უშედეგოა ნათესავების აქტიურობა, უპასუხოდ დარჩა სამხედრო პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურში შეტანილი განცხადებები. უფლებადამცველები Сибирь.Реалии-ს უდასტურებენ, რომ აღწერილი აქვთ ათობით ფაქტი, როდესაც მიყვანილ რუსეთის მოქალაქეებს კონტრაქტზე ხელმოწერას აიძულებენ და სხვადასხვა საბაბით სცემენ. შემდეგ უკვე, ასეთი კონტრაქტების გაუქმება სასამართლოებში შეუძლებელია.
ვლადივოსტოკის სამხედრო კომისარიატში სერგეი ბოდალევი ძალით მიიყვანეს. მას ამ დროისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო დავალიანება ჰქონდა - რამდენიმე ასეული ათასი რუბლი. „მაგრამ ეს ხომ არ არის საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანი აიძულო წავიდეს სიკვდილზე და სხვა ადამიანების მკვლელობაზე?!“ - აღშფოთებით სვამს შეკითხვას მისი ნათესავი სიმონი [სახელი შეცვლილია უსაფრთხოების მიზნით]. ის ასევე ამბობს, რომ სერგეი სამხედრო კომისარიატში, 2025 წლის 22 ნოემბერს, მოტყუებით მიიყვანეს - რომ თითქოს სესხის გადახდის გადავადების დოკუმენტისთვის უნდა მოეწერა ხელი. ვერავინ იფიქრებდა, რომ ომში უპირებდნენ გაგზავნას.
ნათესავების თქმით - სერგეი ბოდალევს პირველად სწორედ სამხედრო კომისარიატში სცემეს - წიხლებით; თავში „რაღაც მძიმე“ ჩაარტყეს. მეორე დღეს კი უსურიისკის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს. სწორედ იქ სცემეს კიდევ უფრო გამეტებით და ნეკნებიც დაულეწეს. ვეღარ სუნთქავდა და უგონოდ დაეცა მიწაზე, შეკრების დროს.
„იძულებული გახდნენ, სასწრაფო გამოეძახებინათ. ცხედარი რომ არ შერჩენოდათ ხელში“, - ჰყვება სიმონი და ამატებს, რომ ნაცემ სერგეის წაართვეს ტელეფონი, ბარათები და ყველა დოკუმენტი. ახლობლებთან დარეკვა მან მხოლოდ სხვა პაციენტის ტელეფონით შეძლო. სერგეიმ მათ უთხრა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე მოაწერინეს ხელი.
ნაცემი სამხედრო - სერგეი ბოდალევი.
„ასევე დასახიჩრებულები, სხვებიც იწვნენ იმ ჰოსპიტალში. მათაც ნახეს, თუ როგორ მიიყვანეს ის [სერგეი] სამხედროებმა. ჩვენს მიერ მოპოვებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ მოტეხილობებით ის #24776-ე სამხედრო ნაწილიდან მიიყვანეს და ეს ფაქტი უკანა თარიღით გააფორნეს“ - უყვება სერგეის ნათესავი Сибирь.Реалии-ს. ექიმები აცხადებდნენ, რომ პაციენტის მკურნალობას 20 დღე დასჭირდებოდა; დეკემბრის შუაში კი - როდესაც ნათესავები მის წამოყვანას გეგმავდნენ, სხვა პაციენტებისგან შეიტყვეს, რომ ბოდანოვი, 12 დეკემბერს, „იმავე სამხედროებმა წაიყვანეს, რომლებმაც ნოემბერში მოყვანეს“ და „რა თქმა უნდა, არაფერი ჰქონდა მოშუშებული, მოტეხილობები ასე იოლად არ შუშდება“, „სერგეი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მას არავინ ეკითხებოდა“, ხოლო „მედპერსონალი ამ ყველაფერს მდუმარე უყურებდა“.
მოგვიანებით, სერგეიმ ნათესავებს დაურეკა და უთხრა, რომ მიჰყავდათ უკრაინასთან ომში, სამხედრო ბორტით. 13 დეკემბრის შემდეგ, ბოდანოვი ოჯახს აღარ დაკავშირებია.
ნათესავებმა იციან, რომ მისთვის არც მობილური ტელეფონი და არც საბანკო ბარათები არ დაუბრუნებიათ; შესაბამისად - ვარაუდობენ, რომ ფულს, რომელსაც [ომში ყოფნის გამო] მას თავდაცვის სამინისტრო ჩაურიცხავს, აიღებენ ისინი, ვისაც მისი საბანკო ბარათები აქვს. "ადამიანს ომში ყიდიან" - ეჭვი უჩნდებათ სისტემურ სქემაზე - მოვალე მიჰყავთ კომისარიატში, ძალადობით აწერინებენ ხელს კონტრაქტზე და შემდეგ, მთელ ფულს ართმევენ - „მის ნაცვლად იღებენ მილიონებს“, „ადამიანით ქვითავენ [ვალს]“.
Сибирь.Реалии-ის რედაქციამ სასამართლოს ბაზებში, ბოდალოვის გვარზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღმოაჩინა. ამ დოკუმენტების თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სერგეის ბრალი ედებოდა წვრილმან ქურდობასა და გატაცებაში; ასევე - დაჯარიმებული იყო მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხის გადაუხდელობისთვის. სასამართლოს ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებაში სერგეიზე წერია, რომ - ის ალკოჰოლზე დამოკიდებული უმუშევარია.
დოკუმენტებში ასახულია ცემით მიყენებული ტრავმები
უფლებადამცველები Сибирь.Реалии-სთან აღნიშნავენ, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი ადამიანები ხდებიან სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურისა და სამხედროების მსხვერპლი. ხედავენ ჩამოყალიბებულ სქემას - თუ როგორ ხდება მოწყვლადი მოვალის ამოღება მიზანში, მისი ძალით მიყვანა სამხედრო კომისარიატში, სადაც მას სამხედროები „ამუშავებენ“ და ომის კონტრაქტზე აწერინებენ ხელს.
ძალადობის მეთოდებს შორის გამოყოფენ - თითების დაჭეჭყვას, ცემას თავის არეში, მაგრამ შედარებით მსუბუქად [კვალი რომ არ დარჩეს] - მიზანი ადამიანის დეზორიენტირებაა. აშინებენ, საათების განმავლობაში არ ასმევენ წყალს, ემუქრებიან.
სერგეის შემთხვევას „სადიზმის რაღაც ახალ დონეს“ უწოდებს უფლებადამცველი ციმბირიდან, რომელიც ძალდატანებით ხელმოწერილი კონტრაქტების საქმეებზე მუშაობს. აღნიშნავს, რომ ომი გაწვევის ცნობა საერთოდ აღარც არის საჭირო - შეუძლიათ ფიზიკურად შეიპყრონ ნებისმიერი ადამიანი, აწამონ, მოაწერინონ ხელი კონტრაქტზე და გაუშვან ომში. სასამართლოს გზით კი ვერაფერს აღწევენ.
Сибирь.Реалии-სთვის ცნობილია ფაქტები, როდესაც კონტრაქტებზე ხელი მოაწერინეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და გონებრივი განვითარების შეფერხებების მქონე ადამიანებს.
ასევე ნახეთ CSIS: ომში რუსეთისა და უკრაინის დანაკარგები 2 მილიონ ადამიანს უახლოვდება