რუსები უარესის მოლოდინში - ქვეყნიდან ხალხი და ფული გაედინება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ხალხი მოსკოვის ქუჩებში (კოლაჟი)

რუსეთში უარესისთვის ემზადებიან: ხალხს ბანკებიდან მილიარდობით რუბლი გააქვს, ცხოვრების გაუარესებას ელის და ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს. ეს პესიმიზმი ზრდის საბიუჯეტო დეფიციტსაც, რომლის შესავსებად კრემლს შესაძლოა ფულის საბეჭდი მანქანის ამუშავება დასჭირდეს.

რუსეთში ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა საზოგადოების პესიმიზმი - როგორც ომთან, ისე ზოგადად, საკუთარი ცხოვრების პერსპექტივასთან დაკავშირებით.

რუსეთში მთავრობისადმი ლოიალური საზოგადოებრივი აზრის კვლევის სახელმწიფო ცენტრის, ВЦИОМ-ის გამოკითხვამაც კი აჩვენა, რომ 2026 წლის ივლისში რუსეთის იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაზე მძიმე დროება ჯერ კიდევ წინ აქვთ, 66%-მდე გაიზარდა, რაც 2020 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 12%-მა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთი „კრიზისს განიცდის“.

ВЦИОМ რამდენიმე თვეა განწყობების გაუარესების ტენდენციას აფიქსირებს.

  • 2026 წლის მაისში გამოკითხულთა 60% აცხადებდა, რომ ყველაზე მძიმე დრო ჯერ კიდევ წინ ჰქონდათ.
  • ივნისში ასე ფიქრობდა 63%
  • ივლისში კი - 66%
  • 2025 წლის მარტში, განწყობები გაცილებით მშვიდი იყო: მაშინ ვითარების გაუარესებას გამოკითხულთა მხოლოდ 39% ელოდა.

რუსეთის მოქალაქეების პესიმიზმი არ უკავშირდება მხოლოდ უკრაინის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს და უკრაინული დრონების მიერ რუსეთის სიღრმეში მიმდინარე დარტყმებს, რომელთა შედეგებიც რუსეთის თითქმის ყველა რეგიონის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადა. ექსპერტთა თქმით, ცვლილება დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ რეაგირებს უკრაინის იერიშებზე მათი ქვეყნის მთავრობა. კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს ომის გაგრძელებას ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების, ომით გამოწვეული ბიზნესდანაკარგებისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შედეგად წარმოქმნილი საწვავის დეფიციტის მიუხედავად.

რუსეთის მოქალაქეები აცნობიერებენ იმასაც, რომ ომის გაგრძელებას ფული სჭირდება და ისინი უკვე საკუთარ თავზე გრძნობენ გადასახადების ზრდას, ფასების მატებას, სოციალური დახმარებების შემცირებასა და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის გაუარესებას.

Gallup-ის ბოლო გამოკითხვის მონაცემებით, ბოლო პერიოდში ცხოვრების ხარისხის გაუარესების შესახებ განაცხადა რუსეთის მოქალაქეების 56%-მა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 13 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელზე 22 პროცენტული პუნქტით მეტია. დღეს რუსების 60% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობაც უარესდება. ამგვარმა ნეგატიურმა მოლოდინებმა უკვე გამოიწვია ფულის მასობრივი გადინება რუსეთის ბანკებიდან.

ბანკებიდან ფული გაედინება

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის საბანკო სისტემიდან, 2 ტრლნ რუბლი (24,1 მლრდ დოლარი) ნაღდი ფული გაიტანეს. ცენტრალურმა ბანკმა რეკორდული გადინება დააფიქსირა 2026 წლის ივლისში. ხალხმა ბანკებიდან ნაღდი ფულის გატანა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და Wildberries-ის საწყობებზე დარტყმების შემდეგ დაიწყო.

რუსული ფინანსური მარკეტპლეისის საბანკო ანგარიშგების მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის უმსხვილეს ბანკებში მნიშვნელოვნად შემცირდა ფიზიკური პირების სახსრების მოცულობა. სერვის Банки.ру-ს მონაცემებით, რუსეთში ნაღდ ფულზე მოთხოვნა მარტის დასაწყისში გაიზარდა და მას შემდეგ მხოლოდ მატულობს და მატულობს. ყოველთვიურად ანგარიშებიდან დაახლოებით 300 მილიარდი რუბლი (3,05 მილიარდი ევრო) გააქვთ. ნაღდი ფულის გადინების პრობლემას შეეჯახა რუსეთის შვიდი უმსხვილესი საკრედიტო ორგანიზაციიდან ხუთი, რომლებშიც რუსეთის მოქალაქეებს 1 ტრილიონ რუბლზე მეტი (10,15 მლრდ ევრო) ჰქონდათ შენახული.

ანგარიშებიდან ნაღდი ფულის გატანით ანტირეკორდსმენია „გაზპრომბანკი“, საიდანაც ოთხი თვის განმავლობაში მეანაბრეებმა 299,5 მილიარდი რუბლი (3,04 მილიარდი ევრო), ანუ ყველა დეპოზიტის 10,8%, გაიტანეს. ამავე პერიოდში „როსსელხოზბანკში“ დაცული სახსრები 270,5 მილიარდი რუბლით (2,75 მილიარდი ევრო), ანუ 15%-ით შემცირდა.

  • რუსეთის უმსხვილესმა კერძო ბანკმა, „ალფა-ბანკმა“ დაკარგა 179,4 მილიარდი რუბლის (1,82 მილიარდი ევრო) სახსრები (5,6%)
  • „სოვკომბანკმა“ 81,7 მილიარდი რუბლი (830 მილიონი ევრო), ანუ 8,1%,
  • ხოლო VTB-მ - 20,4 მილიარდი რუბლი (207 მილიონი ევრო), ანუ 0,24%.

„სბერბანკში“ დეპოზიტების მოცულობა თავდაპირველად იზრდებოდა, თუმცა ბოლო თვეებში იქიდანაც დაიწყო ნაღდი ფულის გატანა: ივნისში 211,6 მილიარდი რუბლი (2,15 მილიარდი ევრო), ივლისში კი - 31,8 მილიარდი რუბლი (323 მილიონი ევრო).

Банки.ру-ს სტატისტიკის მიხედვით, ფულის გადინებამ მხოლოდ T-Bank-ს აუარა გვერდი. ამ ბანკში დეპოზიტების მოცულობა 193 მილიარდი რუბლით (1,96 მილიარდი ევრო), ანუ 6,9%-ით გაიზარდა.

ასევე ნახეთ

რა ანგრევს რუსეთის საბანკო სისტემას

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის საერთო მოცულობა 643,4 მილიარდი რუბლით (6,53 მილიარდი ევრო) გაიზარდა, რაც 2026 წლის დასაწყისიდან ყველაზე დიდი ყოველთვიური მატებაა. ბანკის მონაცემებითვე, 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის საბანკო სისტემიდან ნაღდი ფულის მასაში მთლიანობაში 2,4 ტრილიონი რუბლი (24,4 მილიარდი ევრო) გადავიდა. აგვისტოს პირველ ნახევარში რუსეთის ბანკებიდან გაიტანეს კიდევ 300 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით 3 მილიარდი ევრო.

„ [ბანკები] ამას არ ელოდნენ, ეს ნაღდი ფული სადღაც ჰქონდათ დაბანდებული, ახლა კი ადამიანები მიდიან და თვეში ნახევარი ტრილიონი რუბლი გააქვთ“, - უთხრა რუსეთის ფინანსურ სისტემასთან დაკავშირებულმა ყოფილმა ჩინოვნიკმა გამოცემა The Washington Post-ს.

ანალიტიკოსების აზრით, ნაღდი ფულის მასობრივი გატანა ასახავს რუსების მზარდ უნდობლობას საბანკო სისტემის მიმართ, რაც უკრაინის იერიშებითა და გაღრმავებული ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული. უკრაინული დრონების დარტყმებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 30%-ით შეამცირა.

„დაფრინავენ დრონები. ირგვლივ ყველაფერი იწვის. დაძაბულობა იზრდება. და შესაძლოა, ადამიანები აცნობიერებენ, რომ ნაღდი ფული ბალიშის ქვეშ უნდა შეინახონ და არა ბანკებში, საიდანაც, შესაძლოა, მას ვეღარასოდეს დაიბრუნონ“, - უთხრა Washington Post-ს ყოფილმა რუსმა ჩინოვნიკმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

ამუშავდება ფულის საბეჭდი მანქანა?

ეკონომისტების პროგნოზით, ნაღდი ფულის მასის ზრდა გამოიწვევს ინფლაციის მატებას და ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესებას.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, ცოტა ხნის წინ, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზი განაახლა და წლის შედეგების მიხედვით ინფლაციის საკუთარი პროგნოზი 4,5%-დან 7%-მდე გაზარდა. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის განახლებულ პროგნოზში ბიუჯეტის დეფიციტიც გაიზარდა მშპ-ის 2%-ით, ანუ დაახლოებით 4,5 ტრილიონი რუბლით. რუსეთის 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებულ 3,8 ტრილიონ რუბლთან ერთად, რუსეთის ბიუჯეტის ჯამურმა დეფიციტმა 8,3 ტრილიონი რუბლი (დაახლოებით 100 მლრდ დოლარს) შეადგინა.

ასევე ნახეთ

რეკორდული დეფიციტი ბიუჯეტში და კლებადი მშპ - რუსეთის ეკონომიკას ნავთობმაც ვერ უშველა

რა შეიძლება იყოს რეკორდული საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების წყარო? ექსპერტთა შეფასებით, საკითხი სულაც არ არის უმნიშვნელო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გაურკვეველი ვადით მოუწია ფედერალური სასესხო ობლიგაციების განთავსების აუქციონების გაუქმება.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველი მაქსიმ ბლანტი ამბობს, დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხი ზედაპირზევე დევს: რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ახლახან დაარეგისტრირა მცურავი კუპონით გათვალისწინებული ფედერალური სასესხო ობლიგაციების ორი გამოშვება, საერთო ჯამში 1,5 ტრილიონი რუბლის მოცულობით, რომელთა დაფარვის ვადად 2037 და 2042 წლებია განსაზღვრული, ხოლო ობლიგაციებს სახელმწიფო ბანკები შეისყიდიან.

“თუ საიდან მოიპოვებენ სახელმწიფო ბანკები ამისთვის საჭირო თანხას, ამის გამოცნობა რთული არ არის, - ამბობს მაქსიმ ბლანტი, - რუსეთის ფედერაციაში ემისიის ცენტრი მხოლოდ ერთია. სწორედ ის გამოუშვებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დაბეჭდავს რუბლებს”.

მიგრაციის ახალი ტალღა

რუსეთის მოქალაქეების განწყობაზე, ეკონომიკური სახის პრობლემების გარდა, ნეგატიურ გავლენას ასევე ახდენს შფოთვა 2026 წლის შემოდგომაზე (საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ) ახალი მობილიზაციის შესაძლო გამოცხადების გამო. შედეგად ბოლო თვეებში გაიზარდა იმ ადამიანების ნაკადი, რომლებიც რუსეთს ტოვებენ როგორც დროებით, ისე სამუდამოდ.

2026 წლის ზაფხულში უფლებადამცველი ორგანიზაციები («Ковчег»), სერვისები და სოციოლოგები რუსეთიდან ემიგრაციის ინტერესის მკვეთრ ზრდას და ახალ ტალღას ადასტურებენ. The Moscow Times-ის მონაცემებით, ქვეყნის დატოვებასთან და უვიზო მიმართულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ძიების მოთხოვნები 2022 წლის შემოდგომის მობილიზაციის მაჩვენებლებს გაუტოლდა. ამის მთავარი მიზეზებია:

  • ახალი მობილიზაციის შიში
  • დაღლილობა და უპერსპექტივობა - გაჭიანურებული ომის პირობებში ცხოვრებით გამოწვეული ზოგადი ფსიქოლოგიური დაღლილობა და ქვეყნის შიგნით გრძელვადიანი დაგეგმვის შეუძლებლობა.
  • უსაფრთხოების რისკები - მზარდი შიდა პოლიტიკური რეპრესიები და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა.


2022 წლის პირველი, ქაოსური ტალღისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანები ხშირად მხოლოდ ზურგჩანთებით გარბოდნენ, ახლა რუსეთიდან წასვლას უფრო გააზრებული ხასიათი აქვს. ადამიანები ყიდიან უძრავ ქონებას, ხურავენ ბიზნესს და ემზადებიან ხანგრძლივი ან სამუდამო ემიგრაციისთვის.

ემიგრაციის ძირითადი მიმართულებებია უვიზო ქვეყნები (რუსეთის ე.წ. ახლო სამეზობლო). საქართველო, სომხეთი და სერბეთი კვლავ ლიდერობენ მარტივი შესვლის, პირველადი ლეგალიზაციისა და უკვე არსებული რუსულენოვანი თემების გამო.

საგრძნობლად იმატა რუსი მიგრანტების ინტერესმა დასავლური სანქციებისგან შორს მყოფი ქვეყნების - არგენტინისა და ბრაზილიის მიმართ.

„ომის დაწყება რუსებისთვის შოკი იყო. შემდეგ ადაპტაციის პერიოდი დადგა, ისინი ომს შეეგუვნენ. ახლა კი მათში მომავლის ჰორიზონტის ნგრევის პროცესი მიმდინარეობს. ადამიანები ამბობენ: შემდეგ უარესი იქნება, და თავადაც უარესისთვის ემზადებიან“, - ამბობს რუსი სოციოლოგი და პოლიტოლოგი დმიტრი დუბროვსკი.

დუბროვსკის თქმით, როდესაც რუსეთში ადამიანები მომავალზე საუბრობენ, სინამდვილეში, ისინი პირდაპირ არც ომს გულისხმობენ და არც საერთაშორისო პოლიტიკას, თუმცა ომის მიმდინარეობის ეფექტიანობას ისინი საკმაოდ დაბალ შეფასებას აძლევენ.

„როგორც ჩანს, ომი სულ უფრო მეტად ანგრევს წარმოდგენას იმაზე, საერთოდ რა ხდება რუსეთში დღეს და რამდენად ნორმალურია ვითარება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს განწყობები შეიძლება რუსების მომავლის ჰორიზონტის ნგრევად გავიგოთ. ანუ ადამიანები უკვე ამბობენ, რომ მომავალში უარესი იქნება”.

რუსი სოციოლოგი და პოლიტოლოგი დმიტრი დუბროვსკი

დმიტრი დუბროვსკი რადიო თავისუფლების პროექტ The CurrentTimes-თან საუბარში იხსენებსაბჭოთა ანეკდოტს, რომლის მიხედვითაც ოპტიმისტსა და პესიმისტს შორის განსხვავება ისაა, რომ პესიმისტი ამბობს: „ამაზე უარესი უკვე აღარ იქნება“, ხოლო ოპტიმისტი პასუხობს: „როგორ არა, წინ უარესი გველისო“.

“ასე რომ, ვფიქრობ, დღეს რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა სწორედ ასეთი „ოპტიმისტია“, რომელიც ამბობს, რომ მომავალი ნამდვილად უარესი იქნება”, - ამბობს სოციოლოგი, რომლის თქმითაც, სოციალური კეთილდღეობა და ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეა მოწყობილი, რომ თუ ადამიანი უკვე ემზადება უარესისთვის, გარკვეული გაგებით, მოქმედებას იწყებს თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება:

„რუსეთში ადამიანები უკვე უარესისთვის ემზადებიან და სრულიად სხვაგვარად იქცევიან. ისინი აღარ გეგმავენ გრძელვადიან ინვესტიციებს, გრძელვადიან პროექტებს, აღარ აბანდებენ ფულს ხანგრძლივი ვადით, რადგან იციან, რომ მომავალში უარესი იქნება. სწორედ ამიტომაც გააქვთ ფული ბანკებიდან. ყოველივე ეს ერთად მიანიშნებს, რომ ადამიანები უარესისთვის ემზადებიან. და როგორ ემზადებიან რუსები უარესისთვის? როგორც ყოველთვის: გამოაქვთ ფული, ყიდულობენ მარილს, ასანთს და შაქარს“.

რა შეიძლება მოჰყვეს ამ „ნორმალურობის ეროზიას“? - ამ კითხვის პასუხად დმიტრი დუბროვსკი ამბობს:

„ზოგმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ წასვლის დროა, და ჩვენ ვხედავთ, რომ გაიზარდა ხალხის ნაკადი ზემო ლარსის მიმართულებით - რუსეთ-საქართველოს საზღვრის გამშვები პუნქტისკენ. როგორც ჩანს, ესეც იმ გადაწყვეტილებების ნაწილია, რომლებიც სწორედ ასეთი განწყობისა და მომავლის შიშის ფონზე მიიღეს. ვიღაც ფულის გამოტანას იწყებს, ვიღაც კი TikTok-ზე ვიდეოებს იღებს და ამბობს, რომ „მოგზაურობა სწორედ ახლა უნდა დაგეგმონ“, რადგან შემოდგომაზე ამისთვის „აღარ ეცლებათ“. ადამიანები ემზადებიან. ემზადებიან ისე, როგორც უარესისთვის უნდა ემზადებოდნენ“.