ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმის სამიზნე ირანული ფლოტის გემები იყო, მათ შორის სარაკეტო, კატერები, დამხმარე და "საყარაულო გემები", ასევე სამეთაურო პუნქტი და ერთ-ერთი პორტის სარემონტო დოკი (სადგომი).
"ცახალის" მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოს მიხედვით, მაღალი ალბათობით საუბარია ბენდერ-ენზელის პორტზე. გამოქვეყნდა ღია ზღვაში "ჯამარანის" კლასის ირანული კორვეტის განადგურების ვიდეოკადრებიც.
ბენდერ-ენზელის პორტი, ზედა ფოტო: Google Image: აგვისტო 2022 წელი, ქვედა ფოტო: ისრაელის თავდაცვის ძალები 18 მარტი
საჰაერო დარტყმების შედეგად პორტის სარემონტო სადგომზე გაჩენილი ხანძრის შედეგები გამოჩნდა NASA FIRMS-ის ვებსაიტზე, რომელიც სატელიტების მეშვეობით ხანძრებს აფიქსირებს.
ბენდერ-ენზელი სამხედრო ბაზის გარდა, დიდი სატვირთო პორტიცაა, რომლის მეშვეობითაც ირანი და რუსეთი ინტენსიურად ვაჭრობენ. მაგალითად, 16 მარტს ამ პორტიდან ასტრახანისკენ დაიძრა გემი POLA YAROSLAVA, რომელიც ამერიკის მიერ სანქცირებული გემების სიაში ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში აღმოჩნდა.
19 მარტს ბენდერ-ელიზის პორტის მახლობლად რეიდზე იდგნენ რუსული გემები "რასულ გამზატოვი" და "POLA FEODOSIA" - ორივე გემი უკვე წლებია ამერიკის მიერაა სანქცირებული და ორივე გემი ირანიდან ასტრახანისკენ გაემართა.
ბენდერ-ელიზიდან 400 კილომეტრის მოშორებით, კასპიის ზღვის ირანულ სანაპიროზე მდებარეობს ამირაბადის პორტი. 2023 წლის გაზაფხულზე ბრიტანული ტელეარხი SkyNews სპეცსამსახურებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სწორედ ამირაბადის პორტიდან მიაწოდა ირანმა რუსეთს 100 ათასი ტყვია და 300 ათასი საარტილერიო ჭურვი.
იმავე, 2023 წელს რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელებში იპოვა იმ გემზე გადაღებული ფოტოები, რომელსაც თითქოსდა გადაჰქონდა სამხედრო ტვირთი. 2024 წლის სექტემბერში SkyNews უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა გემს სახელად "PORT OLYA 3."
ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით რუსეთი მხოლოდ ხეირობს ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციით. Financial Times-ის შეფასებით, ნავთობის გაზრდილი ფასების ფონზე რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები დღეში 150 მილიონი დოლარით გაიზარდა.
მოსკოვი თეირანს აწვდის სადაზვერვო ცნობებს რეგიონში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზებზე საჰაერო დარტყმებისთვის. უკრაინამ შეერთებულ შტატებს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ირანული დრონებისგან თავდასაცავად თავისი გადამჭერი დრონები შესთავაზა, რის შემდეგაც ირანის მთავრობამ უკრაინას საჰაერო დარტყმების "ლეგიტიმური სამიზნე" უწოდა.
მიმდინარე ომის მიუხედავად, ირანი ჩვეულებრივად აგრძელებს ვაჭრობის კასპიის აუზის ქვეყნებთან. სხვა პროდუქციასთან ირანი კვლავ იღებს რუსულ საწვავს, რომელთა ტრანსპორტირებისთვისაც რუსეთი ვოლგნეფტის კლასის, მოძველებულ ტანკერებს იყენებს. სწორედ ამ კლასის გემების გაუმართაობა გახდა 2024 წლის დეკემბერში, ქერჩის სრუტესთან მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი. შტორმის შედეგად ერთდროულად დაზიანდა 2 გემის კორპუსი, რის შედეგადაც ღია ზღვაში ათასობით ტონა მაზუთი ჩაიღვარა.
შავ ზღვაში დაზიანებული "ვოლგნეფტ 239" კლასის ტანკერი
გასულ კვირებში ამირაბადის პორტში ამერიკის, ევროკავშირისა და უკრაინის მიერ სანქცირებული რამდენიმე რუსული გემი იმყოფებოდა. საუბარია გემებზე: "ნიკოლაი ლეონოვი", "ASTROL 1" და "სტაროპოლიე", რომლებიც სანქცირებულები არიან მოპარული უკრაინული ხორბლის და სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის. აღნიშნული გემები ამირაბადის პორტიდან მაჰაჩყალასა და ასტრახანისკენ მიემართებიან - ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის საკვანძო პორტები.
"რუსეთი მართლაც იყენებს "ვოლგნეფტის" კლასის რამდენიმე ტანკერს ირანთან ვაჭრობისთვის, თუმცა კასპიის ზღვაში ამ ტიპის გემებს ძირითადად არა ნედლი ნავთობი, არამედ ნავთობპროდუქტები გადააქვთ"- ამბობს დალგა ხათინოღლუ, ბაქოში ბაზირებული დამოუკიდებელი ექსპერტი ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი.
"ბენზინისა და დიზელის იმპორტი რუსეთიდან ირანმა 2024 წლიდან დაიწყო, თუმცა ამ ტვირთების დიდი ნაწილი ხმელეთით, ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით მოძრაობს"- ამბობს ხათინოღლუ.
ომის მიუხედავად რუსეთსა და ირანს შორის საზღვაო ვაჭრობის გაგრძელება დასტურდება რუსეთის სახელმწიფო მესინჯერ MAX-ში რუსი მეზღვაურების ჯგუფებში გავრცელებული შეტყობინებებით. ჯგუფში 7 მარტს გავრცელებული შეტყობინებების მიხედვით, ირანის მიმართულებით გემები მიმდინარე ომის გამო შესაძლოა დაგვიანდეს.
მიმოწერა მესინჯერ MAX-ში რუსი მეზღვაურების ჯგუფებში
დალგა ხათინოღლუსთვის ცნობილია პუბლიკაციები, რომელშიც საუბარია ირანიდან რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაზე კასპიის ზღვის გავლით თუმცა, ამ ცნობებს სკეპტიკურად უყურებს.
"ჩვენ ვნახეთ მრავალი მსგავსი პუბლიკაცია, თუმცა კასპიის რეგიონი და მისი ირანული პორტები მხოლოდ შეზღუდული ვაჭრობის საშუალებას იძლევა. ირან-რუსეთის ვაჭრობის დიდი ნაწილი ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორით, აზერბაიჯანის გავლით მიმდინარეობს. წარსულში არაერთი ცნობა გავრცელდა, რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ საჰაერო გზითაც"- ამბობს ანალიტიკოსი.
რისკი კასპიის ზღვისთვის
2024 წლის 15 დეკემბერს ქერჩის სრუტის მახლობლად მცურავი "ვოლგნეფტის" კლასის 2 რუსული ტანკერი ძლიერ შტორმში მოხვდა. მოძველებულ გემები გათვლილი იყო 2-3 მეტრიან ტალღებში ნავიგაციისთვის, თუმცა იმ დღეს ტალღების სიმაღლე 5 მეტრს აჭარბებდა, რის შედეგადაც ორივე ტანკერი პრაქტიკულად შუაში გადატყდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს 26 მეზღვაური, დაიღუპა 1.
ორივე ტანკერს ჯამურად დაახლოებით 8 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდა, კატასტროფის შედეგად ზღვაში სხვადასხვა მონაცემებით 2.5 ათასი ტონიდან 3.7 ათას ტონამდე მაზუთი ჩაიღვარა, რაც შავი ზღვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა.
ქერჩის სრუტეში მომხდარი კატასტროფის შედეგები სრულად აღმოფხვრილი ამ დრომდე არ არის. დროგამოშვებით მაზუთი ჟონავს ჩაძირული გემების საწვავის რეზერვუარებიდან, ყირიმისა და კრასნოდარის მხარის სანაპიროზე ჟონავს.
"ვოლგნეფტ" კლასის ტანკერიდან ჩაღვრილი ნავთობის წმენდა, 2025 წლის აპრილი
"საბჭოთა სამდინარო ფლოტის იმპერიის ნარჩენი ვოლგნეფტის კლასის ტანკერები კვლავ რჩება საშიშროებად საზღვაო ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიისთვის, არქტიკის, კასპიის, ბალტიის, აზოვის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლასის ტანკერებს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტის გემებთან შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკები ძალიან კონკრეტული და დამტკიცებულია სამწუხარო პრაქტიკით"- ნათქვამია ყირიმის რეინტეგრაციის საერთაშორისო ასოციაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
კასპიის ზღვის ეკოსისტემას დამატებით ზიანს აყენებს რუსეთის არმია, რომელიც აკვატორიას უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმებისთვის იყენებს.
უკვე არც ისე მშვიდი ნავსაყუდელი
ადგილობრივები კასპიის ზღვის სანაპიროზე. კასპიისკი, დაღესტანი. 2023 წლის ივნისი
თუ კი ისრაელის საჰაერო დარტყმამდე ბენდერ-ელიზი და ირანის კასპიის ზღვის სხვა პორტები შედარებით მშვიდ ნავსაყუდლად აღიქმებოდა 19 მარტის შემდეგ ვითარება შესაძლოა შეიცვალოს. დალგა ხათინოღლუს თქმით, კასპიის ზღვა არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს ირანის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში.
"სამხედრო მოქმედებების გავრცელება ამ რაიონზე უსაფუძვლოა და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ინტერესებში."