პროკურატურა ერთი წლით უფრო ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვდა არმიის განმეორებითი „დისკრედიტაციისა“ და მასზე „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების გაერთიანებულ საქმეზე. განაჩენის გამოცხადებისას შლოსბერგს უკვე რვა თვეზე მეტი ჰქონდა გატარებული ფსკოვის საგამოძიებო იზოლატორში, მანამდე ნახევარი წელიწადი შინაპატიმრობაში გაატარა. მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
„თავისუფლების ფასს გადახდა უნდა“, - ეს სიტყვები წარმოთქვა ლევ შლოსბერგმა განაჩენის მოსმენის შემდეგ. მოსამართლის შეკითხვას - გასაგებია თუ არა განაჩენიო, უპასუხა: „მე თქვენ თანაგიგრძნობთ, თქვენო ღირსებავ, თქვენ უნდა იცხოვროთ ამით“.
ლევ შლოსბერგი ფსკოვის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოტანის დროს
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან შლოსბერგზე სულ ერთი და იგივე კითხვა ისმოდა: რატომ არ დატოვა ქვეყანა? ამაზე „სევერ.რეალიის“ ესაუბრნენ ისინი, ვინც მის გვერდით ფსკოვში მუშაობდა, დღეს კი ემიგრაციაში არიან.
„ის უკვე ისტორიის ნაწილია“
"ადამიანი ცხოვრებაშივე იქცა ისტორიულ ფიგურად ფსკოვისა და მთელი ოლქის მასშტაბით. ლევი არის. ის ისტორიის ნაწილია. ეს ადამიანები ახლა იმედოვნებენ, რომ ამოგლეჯენ ფსკოვის ორგანიზმიდან, მთლიანობიდან, რომლის ნაწილიც არის ის - რომ ეს გამოუვათ. არ გამოუვათ. ის უკვე ისტორიის ნაწილია. ის ისეთივე ელემენტია, როგორიც ფსკოვის კოშკები, როგორიც ტაძარი, როგორც ეს ქვები. მისი ამოგლეჯა, მოცილება შეუძლებელია“, - ამბობს პროექტ „გდოვის მხარის მოქალაქეების“ რედაქტორი და ყოფილი ადგილობრივი დეპუტატი კონსტანტინ გოროჟანკო.
შლოსბერგი დაიბადა 1963 წელს, ფსკოვში, დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი, 1990 წელს გახდა სოციალური პროექტირების ცენტრ „აღორძინების“ თანადამფუძნებელი. 1992 წელს შლოსბერგი იყო „ფსკოვის თავისუფალი ინსტიტუტის“ დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი, 1993 წელს კი ფსკოვის საქალაქო ნდობის ტელეფონის ინიციატორი და პირველი ხელმძღვანელი.
ალექსეი მალოვი
პოლიტიკოსი, გდოვის რაიონული საბჭოს ყოფილი დეპუტატი ალექსეი მალოვი „აღორძინებაში“ სამუშაოდ 2003 წელს მივიდა.
„ეს უზარმაზარი სამუშაოა. ლევ მარკოვიჩი ყოველთვის იყო საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების ორგანიზატორი. საზღვრისპირა თანამშრომლობა უკავშირდებოდა რუსეთის ევროპულ რელსებზე დაყენებას - სურვილს რუსეთი და კერძოდ, ფსკოვის ოლქი ევროპაზე ორიენტირებული ყოფილიყო“, - ამბობს მალოვი - „ევროკავშირის პროგრამით მიღებული გრანტებით იწვევდნენ ექსპერტებს, ინვესტიციებს საზღვრისპირა ინფრასტრუქტურისთვის. ყველაფერი კეთდებოდა გასაგები ხედვით, რომ რუსეთი ევროპის გზით მიდიოდა და მზად იყო ევროპაში ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. „თავისუფალი უნივერსიტეტიც“ იძლეოდა განათლებას, იზიდავდა ევროპელ, ამერიკელ, კანადელ მასწავლებლებს. ლევ მარკოვიჩის საგამომცემლო საქმიანობა, „ფსკოვის გუბერნია“, უამრავი წიგნი გამოიცა მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით. ეს იყო კოლოსალური სამუშაო, პრაქტიკულად 30-წლიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში. რა-რა და, რუსეთის მტერი ნამდვილად არ არის. ლაპარაკი არ სჭირდება, რომ ის უდიდესი პატრიოტია. იმ მძიმე პრესს, რაც მას თავს დაატყდა, არანაირი ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. არაფერში, რაშიც მას ბრალს სდებენ, დამნაშავე საერთოდ არ არის. არაფრის დისკრედიტაციას ის არ ახდენდა. ეს არის სრული სისულელე. გამოვხატავ ჩემს უდიდეს მხარდაჭერას მის მიმართ, გაძლებას ვუსურვებ მის ოჯახს, მამას, მეუღლე ჟანას“.
2003-2004 წლებში „აღორძინება“ რეგიონის ევროპული ინტეგრაციის პროექტებზე მუშაობდა და გამოსცა კვლევები - „ევროპის ზღურბლი“ და „ევრორეგიონის მოდელირება ფსკოვის ოლქისთვის“. 2006 წელს ფსკოვში ჩატარდა „რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობის დღე“, რუსი სამხედროების, ნატოს წარმომადგენლებისა და მეზობელი ქვეყნების დიპლომატების მონაწილეობით.
1991 წლის აგვისტოში, ГКЧП-ს პუტჩის დროს, შლოსბერგი პროკლამაციაში წერდა: „ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოა“ და მას ასრულებდა სიტყვებით: „ჩვენ ვიქნებით თავისუფლები“.
1990-იანების დასაწყისში სოციალური პროექტირების ცენტრ „აღორძინების“ ირგვლივ კიდევ რამდენიმე ახალი ინსტიტუცია გაჩნდა. 1992 წელს შლოსბერგი გახდა ოლქისთვის პირველი არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის - „ფსკოვის თავისუფალი უნივერსიტეტის“ პროექტის თანაავტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. უნივერსიტეტმა იარსება 2010 წლამდე. 1993 წელს „აღორძინების“ ბაზაზე და მისი ინიციატივით შეიქმნა სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების საქალაქო სამსახური - „ნდობის ტელეფონი“ შლოსბერგი მისი პირველი ხელმძღვანელი იყო.
მისი კიდევ ერთი პროექტი იყო დამოუკიდებელი გაზეთი „ფსკოვის გუბერნია“ მისი პირველი ნომერი 2000 წელს გამოვიდა. შლოსბერგი იყო პროექტის ერთ-ერთი ავტორი: „აღორძინების“ ცენტრმა წვლილი შეიტანა გაზეთის კონცეფციის შემუშავებასა და საწყისი დაფინანსების მოძიებაში. 2001 წლის გაზაფხულზე ფული გათავდა, პირველი გუნდის დიდი ნაწილი წავიდა, შლოსბერგი გახდა გამოცემის დირექტორი და თავის თავზე აიღო გაზეთის ფინანსური და ორგანიზაციული გადარჩენა. 2002 წლის მაისიდან ის სათავეში ჩაუდგა რედაქციას. სწორედ მაშინ დაიწყო „ფსკოვის გუბერნიის“ ახალი გუნდის ფორმირება. შლოსბერგი მის გამომცემლად და რედაქტორად მუშაობდე 2015 წლამდე.
„აღორძინების“ მუშაობის ცალკე მიმართულება იყო საზღვრისპირა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. ცენტრი მუშაობდა იმაზე, რომ გამოეყენებინა ფსკოვის ოლქის მეზობლობა ესტონეთსა და ლატვიასთან არა იზოლაციის, არამედ განვითარების რესურსად. 2003-2004 წლები : „აღორძინებამ“ შლოსბერგის რედაქციით გამოსცა კვლევები - „ევროპის ზღურბლი. ევროპის სატრანსპორტო და საზღვრისპირა თანამშრომლობის ზეგავლენა ფსკოვის ოლქის ეკონომიკურ განვითარებაზე“ და „ევრორეგიონის მოდელირება ფსკოვის ოლქისთვის“. 2004 წლის აპრილში ფსკოვში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „რუსეთი და ევროკავშირი - მეზობლები. ახალი შესაძლებლობები და პრობლემები ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებაში“.
„ლევისთვის სიტყვა „ადამიანი“ ყოველთვის დიდი ასოთი იწყებოდა“
რუსეთი ლევ შლოსბერგს პირველ რიგში იცნობს, როგორც პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეგიონულ პოლიტიკოსს. ფსკოვის „იაბლოკო“, კარელიისა და პეტერბურგის რეგიონულ განყოფილებებთან ერთად წარმოადგენს სამეულს, რომლის წყალობითაც, პარტიას აქვს ფედერალურ არჩევნებში ხელმოწერების შეგროვების გარეშე მონაწილეობის უფლება. ფსკოვის „იაბლოკო“ ერთადერთია, რომლის კანდიდატების სიაც რეგისტრირებულია 2026 წლის შემოდგომის რეგიონულ არჩევნებზე.
კატერინა ნოვიკოვა
ფსკოვის „იაბლოკოში“ შლოსბერგი 1994 წელს მივიდა, 1996 წლიდან 2003 წლამდე ხელმძღვანელობდა რეგიონულ განყოფილებას. კატერინა ნოვიკოვა, რომელიც ფსკოვის „იაბლოკოს“ წევრი 2003 წელს გახდა, როცა 18 წლის იყო. დღეს კატერინაც ემიგრაციაშია:
„ლევისთვის სიტყვა „ადამიანი“ ყოველთვის იწყებოდა დიდი ასოთი, ეს მისთვის ყოველთვის ბევრს ნიშნავდა. ლევს უყვარს ადამიანები მათი ყველა გამოვლინებით. ყველას ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა, ყოველთვის მზად იყო მოესმინა ადამიანებისთვის, მათი ასაკისა და სტატუსის მიუხედავად“, - ამბობს ნოვიკოვა - „2003 წელს მან დამარწმუნა „იაბლოკოში“ შევსულიყავი და დღემდე ვრჩები პარტიის წევრად. 2003-2006 წლებში ვმონაწილეობდი ფსკოვის მერის პირდაპირი არჩევნების დაბრუნების კამპანიაში. ლევი ყოველთვის მხარს უჭერდა ამ იდეას: ქალაქის ხელისუფლება ხალხმა უნდა აირჩიოს, მცხოვრებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ უხელმძღვანელებს მათ და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ამ იდეისთვის მრავალი წლის განმავლობაში არ უღალატია. და კიდევ: ის იყო ფსკოვის დამცველი, ფსკოვის არქიტექტურის, ისტორიის. თუკი საქმე ეხებოდა ფსკოვს და ქალაქის კულტურას, მას არ აინტერესებდა რომელ პარტიაში იყო ადამიანი, თუკი მზად იყო რამე გაეკეთებინა ფსკოვისთვის. პარტიის ინტერესები აქ არასდროს დგებოდა პირველ ადგილზე“.
შლოსბერგი მრავალი წლის მანძილზე იცავდა პირდაპირი არჩევნების იდეას, 2006 წელს მიაღწია რეფერენდუმის ჩატარებას ფსკოვის მერის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების წინააღმდეგ (მოსული ამომრჩევლის 81.36%-მა მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა სულ მოვიდა ამომრჩევლების 8.22%), 2018 წელს კი, როცა ის ოლქის დეპუტატი იყო, დააინიციირა კანონპროექტი ქალაქის თავების არჩევნებზე.
დენის კამალიაგინი
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას შეეძლო ეპოვნა ადამიანები და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შეექმნა გუნდები - სოფლის დასახლებების, რაიონების. მოძებნო ადამიანები, რომლებიც დაგიჯერებენ, უკვე „ედინაია როსსიას“ პრაქტიკულად ტოტალური ზეობის დროს, სწორედ იქ, სადაც ბევრი ბიუჯეტზეა დამოკიდებული - მასწავლებლები, ჯანდაცვის მუშაკები - ეს ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი პროცესი იყო“ - ამბობს „ფსკოვის გუბერნიის“ მთავარი რედაქტორი დენის კამალიაგინი - „პოლიტიკის თვალსაზრისით ეს არის რეგიონის დონეზე რუსეთის დემოკრატიის ყველაზე მკაფიო ფურცელი. ღარიბ რეგიონში, დივიზიითა და უამრავი „ბიუჯეტნიკით“, ეს პარადოქსი უპირველეს ყოვლისა მასთან არის დაკავშირებული. მაგალითია საჭირო. მის გარეშე, სამწუხაროდ, არაფერი გამოგვდის“.
უფლებადამცველი და მოძრაობა „გოლოსის“ ყოფილი კოორდინატორი ფსკოვის ოლქში ვლადიმირ ჟილინსკი ლევ შლოსბერგთან ერთად კონკრეტულ პროექტებზე თანამშრომლობდა. როგორც თავად ამბობს, „ცუდად დავშორდითო“, თუმცა ახლა მხოლოდ კარგს იხსენებს:
ვლადიმირ ჟილინსკი
„სადღაც 2010 ან 2011 წელს ლევ მარკოვიჩმა მიპოვნა და თავისთან დამიძახა. მეუბნება: „აი, ჩვენ ვართ პარტია „იაბლოკო“. გვინდა, რომ არ ვიცრუოთ, არ მოვიპაროთ და არც სხვას მივცეთ მოპარვის უფლება. იქნები ჩვენთან?“. მე ვეუბნები: „კარგი, ვიქნები თქვენთან“. ლევ მარკოვიჩი ძირითადად პოლიტიკით, პარტიის მშენებლობით იყო დაკავებული. მე და დანარჩენებს გვავალებდა სხვების დახმარებას - არსებითად, უფლებადაცვით დავალებებს გვაძლევდა. აი, ასე გავხდი უფლებადამცველი. ლევ მარკოვიჩს რომ არ შევხვედროდი, იუსტიციის სამინისტროს საიტზე არანაირი „უფლებადამცველი ჟილინსკი“ არ ეწერებოდა. სწორედ ფსკოვის „იაბლოკოში“ ვისწავლე ადამიანების შველა“.
„პოლიტიკოსი ქვეყანაში უნდა იყოს“
ჟილინსკი 2021 წელს ემიგრაციაში წავიდა, ხელისუფლება დევნიდა მოძრაობა „გოლოსს“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფსკოვის ბევრი სხვა აქტივისტიც იძულებული გახდა წასულიყო. შლოსბერგი ფსკოვში დარჩა. 2025 წლისთვის მის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობდა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
„ვვარაუდობ, რომ მას მართლა სჯერა თავისი შეხედულებების, რომლებიც არაერთხელ გამოუთქვამს: პოლიტიკოსი უნდა იმყოფებოდეს ქვეყანაში. ადამიანები უფრო მეტად ენდობიან პოლიტიკოსს, თუკი ის ქვეყანაშია. რამდენადაც ვიცნობ, მას ზოგადად სჯერა, რასაც ამბობს. პოლიტიკური კონიუნქტურისთვის არ ლაპარაკობს ხოლმე. შეიძლება ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ თავად სჯერა, რასაც ამბობს. ალბათ, ამიტომაც არ წავიდა“, - ამბობს „ფსკოვის გუბერნიის“ ჟურნალისტი პაველ დმიტრიევი, რომელსაც მიაჩნია, რომ ომის დაწყების შემდეგ და 2023 წელს „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მიღების, ადმინისტრაციული ოქმებისა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგაც რომ დარჩა, ეს შლოსბერგს - როგორც რუს პოლიტიკოსს დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
„რატომ არ წავიდა - სპეკულაციური თემაა. შეგვიძლია რამე გმირული ისტორია მოვიფიქროთ, ეგ არაა პრობლემა. არ წავიდა და არ წავიდა. ეს მისი არჩევანია. ის რეგიონული პოლიტიკოსია, მიიღო გადაწყვეტილება არწასვლაზე - როგორც პირადი, ისე - როგორც პოლიტიკოსმა, ობიექტური მოტივებით. მესმის, რატომ იქცევიან ასე პოლიტიკოსები. მაგრამ, გრძნობდა თუ არა, რომ უსაფრთხოება აღარ არსებობს, გაცნობიერებულად მიდიოდა თუ არა ასეთი პატიმრობისკენ - არ ვიცი და არ მინდა დასკვნების გამოტანა“, - ამბობს კამალიაგინი.
ლევ შლოსბერგი თავისი ოფისის წინ ფსკოვში
"2023 წელს, როცა მივდიოდი, ლევი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამის შესახებ გაიგო. ცხადია, გუნება გაუფუჭდა, მაგრამ მხარი დამიჭირა ამ გადაწყვეტილებაში. ბევრი მიდიოდა, ბევრი იცვლიდა შეხედულებებს, გადაწყვეტილებებს. თუმცა, ის ცდილობდა მხარი დაეჭირა მათთვის. ყოველთვის. როგორც შეეძლო“, - ამბობს ნოვიკოვა.
ომის დაწყების შემდეგ, შლოსბერგი მუდმივად გამოდიოდა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით, თუმცა მისი სიტყვები ბევრს მიაჩნდა „პროკრემლისტურ ნარატივად“. განსაკუთრებით მძაფრი კონფლიქტი გამოიწვია მისმა 2024 წლის აგვისტო პოსტმა, რომელიც კურსკის ოლქში ბრძოლების დაწყების მერე გაიწერა. შლოსბერგმა ოპოზიციონერებს, რომლებიც მიესალმებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას, „სხვისი სისხლის პარტია“ უწოდა: „როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, წერენ და ლაპარაკობენ რუსულად, მაგრამ უხარიათ კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების შემოტანას, სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს“.
„ჩემთვის ეს არის შიდა ოპოზიციური დაპირისპირების მცირე ეპიზოდი და უკრაინის წარმომადგენლები, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ, ამაში არ უნდა ჩართულიყვნენ. ეს სიტყვები მათ არ მიემართებოდა. უკრაინის შესახებ წარუმატებელი ფრაზები არის ხოლმე - ადამიანები ცდებიან. გასაგებია, რომ ახლა დიდი დაძაბულობაა და სხვა ვითარებაში, ხუთი წლის წინ, ეს ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა აღქმული. ახლა კი ხანძრის პირობებში ვმოქმედებთ, ყველას ეშლება. შლოსბერგი ომის წინააღმდეგ გამოდის თანმიმდევრულად, ამიტომ ბევრი პრეტენზია მის მიმართ უსაფუძვლოდ მიმაჩნია“, - ამბობს კამალიაგინი.
სისხლის სამართლის სამი საქმე
სისხლის სამართლის პირველი საქმე შლოსბერგის წინააღმდეგ 2024 წლის ოქტომბერში აღძრეს, მის შინაპატიმრობამდე. მას ბრალი დასდეს „უცხოეთის აგენტის“ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის: საბაბად იქცა სხვის მიერ ჩაწერილი ხუთი ვიდეო, რომლებიც „ვკონტაქტეს“ მის გვერდზე ინახებოდა შესაბამისი მარკირების გარეშე. შლოსბერგი ირწმუნებოდა, რომ ის მასალები მას არ გამოუქვეყნებია. 2025 წლის 5 ნოემბერს სასამართლომ მას 420 საათი სავალდებულო შრომა მიუსაჯა. 2026 წლის აპრილში განაჩენი სააპელაციომაც ძალაში დატოვა.
მეორე საქმე - არმიის განმეორებითი „დისკრედიტაციაზე“ – 2025 წლის 10 ივნისს აღძრეს. საფუძვლად იქცა „ოდნოკლასნიკებში“ შლოსბერგისა და ისტორიკოს იური პივოვაროვის დებატები - „უხამსი სამყარო, თუ სამართლიანი ომი“. თავად შლოსბერგი ამბობდა, რომ „ოდნოკლასნიკებში“ გვერდი არ შეუქმნია და ჩანაწერიც არ განუთავსებია. მომდევნო დღეს მას მიუსაჯეს შინაპატიმრობა.
მესამე საქმე აღძრეს 2025 წლის 3 დეკემბერს - არმიის შესახებ „სიყალბის“ გავრცელება. საბაბად იქცა ტელეგრამარხზე ბრიტანული Daily Mirror-ის გარეკანის გადაპოსტვა, ჩუგუევოში დაჭრილი ქალის ფოტოთი, რომელიც 2022 წლის 25 თებერვლით თარიღდებოდა. აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში 2022 წლის 4 მარტს გაჩნდა. ადვოკატი მიუთითებდა, რომ კანონს უკუძალა არ გააჩნია. 5 დეკემბერს შლოსბერგი საგამოძიებო იზოლატორში განაწესეს, მოგვიანებით „დისკრედიტაციისა“ და „ფეიკების“ საქმეები გააერთიანეს, რომელთა საფუძველზეც 17 აგვისტოს სასამართლომ ლევ შლოსბერგს 11 წლითა და ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯა.