კატო, ეფრო, მინადორა, მარიამი, ქრისტინე, მელანია, დომინიკა, დები ნიკოლაძეები... გაიცანით ქალები, ვინც პირველები ავიდნენ სცენაზე, პირველი სკოლები გახსნეს, პირველებმა ისწავლეს ევროპაში, პირველი საჯარო ლექციები ჩაატარეს, ხმის უფლება მოითხოვეს, პარლამენტში შევიდნენ, პირველებმა დაიცვეს საკუთარი უფლებები და სხვების ხმებადაც იქცნენ.
ერთი სტატია ყველას ვერ დაიტევს - მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვუყარეთ ერთად თავი იმის დასტურად, რომ ბრძოლა, რომელსაც საქართველოში ქალები დღემდე აგრძელებენ, ას წელზე მეტი ხნის წინ, ქუთაისში დაიწყო - ქალთა პოლიტიკური ცენტრის, აქტივიზმის, პრესისა და პოლიტიკური დებატების, პირველი ფემინისტური ჯგუფების, გიმნაზიების ქალაქში.
კატო მიქელაძე - ქართველი „სუფრაჟისტკა“
ქუთაისის შვილია კატო მიქელაძეც - ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ჟურნალისტი, ერთ-ერთი პირველი ქართველი „სუფრაჟისტი“ და როგორც მწერალი თამთა მელაშვილი შენიშნავს, „ყველაზე გამორჩეული ფემინისტი საქართველოს ისტორიაში“.
კატო მიქელაძის მიზანი არ იყო მხოლოდ ქალების საგანმანათლებლო მოძრაობის გაძლიერება - ის ქალთა პოლიტიკური გააქტიურებისთვის იბრძოდა.
განათლება ევროპაში მიიღო. ბრიუსელის უნივერსიტეტის დამთავრების და ერთხანს პარიზში ცხოვრების შემდეგ, კატო მიქელაძე ქუთაისში ბრუნდება, აარსებს „ქალთა ლიგას“, სადაც მთელი დასავლეთ საქართველოდან აერთიანებს ქალებს.
კატო მიქელაძე
მერე კი, 1917 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველ და ერთადერთ ფემინისტურ გაზეთს "ხმა ქართველი ქალისას" გამოსცემს - "სწორუფლიანობის" მიღწევისა და ქალთა ემანსიპაციისათვის ბრძოლა გაზეთის ფურცლებიდანაც გრძელდება.
„თითქოს დაუჯერებელი იყო იმ დროს ამ ქალების და მათ შორის, კატოს ასეთი აქტიურობა, სწრაფვა და სულისკვეთება, შეეცვალათ სამყარო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქუთაისის მკვიდრი, თოჯინების თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ია იაშვილი, - „კატო მიქელაძის წერილების კითხვისას, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს ეს სიტყვები გუშინ დაიწერა და „რუსთაველის მარშის“ მონაწილეები მიმართავენ ერთმანეთს. რომ ძალა ერთობაშია და სოლიდარობაში. პარალელების გარეშე არ გამოდის - კატოს გახსენებისას, მზია ამაღლობელი მიდგას თვალწინ, ხელში წიგნით „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. კატოს ხელში ასეთი მისი „ხმა ქართველი ქალისა“ იყო... ეს ქალები, ალბათ, ვერც წარმოიდგენდნენ, რამდენ რამეს შეცვლიდნენ“.
ეს ქუთაისის გუბერნატორის მიერ გაცემული ნებართვაა, რომელიც კატო მიქელაძეს უფლებას აძლევდა ლექციები წაეკითხა ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, სენაკში, აბაშაში, საჩხერეში, ბახმაროში, ზუგდიდში ცაგერსა და ლანჩხუთში:
კატო მიქელაძის საჯარო ლექციები ქუთაისის წითელ ხიდთან თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არ იყო მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის გამოსვლები - ოჯახი, ჯანმრთელობა, ხმის უფლება, ყოველდღიურ ცხოვრებაში დახმარება - საუბრები ყველაფერს მოიცავდა.
არ იყო ჩვეული ამბავი იმ დროის საქართველოსთვის.
კატო მიქელაძის თანამედროვე, მარიამ გარიყული, თავის მოგონებებში წერს, როგორ შეიტყო ქუთაისის თეატრში ქალების კრების შესახებ და როგორ წავიდა იქ:
„ჭრელი ხალხი შეკრებილიყო ყოველი წოდების, ყოველი ხარისხის, კლასის და ეროვნების ქალები მოსულიყვნენ. აქა-იქ თუ შეამჩნევდა თვალი მამაკაცს. კრებაზე სიტყვით გამოვიდა კატო მიქელაძე, გადაისვა ხელი უკვე შეჭაღარავებულ თმებზე, გონიერებით სავსე თვალები მიმოავლო თეატრს და აუღელვებლივ, დინჯად დაიწყო. ლაპარაკის კილოში ფრანგული აქცენტის გავლენა ეტყობოდა"...
1918 წელს, გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ წერდა:
„არსებულ უსამართლობასთან საბრძოლველად საჭიროა ქალებისათვის არა მამაკაცების კუდში დევნა, არამედ თავიანთი ინდივიდუალურობის განვითარებაო“.
კატოს დაარსებულ, ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბის პროგრამაში კი ეწერა: „ქალი არის ისეთივე გონიერი და გრძნობიერი არსება, როგორც მამაკაცი და უნდა სარგებლობდეს ადამიანის სრული უფლებითაცო“.
კატო რომ გარდაიცვალა, 1942 წელს, როგორც გენდერის მკვლევარი, ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი წერს, ის სულ რამდენიმე ადამიანმა გააცილა ბოლო გზაზე. მარიამ გარიყულიც მათ შორის იყო.
დომინიკა ერისთავი - „განდეგილი“
ქუთაისი ზამთრის საცხოვრებელი იყო ქართველი პოეტისა და პროზაიკოსი ქალის, დომინიკა ერისთავის (ლიტერატურული ფსევდონიმით - განდეგილი) ოჯახისთვის, რომელიც ვანში ცხოვრობდა და ზამთრობით ქუთაისში გადადიოდნენ ხოლმე.
17 წლის დომინიკა იქვე, ქუთაისში გაათხოვეს ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტზე, მასზე ასაკით ბევრად უფროს სოლომონ მდივანზე, რომელიც, როგორც გადმოცემით არის ცნობილი, ახალგაზრდა ცოლს გარე სამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავდა.
დომინიკა ერისთავი
ჟორჟ სანდის ნაწარმოებების კითხვას და თავისი უფლებებისთვის ბრძოლასაც იმ პერიოდში დაიწყებს - მოგვიანებით, უკვე ქუთაისიდან თბილისში წასული დომინიკა ერისთავი, ჟურნალ „ნობათის“ რედაქციაში იწყებს მუშაობას. ლიტერატურული ფსევდონიმით „განდეგილი“. მისი პირველი ლექსებიც იბეჭდება.
წლების შემდეგ თავად ხდება ამავე ჟურნალის რედაქტორი.
შემდეგ კი, "ქართველ ქალთა საზოგადოებას" აფუძნებს, რომელიც იყო ქართველი ქალების პირველი ორგანიზაცია. მოგვიანებით, დომინიკა ერისთავის მეგობარი, ნინო რცხილაძე გაიხსენებს:
„ჩვენ ორივენი ერთი აზრით ვსუნთქავდით და ვსაზრდოობდით. ჩვენი მიზანი იყო გვებრძოლა „ქართველ ქალთა საზოგადოების“ დაარსებისათვისო“.
ია იაშვილი გვიყვება, რომ ქალები, ქუთაისში, რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ მხოლოდ სალონური გართობით, ბანქოს თამაშით და მაქმანებიანი ტანსაცმლით თავის მოწონებით ფონს ვერ გავიდოდნენ და ასე დაიწყო ზრუნვაც, რომ მათი გარემოცვას განათლებული ქალებისგან ყოფილიყო შემდგარი.
ალბათ, დომინიკა ერისთავიც თამამად შეიძლება ამ ქალებს მივათვალოთ.
„რაღაც ეტაპზე ქუთაისს სულ ტოვებენ. ახალ ასპარეზზე მიდიან. ევროპაში სასწავლებლად, ან თბილისში სამუშაოდ, მაგრამ ბოლომდე მიტოვებული ეს ქალაქი არასოდეს არის. იქ სულ ბრუნდებიან. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზნით“, - მოგვითხრობს სოციოლოგი, რელიგიისა და კულტურის მკვლევარი სოფო ზვიადაძე.
ქუთაისელი გიმნაზიელი ქალები
ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე - მეამბოხე
შეიძლება ქრისტინეს სახელის ხსენებაზე თქვენც ეს ცნობილი ფოტო გაგახსენდათ - ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე დამფუძნებელი კრების წევრ კაცებთან ერთად, მაგიდასთან ზის.
ისტორიაშიც ასე შევიდა - როგორც საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების წევრი ქალი, ერთ-ერთი იმ ხუთი ქალიდან, ვინც პირველი ქალი პარლამენტარი გახდა.
ქრისტინეც, იმ დროს ბევრი აქტიური ქუთაისელი ქალის მსგავსად, ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, საიდანაც 1904 წელს, „მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო“ გარიცხეს - ამ საქმიანობაში, აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაც შედიოდა.
15 წლისა იყო, როცა არალეგალური სასწავლო წრის - მიწისქვეშა ჯგუფის ორგანიზატორი გახდა. ამ ჯგუფის თაოსნობით, რამდენჯერმე გაიმართა ქუთაისელ მოსწავლეთა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც მეფის აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ქრისტინე შარაშიძე
მოგვიანებით, 1905-1906 წლებში, მაშინდელი ტფილისის რევოლუციურ გამოსვლებშიც იყო ჩართული.
ერთხანს მასწავლებლადაც მუშაობდა ქუთაისში, მარიამ ყაუხჩიშვილის დაფუძნებულ ქალთა კერძო გიმნაზიაში. ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრიც იყო და საჯარო ლექციებს კითხულობდა - ჩიტო შარაშიძეს პირველ ქართველ ლექტორ ქალადაც მოიხსენიებენ ხოლმე.
ქუთაისის ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები
1919 წლის 12 მარტიდან კი, მას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩევენ - კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი და საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების წევრია.
ჩიტო შარაშიძეს წინააღმდეგობა არც 1921 წლის მერე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ შეუწყვეტია.
ბოლშევიკური მთავრობისგან დაპატიმრებაც გამოცადა: მიზეზი -მე-10 პედაგოგიურ ტექნიკუმში (სადაც იგი მასწავლებლად მუშაობდა) მოსწავლეთა გაფიცვა იყო. დაკითხვაზე უთქვამს:
„...აქ არის ხსენებული ძალაუფლება შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და მთავრობა შემდგარი ქართველებისაგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისაო“.
საბრალდებო დასკვნაში კი ჩაწერეს: „...ძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებული წარმოადგენს არსებული წყობილების შეურიგებელ მტერს და ყოველგვარ ღონეს ხმარობს საბჭოთა წყობილების დასამხობად და მენშევიკების ბატონობის აღსადგენადო“.
ექვსი თვით მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც მალე გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო, ძმის, შალვა შარაშიძის, თავდებობით.
თუმცა ქრისტინე შარაშიძე წლების განმავლობაში არალეგალურად განაგრძობდა პოლიტპატიმართა და მათი ოჯახების დახმარებას თანამოაზრეებთან ერთად.
ქუთაისის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის მოსწავლეები და მათი პედაგოგი. ფოტო - "უცნობი ქუთაისი".
ეფრო ყიფიანი-კლდიაშვილი: სცენაზე, როგორც პოლიტიკაში
ეფროს ,,ქუთაისის თეატრის დედად“ მოიხსენიებდნენ.
მე-19 საუკუნის საქართველოში ქალის სცენაზე ასვლა არ იყო ასე მარტივი ამბავი და როგორც მუსიკისმცოდნე ქეთევან მამუკელაშვილი შენიშნავს, ეს გამბედაობასაც მოითხოვდა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებთან დაპირისპირებასაც ნიშნავდა.
„მაგრამ ამას ეფროსთვის ხელი არ შეუშლია, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება ქართული თეატრისთვის მიეძღვნა“.
ეფრო კლდიაშვილი
თეატრთან კავშირი კი, განსაკუთრებით, იმ დროს, პოლიტიკასთან კავშირსაც ნიშნავდა - ქუთაისის ოპერის თეატრი კი, რომლის სახელსაც ეფრომ თავისი ცხოვრება დაუკავშირა, „ყოველთვის იყო პოლიტიკური იყო საქართველოში“, - ამბობს თამთა მელაშვილი.
თითქმის ყველა ფემინისტი და აქტივისტი სცენისმოყვარეთა წრეებთან იყო კავშირში, თეატრის საკითხი კი ქალთა ემანსიპაციის საკითხისგან განუყოფელი იყო.
ასეთი სცენისმოყვარეთა წრე, ქუთაისში, 1860-იანი წლების ბოლოს დაარსდა და მასში გაერთიანდნენ სწორედ ეფრო კლდიაშვილი, ნინო აბაშიძე, კეკელა აგიაშვილი.
ეფრო წარმოდგენების ორგანიზატორი ყოფილა. სპექტაკლებს ძირითადად ქალები აორგანიზებდნენ.
ახალგაზრდა ეფრო ყიფიანი-კლდიაშვილი
დიდი პოლემიკა გამოუწვევია მათ სპექტაკლ „მედეას“ მაშინდელ გაზეთ „დროებაში“ და ამ საჯარო პოლემიკაში თავად ეფრო კლდიაშვილიც იყო ჩართული.
მაშინ ქუთაისში ბევრი ქალთა წრე და საზოგადოება არსებობდა და მათი შეხვედრებისა და საქველმოქმედო საზოგადოებებისთვის თეატრის კარი ყოველთვის ღია იყო.
თავად ეფრო ყიფიანი-კლდიაშვილი არ ყოფილა ქუთაისიდან - ის იქ მას მერე აღმოჩნდა, რაც ქუთაისის საგუბერნიო 68-ე ბატალიონის პოდპორუჩიკ გრიგოლ კლდიაშვილს გაჰყვა ცოლად.
ეფროს ქალიშვილი ანასტასია იხსენებდა, ,,როდესაც ეფრო გათხოვდა და ქუთაისში გადასახლდა, სხვებთან ერთად დააარსა თეატრის მოყვარულთა წრე. რეპეტიციები, როლების განაწილება, ტანისამოსის შოვნა, ნებართვის აღება, აფიშები და სხვა მრავალი წვრილმანი საქმეების მოწესრიგებაში ეფროს პირველი ადგილი ეჭირა. ეს ყველაფერი მის ბინაზე იმართებოდა...
ქუთაისი, "გვირილობის" დღესასწაული
ქუთაისში, სხვა არაერთი ინიციატივის სათავეშიც იდგენენ ქალები, თუმცა, როგორც სოციოლოგი, რელიგიის და კულტურის მკვლევარი სოფო ზვიადაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ქალების ისტორია არ არის მხოლოდ ქალთა მოძრაობის ისტორია, ის ფეხდაფეხ მიჰყვება მე-19 საუკუნის ისტორიას და გადაჯაჭვულია ქალაქის ისტორიასთანაც, რადგან რაღაც პერიოდში, ეს ქალაქი არის კულტურის შემქმნელი.
და აქ მხოლოდ ერთი გიმნაზია ან ერთი ადმინისტრაცია კი არ იგულისხმება, არამედ ალტერნატიული საგანმანათლებლო კერებიც, რომელთა შექმნაშიც, როგორც სოფო ზვიადაძეც გვიყვება, დიდი იყო ქუთაისში მცხოვრები კათოლიკეების როლი.
ქუთაისის გიმნაზიელები
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე - რევოლუციონერი
მინადორაც ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულია. პოლიტიკით მისი დაინტერესებაც ქუთაისში იწყება, თუმცა ეს ყველაფერი მას მერე სერიოზულდება, რაც სწავლას ჟენევაში განაგრძობს და ჟენევის სოციალისტურ წრეებში მოხვდება, „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში. მომავალ ქმარს, მალაქია ტოროშელიძესაც იქ ხვდება და ცოლად მიჰყვება.
მინადორა რევოლუციონერია. ცვლილებების სურვილით სავსე ბრუნდება სამშობლოშიც და ბრძოლას თბილისში აგრძელებს.
მინადორა ტოროშელიძე
ის აქტიური „მენშევიკია“;მალაქია ტოროშელიძე კი - „ბოლშევიკების“ მხარეს დგას.
მინადორას ისტორიული ხელმოწერა შემორჩება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.
1918 წელს კი ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრია. ერთ-ერთი, ქრისტინე შარაშიძესთან ერთად, იმ ხუთ ქალს შორის, რომლებიც პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების სახელით შევიდნენ ისტორიაში.
1921 წლის თებერვალში, როცა საქართველოს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ესხმის თავს, მინადორა საქართველოს წითელ ჯვარში მუშაობს.
დიდი ტერორის წლებში რეპრესიები მინადორასაც შეეხო - 1936-ში ყაზახეთში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნება მხოლოდ 1950 წელს შეძლო...
„მე ამ ქალებს მეამბოხე ქალები დავარქვი... მეამბოხე კი მაშინ ხარ, როცა მომავლის ხედვა გაქვს, აწმყოს რეალური აღქმა შეგიძლია და იცი, როგორ შეადარო შენი ყოფა და უფლებები იმას, რაც ხდება მსოფლიოში. ჩაკეტილ სივრცეში ადამიანი ვერასოდეს ხვდება რა არის შესაცვლელი, რა არის ბრძოლის მიზანი. ეს ქალები კი, რომლებიც ასე ლეგენდებივით შემორჩნენ ისტორიას, ამას ხვდებოდნენ“, - გვეუბნება ია იაშვილი.
ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი. დღეს ამ ადგილას ქუთაისის მესამე სკოლაა.
მარიამ ყაუხჩიშვილი - ქალთა პირველი კერძო გიმნაზიის დამფუძნებელი
მისი სახელს ახსენებენ ყოველთვის, როცა ქუთაისის ქალთა კერძო გიმნაზიაზე ილაპარაკებენ - ამ გიმნაზიის დაარსებით მარიამ ყაუხჩიშვილმა თავისი ოცნება აისრულა.
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის დამთავრების მერე მარიამი კათოლიკეთა პირველდაწყებით სკოლაში ყველა საგნის მასწავლებლად მუშაობს. მერე კი, ერთხანს, იოსებ ოცხელის მიერ გახსნილ საბავშვო ბაღში - მასწავლებლად.
როცა ჟენევაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად, კითხვაც აღარ გაჩენილა რა იქნებოდა მისი მომავალი პროფესია.
მარიამ ყაუხჩიშვილი
ქუთაისში დაბრუნებულმა მარიამმა ლიდია ანჯაფარიძესთან ერთად, ქალთა კერძო ოთხკლასიანი სასწავლებელი დააარსა.
1899 წელს სპეციალური რეკლამები იუწყებოდნენ: „მთავრობის ნებართვით ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, ალ. ჭყონიას სახლში, პირველი სექტემბრიდან დაარსდება ოთხკლასიანი სასწავლებელი პროგიმნაზიის კურსით. მდგომიარე წელს გაიხსნება ორი მოსამზადებელი განყოფილება და პირველი პროგიმნაზიური კლასი, ხოლო შემდეგში ყოველ წელიწადს მოემატება თითოეული კლასი. საჭირო ცნობების მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ ლიდა გრიგოლის ასულ ანჯაფარიძეს, ან მარიამ იოსების ასულ ყაუხჩიშვილს“.
მალე ეს სასწავლებელი ქალთა კერძო გიმნაზიად გადაკეთდა.
მარიამ ყაუხჩიშვილი გიმნაზიელ გოგონებთან ერთად
1903 წლიდან გიმნაზია თბილისის ქუჩაზე, პეტრე გოკიელის სახლში იყო. შემდეგ, ქუთაისში მცხოვრები ქართველი კათოლიკეების დახმარებითა და ბანკიდან აღებული სესხით, მარიამმა ქალაქის ცენტრში შეიძინა ორსართულიანი შენობა დიდი ბაღით.
1912 წლის 31 ოქტომბერს სათავადაზნაურო ბანკმა გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მარიამ ყაუხჩიშვილმა შეისყიდა ანა ნიჟარაძის მამული სახლით, გუბერნატორის შესახვევში, თბილისის ქუჩაზე.
გიმნაზიაში ქართულად ასწავლიდნენ (ეს ის დროა, როცა ოფიციალურ სასწავლებლებში ქართული ენა და ლიტერატურა იდევნება) და ეს იყო ქუთაისში ერთადერთი გიმნაზია, სადაც ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიასაც.
მარიამ ყაუხჩიშვილი სკოლის კედლებში გარდაიცვალა, სადაც ერთი პატარა ოთახი ჰქონია საცხოვრებლად.
„მარიამზე როცა ვსაუბრობ, სულ ილიაუნის გარშემო განვითარებულ ამბებზე მეფიქრება და იმ პრობლემებზე რაც დღეს განათლების სისტემა შეიქმნა. დღეს რომ ეცხოვრა, რატომღაც მგონია, რომ მარიამიც, ალბათ, ილიაუნის დამცველების გვერდით იდგებოდა“ - ამბობს ია იაშვილი.
ერთ-ერთი გადმოცემით, ქუთაისის ცნობილი დღესასწაული „გვირილობაც“, რომელსაც მაშინ საქველმოქმედო დატვირთვა ჰქონდა, გიმნაზიელი გოგონების წამოწყება იყო - მაისის თვეში, ქალები გვირილებით სავსე კალათებით სეირნობდნენ ბულვარში და თანხას აგროვებდნენ. ქველმოქმედებს კი გაღებული შემოწირულების აღსანიშნავად გულზე ქინძისთავით გვირილას აბნევდნენ.
"გვირილობისას" შეგროვებული თანხა ძირითადად ტუბერკულოზით დაავადებულებს ხმარდებოდა.
ქუთაისში, სხვა არაერთი ინიციატივაც ქალებმა წამოიწყეს - ხეების დარგვა. სამკითხველოს გახსნა. ბევრ სხვა სფეროშიც იყვნენ პირველები - პირველი ფარმაცევტი ქალი, ნინო კოკოჩაშვილიც ქუთაისელი იყო.
მელანია გველესიანი - სეირნობების მომწყობი
„იმ პერიოდში არსებული ეს პროცესი, ქალების აქტიურობის და ზოგადად, სოციალური და კულტურული ცვლილებებისა, თავად ქმნიდა ამ ქალაქს, ქუთაისს. მაგალითები კი გამეორების შესაძლებლობას იძლეოდა“, - შენიშნავს სოფო ზვიადაძე და იხსენებს კიდევ ერთ ქალს, რომლის სახელი ქუთაისის ისტორიის ნაწილია, მელანია გველესიანს:
„ამ ქალის საქმიანობა სცდება მხოლოდ ერთი ფორმის საზოგადოებრივ აქტიურობას, რომელიც ახასიათებდა მე-19 საუკუნის საზოგადოებას. განმანათლებელიც იყო და პოლიტიკური პარტიის წევრიც. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი, სტამბის შემქმნელი, საქველმოქმედო სეირნობების მომწყობი... მისი და მისი მეუღლის, გრიგოლის სახლში შეიკრიბნენ პირველად ჯერ სახალხო უნივერსიტეტის და შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების იდეით“.
მელანია გველესიანი
მელანია გველესიანი, ქუთაისელ ქალთა ჯგუფთან ერთად, იყო ერთ-ერთი ინიციატორი საზოგადოებრივი თეატრალური სივრცის შექმნისა, რომელიც ცნობილი იყო როგორც "შაურიანი თეატრი" - ეს სახელი მიუთითებდა ბილეთის სიმბოლურ ღირებულებაზე.
1919 წელს მელანიაც მონაწილეობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში - სოციალ-ფედერალისტების პარტიის სახელით, თუმცა არასაკმარისი ხმების გამო მელანია ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.
ცალკე მოსათხრობი და დიდი ისტორიაა ნიკო ნიკოლაძის დების, ეკატერინე და ანასტასიას ან როგორც ქუთაისში დღემდე მოიხსენიებენ, დები ნიკოლაძეების და მათი მეგობრების ამბავი. ევროპულ განათლებამიღებული ქალებისა, რომლებიც მათი მომდევნო თაობის გოგოებისთვის მაგალითებად იქცნენ.
ნიკოლაძეების ოჯახი
1898 წლის გაზეთი „კვალი“ (#46) წერდა:
„ჰო, მართლა, ქუთაისის ქალები! ისინი სრულებით არ გვანან სხვა რომელსამე ქალაქის ქალებს, ჯერ ერთი, თუ ქუთაისში ვინმე ბატონობს, ეს უთუოდ ქუთაისის შვენიერი სქესი. თვით მეკენჭეც კი მისი საშუალებით მეკენჭეობს და ისიც, წელიწადში დიდი-დიდი ერთხელ გამოვიდეს დასანახავ ადგილზე. ხოლო ქალები კი, მთელი წლის განმავლობაში ჯარასავით ტრიალებენ და ქალაქს მოსვენებას არ აძლევენ. ხან საღამოს გამართვაა, ხან თეატრი, ხან ცეკვა, ხან სკოლაა და ვინ იცის კიდევ რა. ახლა კიდევ წიგნებიც უნდა ვთარგმნოთო... მარა ყველა ამას, მამაკაცები რაღაც ეჭვის თვალით უყურებენ. ამათ არ ჯერათ მათი საქმე. მე კი ძალიან მინდა დავარწმუნო ეს ურწმუნონი, რომ რომ არ ქუთაისის ქალები, ქუთაისი ამდენ ხანს სოფლად გადაიქცეოდა”.