მთავრობის შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პოტენციურად საშიშ ზონად მიიჩნეოდა 174 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია. ბოლო ორი წლის განმავლობაში გამნაღმველებმა უსაფრთხო გამოყენებისთვის 40 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრის დაბრუნება შეძლეს. ნაღმებით დაბინძურების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ხარკოვის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში.
უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვის 130-ზე მეტი ოპერატორი მუშაობს, რაშიც მათ დიდად ეხმარება თანამედროვე მანქანები, რობოტები და უახლესი უკრაინული ტექნოლოგიები, თუმცა ყველაზე სახიფათო სამუშაოს, ისევე როგორც ასი წლის წინ, კვლავ სამხედრო გამნაღმველები ასრულებენ ხელით.
იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჰუმანიტარული განაღმვა უკრაინაში, რადიო თავისუფლება ესაუბრა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, იგორ ბეზკარავაინის, რომელიც მთავრობაში ჰუმანიტარული განაღმვისა და უკრაინული მიწების აღდგენის მიმართულებებს კურირებს.
რადიო თავისუფლება - რატომ ვსაუბრობთ განაღმვაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან? რა კავშირი აქვს სამინისტროს განაღმვასთან?
– საქმე ისაა, რომ როდესაც სრულმასშტაბიანი ომის შედეგებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი, ნგრევისა და სოციალური თუ დემოგრაფიული კრიზისების გარდა, ტერიტორიების ფიზიკური დაბინძურებაა - დაბინძურება სახიფათო, ასაფეთქებელი საგნებით. ამ ტერიტორიების გამოყენება ფაქტობრივად დაბლოკილია, მათი განვითარება და აღდგენა - შეუძლებელი. განაღმვის გარეშე იმ რეგიონების რეალურ აღდგენაზე, რომლებიც დეოკუპირებულია ან ომის ზემოქმედება განიცადა, საუბარიც კი ზედმეტია.ამიტომ განაღმვა, ჩვენს შემთხვევაში კი - ჰუმანიტარული განაღმვა, ქვეყნისა და ეკონომიკის აღდგენის პროცესის განუყოფელი ნაწილი, უფრო სწორად კი, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
ჰუმანიტარული განაღმვა - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ტერიტორიებზე ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის სრულ აღმოჩენას, გაუვნებლებასა და ამოღებას მოიცავს. მისი მთავარი მიზანია სამოქალაქო მოსახლეობისთვის საფრთხის აღმოფხვრა და მიწის უსაფრთხოდ დაბრუნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, ინფრასტრუქტურის აღდგენისა და სხვა სამოქალაქო გამოყენებისთვის.
ასევე ნახეთ
ნაღმები შავ ზღვაში? - კახოვკის კატასტროფის შედეგები2023 წელს, ხერსონის, ხარკოვის, ნიკოლაევის ოლქებისა და ქვეყნის ჩრდილოეთის ნაწილის დეოკუპაციის შემდეგ, მთავრობამ პირველად დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა ამ ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ. სწორედ ამიტომ, 2023 წლიდან ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ჰუმანიტარული განაღმვის მიმართულებით, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. 2023 წლიდან. ფაქტობრივად, მთელი ჩემი საქმიანობა მხოლოდ ამ საქმეს უკავშირდება.
„ყველაზე მძიმედ მე ვიყავი“
იგორ ბეზკარავაინი ომის ვეტერანია, ფრონტზე ქვედა კიდური აქვს დაკარგული. სამხედრო სამსახური 2014 წელს 93-ე ბრიგადაში დაიწყო. თითქმის ერთი წელი იმსახურა ქვეითთა საბრძოლო მანქანის, БМП-2-ის მექანიკოს-მძღოლად, 2015 წელს კი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა.
“წარმოუდგენლად გამიმართლა, - იხსენებს მინისტრის მოადგილე, - რადგან ასეთ შემთხვევებში სტატისტიკა, როგორც წესი, ეკიპაჟის სასარგებლოდ არ არის. ჩვენს შემთხვევაში ყველაზე მძიმედ მე დავშავდი, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენმა წევრებმა მხოლოდ კონტუზია ან ნამსხვრევებით მიყენებული მსუბუქი ჭრილობები მიიღეს”.
შემდეგ იყო მკურნალობა, რეაბილიტაცია და აღდგენა. 2017 წელს სახელმწიფო სამსახურში შევიდა.
იგორ ბეზკარავაინი, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მთავრობაში ჰუმანიტარული განაღმვისა და უკრაინული მიწების აღდგენის მიმართულებების კურატორი
რადიო თავისუფლება - ფეხის დაკარგვა და ნაღმზე აფეთქება ხომ არ გახდა მთავარი მოტივაცია, რის გამოც ამ სფეროში მოხვდით? თითქოს ებრძვით იმას, რის გამოც ფეხი დაკარგეთ.
- კარგი კითხვაა. სინამდვილეში პასუხი უფრო ღრმაა. როდესაც ჩემი ქალიშვილი მეკითხება, მინდოდა თუ არა სამხედრო ვყოფილიყავი, ვეუბნები, რომ არა - არასოდეს მინდოდა. უბრალოდ, ასე მოხდა. რუსეთი ჩვენს ქვეყანას დაესხა თავს და იძულებული ვიყავი სამხედრო გავმხდარიყავი.
სხვა გარემოებაში ალბათ არც ამას ავირჩევდი. მაგრამ ასე გამოვიდა, რომ მაქვს ცოდნა, გამოცდილება, უნარები და პიროვნული თვისებები, რომლებიც საშუალებას მაძლევს ამ მიმართულებით ვიმუშაო. და, რაც მთავარია, ეს საქმე დღეს ჩემთვის ნამდვილად საინტერესოა.
როდესაც ჩემს გუნდთან ერთად რემედიაციაზე (რემედიაცია - ტერიტორიის აღდგენა საშიში ნივთებისგან მისი გაწმენდის შემდეგ) ვსაუბრობთ, ეს უკვე ცალკე გამოწვევაა, რომლის წინაშეც დადგება როგორც ქვეყანა, ისე მთავრობა. კერძოდ, მთავარი კითხვა იქნება - რა ვუყოთ ამ ნიადაგებს? მათი ნაწილი ნამსხვრევებითა და სხვა მეტალით იქნება დაბინძურებული, ნაწილი კი აფეთქებებისა და მიწის მასების გადაადგილების გამო იქნება ფიზიკურად განადგურებული. ამ ტერიტორიების სწორად აღდგენა და ხელახლა გამოყენებაში ჩართვა იქნება საჭირო - ნიადაგის რეკულტივაცია, შესაბამისი მცენარეების დარგვა და მიწის ნაყოფიერების აღდგენა. რადგან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ მხოლოდ აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებს ამოვავსებთ, მინდორზე უნაყოფო ლაქები დარჩება და ასეთი მიწა ვეღარ მოგვცემს მოსავალს. ეს არის უზარმაზარი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ძალიან ბევრ კონტექსტსა და ასპექტს მოიცავს. ამ პრობლემის მხოლოდ ერთი კუთხით დანახვა: „საკმარისია ბომბი ან ნაღმი ამოიღო მიწიდან და სადღაც ააფეთქო“ - ეს არ მუშაობს.
ასევე ნახეთ
დანაღმული სამოთხე და ნახშირის ჯოჯოხეთი - რუსეთი უკრაინის გარემოს ანადგურებსრადიო თავისუფლება - ზოგადად, რა მონაცემებზე შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ? რა რიცხვები გვაქვს? უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დანაღმულ ქვეყნად ითვლება. ამჟამად ქვეყნის რა ტერიტორიაა დანაღმული?
- რიცხვები მართლაც უზარმაზარია. 2023 წლის მდგომარეობით, დეოკუპაციის შემდეგ, პოტენციურად დაბინძურებული ტერიტორიის საერთო ფართობი 174 ათასი კვადრატული კილომეტრი იყო. ეს კოლოსალური რიცხვია - უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი. საუბარია იმ მიწებზე, რომლებმაც ომის გავლენა განიცადეს.
იგორ ბეზკარავაინი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის კორესპონდენტი ევგენია რუსეცკა
ეს არის ტერიტორიები, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ან რომლებიც მტრის საარტილერიო და სარაკეტო იერიშების ქვეშ იმყოფებოდა. ასევე, ეს ის ტერიტორიებია, რომლებსაც უკრაინის მთავრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა და, შესაბამისად, ზუსტად არ ვიცით, რა ხდებოდა იქ.
დეოკუპაციის შემდეგ იწყება ამ ტერიტორიების დეტალური გამოკვლევის ტექნოლოგიური პროცესი. გროვდება ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოხდა, როგორ განვითარდა მოვლენები, სად იყვნენ მოწინააღმდეგის ძალები, ვინ საიდან ისროდა და ა.შ. ამ მონაცემების საფუძველზე იქმნება შესაბამისი რუკები. სწორედ ამიტომ, როდესაც ამ რიცხვებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2023 წელს პოტენციურად საშიშ ტერიტორიად ითვლებოდა 174 ათასი კვადრატული კილომეტრი. დღეს კი, გამოკვლევის, უსაფრთხო ტერიტორიების იდენტიფიცირების, ჰუმანიტარული და ოპერატიული განაღმვისა და სხვა მრავალი სამუშაოს შედეგად, უსაფრთხო გამოყენებისთვის უკვე 40 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი დავიბრუნეთ.
აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოების ხაზგასმა: როდესაც პრობლემის მასშტაბებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ უკრაინის მთელ იმ ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად ვერ ვაკონტროლებთ.
რადიო თავისუფლება - ანუ, ოკუპირებული ტერიტორიებიც შედის ამ მონაცემებში?
- დიახ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიც. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი პრობლემა ნაკლებია, ვიდრე უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში არსებული ტერიტორია. სწორედ ამიტომ ვამბობთ: ეს ყველაფერი საერთო პრობლემაა. შემდეგ კი ამ საერთო სივრციდან ვიღებთ იმ ტერიტორიებს, რომლებზეც წვდომა გვაქვს, ვასუფთავებთ, უსაფრთხოს ვხდით და ისევ ეკონომიკურ თუ სამოქალაქო გამოყენებაში ვაბრუნებთ. თუ მხოლოდ იმ ტერიტორიებზე ვისაუბრებთ, სადაც მუშაობა რეალურად შეგვიძლია, უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარია იმ ზონებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან და რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებიდან არანაკლებ 20 კილომეტრით არის დაშორებული.
40 ათას კვადრატულ კილომეტრს უკვე დაუბრუნდა უსაფრთხო სტატუსი, კიდევ დაახლოებით 40 ათასი კვადრატული კილომეტრი ჯერაც გაურკვეველ სტატუსშია - იქ კვლავ მიმდინარეობს კვლევა, განაღმვა და ტერიტორიის გაწმენდა. რომ შევაჯამოთ: პრობლემური ტერიტორიის საერთო ფართობი 174 ათასი კვადრატული კილომეტრი იყო. აქედან დაახლოებით 80 ათასი კვადრატული კილომეტრი ისეთია, სადაც მუშაობა შეგვიძლია, ამ ფართობის ნახევარი კი უსაფრთხოა.
„ყველაზე დიდი პრობლემა“
რადიო თავისუფლება - უკრაინის რომელი რეგიონია ყველაზე მეტად დანაღმული?
- ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხარკოვის ოლქშია, შემდეგ მოდის ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქები, ხოლო ამის შემდეგ - უკრაინის ჩრდილოეთი. ხარკოვის ოლქში დაბინძურებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწებია. ამიტომ ძალისხმევა ძირითადად სწორედ მათ გაწმენდაზეა მიმართული, რათა ფერმერებმა შეძლონ მიწების დამუშავება, დათესვა და მოსავლის აღება.
ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში სტრატეგია თითქმის იგივეა, თუმცა იქ დამატებითი სირთულეც არსებობს - სარწყავი სისტემები. კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ სერიოზულად დაზიანდა მელიორაციისა და ირიგაციის ინფრასტრუქტურა. ამიტომ სამხრეთ უკრაინაში პრობლემა მხოლოდ დანაღმული ტერიტორიები არ არის - იქ წყლის მიწოდებისა და მორწყვის საკითხიც მწვავედ დგას. შესაბამისად, ვითარება გაცილებით უფრო რთულია.
ვინ მონაწილეობს განაღმვაში?
რადიო თავისუფლება - ვინ ახორციელებს განაღმვით სამუშაოებს და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
- ამ პროცესში ძალიან ბევრი მონაწილეა. მაგალითად, ჰუმანიტარულ განაღმვაზე პასუხისმგებლები არიან ჰუმანიტარული განაღმვის ოპერატორები. ეს შეიძლება იყოს კერძო კომპანია, სახელმწიფო სტრუქტურა, სპეციალიზებული დანაყოფი, ფონდი, არაკომერციული დაწესებულება ან სხვა ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც ამ საქმიანობისთვის სერტიფიცირებულია. ანუ, მათ ოფიციალურად აქვთ უფლება, ჰუმანიტარული განაღმვა განახორციელონ. ამჟამად უკრაინაში ასეთი სერტიფიცირებული ოპერატორი 130-ზე მეტია.
უკრაინაში განაღმვის სუპერმსუბუქი მანქანების ახალი კლასი იქმნება"
რადიო თავისუფლება - რით ხდება განაღმვა?
- მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკრაინა თავადაც ქმნის განაღმვის ტექნიკას. ხშირ შემთხვევაში არსებული მექანიზმების მოდერნიზაცია ხდება, თუმცა ასევე იქმნება ისეთი კლასის მანქანები, რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდნენ.
პირობითად რომ ვთქვათ, არსებობდა მძიმე განაღმვის მანქანები - დაახლოებით 20 ტ წონის, ძალიან დიდი და ძალიან ძვირი. არსებობდა შედარებით მსუბუქი მანქანებიც, რომლებიც ნაკლებს იწონიდა და შედარებით იაფიც იყო. მაგრამ დღეს უკრაინაში იქმნება განაღმვის სუპერმსუბუქი მანქანების სრულიად ახალი კლასი. ფაქტობრივად, ეს არის სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი (НРК), რომელსაც დამატებით განაღმვის სპეციალური მოწყობილობა აქვს. მსგავსი ტექნიკა მსოფლიოში აქამდე არ არსებობდა. ის ძალიან იაფია, მარტივი კონსტრუქციისაა და აგებულია უახლეს ტექნოლოგიებზე.
რადიო თავისუფლება - ეს ტექნოლოგიები უკვე არსებობს და გამოიყენება?
- დიახ, უკვე მუშაობს და ფართოდ გამოიყენება. სწორედ ამ ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებული ჩვენი პარტნიორებიც. საქმე ისაა, რომ მსოფლიოში 30-ზე მეტი ქვეყანაა, რომელსაც ნაღმებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაბინძურების პრობლემა აქვს. ეს ეხება ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, სამხრეთ აზიისა და სამხრეთ ამერიკის მრავალ ქვეყანას, სადაც მიწაში დარჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს ან ნიადაგი საშიში ნივთიერებებით დააბინძუროს.
ასევე ნახეთ
კახოვკის კატასტროფა: რა მოხდა, რატომ და რით დამთავრდება?თუმცა, დავუბრუნდეთ იმ საშუალებებს, რომლითაც უკრაინაში განაღმვა მიმდინარეობს. რამდენსაც უნდა ვისაუბროთ რობოტებზე, მანქანებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს მაინც ადამიანები ასრულებენ. მიწიდან ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოღების ძირითადი პრინციპი პრაქტიკულად არ შეცვლილა პირველი მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული. ანუ, სპეციალურად მომზადებული გამნაღმველი, რომელიც ზუსტად იცნობს უსაფრთხოების წესებს და იცის, როგორ უნდა იმოქმედოს, ფრთხილად იღებს ასაფეთქებელ ნივთს მიწიდან, შემდეგ კი ან ანადგურებს, ან ადგილზე ანეიტრალებს. ეს პრინციპი თითქმის ასი წელია უცვლელია და, სამწუხაროდ, თანამედროვე ტექნიკას ადამიანის სრულად ჩანაცვლება ჯერ კიდევ არ შეუძლია. ტექნიკა საჭიროა იმისთვის, რომ მინდორზე სწრაფად გადაადგილდეს და შედარებით მცირე საფრთხეები, მაგალითად ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, გაანადგუროს. მაგრამ თუ საქმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს ან რთულ საინჟინრო დანაღმულ ბარიერებს ეხება...
რადიო თავისუფლება - ასეთ საფრთხეებს მანქანა ვერ გაანადგურებს?
- გაანადგურებს, მაგრამ თავადაც განადგურდება. ადამიანის მიერ შექმნილი ვერც ერთი ლითონის მანქანა ერთდროულად სამი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებას ვერ გაუძლებს. ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან აფეთქების სიმძლავრე მეტისმეტად დიდია.
ამიტომ ასეთი ტექნიკის მთავარი ამოცანაა მსუბუქ საფრთხეებთან მუშაობა და ადამიანის სიცოცხლის რისკის შემცირება. მაგრამ როგორც კი მანქანა საინჟინრო ბარიერს ან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს აღმოაჩენს, საქმეში უკვე სამხედრო გამნაღმველები ერთვებიან — ისინი ტერიტორიას ხელით ამოწმებენ, ნაღმებს ადგილზე ანადგურებენ ან უსაფრთხოდ გააქვთ. რომ შევაჯამოთ: პროცესში მონაწილეობენ ტექნიკა და ადამიანები. ასევე ცხოველები, ხელოვნური ინტელექტი, დრონები - პრაქტიკულად ყველაფერი, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს. სხვათა შორის, უკრაინაში განაღმვისთვის ვირთხებს არ იყენებენ, მაშინ როცა კამბოჯაში ეს პრაქტიკა წარმატებით გამოიყენება.
რადიო თავისუფლება - იმ კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ, საკუთარი ტექნიკა აქვთ თუ სახელმწიფოსგან იღებენ? ისინი სრულ მომსახურებას უზრუნველყოფენ თუ მხოლოდ სპეციალისტებს?
- ეს რამდენიმე კატეგორიად უნდა დავყოთ. თუ მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ, რომლებიც უკვე 30 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ, მათ საკუთარი ტექნიკისა და აღჭურვილობის პარკი აქვთ. ისინი უკრაინაში ჩამოდიან, ქმნიან ადგილობრივ პროფესიულ გუნდს, სამსახურში უკრაინელებს იღებენ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი ტექნიკა ჩამოაქვთ.
თუ უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებზე ვსაუბრობთ, აქ სხვაგვარი მოდელი მუშაობს. დონორები და საერთაშორისო პარტნიორები ტექნიკასა და აღჭურვილობას ყიდულობენ, უკრაინაში აგზავნიან, ამ პაკეტში შედის პერსონალის მომზადება და სათადარიგო ნაწილებიც. შემდეგ კი ამ ტექნიკის ეფექტიანობა უკვე იმ დანაყოფზეა დამოკიდებული, რომელსაც ის გადაეცემა.
მესამე კომპონენტი კი, გარკვეულწილად, უნიკალურია უკრაინისთვის - ეს არის განაღმვის კომერციული ბაზარი. უკრაინაში არსებობენ კერძო კომპანიები, რომლებიც ჰუმანიტარული განაღმვით შემოსავალს იღებენ. შესაბამისად, მათ ბიზნესინტერესიც აქვთ. ისინი თავად აბანდებენ ფულს ტექნიკასა და აღჭურვილობაში და ხშირად სწორედ უკრაინულ წარმოებას ირჩევენ, რადგან ადგილობრივი ტექნიკა უფრო იაფია და მისი მომსახურებაც ნაკლებ ხარჯს მოითხოვს. მათი ბიზნესმოდელიც მარტივია - ტექნიკამ უნდა გაამართლოს მასში ჩადებული ინვესტიცია და მომავალში კომპანიას მოგება მოუტანოს.
„იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის“
რადიო თავისუფლება - ფულზეც ვისაუბროთ. რა ჯდება მაგალითად ერთი ჰექტარი მიწის განაღმვა?
- მთლიანობაში, ეს ძალიან ძვირია. ომის შედეგებთან გამკლავებაც იაფი ნამდვილად არ არის. თუ ჰუმანიტარულ განაღმვაზე ვსაუბრობთ, მისი ღირებულების შეფასება პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. 2023 წელს და ნაწილობრივ 2024 წელს არსებობდა ძალიან ზოგადი შეფასებები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, „თითიდან გამოწოვილი“ იყო - დაახლოებით 3 დოლარი კვადრატულ მეტრზე, ანუ დაახლოებით 30 000 დოლარი ერთ ჰექტარზე. მაგრამ ეს იყო ძალიან ზედაპირული და უხეში შეფასება, რომელიც ყველაზე მძიმე სცენარებს ეყრდნობოდა.
თუ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ მინდორზე, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ჩამოვარდა ჭურვები, გაიარა სამხედრო ტექნიკამ, რაღაც აფეთქდა, მაგრამ ეს არ არის ფორტიფიკაციები, კომბინირებული დანაღმული ველი ან კასეტური საბრძოლო მასალით მასობრივად დაბინძურებული ტერიტორია - ანუ შედარებით მარტივი შემთხვევაა - მაშინ ასეთი მიწის განაღმვა ჰექტარზე დაახლოებით 60–70 ათასი გრივნა ღირს, რაც დაახლოებით 1 500 დოლარია და არა 30 ათასი დოლარი, როგორც ადრე ამბობდნენ, არამედ დაახლოებით 1 500 დოლარი. საერთო ჯამში, ამ სფეროში დაახლოებით 5 000 სპეციალისტი მუშაობს. მთლიანობაში, ეს ისეთი დარგია, სადაც კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება ბევრი სამუშაო, მრავალი ინოვაცია და, შესაბამისად, უზარმაზარი ფინანსური და სხვა რესურსების საჭიროება.
რადიო თავისუფლება - მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ ერთი ჰექტრის განაღმვა მართლაც 30 ათასი დოლარი?
- დიახ, შეიძლება. თუ საუბარია ძლიერ გამაგრებულ თავდაცვით რაიონზე, რომელიც სრულად განადგურებულია და სადაც პრაქტიკულად ყველანაირი საბრძოლო მასალა გამოიყენეს - ძველი საბჭოთა ხარახურიდან დაწყებული, უახლესი ტექნოლოგიებით დასრულებული, სადაც სანგრები, თხრილები და სხვადასხვა ტიპის ნაღმებია და ფაქტობრივად ყოველი სანტიმეტრი შესამოწმებელია, ასეთ შემთხვევაში სამუშაო მართლაც ძალიან ძვირი ჯდება.
მაგრამ იმის თქმა, რომ ჰუმანიტარული განაღმვა ყოველთვის ჰექტარზე 30 ათასი დოლარი ღირს, დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობაა. ისევე როგორც იმის მტკიცება, რომ ის ყოველთვის მხოლოდ 1 500 დოლარი ღირს. დღეს საშუალო ღირებულება დაახლოებით ამ დონეზეა მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობამ კონკრეტული სტრატეგია აირჩია - პირველ რიგში ყველაზე მარტივი ობიექტები იწმინდება, შემდეგ კი უფრო რთულზე გადავდივართ.
„პრიორიტეტების განსაზღვრა იძულებითი ნაბიჯია“
რადიო თავისუფლება - მიწების განაღმვისას გარკვეული პრიორიტეტები არსებობს? რას ანიჭებთ უპირატესობას? რა იწმინდება პირველ რიგში, რა - შემდეგ და რა რჩება ბოლოსთვის?
- აქაც ერთგვარ ხაფანგში აღმოვჩნდით, რომელშიც 2023 წელს შევედით. არ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც შეიძლება მოგვიანებით გაკეთდეს. სინამდვილეში, ყველაფერია ერთდროულად გასაკეთებელი. მაგრამ საღი აზრი გვეუბნება, რომ ამისთვის საკმარისი რესურსი არ არსებობს. შეუძლებელია ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრა, რადგან შეზღუდულები ვართ როგორც ადამიანური რესურსით, ისე დროით.
ამიტომ პრიორიტეტების განსაზღვრა იძულებითი ნაბიჯია და არა იდეალური გადაწყვეტილება. 2023 წელს საერთაშორისო პრაქტიკებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ტყეები ნაკლებ პრიორიტეტად მივიჩნიეთ. გადავწყვიტეთ, რომ ჯერ უნდა გაწმენდილიყო: კრიტიკული ინფრასტრუქტურა; სოციალური ინფრასტრუქტურა; ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტები და მხოლოდ ამის შემდეგ - ტყეები და ეროვნული პარკები. მაგრამ გასულ წელს აღმოჩნდა, რომ ტყეებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაღმულ ტყეში ხანძარი ჩნდება და იქ ვერანაირი სახანძრო ტექნიკა ვერ აღწევს. ავიაციის გამოყენებაც ხშირად შეუძლებელია, რადგან ან ფრონტის ხაზი ახლოსაა, ან საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ამიტომ კითხვაზე, „რა უნდა განინაღმოს პირველ რიგში?“ - უნივერსალური პასუხი არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ვითარებაზე და იმაზე, თუ სად მდებარეობს ეს ტერიტორია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ითქვა, რომ ჩვენ ვახორციელებთ სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვის სახელმწიფო პროგრამას. ფერმერი აგზავნის განაცხადს, რომ სურს თავისი მინდვრის გაწმენდა, რათა მისი დამუშავება შეძლოს. ამის შემდეგ ადგილზე მიდიან სპეციალურად მომზადებული ჯგუფები, ასრულებენ სამუშაოს და ანაზღაურებას მხოლოდ მას შემდეგ იღებენ, რაც ჩატარებული სამუშაო შემოწმდება და დადასტურდება, რომ ყველაფერი სწორად შესრულდა. რატომ სწორედ სასოფლო-სამეურნეო მიწები? რადგან მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მათ უთმობს. პირველ რიგში ვასუფთავებთ შედარებით მარტივ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, რათა ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს წარმოებას და ეკონომიკამ რაც შეიძლება მალე დაიწყოს შემოსავლის გენერირება.
რადიო თავისუფლება - რომელი ტერიტორიის განაღმვაა ყველაზე რთული და რომელი - ყველაზე მარტივი?
- ყველაზე რთულია ტყის ზოლი, სადაც განთავსებული იყო საყრდენი პუნქტები, გამაგრებული პოზიციები და თავდაცვითი სიმაგრეები, რომლებიც შტურმით აიღეს და სადაც პრაქტიკულად ყველა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. ასეთი ტერიტორიის გაწმენდა უკიდურესად რთულია. ყველაზე მარტივია სასოფლო-სამეურნეო მინდორი, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, მაგრამ ტერიტორია ინტენსიურად არ გადახნულა ჭურვებით და არც საინჟინრო წინაღობების მოწყობა მოესწრო.
„ყველაზე დიდი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ არის“
რადიო თავისუფლება - ქალაქებისა და განაშენიანებული ტერიტორიების განაღმვა უფრო რთულია, ვიდრე ტყის?
- ეს ცალკე გამოწვევაა, რომლის წინაშეც, ადრე თუ გვიან, მოგვიწევს დადგომა. ამ ეტაპზე განაშენიანებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიან სამუშაოებს არ ვატარებთ, რადგან ჩვენი ძირითადი საქმიანობა 2022–2023 წლებში დაზიანებულ ტერიტორიებს უკავშირდება. ხარკოვის ოლქის ქალაქები დეოკუპაციის შემდეგ საკმაოდ სწრაფად გაიწმინდა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, ეროვნული პოლიციისა და სხვა უწყებების ძალებით. მაშინ ისეთი მასშტაბური ნგრევა, როგორსაც დღეს ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქებში ვხედავთ, ჯერ არ იყო.
ამიტომ ეს გამოწვევა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. სიმართლე გითხრათ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, მხოლოდ მომზადებაა იმ გაცილებით დიდი პრობლემებისთვის, რომლებიც მომავალში დაგვხვდება. ფრონტის ხაზი ათას კილომეტრზე მეტია. თუ წარმოვიდგენთ ფრონტის ხაზის ორივე მხარეს დაახლოებით 20–30-კილომეტრიან ზონას, მთლიანობაში მივიღებთ დაახლოებით 50 კილომეტრის სიგანისა და 1 000 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიას. ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ დაახლოებით 50 ათასი კვადრატული კილომეტრის „ტოტალური საშინელების“ ზონას. როგორ მოხდება მისი გაწმენდა, ბოლომდე ვერ წარმომიდგენია. მსოფლიოში არსებობს მსგავსი მაგალითები - ჩერნობილის გაუცხოების ზონა: საფრანგეთის ე.წ. Zone Rouge („წითელი ზონა“), რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დღემდე დახურულია. ეს ტერიტორიები არც გამოიყენება, არც მუშავდება და იქ პრაქტიკულად არაფერი ხდება, რადგან მათი სრულად გაწმენდა შეუძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაშიც მსგავსი ზონები გაჩნდეს.
რადიო თავისუფლება - ანუ, შეიძლება არსებობდეს ტერიტორიები, რომელთა გაწმენდა საერთოდ შეუძლებელი იქნება?
- საქმე ისაა, რომ ჯერ თავადაც არ ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ უახლეს სამხედრო ტექნოლოგიებთან, გამოყენებულ საბრძოლო მასალასთან. მაგალითად, რა ვუყოთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მართვის სისტემებით აღჭურვილ მოწყობილობების ნარჩენებს? რა შედეგებს გამოიწვევს ამდენი ლითიუმ-იონური და სხვა ტიპის ბატარეების გარემოში დარჩენა?
რადიო თავისუფლება - ანუ ეს უკვე მხოლოდ განაღმვის საკითხი აღარ არის, არამედ მთლიანად თანამედროვე იარაღის გამოყენების შედეგებზეა საუბარი?
- ყველაფერზე. როგორც თავიდანვე ვთქვით, განაღმვა მხოლოდ მიწიდან ასაფეთქებელი ნივთის ამოღებას არ ნიშნავს. იმისთვის, რომ ამოიღო, ჯერ უსაფრთხოდ უნდა მისწვდე მას. იმისთვის, რომ უსაფრთხოდ გააუვნებლო, შესაბამისი მეთოდოლოგია უნდა გქონდეს. რუსები უკვე 3D-პრინტერებზე დაბეჭდილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებენ. ჯერ უცნობია, როგორ უნდა ვიმუშაოთ ასეთ საფრთხეებთან.
რადიო თავისუფლება - არსებობს თუ არა მსოფლიოში რაიმე მაჩვენებელი, რომლითაც უკრაინის ტერიტორიების დაბინძურების დონე შეიძლება შეფასდეს?
- ბევრი რამ სწორედ ახლა ხდება პირველად. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე დაიწერება მომავალი მეთოდური სახელმძღვანელოები და ამჯერად უკვე უკრაინული გამოცდილება გადაითარგმნება ინგლისურად, და არა ისე, როგორც 2023 წელს, როდესაც ინგლისურ სახელმძღვანელოებს ვთარგმნიდით უკრაინულად და ვცდილობდით ჩვენს სინამდვილეზე მორგებას. როდესაც მასშტაბებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ევროპის მრავალი ქვეყნის ფართობს აღემატება. პირობითად რომ ვთქვათ, ჩვენი პრობლემა სამი შვეიცარიის ან ხუთი პორტუგალიის ტერიტორიას უდრის.
- ანუ ეს ის ტერიტორიაა, რომელიც მომავალში უნდა განინაღმოს?
- რომელიც, პირველ რიგში, უნდა გამოვიკვლიოთ, რათა გამოვლინდეს საფრთხის ზონები და დადგინდეს, საერთოდ საჭიროა თუ არა მათი გაწმენდა. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კონკრეტული ტერიტორიის ირგვლივ ეკლიანი მავთულის შემოვლება და მისი 24-საათიანი დაცვა გაცილებით იაფი დაჯდეს, ვიდრე მისი სრული განაღმვა. ესეც ერთ-ერთი რეალობაა, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ.
რადიო თავისუფლება - თუ არსებობს რაიმე ვადები, რომელთა ფარგლებშიც განაღმვის სამუშაოები უნდა შესრულდეს?
- დიახ, გვაქვს როგორც ხედვა, ისე სამოქმედო გეგმა. უკრაინაში მოქმედებს ნაღმსაწინააღმდეგო საქმიანობის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, მთავრობა გეგმავს, რომ 2033 წლისთვის (იმ დროისთვის ხელმისაწვდომი) ტერიტორიების მინიმუმ 80% უსაფრთხო გახადოს.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ თუ 2033 წელს ვითარება ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის, მაშინ იმ დროისთვის ჩვენ ამ პრობლემის დაახლოებით 80% უნდა გვქონდეს მოგვარებული, ხოლო დარჩენილ 20%-ზე მუშაობას გავაგრძელებთ. თუმცა, თუ ისე მოხდება, რომ უკრაინა 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დაიბრუნებს, ამ გეგმის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელი გახდება, რადგან პრობლემის მასშტაბი გაცილებით გაიზრდება და არსებული რესურსები ამის საშუალებას აღარ მოგვცემს. თუმცა მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ სწორედ ასე მოხდება.