როგორ მოვიქცეთ სიცხეში?

ზაფხულის პირველ თვეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამედიცინო რჩევებს აძლევს მოსახლეობას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა სიცხეში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების, ორსულების, ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს

დღისით ოთახში იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით - 24 გრადუსს. დღისით სასურველია სახლში დიდი რაოდენობით მზის სხივები არ შემოდიოდეს. კონდიციონერისა და ვენტილატორის უქონლობის შემთხვევაში ფანჯრებთან სველი პირსახოცების ჩამოკიდება სახლის დატენიანებისა და სიგრილის ერთ-ერთი გზაა, ამ ყველაფერთან ერთად კი შინაც და გარეთაც მთავარია ბევრი სითხის მიღება. სითხეში არ ითვლება:

  • ტკბილი, კოფეინიანი სასმელი
  • ალკოჰოლი

თუ შინ არ ხართ, მაშინ სიცხეში სასურველია ძლიერ ფიზიკურ აქტივობას მოერიდოთ, ან, თუ ეს აუცილებელია, ექიმების რეკომენდაციით ამისთვის საუკეთესო დრო არის გამთენიისას 04:00-დან 07:00-მდე.

ქუჩაში გასვლისას სასურველია ფარფლებიანი ქუდის, კეპის ან ქოლგის ტარება. ასევე რეკომენდებულია სათვალე და მზისგან დამცავი საშუალება, თუმცა საცხი მხოლოდ ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს ორგანიზმს და არა გადახურებისგან.

რაც შეეხება კვებას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გირჩევთ:

  • საკვები მიიღოთ ხშირად და მცირე ულუფებით
  • მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტებს
  • სალათები, რომლებიც მზადდება მაიონეზით, ჯობს იყოს ახალი მომზადებული

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან

ექიმები მშობლებს ურჩევენ დააკვირდნენ სიმპტომებს და დაუკავშირდნენ ექიმს, თუ ბავშვს შენიშნეს:

  • სისუსტე
  • ძლიერი დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • ცხელება
  • წყურვილის ძლიერი შეგრძნება
  • შარდის შეკავება
  • გულის რევა
  • ღებინება
  • გახშირებული სუნთქვა
  • დაბუჟება
  • კუნთის ტკივილი
  • კუნთის სპაზმი
  • ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა

მეტი ყურადღებაა საჭირო ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ გაძნელებული სუნთქვა და ასთმა, აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებები, დიარეა.

ექიმები ყურადღებას ამახვილებენ სიცხეში ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც და მშობლებს ურჩევენ არ “ჩაკეტონ” ისინი სახლში, რაც მათი ნერვიულობისა და მოუსვენრობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ასევე, მშობლებმა არ უნდა დატოვონ ბავშვები გაჩერებულ ავტომობილებში. მშობლებს ურჩევენ რამდენიმე საათი შვილთან ერთად გრილ ადგილას - აუზზე, შადრევანთან, პარკებსა და კონდიციონერიან სავაჭრო ცენტრებში გაატარონ.

ბავშვებსაც დაახურეთ ფართონაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდები.

როგორ დავიცვათ თავი საზაფხულო დაავადებებისგან

ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. ამ დაავადებათა რეგისტრირებული შემთვევების 50 % სწორედ ზაფხულის სამ თვეზე მოდის. ამის გამომწვევი მიზეზი კი შესაძლოა გახდეს დაბინძურებული სასმელი წყალი ან არასწორად მომზადებული საკვები.

საქართველოში მწვავე დიარეული დაავადებების 65% ბავშვებშს აქვთ. პირველი გაფრთხილებაა ხელების ხშირი ბანვა, რათა დაავადება საყლაპავი გზებით არ მოხვდეს ორგანიზმში. დანარჩენი პრევენციული ზომების სია კი ასეთია:

  • თუ წყალსადენში წყლის მიწოდება შეგიწყდათ და შემდეგ განახლდა, აცადეთ 10 წუთი დინება და შემდეგ გამოიყენეთ სასმელად
  • გამოიყენეთ სუფთა წყალი ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად
  • ცხოველური წარმოშობის საკვები წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს
  • მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს
  • სასურველია ზაფხულის განმავლობაში თავი შეიკაოთ მოხარშული ან ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტებისა და კრემიანი ნამცხვრებისგან, ან ასეთი საკონდიტრო ნაწარმი უნდა ინახებოდეს 0-8 გრადუსზე.

რა უნდა მოვთხოვოთ დამსაქმებლებს სამსახურში

მაღალი ტემპერატურის პირობებში სამუშაოს შესრულების წესებს 2014 წლის მთავრობის რეგლამენტი ადგენს, თუმცა ის შეეხება შენობის შიგნით ტემპერატურის მაქსიმუმს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც დამქირავებელმა უნდა შეაჩეროს სამუშაო პროცესი ან შეამციროს მუშაობის საათები. შენობის შიგნით დასაშვები მაქსიმუმია 32 გრადუსი.

რაც შეეხება გარეთ მომუშავეებს, მათ შორის ადამიანებს, ვინც მშენებლობაზეა დასაქმებული, მათთვის მაქსიმუმი არ განისაზღვრება. არსებობს მხოლოდ რეკომენდაცია დამსაქმებლის მიმართ, რომ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, 32-34 გრადუსის დროს, დასაქმებულს მისცეს გაგრილების საშუალება და იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე. ამგვარად, გარე ტემპერატურა დამოკიდებულია დამქირავებლისა და დაქირავებულის ურთიერთშეთახმებაზე.