რუსეთის მოქალაქეები არ დაიშვებიან - ბიზნესის უფლება თუ დისკრიმინაცია?

2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი კრძალავს ადამიანების განსხვავებულ მოპყრობას სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის მოქალაქეობის გამო.

„რუსეთის მოქალაქეები ფესტივალზე არ დაიშვებიან“ - ასეთი გაფრთხილება ახლდა თბილისში 25-26 სექტემბერს დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის, Zion Festival-ის ანონსს. შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ბილეთების გაყიდვის პლატფორმა Tkt.ge-ზეც იყო გამოქვეყნებული.

„რუსული პასპორტი ავტომატურად ნიშნავს, რომ მისი მფლობელი კაციჭამიაა?“

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებამ თბილისში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ტანიამ, ემიგრაციაში ცხოვრებაზე ბლოგის ავტორმა, ამბავს „საზიზღარი ისტორია“ უწოდა.

მისი თქმით, ესმის, რატომ იწვევს საქართველოში ბევრ ადამიანში რუსეთის პასპორტი „სრულიად კონკრეტულ რეაქციას“, თუმცა მისთვის მთავარი კითხვა სხვაა: სად გადის ზღვარი პოლიტიკურ პოზიციასა და მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციას შორის?

„რუსული პასპორტი ავტომატურად ნიშნავს, რომ მისი მფლობელი კაციჭამიაა? თუ გადავწყვიტეთ, რომ საკმარისია პასპორტი გავხსნათ და ადამიანის შესახებ სხვა არაფრის გარკვევა აღარ გვჭირდება?“ - ამბობდა ის ვიდეოში.

გაფრთხილება, რომელიც Tkt.ge-ზე იყო გამოქვეყნებული

„მზად ვართ, გამონაკლისი დავუშვათ“

რადიო თავისუფლება Zion Festival-ის ორგანიზატორს, გიგი გაბაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, 11 სექტემბერს ორგანიზატორებმა თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალეს და რუსეთის მოქალაქეების სრული არდაშვების წესზე უარი თქვეს.

„არ გვსურს ადამიანების შეფასება მხოლოდ მათი პასპორტის მიხედვით“, - წერია ფესტივალის Instagram-გვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებაში.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მზად არიან, „გამონაკლისი დაუშვან“ რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფესტივალის ღირებულებებს იზიარებენ და „აცნობიერებენ საქართველოში არსებულ რეალობას“.

ორგანიზატორების მიერ 11 სექტემბერს დაწერილი კომენტარი

„მათ, ვისაც ფესტივალზე დასწრება სურთ, შესაძლებლობა ექნებათ, შეავსონ და ხელი მოაწერონ მოკლე კითხვარს, რომლითაც დაადასტურებენ საკუთარ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფესტივალის ღირებულებების პატივისცემის საკითხებზე“, - განმარტავენ ორგანიზატორები.

მათვე ახსნეს, რატომ დააწესეს თავდაპირველად რუსეთის მოქალაქეებისთვის სრული შეზღუდვა:

„ეს პირდაპირი პასუხია იმ რეალობაზე, რომელშიც ჩვენ, ქართველები, ვცხოვრობთ - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომლის მოსახლეობამ გადაიტანა ომი, ოკუპაცია, იძულებითი გადაადგილება და დღემდე განიცდის რუსეთის მხრიდან აგრესიას“.

ადამიანების გადარჩევის ბანაკი?

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების სრულ არდაშვებას არ ეთანხმებოდა ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე დიჯეიც.

ორგანიზატორების მიერ გადაწყვეტილების შეცვლამ კრიტიკა სრულად ვერ გაანეიტრალა. რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი სოციალურ მედიაში ახლა უკვე კითხვარის შევსებისა და პოლიტიკური პოზიციის დადასტურების მოთხოვნას აპროტესტებს.

  • „თავისუფლებაზე, ერთიანობასა და პატივისცემაზე“ საუბარი მაშინ, როცა შესასვლელში ადამიანებს პასპორტის მიხედვით არჩევ და მათგან პოლიტიკური ლოიალობის დადასტურებას ითხოვ, წმინდა წყლის ფარისევლობაა. ამით მუსიკალური ფესტივალი ფაქტობრივად ადამიანების გადარჩევის ბანაკად იქცევა“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
  • სხვა კომენტარში წერენ: „საერთოდ რა არის ეს, შესასვლელში გამოკითხვის ჩატარება? უფრო დამამცირებელი ვერაფერი მოიფიქრეთ?“

ასევე ნახეთ

რას ებრძვის "ქართული ოცნება", როდესაც ამბობს, რომ ებრძვის რუსოფობიას?

„ოკუპანტების გარეშე“

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში კერძო ბიზნესები ან ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის მომსახურებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ.

მსგავსი გადაწყვეტილებები პირველად თვალსაჩინო გახდა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, და ცალკეულ დაწესებულებებში დღემდე მოქმედებს.

მაგალითად, მოლაშქრეთა კლუბი „იეტი“ სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი ტურები „ოკუპანტების გარეშე“ ტარდება.

„ნუ მოემსახურებით რუსეთის მოქალაქეებს და ნუ წაიყვანთ მათ ტურებზე, სანამ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ქვეყნის ოკუპაცია მხოლოდ იარაღით არ ხდება. ის შეიძლება გაგრძელდეს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გავლენითაც. თითოეული ჩვენი არჩევანი მნიშვნელოვანია!“ - წერს მოლაშქრეთა კლუბი.

რას ამბობს კანონი?

2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი კრძალავს ადამიანების განსხვავებულ მოპყრობას სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის მოქალაქეობის გამო.

დოკუმენტში ასევე ჩამოთვლილია რასა, კანის ფერი, ენა, სქესი, ასაკი, წარმოშობა, დაბადებისა და საცხოვრებელი ადგილი, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა, რელიგია ან რწმენა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილება, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება და სხვა ნიშნები.

ეს კანონი ავტომატურ ჯარიმას ან სისხლისსამართლებრივ სასჯელს არ აწესებს. დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს, რომელიც შეისწავლის საქმეს და დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში გამოსცემს რეკომენდაციას დარღვეული თანასწორობის აღსადგენად. გარდა ამისა, პირს შეუძლია სასამართლოში იჩივლოს და მოითხოვოს მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება.

თავად მეწარმე უნდა წყვეტდეს? - „რეფორმერ ფიტნესის“ საქმე

ერთ-ერთი კომპანია, რომლის პოლიტიკაც რუსეთის მოქალაქეებისთვის მომსახურების შეზღუდვას უკავშირდება, ბათუმში მდებარე „რეფორმერ ფიტნესია“.

შეზღუდვა ყველა რუსეთის მოქალაქეზე ავტომატურად არ ვრცელდება. სავარჯიშო დარბაზით სარგებლობისთვის მათგან მოითხოვდნენ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომლითაც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდნენ.

საკითხი სახალხო დამცველის აპარატის განხილვის საგანიც გახდა.

ასევე ნახეთ

ომბუდსმენი Reformerfitness-ის განცხადებას ოკუპაციის თემით სპეკულირებად აფასებს

ომბუდსმენმა დაასკვნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის დამადასტურებელ განცხადებაზე ხელმოწერის მოთხოვნა თავისთავად დისკრიმინაციულ ქმედებას არ წარმოადგენდა.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებდა, რომ მოთხოვნა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს უკავშირდებოდა და კომპანიის გამოხატვის თავისუფლებისა და ღირებულებითი თვითიდენტიფიკაციის ფორმად შეიძლებოდა განხილულიყო; „არ იყო მიმართული კონკრეტული ჯგუფის ღირსების შელახვის, სტიგმატიზაციის ან სიძულვილის გაღვივებისკენ“.

ამავე დროს, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია „რეფორმერ ფიტნესის“ ხელმძღვანელის საჯარო განცხადებები. გიორგი ფუტკარაძე ამბობდა, რომ თავად მეწარმე უნდა წყვეტდეს, ვის მიჰყიდის თავის მიერ შექმნილ პროდუქტსა და მომსახურებას და თავადვე იღებდეს ამ გადაწყვეტილებით გამოწვეულ ფინანსურ თუ რეპუტაციულ რისკებს.

ტელეეთერში კი აცხადებდა:

„მე მაქვს უფლება, ვიყო დისკრიმინაციული, გამოვირჩეოდე დისკრიმინაციული მიდგომებით ჩემი მომხმარებლების მიმართ... კერძო ბიზნესს აქვს უფლება, თავის დაწესებულებაში ვისაც უნდა, იმას მოემსახუროს, არა აქვს მნიშვნელობა, რა ნიშნით მოახდენს ამას“.

გამოხატვის და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება - ჩეხეთის პრეცედენტი

მსგავსი დავა წლების წინ ჩეხეთშიც წარმოიშვა.

2014 წელს ქალაქ ოსტრავაში მდებარე Hotel Brioni-მ განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ისინი ხელს მოაწერდნენ განცხადებას, რომლითაც ყირიმის ოკუპაციას ეწინააღმდეგებოდნენ.

ოსტრავაში მდებარე Hotel Brioni

ჩეხეთის სავაჭრო ინსპექციამ ეს დისკრიმინაციად მიიჩნია და სასტუმროს მფლობელი 50 000 ჩეხური კრონით დააჯარიმა.

საქმე რამდენიმე სასამართლო ინსტანციაში განიხილეს. 2019 წლის აპრილში ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ სასტუმროს მფლობელის საჩივარი დააკმაყოფილა და მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმის განხილვისას სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული სასტუმროს მფლობელის გამოხატვის თავისუფლება და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება.