისძიებებს, რათა „ბავშვებში განავითარონ სამშობლოსადმი სიამაყისა და მადლიერების გრძნობა“. „რუსეთის დღეს“, რომელიც 4 ნოემბერს აღინიშნება, ბავშვები ხატავენ რუსეთის დროშებს, ხოლო თანამშრომლები კითხულობენ ლექსებს რუსეთის სიყვარულზე.
რუსი სამართალდამცველები ოკუპირებულ ყირიმში, "იოლოჩკის" ბავშვთა სახლში, სადაც ხერსონიდან გატაცებული ბავშვები იყვნენ განთავსებულნი.
ინდოქტრინაციასთან ერთად უკრაინელი ბავშვების სისტემური განაწილება რუსულ ოჯახებსა და ბავშვთა სახლებში, ასევე მათთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, მნიშვნელოვნად ცვლის ამ ბავშვების იდენტობას და არღვევს მათ უფლებებს, - ამბობს გაეროს საერთაშორისო კომისიის კომისარი ვრინდა გროვერი.
„ოკუპანტ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით არ აქვს უფლება შეცვალოს ბავშვის პირადი სტატუსი. სტატუსში იგულისხმება მოქალაქეობა, იდენტობა, ოჯახური კავშირები. ოკუპანტ სახელმწიფოს ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს ბავშვის უფლება საკუთარი პიროვნების (მათ შორის მოქალაქეობის, სახელის, ოჯახური კავშირების) შენარჩუნებაზე, - ყველა ეს უფლება ირღვევა იმ მომენტიდან, როგორც კი ბავშვი გადადის მიმღებ ოჯახში ან შვილად აყვანის პროცესში ხვდება“, - ამბობს გროვერი.
ვინ დაისჯება
2023 წლის გაზაფხულზე, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისა და იძულებითი გაყვანის გამო, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა დაკავების ორდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვაზე. ჩვენ კომენტარისთვის მივმართეთ ICC-ს, თუმცა მათ ამ საქმეზე დამატებითი დეტალების მიწოდებაზე უარი თქვეს.
მარია ლვოვა-ბელოვა ინტერვიუებში ამბობს, რომ უკრაინიდან ბავშვების გაყვანა ის გადაწყვეტილებაა, რომლითაც ამაყობს.
„როდესაც დავიწყეთ იმის გარკვევა, თუ რის გამო წაგვიყენეს ბრალდებები, გამიჩნდა სიამაყის გრძნობა. ჩემთვის „ეს ორდერი ორდენივით არის“. იმიტომ, რომ ხვდები - ის საქმე, რაც ქვეყნისთვის გააკეთე, დიდი რაოდენობით ადამიანებისთვის გახდა შესამჩნევი“, - ამბობდა ლვოვა-ბელოვა ინტერვიუში.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
რუსი სამხედროები, პოლიტიკოსები და ვლადიმირ პუტინი ამტკიცებენ, რომ მათ ბავშვები საბრძოლო მოქმედებებისგან იხსნეს. მაგრამ სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს რუსეთი კვლავ არ აბრუნებს მათ სამშობლოში და ცდილობს ახალ ოჯახებში მათ გაშვილებას.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი გარკვეულ განსაკუთრებულ ან საგანგებო პირობებში უშვებს დროებით ევაკუაციას, თუ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან არსებობს სამედიცინო საჭიროება, - ამბობს გაეროს კომისიის კომისარი გროვერი. - "ასეთ შემთხვევებში დროებითი ევაკუაცია დასაშვებია. მაგრამ არსებული გარემოებები და ჩვენი გამოძიება აჩვენებს, რომ ბავშვების ეს გაყვანა არ არის დროებითი ხასიათის“.
გაეროს საერთაშორისო კომისიაში აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ თანამშრომლობას კონფლიქტის ყველა მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გამოიძიონ სავარაუდო დანაშაულები. თუმცა რუსეთმა არ უპასუხა მათ 35 ოფიციალურ მოთხოვნას. უკრაინული მხარეც ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს.
„ქაღალდზე არსებული ფუნქციონალი, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელშიც ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ", - ამბობს უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი. - "ვერავინ ახერხებს რუსეთის ფედერაციასთან, როგორც სახელმწიფოსთან, რამე რეალური ზემოქმედების მოხდენას. რუსეთი შეგნებულად და საჯაროდ ყოველდღე არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. თანაც ამას აკეთებს ღიად და ამბობს: „და რას გვიზამთ? რას? ვერაფერს“. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ტრაგედია“.
ამასთან, როგორც გაეროს კომისიაში აცხადებენ, ისინი აგროვებენ მონაცემებს ყველა იმ პირის შესახებ, ვინც სავარაუდო სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობს. უკრაინა, ევროკავშირი, აშშ და დასავლეთის ზოგიერთი სხვა ქვეყანა აწესებენ პერსონალურ სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ბავშვების დეპორტაციასა და იძულებით გადაყვანაში. თუმცა, გაეროში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სწრაფი სასამართლო პროცესების ჩატარება შეუძლებელია, ასეთი გამოძიება მომავალში, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მართლმსაჯულების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად ეჭვქვეშ აყენებს და გადაჭარბებულად მიიჩნევს ოფიციალურ უკრაინულ მონაცემებს დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული ბავშვების რაოდენობის შესახებ. უკრაინა საუბრობს სულ მცირე 20 ათას ბავშვზე. როგორც უკრაინის ომბუდსმენის ოფისში გვითხრეს, ეს რიცხვი 2023 წლის შემდეგ არ შეცვლილა, რადგან არც უკრაინის ხელისუფლებას და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს აღარ აქვთ შესაძლებლობა აღრიცხვა აწარმოონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო რუსეთი მოთხოვნების უმეტესობას იგნორირებას უკეთებს.
ამავე დროს, რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის 2022 წლის ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციამ მიიღო უკრაინისა და დონბასის რესპუბლიკების დაახლოებით 4,8 მილიონი მცხოვრები, რომელთაგან 700 ათასზე მეტი ბავშვია“. ცალკე აღნიშნულია, რომ მხოლოდ 1,5 ათასი ბავშვი გაიყვანეს ბავშვთა სახლებიდან და თავშესაფრებიდან.
უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის, იძულებითი გაყვანისა და რეპატრიაციის შეფერხების გამო, გაეროს საერთაშორისო კომისიამ 2026 წლის მარტში რუსეთის ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ცნო.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, 2026 წლის მარტისთვის კიევმა შეძლო სახლში დაებრუნებინა 2 ათასზე მეტი გატაცებული ბავშვები. ხერსონის ჩვილთა სახლიდან ანგელინასა და ჟენიას დაბრუნებას ნათესავები სამ წელზე მეტხანს ცდილობდნენ, ვიტიას კი დედა ერთ წელზე მეტი ეძებდა. რუსეთის ხელისუფლება მუდმივად აყენებს ახალ-ახალ პირობებს, რათა ბავშვების დაბრუნების პროცესი რაც შეიძლება გაჭიანურდეს. და ეს მაშინ, როცა თითქმის ყველა ამ ბავშვს ჰყავს სისხლით ნათესავი.
ამ მასალის მომზადებაში ასევე მონაწილეობდნენ: ბორის საჩალკო, მიხაილო შტეკელი, მიკოლა ნემჩენკო, ანდრეი შურინი, ალექსეი პალი და პროექტი „სისტემა“
მასალა მომზადებულია The Reckoning Project-თან თანამშრომლობით - ჟურნალისტებისა და იურისტების საერთაშორისო გუნდთან, რომელიც ომის დანაშაულების დოკუმენტირებით, გაშუქებითა და მტკიცებულებების შეგროვებით არის დაკავებული.