რუსების მიერ ბუჩიდან გატაცებული კატა ბელარუსში გაიქცა და პატრონს დაუბრუნდა

მეინ კუნის ჯიშის კატა მაქსი

მაქსი კატაა, მეინ კუნის ჯიშის. მაქსი რუსმა ოკუპანტებმა ბუჩიდან მოიტაცეს, მაგრამ მათ გამოექცა და საბოლოოდ ისევ პატრონთან აღმოჩნდა. მაქსის ამბავს „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ მისი პატრონი ალიონა გონჩაროვა ჰყვება.

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსული ავიაცია უკრაინულ ქალაქებს ბომბავდა, მაქსი ქუჩაში სასეირნოდ გავიდა. ოჯახი ცხოვრობდა გოსტომელის აეროპორტთან, რომელსაც რუსეთი შემოჭრიდან პირველივე საათებში დაესხა თავს. აფეთქებების ხმა სულ უფრო მკაფიოდ ისმოდა. ალიონამ შვილი ჩაიხუტა და მასთან ერთად საწოლზე იჯდა, წასვლას არ ჩქარობდნენ.

კატა მაქსი

ალიონას ქმარი, ნიკოლაი დონეცკიდან არის. მას ომი უკვე ენახა, კარგად ახსოვდა 2014 წელი, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დონბასში ბრძოლა დაიწყო.

„მანამდე [ფართომასშტაბიან შეტევამდე] ომზე არ ვსაუბრობდით, რადგან ძნელია ადამიანს აუხსნა ომი, თუ ის საკუთარი თვალით არ უნახავს. ახალ ამბებს ვკითხულობდით და ვხვდებოდით, რომ რაღაც ხდება, მაგრამ რაც 24 თებერვალს დაიწყო, ამის წარმოდგენაც არ შეგვეძლო. ამიტომ პირველ საათებში ბუჩიდან გასვლა არც გვიფიქრია“.

ბუჩიდან წასვლაზე ქმარმა დაიყოლია. გადაწყვიტეს, რომ ალიონა ბავშვთან ერთად ჟიტომირში წავიდოდა. სიჩქარეში გარეთ მოსეირნე მაქსი ვერ იპოვეს. ნიკოლაი აპირებდა, ცოლი გაეცილებინა და ნივთებისა და მაქსისთვის დაბრუნებულიყო, მაგრამ ვეღარ შეძლო. რუსეთმა დესანტი უკვე გოსტომელში გადმოსხა.

ალიონა შვილთან ერთად

„ბუჩა დაიპყრეს. ჩვენს სახლში რუსი ჯარისკაცები დასახლდნენ, - იხსენებს ალიონა, - ეზოში „ბეტეერი“ ეყენათ. მეზობლებმა მაქსის მოძებნა და შეფარება ვერ შეძლეს, თავადაც ათი დღე სარდაფში ისხდნენ. მუდმივად ისროდნენ. შემდეგ ისინი დერეფანით გამოვიდნენ. გვიყვებოდნენ, რომ მაქსი ნახეს“.

31 მარტს რუსულმა ჯარმა ბუჩა ნაჩქარევად დატოვა. მათ ნაკვალევზე მხოლოდ საძმო სასაფლაოები და გაძარცვული სახლები დარჩა. კატა მაქსი გაქრა.

„არ შემიძლია შევაფასო იმ ხალხის მოქმედება, რომლებიც ადამიანებიც კი არ არიან, - ჰყვება ალიონა. - არ ვიცი, რამეს თუ ფიქრობენ, რამე ლოგიკას თუ ექვემდებარებიან. ბუჩა მარტის ბოლომდე ოკუპირებული იყო. გათავისუფლების შემდეგ ჩვენს სახლში გამნაღმველები შევიდნენ. ბავშვის ოთახში ხელყუმბარა აღმოაჩინეს. მშობლებმა გვითხრეს, რომ სახლი მთლიანად იყო დარბეული“.

ალიონას სახლი დარბევის შემდეგ

როგორც გაირკვა, რუსული არმიის ჯარისკაცებმა კატა „ბეტეერით“ ბელარუსში წაიყვანეს. გომელის რაიონში მაქსმა გაქცევა მოახერხა და თავი ადგილობრივს შეაფარა. კატას ყელსაბამი ჰქონდა, რომლის მეორე მხარეს ალიონას საკონტაქტო ნომერი ეწერა. სწორედ ასე იპოვეს ალიონა.

ბელარუსმა მოხალისეებმა მაქსს ახალი ვეტპასპორტი და ჩიპი გაუკეთეს და საზღვარზე პოლონელ მოხალისეებს გადასცეს, რომლებმაც ის ალიონამდე მიიყვანეს. ამ დროს ალიონა ჩეხეთში იმყოფებოდა.

ალიონა ამბობს, რომ კატა ძალიან გამხდარი იყო და ცუდად ჭამდა. მაქსისთვის რაღაც წებოვანი სითხე გადაესხათ, ამიტომ მისი გაკრეჭაც მოუხდათ. ახლა ის კარგადაა.

„ყველას მადლობა, ვინც მაქსის დაბრუნებაში დამეხმარა, - ამბობს ალიონა, - ელენასთან ახლაც მაქვს ურთიერთობა, ის რომ არა, არც ვიცი, კიდევ ვნახავდი თუ არა მაქსს. პოლიტიკაზე ლაპარაკს ვერიდებით. ეს პრინციპის ამბავია“.

ახლა ოჯახი ესპანეთის ვალენსიაში ცხოვრობს.

„აქ ძალიან მყუდრო გარემოა, კლიმატიც შესაბამისი. თავად ოდესიდან ვარ და ამ ქალაქში უფრო კომფორტულად ვარ, ვიდრე ჩეხეთში. მაქსი ნორმალურ მდგომარეობაშია. ორი კვირა დასჭირდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებას მისჩვეოდა. ძალიან კარგი მადა აქვს, თამაშობს, სეირნობს. ყველაფერი კარგადაა“, - ამბობს ალიონა.

ალიონა უკრაინაში დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ბუჩაში ვეღარ ჩავა: „ოდესაში ან კიევში დაბრუნებაზე ვფიქრობთ, მაგრამ არა იმ სახლში. ჩვენ ის გამოსყიდვის უფლებით ვიქირავეთ, მაგრამ შეთანხმება უკვე გავაუქმეთ“.