5 ჟურნალისტის 2025

მაკა ჩიხლაძე, ნინა ბაიდაური, მარიამ ნიკურაძე, მინდია გაბაძე, მანანა ქველიაშვილი

ჟურნალისტების მოხელთება ძნელია. უფრო ზუსტად, ჟურნალისტ-რესპონდენტის გამოჭერაა ძნელი. გამოჭერაზე კიდევ უფრო ძნელი იმ 25-30 წუთის პოვნაა, რომელიც მათთან დასალაპარაკებლად გჭირდება - სტატიას ამთავრებენ, მასალას შიფრავენ, სიუჟეტს აწყობენ, გადაღებაზე არიან, ინტერვიუზე გარბიან.

„გადაღებაზე ვარ, როგორც კი რედაქციაში დავბრუნდები, მოგწერ“ - ეს "TV პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძეა.

„უფრო დღის ბოლოს, სასამართლოებს რომ მოვრჩები“, - ეს ნინა ბაიდაური, „ნეტგაზეთიდან“.

„ორზე რესპონდენტს ვწერ და თუ არ გიგვიანდება, მერე იყოს“, - ეს მანანა ქველიაშვილია, „ბათუმელების“ ჟურნალისტი.

მინდია გაბაძესთან, „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორთან, ინტერვიუზე საღამოს ხუთზე შევთანხმდით: „ვერ ვასწრებ, რედაქციაში ვბრუნდები, მასალა მაქვს ასაწყობი. გვიან აქციაზე გავდივარ, გადაღებაზე და იქ მოვახერხებ“, - მწერს მინდია.

„აქციამდე ცოტა ხნით ადრე შევძლებ, შენთვის თუ გვიანი არ იქნება“, - მარიამ ნიკურაძე, ჟურნალისტი და OC მედიას თანადამფუძნებელი და დირექტორი.

2025-მა წელმა, უფრო ზუსტად კი იმ მოვლენებმა, რომლებიც ბოლო ერთი წელია საქართველოში ვითარდება, ძალიან ცოტა დრო დატოვა ამოსუნთქვისთვის - შეცვლილი კანონები, დაწესებული შეზღუდვები, საპროტესტო აქციები, ამ აქციებისას დაკავებულები, სასამართლოები, განაჩენები - ეს ჯაჭვი ყოველდღიურ რუტინად იქცა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც წელიწადზე მეტია აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, ითხოვენ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს.

პროევროპული აქცია, 11 ნოემბერი, 2025 წელი

ყველა ამ მოვლენის ეპიცენტრში კი სწორედ ჟურნალისტები დგანან - მიკროფონით, კამერით, ტელეფონით, ფოტოაპარატით, ლეპტოპით... და მიუხედავად მათთვის დაწესებული არაერთი შეზღუდვისა, ფიზიკური ანგარიშსწორებისა, დაკავებისა თუ დაკისრებული ჯარიმებისა, ჰყვებიან ამბებს სასამართლოს დარბაზებიდან, სადაც აეკრძალათ ფოტოვიდეოაუდიოგადაღება და ჩაწერა; საპროტესტო აქციებიდან, სადაც დემონსტრანტებთან ერთად, მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშ დგას; ცდილობენ, პასუხები იპოვონ „ქართული ოცნების“ პარლამენტის შენობაში, სადაც, თუკი „ზედმეტ“ კითხვას დასვამენ, შეიძლება თვეების განმავლობაში შესვლა აეკრძალოთ; იძიებენ საქმეებს, რომლებზეც ხელისუფლება დუმს.

ამ სტატიაში წაიკითხავთ რამდენიმე ჟურნალისტის პერსპექტივიდან დანახულ 2025 წლის მთავარ ამბებს. რა ჩანდა მათი ობიექტივიდან, რას იღებდნენ, რაზე წერდნენ, როგორ შეიცვალა მათი მუშაობა და ცხოვრება, რა დარჩათ გასული წლიდან და რა სურთ მომავალი წლისგან.

მანანა ქველიაშვილის ის ორი კადრი

მანანა ქველიაშვილი, "ბათუმელების" ჟურნალისტი

მანანა ქველიაშვილი „ბათუმელების“ ჟურნალისტია. მისი და მისი კოლეგების ცხოვრება 2025 წლის 11 იანვრის ღამიდან, როცა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და რედაქტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს, „თავდაყირა დადგა“.

2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, მანანა 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლების შესახებ სტატიების სერიაზე მუშაობდა. მაშინ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ის მსგავსი ამბების თანამონაწილე გახდებოდა:

„არ ვუტრირებ, არ ვაზვიადებ, ის, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, ეს არის რეპრესია. უამრავი მსხვერპლის ოჯახთან მისაუბრია, ათეულობით ისტორია გამიცოცხლებია, დამიწერია და უცებ, თითქმის 90 წლის შემდეგ, ჩვენს თავს მოხდა მსგავსი რამ“.

39 წლის ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო. გამოკითხვის შემდეგ, ის სასამართლო სხდომებს უკვე დარბაზიდან აშუქებდა - თვეების განმავლობაში, სწორედ ეს იქცა მის მთავარ საქმედ.

ახლა, როდესაც თითქმის ერთი წელია გასული მზია ამაღლობელის დაკავებიდან და მას უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა 2 წლით, მანანა მეხსიერებაში ხშირად „ახვევს“ იმ კადრებს, როცა გვიან ღამით, ბათუმის პოლიციის შენობასთან, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის შენობასთან დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 11 იანვარი, 2025 წელი

„ვერაფრით ვივიწყებ ორ კადრს და ხმას“, - ამბობს მანანა და ამ სცენებს ასე აღწერს:

„პირველი კადრი - როგორ მიჰყავთ ფეხშიშველი მზია პოლიციელებს. და მეორე - როგორ ვდგავართ ბათუმის პოლიციის წინ, საშვთა ბიუროსთან მე, „ბათუმელების“ რედაქტორი, ეთერ თურაძე, საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე და ადვოკატი. ამ კადრს ხმაც მოჰყვება, ყოველ 10 წუთში ერთხელ ვუახლოვდები ადვოკატს და ვეკითხები: დარეკე? რას ამბობენ? რატომ არ გიშვებენ მზიასთან? ასე ვდგავართ გამთენიამდე...

ეს ორი კადრი ჩემთვის 2025 წლის ყველაზე მძიმე კადრებს შორის აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამის შემყურემ გავაცნობიერე, რომ რაღაც ძალიან ცუდი იწყებოდა ჩვენს ცხოვრებაში“, - ამბობს მანანა და ეძებს სიტყვებს იმის აღსაწერად, თუ როგორ შეიცვალა მისი და რედაქციის ცხოვრება 2025 წლის იანვრიდან:

„ის ღამე და მთელი მომდევნო პერიოდი, უსამართლობის, სისტემის სისასტიკის, ძალმომრეობის მაგალითია და არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ ქვეყნისთვის.

...სულ ვფიქრობ, იქნებ რაღაცას ვაკლებთ და ვერ ვართ ისეთი ეფექტიანები, როგორიც პროპაგანდაა, რადგან მათ კიდევ სხვა რესურსები აქვთ, მაგრამ მაქვს განცდა, რომ თითქოს, ბოლომდე ვერ მიგვაქვს ადამიანებამდე სათქმელი, რომ, თუკი დღეს ვიღაცას ტროტუარზე დგომას უზღუდავენ და ჰგონიათ, რომ ეს მას არ ეხება, ხვალ მასაც შეეხება. მაგალითად, განათლების შესახებ კანონი და რეფორმა, რომელიც ყველა ოჯახს ეხება, ამაზე ვწერთ, ვლაპარაკობთ, ვაშუქებთ, მაგრამ შესატყვისი პროტესტი არ ჩანს ხალხში. მინდა, რომ ეს შეიცვალოს. მინდა, რომ მეტ ადამიანს მისწვდეს ჩვენი ხმა...“

მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ ციხეშია. პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბათუმის სასამართლომ მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. პატიმრობაში ყოფნისას და ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობა შეირყა. ჟურნალისტმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

ასევე ნახეთ "თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის" - მზია ამაღლობელის გზა

რატომ არ აცდენს მარიამ ნიკურაძე პროტესტის არცერთ ღამეს

მარიამ ნიკურაძე, OC მედია, ჟურნალისტი, თანადამფუძნებელი

მარიამ ნიკურაძე OC მედიის თანადამფუძნებელი და დირექტორია. მას არავინ ავალებს საპროტესტო აქციების ყოველდღე გაშუქებას, მაგრამ მისი ამბავი არ არის მოვალეობის შესრულებაზე, მისი ამბავი სოლიდარობაზეა, „მტკიცებულებების შეგროვებასა“ და იმ პირობაზე, რომელიც საკუთარ თავს მისცა - არასდროს დაეთმო ველზე მუშაობა.

ახლაც, ჩვენი საუბრის შემდეგ, რუსთაველზე, აქციაზე წასასვლელად ემზადება.

„ამ ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმე დღე მაქვს გამოტოვებული, როცა თბილისში არ ვიყავი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - ერთი მხრივ, ვფიქრობ, რომ ვასრულებ ისტორიულ ფუნქციას, ვქმნი არქივს, მეორე მხრივ, ხშირად ხდება ისე, რომ შესაძლოა, აქციაზე სიმშვიდე იყოს, მაგრამ უცებ ისე დაიძაბოს სიტუაცია, რომ მხოლოდ შენ აღმოჩნდე იქ, როგორც მტკიცებულებების შემქმნელი.

ამიტომ არასდროს მაქვს განცდა, რომ დავიღალე, მოდი, დღეს არ წავალ. არ ვთვლი, რომ ახლა ამის დროა. შესაძლოა, ეს იყოს ბოლო კვირებიც კი, როცა შეგვიძლია იქ მისვლა, რადგან ჩვენ დღეს ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ და არასდროს იცი, შემდეგი რა აკრძალვა მოვა და როგორც დღეს ვეღარ ვიღებთ და ვიწერთ სასამართლოებში, ასე მოიგონონ ახალი კანონი და აგვიკრძალონ პროტესტის გადაღება. ამიტომ სანამ შეგვიძლია, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“, - მეუბნება მარიამი, რომელიც 2025 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ოთხჯერ დააჯარიმეს „გზის გადაკეტვისთვის“.

მარიამ ნიკურაძისთვის 2025 წლის მთავარი სიტყვაა „სოლიდარობა“ და აი, რატომ:

„თავიდან, ეს იყო პროტესტი იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია. პროტესტის ეს მიზეზი, რა თქმა უნდა, დღესაც რჩება, მაგრამ მალევე, პირველ ადგილზე გადავიდა საპროტესტო აქციებისას დაკავებულების გათავისუფლება. მგონია, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ხალხი ქუჩაში გამოდის, არის სწორედ ეს - სოლიდარობა პატიმრებს.

სოლიდარობის განსაკუთრებული აქტი იყო ისიც, როდესაც გზის გადაკეტვისთვის გამკაცრებული სასჯელის მიუხედავად, ადამიანები სახის დაუფარავად, ყოველდღე გადადიოდნენ გზაზე, კეტავდნენ, იცოდნენ, რომ ამის გამო დააკავებდნენ, მაგრამ მაინც, ჯიუტად, ხელჩაკიდებულები, ოჯახებითაც კი კეტავდნენ გზას“.

რუსთაველის გამზირი, საპროტესტო აქცია, გადაკეტილი გზა

მარიამ ნიკურაძემ 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ფოტოც რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციისას გადაიღო - პოლიციის ალყაში მოქცეული 71 წლის დევნილი ქალი, აზა ჩილაჩავა, რომელიც აქციაზე სამედიცინო პირბადის ტარების გამო დააკავეს:

„მისი თვალები, მზერა... ამ ფოტოშიც კარგად ჩანს, რამდენად დაუცველად გრძნობს იმ მომენტში თავს. სხვა კადრებს შორის, ალბათ ესეც არის ერთ-ერთი კადრი, რომელიც 2025 წლიდან გამყვება..."

აზა ჩილაჩავა პოლიციელების გარემოცვაში, 19 ოქტომბერი, 2025 წელი

ყოფილი პრემიერი საბრალდებო სკამზე და მაკა ჩიხლაძის სხვა ამბები

მაკა ჩიხლაძე, "TV პირველი", გამომძიებელი ჟურნალისტი

„TV პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის გადაცემები არასდროს რჩება ყურადღების, რეზონანსს მიღმა. მაღალჩინოსნები, სახელმწიფო მოხელეები, საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენები, კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანის უფლებების დარღვევები - მათი სიუჟეტები არაერთხელ გამხდარა მძიმე დანაშაულის გამოძიების დაწყების მიზეზი.

46 წლის მაკა ჩიხლაძე ამ გუნდის ერთ-ერთი წევრია. 2024 წლის დეკემბერში, საპროტესტო აქციის პარალელურად, რუსთაველის მიმდებარედ, მას და ოპერატორს, გიორგი შეწირულს, ნიღბიანების ჯგუფი პირდაპირ ეთერში დაესხა თავს. ორივე საავადმყოფოში აღმოჩნდა, სხვადასხვა დაზიანებით, ტვინის შერყევით. პოლიციას თავდამსხმელები დღემდე არ უპოვია.

„გასულ წელს, ამ ხელისუფლების და ზოგადად, ჩვენი ყოფის სიმბოლოა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც იმალება, რომლის სითამამესაც მხოლოდ ნიღაბი განსაზღვრავს“, - ამბობს ჟურნალისტი, რომელმაც 2025 წელი მძიმე ტრავმების მოშუშებით დაიწყო, და ისე ასრულებს, როგორც ყოველთვის - დილიდან გვიან ღამემდე გადაღებებით.

ამ ინტერვიუს ღამის ათზე ვწერთ. ეს წუთია, გადაღებიდან დაბრუნდა რედაქციაში. თუ გინდა, ამოისუნთქე, დილას შევხმიანდეთ-მეთქი. არაო. დილიდან ისევ გადაღებაზე უნდა იყოს.

თუკი ჰკითხავთ იმ ერთი კადრის შესახებ, რომელიც 2025 წლიდან მის მეხსიერებას განსაკუთრებით შემორჩა, ჟურნალისტი გიპასუხებთ:

„შეიძლება იყო სხვა უფრო მნიშვნელოვანი კადრიც, მაგრამ მე ჩამრჩა ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერი საბრალდებო სკამზე. 18 რეპორტაჟი მაქვს მის შესახებ მომზადებული და მაშინ, როდესაც ამ რეპორტაჟებს ვამზადებდით, ჩვენ ვიყავით „მატყუარები“, „საცოდავები“, პირდაპირი მნიშვნელობით გვცემდნენ..."

2025 წლის შემოდგომაზე კი მაკა ჩიხლაძე, ამ 18 რეპორტაჟის ავტორი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო სხდომაზე აღმოჩნდა. გამოძიება ყოფილ პრემიერს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და ამ გზით განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება. ის მილიონიანი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. სასამართლო სხდომები გრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანა შესასვლელთან, 24 ოქტომბერი, 2025 წელი, მარიამ ნიკურაძის ფოტო

ეს კადრი, ყოფილი პრემიერი საბრალდებო სკამზე, სულ რამდენიმე ადამიანს აქვს ნანახი - მოსამართლეს, მის თანაშემწეს, პროკურორს, ადვოკატებს, მანდატურსა და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც სხდომას აშუქებდნენ. 24 ოქტომბერს გამართულ პირველ სასამართლო სხდომას სხვა არავინ დასწრებია:

„პირველ რიგში ვიჯექი და ვხედავდი, საბრალდებო სკამზე მოკალათებულ ყოფილ პრემიერს. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ მას უნდოდა, რომ ჩემ წინ ეთამაშა, რომ არ ნერვიულობდა და პირველი ფრაზა, რაც თქვა, ხომ არ გავცვალოთ ადგილებიო. იმდენად არაადეკვატური საქციელი იყო ეს მისი მხრიდან... მივხვდი, რომ ძალიან ნერვიულობდა. შეიძლება არ უნდა მეკითხა, მაგრამ, ვკითხე მას, ახლა ვინ არის საცოდავი?“ - იხსენებს მაკა ჩიხლაძე ყოფილი პრემიერის სასამართლო სხდომას.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის გირაო ბინით უზრუნველყო - ადვოკატის თანახმად ბინას ყადაღა დაედო

იყო კიდევ რამდენიმე საქმე და ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც 2025 წლიდან მაკას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა, როგორც მათი მნიშვნელობის ისე კვლევის სირთულის გამო.

მათ შორის არის 4 ოქტომბრის, ე.წ. ათონელის სასახლის ღობის საქმეც:

„აღმოჩნდა, რომ რეალურად, ღობე, რომლის მორღვევასაც ედავებოდნენ დემონსტრანტებს, მავთულით იყო გადაბმული. ეს კადრებშიც ჩანდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მჯერა, რომ ამ საქმეს, ნორმალური გამოძიების პირობებში, საინტერესო გაგრძელება უნდა ჰქონდეს“, - ამბობს მაკა ჩიხლაძე და იხსენებს კიდევ ერთ რეპორტაჟს, რომელშიც მათ გაარკვიეს იმ პატიმრის ვინაობა, რომელიც 2025 წლის ზაფხულში, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დაპატიმრებულ გიორგი ბაჩიაშვილს გაუსწორდა:

„ჩვენ შევიტყვეთ, ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ ამის დადასტურება გვჭირდებოდა. ამ მტკიცებულების მოსაპოვებლად, მომიწია, რომ ციხეში ჩართული ტელეფონით შევსულიყავი და ციხის თანამშრომელს დავლაპარაკებოდი, რაც ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო. ახლა რომ გამახსენდა, ხელახლა შემეშინდა.

პირველ რიგში, იმის მეშინოდა, რომ დამინახავდნენ, რომ ვიღებდი და ბოლომდე ვერ მივიყვანდი საქმეს. საქმე გამომივიდა, მაგრამ ეს შიშის განცდა, რომ ციხის ეზოში მომიწია ფარული გადაღება, დღემდე მახსოვს“.

მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა, არის ნათელი მაგალითი იმისა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჟურნალისტები 2025 წელს:

„ჟურნალისტები და ზოგადად მედია, ფიზიკური გადარჩენის პირისპირ აღმოჩნდნენ. ერთი წამითაც არ მინდა იმის წარმოდგენა, რა მოხდება ამ ქვეყანაში, თუკი დამოუკიდებელი მედიის ხმა გაქრება. ახლა მთავარია, რომ გადავრჩეთ, მთავარია, ვარსებობდეთ, ჩვენი ხმა ისმოდეს, გვკითხულობდნენ“.

მინდია გაბაძის შავ-თეთრი კადრები სასამართლოს დარბაზებიდან

მინდია გაბაძე, "პუბლიკის" ფოტორეპორტიორი

მინდია გაბაძე „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორია. ის ყველგანაა. შეიძლება, რაღაც მომენტში ეჭვიც კი შეგეპაროს, რომ მხოლოდ ერთია და არა ერთზე მეტი.

2025 წლის ზაფხულამდე, სანამ სასამართლოებში ფოტოვიდეოაუდიოგადაღება-ჩაწერას აკრძალავდნენ, მინდია გაბაძის ნახვა, გულზე ფოტოაპარატით, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ყველა სასამართლო სხდომაზე შეგეძლო.

მის ფოტოაპარატს დაკავებულებიც კარგად ცნობდნენ, ხელს უქნევდნენ, უცინოდნენ კადრში და ასე იქმნებოდა მათი პორტრეტები, რომელიც მერე მედიას, სოციალურ ქსელებს ედებოდა.

სასამართლოს დერეფანში გადაიღო მინდიამ ის სურათიც, რომელიც მისთვის და არა მხოლოდ მისთვის, 2025 წლის ფოტოებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ამავდროულად, დრამატული აღმოჩნდა - აქციაზე დაკავებული, 21 წლის მათე დევიძის განაჩენის შემდეგ:

„უკვე თვეებია გაჭედილი მაქვს თავში ეს კადრი და, ალბათ, კარგია, რომ ამ კადრის გადაღებაც მოვახერხე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მათე დევიძის და, ელენე გამოდის დარბაზიდან, ცუდად ხდება და ძირს ეცემა.

ელენე წევს სასამართლოს დერეფანში, იატაკზე და მანდატურები, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტები, ყველანი დაჰყურებენ თავზე. ბიბლიური ტრაგედიის სცენას ჰგავდა ეს ყველაფერი იმ მომენტში. ბევრი კადრი არ გადამიღია, თავადაც არ ვიყავი ამისთვის ემოციურად მზად... მნიშვნელოვანია, რომ ეს ფოტო გამოვიტანე იმ დღეს სასამართლოდან..."

ელენე დევიძე, სასამართლოს ფოიეში, 12 ივნისი, 2025 წელი

მინდია გაბაძემ გადაწყვიტა, რომ ფოტოები, რომლებსაც ის სასამართლოს დარბაზებში იღებდა, მის პირად გვერდზე მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში გამოექვეყნებინა:

„ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად დაეხმარებოდა მნახველს მთავარი პრობლემის აღქმაში. ნათქვამი მაქვს, როდესაც გამოვლენ დაპატიმრებულები და მათ ახალ ფოტოებს გადავიღებ, მაშინ გაფერადდება ჩემი პირადი გვერდიც“.

მინდია გაბაძე დღეს სასამართლო სხდომებზე ვეღარ დადის. რედაქციამ ჩათვალა, რომ სახიფათოა - შემოდგომაზე, როდესაც სხდომებს უკვე ფოტოაპარატის გარეშე აშუქებდა, მასზე სასამართლოს მანდატურებმა ფიზიკურად იძალადეს.

28 წლის ფოტორეპორტიორი იმაზე წუხს, რომ ახლა ჟურნალისტებს აღარ აქვთ საშუალება, სასამართლოდან გამოიტანონ ბოლო თვეებში საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ფოტოები, კადრები, რაც მისი აზრით, ამ ადამიანების ისტორიას, პროცესის სიმძაფრეს აფერმკრთალებს:

„ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ, მაგალითად, 4 ოქტომბერს დაკავებულ ათობით ადამიანს თითქმის არავინ იცნობს. მეც კი ვერ ვცნობ მათ, გვიჭირს ამოცნობა, რომელი პატიმარი რომელია. მეც კი მიჭირს ამ ადამიანების აღქმა, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდების. და სამწუხაროდ, თუკი ეს შეზღუდვა გაგრძელდება, ეს დამთავრდება იმით, რომ ამ ადამიანის საქმეები მხოლოდ რიცხვებში გამოისახება, რომლის მიღმაც კონკრეტული ადამიანები დგანან, თავიანთი ცხოვრებით, რთული გამოცდილებით, თუმცა მათ გამოსახულებას ვეღარ დავიმახსოვრებთ, ვერ ვიცნობთ მათ“.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების "მშვიდობიანი დამხობის" მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა "გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები", ათონელის რეზიდენციის "ჯებირების" გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა. გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანება ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობის მუხლებით დაიწყო. ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს 60-ზე მეტ ადამიანს.

ასევე ნახეთ რას ამბობენ რიცხვები 4 ოქტომბრის საქმეზე?

„სასამართლოს რეზიდენტი“ ნინა ბაიდაური

ნინა ბაიდაური, "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი

2025 წლის აპრილიდან სასამართლოში „ცხოვრობს“. ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად, საკუთარ თავს „სასამართლოს რეზიდენტს“ უწოდებს.

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, ნინა ბაიდაურის ძირითადი საქმე, ბოლო თვეებია, სასამართლოს დარბაზებიდან რეპორტაჟების რეალურ დროში წერაა.

ესაა 2025 წლის მიერ მოტანილი კიდევ ერთი რეალობა და სირთულე, რომელთან გამკლავებაც სასამართლოებში მომუშავე ჟურნალისტებს მას შემდეგ უწევთ, რაც მათ ფოტოვიდეოაუდიოჩაწერა და გადაღება აეკრძალათ - სწორედ აქ აღმოაჩინეს მათ განსაკუთრებულად სწრაფი ბეჭდვის, კარგი სმენის, მოსმენილის დამახსოვრების უნარები.

საათებს ატარებენ მუხლებზე ჩამოდებულ ლეპტოპებში თავჩარგულები და რეალურ დროში გადასცემენ ინფორმაციას სასამართლოს დარბაზებში განვითარებული მოვლენების შესახებ.

დაკავებულების ოჯახის წევრები უკვე კარგად ცნობენ მათ. ბევრჯერ ყოფილა, რომ სასამართლოს დარბაზში ადგილების სიმცირის გამო, პატიმრის ახლობელი გამოსულა დარბაზიდან და საკუთარი ადგილი ჟურნალისტისთვის დაუთმია.

სწორედ მათი ლაივბლოგებია სასამართლოს კედლებს მიღმა დარჩენილი საზოგადოების ინფორმაციის ერთადერთი, ობიექტური და მყისიერი წყარო.

„სასამართლოში გადაღებისა და ჩაწერის აკრძალვა ტვირთად არ მიქცევია, რადგან პირად და პროფესიულ დისკომფორტებზე ფიქრის დრო და რესურსი არც არის და თითქოს ამის მორალური უფლებაც არ გაქვს, რადგან ამის საპირწონედ, მეორე მხარეს დგას ისეთი ტრაგედია, უსამართლოდ დაკავებული ადამიანების, მათი ოჯახის წევრების ისეთი ამბები, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულება თუ გირთულდება, თითქოს ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

მართალია, აბსოლუტურად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად შეგვიზღუდეს სასამართლოებში სრულფასოვნად მუშაობის უფლება, მაგრამ მოვერევით, გავართმევთ თავს იმ დრომდე, სანამ სასამართლოში ფიზიკურად ჩვენს არსებობას არ აკრძალავენ. აუცილებლად გამოვნახავთ გზას, რომ ამ ადამიანების ხმა და სიმართლე არ დაიკარგოს“.

მიუხედავად შემართებისა და თითქოს უკვე რუტინად ქცეული საქმისა, ნინა ბაიდაურისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა რამდენიმე პროცესის გაშუქება.

მათ შორის იყო პროევროპული აქციებისას დაკავებული გიორგი ახობაძის საქმე, რომელსაც გამოძიება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებოდა, თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო და 9 თვის თავზე დარბაზიდან გაათავისუფლა.

გიორგი ახობაძემ და არა მხოლოდ მან, პატიმრობაში ყოფნისას მშობელი დაკარგა:

„...რადგან მეც რამდენიმე თვით ადრე გარდამეცვალა დედა, ძალიან მძიმე აღმოჩნდა იმ პატიმრების სასამართლო სხდომების გაშუქება, რომლებსაც მშობლები მოუკვდათ. წარმოვიდგინე, რა გზას გადიოდნენ.

გიორგი ახობაძეს რომ გარდაეცვალა დედა, იმ პერიოდში, ჯერ კიდევ ვიღებდით და ვიწერდით ხმას სასამართლოებიდან. მთელი დღე ტრიალებდა რედაქციაში მისი ხმა და ეს ფრაზა: „თქვენ არ მომეცით საშუალება, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის მიმეხედა ისე, როგორც სხვა პაციენტებს ვუვლიდი...“ მამები დაკარგეს გური მირცხულავამ და ონისე ცხადაძემ. ძალიან რთულია ასეთ დროს ემოციების მოთოკვა, მიუხედავად, იმისა, რომ მგონია, შემიძლია ემოციების მართვა“.

ასევე ნახეთ სამი პატიმრის სამი მშობელი - ისინი, ვინც შვილების პატიმრობისას გარდაიცვალნენ

და კიდევ კადრი, რომელიც ნინას მეხსიერებას შემორჩება 2025 წლიდან. პროევროპულ აქციებზე, ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულების მორიგი სასამართლო სხდომა და ირაკლი მიმინოშვილი:

ირაკლი მიმინოშვილი, 11 იანვარი, 2025 წელი, სასამართლო სხდომა

"პროცესი მიდის და ეს [ირაკლი] ელენეს [დედას] რაღაცებს ანიშნებს, გაუჩერებლად ელაპარაკება. ხელებით ხაზავს ჰაერში რაღაც დიდს. ელენე მე მეკითხება რას მეუბნებაო, დიდი ტელევიზორი ხომ არ შეუტანეს-მეთქი. თურმე დიიიიიდ კექსს აბარებს, რომ ციხეში მიუტანოს, მალე პაემანი აქვთ".

რა უნდათ, რომ მოხდეს 2026 წელს და რა მოხდება?

ჟურნალისტები ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მათი სურვილები, შესაძლოა, უტოპიური იყოს, მეორე მხრივ კი - „რატომაც არა?“

„...რატომ არ შეიძლება გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები? გაუქმდეს კანონები, რომლითაც შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება? გაუქმდეს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები? დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები? ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს? მოგვეცეს პროფესიული მოვალეობის უსაფრთხოდ და თავისუფლად შესრულების უფლება?..“

2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული, პროევროპული აქციების გაშუქებისას, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიერ მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 90-ზე მეტ საქმეზე დაიწყო გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ არაერთ ჟურნალისტს. მათ შორის, გურამ როგავას, ალექსანდრე ქეშელაშვილს, მარიამ გაფრინდაშვილს, მაკა ჩიხლაძეს, გიორგი შეწირულს. ყველა მათგანს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვილობაც. სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის არცერთი ფაქტი, ამ დრომდე, გამოძიებული არ არის.

  • საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
  • პროევროპული აქციების მსვლელობისას ათობით ადამიანი დააკავეს სისხლის სამართლის წესით.
  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის. შეიზღუდა ტროტუარზე აქციის გამართვაც.