თუ თეირანი მიიღებს ყაზახეთის მიერ ახლახან გაკეთებულ შეთავაზებას, რომ ირანის ურანის მარაგს ულბის მეტალურგიულ ქარხანაში შეინახავს შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოთა ეპოქის ამ ობიექტზე ბირთვული მასალის სარისკო გადაცემა განხორციელდება.
ასე გამოიყურება დღეს ულბის მეტალურგიული ქარხნის ერთი მონაკვეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ყაზახეთში.
1993 წელს ენდი უებერს, ახალგაზრდა ამერიკელ დიპლომატს, რომელიც მუშაობას იწყებდა ყაზახეთში, რომელსაც ახალი მოპოვებული ჰქონდა დამოუკიდებლობა, მიმართა ვიტალი მეტემ, დღეს ოსკემენის სახელით ცნობილ, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, ქალაქ უსტ-კამენოგორსკის მეტალურგიული ქარხნის დირექტორმა.
მეტემ მას შესთავაზა, მისი თქმით, 600 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანის მიყიდვა, რაც ათობით ბირთვული ქობინისთვის იყო საკმარისი.
მრეწველის თქმით, ურანს მის ქარხანაში მტვერი ედებოდა მას შემდეგ, რაც 1981 წელს დასრულდა საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავის პროექტი. როგორც ჩანს, მოსკოვს დაავიწყდა ურანი, რომელიც მოიერიშე წყალქვეშა ნავების საწვავად იყო დამზადებული და კრემლს აღარ ჰქონდა ამ ქარხანაზე იურისდიქცია.
მაღალგამდიდრებული ურანის ღეროებით სავსე კონტეინერი ულბის მეტალურგიულ ქარხანაში.
ასევე ნახეთ
КГБ-ს კაცი სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ორმაგი აგენტი? ცივი ომის ფარულ არქივში შემონახული საიდუმლოიმ დროს, როცა ირანის აგენტები „მთელ ცენტრალურ აზიაში“ დაეძებდნენ საბჭოთა წარმოების ბირთვულ მასალას, უებერმა მეტეს წინადადება სწრაფად აცნობა ვაშინგტონს.
როდესაც თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან შეხვედრაზე დააყენეს სავარაუდო ურანის საკითხი, მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია აშშ-ის მიერ იმ მასალის პოტენციურად გატანისთვის, რომლითაც მოწამლული იყო მისი ქვეყნის ტერიტორიები საბჭოთა იარაღის გამოცდის შედეგად.
უებერი და აშშ-იდან გაგზავნილი ბირთვული საკითხების ექსპერტი უსტ-კამენოგორსკში გაემგზავრნენ და ისინი შეიყვანეს ულბის მეტალურგიული ქარხნის ანტიკვარული იერის საკეტით დაცულ შენობაში, სადაც ლითონის ღეროებით სავსე კონტეინერები ინახებოდა.
მაღალგამდიდრებული ურანის ღერო ულბის მეტალურგიულ ქარხანაში 1994 წელს.
უებერმა მოგვიანებით აღწერა, თუ როგორ უხახუნებდა ქარხნის მუშა ლითონის ქლიბს ერთ ღეროს, რომელიც ფეიერვერკივით ბრწყინავდა. „თვალები ანთებული მაქვს, რადგან ხელში ლითონის ეს ნაჭერი მიჭირავს“, - იხსენებდა მოგვიანებით ვებერი, - „ვიცი, რომ ეს ბომბის მასალაა“. მაღალგამდიდრებული ურანი ფოლადს ჰგავს, მაგრამ ძალიან მძიმეა. საპნის ნაჭრის ზომის ბირთვული მასალა დაახლოებით 3 კილოგრამს იწონის.
ასევე ნახეთ
"არაფერი ვიცოდით" - ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორებიმას შემდეგ, რაც ტესტებმა დაადასტურა, რომ მასალა იყო 90-პროცენტიანი ურანი-235, ახალი ამბავი ვაშინგტონს „ერთი ტონა აგურივით“ დაეტაკა.
1994 წლის ოქტომბრის დამდეგს 31 ამერიკელი ტექნიკოსისა და ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი საიდუმლო ოპერაციისთვის ჩავიდა უსტ-კამენოგორსკში ურანის შესაფუთად და გამოსატანად. მიმდინარეობდა პროექტი „საფირონი“.
ენდი უებერი უსტ-კამენოგორსკში, 1994 წელი.
თითქმის ერთი თვის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ამინდი სულ უფრო და უფრო პირქუშდებოდა, გუნდი მკაცრად გასაიდუმლოებულად მუშაობდა. 581 კილოგრამ ურანს ფუთავდნენ ქაფით სავსე 448 ლითონის კასრში, რათა ის ყაზახეთიდან თვითმფრინავით გასატანად მოემზადებინათ.
შიშები, რომ ირანს შეეძლო ურანის შეძენა, დადასტურდა, როცა ყაზახეთის ქარხანაში აღმოჩნდა ყუთები ბერილიუმით, რომელიც თეირანისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ არ იყო გაგზავნილი. ეს ლითონი ბირთვული ქობინების კომპონენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავი ყაზახეთში პროექტ „საფირონის“ დროს.
18 ნოემბრისთვის მასალის ქარხნიდან გატანა დასრულდა და ჰაერში აფრინდა სამი ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავი ბირთვული მასალის ტვირთით და მისი შემფუთავი გუნდით.
საიდუმლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტი „საფირონი“ საკმაოდ შეუფერხებლად წარიმართა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინციდენტს, რამაც ორივე მხარეს დაუტოვა უსიამოვნო შეგრძნება. ქარხნის ერთ მუშაზე იტყობინებიან, რომ ის ამერიკელების მიმართ „განსაკუთრებით ანტაგონისტურად“ იყო განწყობილი. აშშ-ის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა კი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, იმდენი ალკოჰოლი დალია, რომ თავისი ოთახი „ღებინებით, შარდვითა და დეფეკაციით“ დააბინძურა. მან ეს ქაოსი „დამლაგებლებს დაუტოვა გასაწმენდად“.
ურანის შემცველი ლითონის კასრები ამერიკულ სატრანსპორტო თვითმფრინავში იტვირთება პროექტ „საფირონის“ დროს.
აშშ-ში ჩასვლის შემდეგ მასალა „შენახვისა და განადგურებისთვის“ გადაიტანეს ტენესის შტატში მდებარე ობიექტზე. ითვლება, რომ ყაზახეთს ურანისთვის ათობით მილიონი დოლარი გადაუხადეს, მაგრამ ზუსტი თანხა არასოდეს დადასტურებულა.
ქარხნის ხელმძღვანელი, მეტე, რომელსაც ეკუთვნოდა ურანის გაყიდვის იდეა, 1994 წლის ოქტომბერში ყაზახეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა.