მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოქალაქეობა დაუბრუნა რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს (2004-2014წწ.), ტრაიან ბასესკუს. ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ ბასესკუმ რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს განუცხადა, რომ იგი „კვლავაც ერთგულია მოლდოვის ევროპული მიზნებისა“ და რომ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების იდეა „სიფრთხილით უნდა იქნეს წინ წაწეული“.
„ბატონო ბასესკუ, დღეიდან თქვენ არა მხოლოდ ჩვენი ძმა, არამედ ჩვენი თანამოქალაქეც ხართ“, — დაწერა პრეზიდენტმა სანდუმ Facebook-ზე მას შემდეგ, რაც 26 მაისის განკარგულებით რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა მიანიჭა.
მოლდოვის პრეზიდენტის ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა მიენიჭა „მოლდოვის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე“ და მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეობის მიმღებ პირს არ მოეთხოვება მოლდოვაში მუდმივი ცხოვრების პირობის დაცვა.
მაია სანდუმ, რომელსაც თავადაც აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, გაიხსენა, რომ პრეზიდენტი ბასესკუ, რუმინეთის პრეზიდენტობის პერიოდში, „ყოველგვარი დათქმის გარეშე და მთელი ძალ-ღონით” უჭერდა მხარს მოლდოვის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობა იყო ხელისუფლებაში: “რადგან ბატონმა ბასესკუმ იცის, რა ბრძოლა მიმდინარეობდა ამ მიწაზე ჩვენი იდენტობის, რუმინული ენის შესანარჩუნებლად და საბჭოთა წარსულთან გასაწყვეტად, რათა წინ წავსულიყავით - ევროპული მომავლისკენ“.
მაია სანდუს თქმით, ტრაიან ბასესკუ ასევე უწყობდა ხელს მოლდოველებისთვის რუმინეთის მოქალაქეობის აღდგენის პროცედურებს.
„ჩვენი მოქალაქეების სახელით, მადლობას ვუხდი მას ისტორიული უსამართლობის გამოსწორებასა და რუმინეთის მოქალაქეობის აღდგენის ხელშეწყობაში დახმარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიების დაფინანსებისა და მოლდოვას რესპუბლიკისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენ, თავის მხრივ, შევძელით ბატონი ბასესკუს მიერ განცდილი უსამართლობის გამოსწორება და ჩემთვის პატივია მისთვის მოლდოვას მოქალაქეობის მინიჭება. ბატონო ბასესკუ, დღეიდან თქვენ არა მხოლოდ ჩვენი ძმა, არამედ ჩვენი თანამოქალაქეც ხართ. გელოდებით სახლში!“ - აღნიშნა მაია სანდუმ.
ტრაიან ბასესკუ, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი
რადიო თავისუფლების მოლდოვურ რედაქციასთან საუბარში, ბრძანებულების გამოქვეყნებისთანავე, ბასესკუმ, რომელიც რუმინეთის პრეზიდენტი იყო 2004-2014 წლებში იყო და ბევრი მოლდოველის მხარდაჭერით იქნა არჩეული, მადლობა გადაუხადა მაია სანდუს მოქალაქეობის დაბრუნებისთვის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის ჩავა მოლდოვაში, მიუხედავად სანდუს მოწვევისა.
კითხვაზე, რომელიც ეხებოდა მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანების იდეას — თემას, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად განიხილება მოლდოვაში, მათ შორის პრეზიდენტ სანდუს მხრიდანაც — ტრაიან ბასესკუმ განაცხადა, რომ ეს იდეა „ფრთხილად უნდა დაიძრას ადგილიდან, კარგად მომზადდეს და ორივე ქვეყნის მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს“.
„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი რუმინელები ვართ და ოდესმე გავერთიანდებით“, — განაცხადა ტრაიან ბასესკუმ.
მაია სანდუ და ტრაიან ბასესკუ, 2024 წ.
ტრაიან ბასესკუს მოლდოვის მოქალაქეობა ადრეც ჰქონდა. 2026 წლის 26 მაისს მაია სანდუმ ხელი მოაწერა ტრაიან ბასესკუსთვის მოლდოვის მოქალაქეობის ხელახლა მინიჭების ბრძანებულებას. საქმე ის არის, რომ თითქმის ათი წლის წინ, 2016 წლის 9 ივნისს მოლდოვის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ნიკოლაე ტიმოფტიმ პირველად მიანიჭა მოქალაქეობა რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტსა და მის მეუღლეს. თუმცა იმავე წელს მოლდოვის ახალმა პრორუსმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა ორივეს ჩამოართვა მოლდოვის მოქალაქეობა, რომელიც ბასესკუმ და მისმა მეუღლემ საბოლოოდ 2018 წელს, სასამართლო პროცესის შემდეგ დაკარგეს. დოდონი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ხშირად აკრიტიკებდა ბასესკუს, ამტკიცებდა, რომ მოქალაქეობის მოთხოვნისას ბასესკუმ დამალა ფაქტი, რომ რუმინეთში მისი გვარი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა.
ასევე ნახეთ
იგორ დოდონი პოსტიდან გადადგომის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა და იქიდან გააკრიტიკა მაია სანდურუმინეთის ყოფილი პრეზიდენტისათვის მოლდოვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებაში მაია სანდუმ თქვა, რომ მოახერხა იმ „უსამართლობის“ გამოსწორება, რომელიც რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ იყო ჩადენილი.
რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურთან საუბრისას ტრაიან ბასესკუ, როგორც ჩანს, დაეთანხმა მაია სანდუს პოზიციას, რომელიც ბოლო კვირებში არაერთხელ იქნა გამოხატული — თუ მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაცია მეტისმეტად გაჭიანურდება, რუმინეთთან გაერთიანება შესაძლოა უსაფრთხოების გამოსავლად იქნას განხილული კიშინიოვის მიერ.
„შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როდესაც პრიორიტეტი, როგორც ახლა ხდება, იქნება ევროკავშირში ინტეგრაცია, ან, თუ საჭირო გახდება და საფრთხეები წარმოიშობა, პრიორიტეტულად გავაგრძელებთ გაერთიანების პროცესს“, — თქვა ტრაიან ბასესკუმ და დასძინა: „მაგრამ არ ვისურვებდი, რომ რაიმე გაუგებრობა შეიქმნას. ამ ეტაპზე ნომერ პირველი პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა, შემდგომი გაერთიანების გათვლით“.
მოლდოვა - წარსულში ბესარაბია, რუმინეთის ისტორიული ნაწილი და შესაბამისად - რუმინელებით დასახლებული ტერიტორია იყო. ბესარაბია რუსეთმა რუმინეთს ოსმალეთის იმპერიასთან მორიგი ომის (1806-1812 წწ.) შემდეგ წაართვა. 1822 წელს ბესარაბია გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი - გუბერნია. მისი დედაქალაქი იყო კიშინიოვი, მოლდოვის ამჟამინდელი დედაქალაქი. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1918 წელს მოლდოვა [ბესარაბია] ისევ შეუერთდა რუმინეთს, თუმცა ისევ დროებით. 1940 წელს რუმინეთის ბესარაბია საბჭოთა კავშირმა დაიპყრო და შექმნა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
გაერთიანების იდეის მეორე სუნთქვის გახსნა
ისტორიაში პირველად, როგორც მოლდოვაში, ისე რუმინეთში, ორივე ქვეყნის ხელისუფლებაში ერთდროულად იმყოფებიან ლიდერები, რომლებიც დადებითად უყურებენ გაერთიანების იდეას. მოლდოვის სახელმწიფოს ყველა წინა მეთაური ამ იდეის წინააღმდეგ გამოდიოდა. რუმინეთში კი მხოლოდ ტრაიან ბასესკუ იყო „გაერთიანების შეუპოვარი მხარდამჭერი.
შეცვლილი რეალობის თვალსაჩინო გამოვლინებად იქცა 2026 წლის მაისის დასაწყისში Facebook-ის გვერდებზე გამოქვეყნებული სანდუსა და დანის ერთობლივი ფოტო, რომელზეც სახელმწიფოს მეთაურები, გაღიმებული სახეებით, გვერდი-გვერდ სხედან რუმინულ სამხედრო თვითმფრინავში.
„პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან ერთად მივემგზავრები სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება“, — დაწერა მაია სანდუმ.
როგორც DW-მ დაწერა, მოლდოვისა და რუმინეთის პრეზიდენტები პირველად გაემგზავრნენ ერთად საერთაშორისო სამიტზე, ხოლო აეროპორტში ჩასვლისას მათ ოფიციალურად ერთიანი დელეგაციის სახით მიესალმნენ. „ეს აღიქმება როგორც გააზრებული ჟესტი — ღრმად სიმბოლური იმ ფონზე, როდესაც ამ ორი მეზობელი ქვეყნის გაერთიანების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება“, - დაწერა „დოიჩე ველემ“.
მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ 2026 წლის იანვარში BBC-ს განუცხადა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო, ის მხარს დაუჭერდა გაერთიანებას. აპრილის ბოლოს, გაზეთ Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც სანდუმ კვლავ გამოთქვა მხარდაჭერა გაერთიანების იდეის მიმართ.
2025 წლის მაისში არჩეული ნიკუშორ დანი, რომელიც ამ პროექტის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ამბობს, რომ „რუმინეთი ამისთვის მზად არის“.
2025 წლის ივლისში რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას პირადად სურს მოლდოვასთან გაერთიანება, მაგრამ პატივს სცემს მოლდოვის მოქალაქეების ნებას. ნიკუშორ დანის მრჩეველმა, ევროპარლამენტარმა ევგენ ტომაკმაც, განმარტა, რომ ორივე ქვეყნის მთავარი მიზანი ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებაა და არა იუნიონისტური სცენარის ფორსირება.
ნიკუშორ დანი, რუმინეთის პრეზიდენტი
როგორც ექსპერტები შენიშნავენ, დანი რუმინეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც „ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრებ ძმებსა და დებს“ თანასწორებად აღიქვამს და მათ მფარველური დამოკიდებულებით არ უყურებს, რაც მოლდოვაში ძირითადად დადებით გამოხმაურებას იწვევს. გამონაკლისი მხოლოდ პრორუსულად განწყობილი ამომრჩეველია.
ბოლო დროს გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოლდოვაში მოქალაქეთა დაახლოებით 42% ამ იდეას უჭერს მხარს, ხოლო 47% წინააღმდეგია. რუმინეთში კი ამჟამად გაერთიანებისთვის ხმის მისაცემად მოსახლეობის დაახლოებით 72%-ია მზად.
ასევე ნახეთ
მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების იდეა - ვინ გააბრაზა სანდუს სიტყვებმა და რატომ?ექსპერტთა შეფასებით, გაერთიანების მომხრეთა რიცხვის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომია. ამ ომმა განწყობების ცვლილება გამოიწვია, პირველ რიგში მოლდოვაში — ბევრ ადამიანს შეეცვალა დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვა შეფასებით, მოლდოვის დაახლოებით 2,4 მლნ-იანი მოსახლეობის 1/3 - ზე მეტს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს. რუმინეთი მოლდოვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც მეზობელ ქვეყანას დაეხმარა რუსეთის ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებასა და ევროპულ ენერგოსისტემებთან დაკავშირებაში.