თბილისს გალავანი ერტყა, რომელიც დაახლოებით იქ თავდებოდა, სადაც ახლა პუშკინისა და დადიანის ქუჩებია. უფრო ზევით ბაღები იყო, მაგალითად, მეფე გიორგი მეთორმეტის ბაღი - დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადგილას.
დღევანდელი თავისუფლების მოედნის ტერიტორია
მაგრამ თბილისი ფართოვდებოდა და ცენტრმაც მეიდნიდან ნელ-ნელა მაშინდელი გარეთუბნისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაიწია, განსაკუთრებით სწრაფად მას შემდეგ, რაც კავკასიის მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე 1844 წლიდან 1854 წლამდე დაყო.
ურბანისტი ცირა ელისაშვილი ჰყვება, რომ თავისუფლების მოედანზე გადმოვიდა სამხედრო შტაბის შენობა (ის დღემდე დგას), მეფისნაცვლის სასახლე, შემდეგ ცოტა მოშორებით სობორო - თბილისის სამხედრო ტაძარი, რომელიც რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიის დამორჩილების აღსანიშნავად აღმართა.
სობორო
ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც ახლანდელ რუსთაველზე აშენდა იტალიური ოპერა იყო, ის მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ააგეს. ოპერა ქარვასლასთან ერთად ზედ მოედანზე იდგა და მოგვიანებით, „ნორმას“ წარმოდგენისას გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.
ოპერა-ქარვასლა, ახლა ამ ადგილას წმინდა გიორგის მონუმენტია
„შემდეგ აშენდა ხელოვნების მუზეუმის შენობა და ამან უკვე შეკრა მოედნის თემა, რომელიც მანამდე ხევი იყო, მერე ამოავსეს და გაჩნდა მოედანი.
მოედანმა ბევრი ფუნქცია და სახელი გამოიცვალა, ჯერ შეშის მოედანს ეძახდნენ, რადგან იქ შეშა იყიდებოდა, შტაბის მოედანსაც ეძახდნენ, პასკევიჩის სახელსაც უკავშირდება, ბერიას სახელიც ერქვა, ლენინისაც. თავისუფლების მოედანი ჯერ კიდევ რევოლუციის დროს ერქვა და მერე ისევ აღადგინეს“, - ჰყვება ცირა ელისაშვილი.
სახელებთან ერთად იცვლებოდა მოედნის „ინვენტარიც“. ჯერ შეშა ელაგა და ყიდდნენ, მერე ლენინის ძეგლი დადგეს. მერე ჩამოაგდეს. მერე ყვავილები დარგეს, შადრევანი გააკეთეს. ახლა წმინდა გიორგის ძეგლი დგას და ახალ წელს ნაძვის ხეც ემატება.
თავისუფლების მოედანი საბჭოთა საქართველოში
თავისუფლების მოედნის ბუნებრივი გაგრძელება იყო დღევანდელი რუსთაველის გამზირი, მაშინდელი გოლოვინი. ასე კავკასიის მორიგი მთავარმართებლის პატივსაცემადაც დაარქვეს. სინამდვილეში ევგენი გოლოვინი დიდად დასაფასებელი ადამიანი არ გახლდათ, ქართველების გარუსებას ცდილობდა და გურიის აჯანყების სასტიკი ჩახშობაც მის სინდისზეა.
ლენინის ძეგლის ჩამოგდება
1917 წელს რუსეთში მეფის ჩამოგდების შემდეგ, თბილისის ამჯერად უკვე მთავარ ქუჩას სახელი შეუცვალეს. როგორ, ეს ზუსტად არავინ იცის. ჰყვებიან, რომ ქართველი მწერლები გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ, ამ ქუჩას გოლოვინი აღარ ჰქვია, რუსთაველი დაარქვესო. ამის შემდეგ ხელისუფლებაც იძულებული გახდა, მართლა გადაერქვა სახელი. მერე და მერე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის მთავარი ქუჩაც რუსთაველის სახელობის გახდება.
Your browser doesn’t support HTML5
რუსთაველის გამზირი - არქივი
თბილისი ყოველთვის მტვრიანი ქალაქი იყო, წვიმის დროს კი გაუვალი ტალახი დგებოდა. თუ ვინმე თეატრში ან ოპერაში მიდიოდა და უნდოდა, მშრალს და სუფთას მიეღწია ან ფაეტონისთვის უნდა დაეძახა ან მეკურტნისთვის. მე-19 საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ რუსთაველი მტკვრიდან ამოტანილი რიყის ქვით მოაპირკეთეს.
რუსთაველის გამზირი
ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ 1930-იან წლებში რუსთაველი მნიშვნელოვნად შეიცვალა. საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია სობორო და პარლამენტი ააშენა, მოშორებით ააშენეს იმელისა და ფოსტის შენობები.
საბოლოოდ რუსთაველზე მოიყარა თავი ყველა მნიშვნელოვანმა შენობამ: ოპერამ, სკოლამ, ქაშვეთის ეკლესიამ, აზარიანცის სახლმა, სასტუმრომ, დუქანმა, თეატრმა, ილიას, აკაკის და რა თქმა უნდა, თავად რუსთაველის ძეგლებმა… თუ რამე ხდებოდა, რუსთაველზე ხდებოდა.
რუსთაველის გამზირი
რუსთაველი რამდენჯერმე გარემონტდა 2000-იან წლებში. ცირა ელისაშვილი ამბობს რომ მაშინ რამდენიმე ფასადი შეაკეთეს, გამოცვალეს ქვაფენილი და ერთი-ორი ჭადარიც მოჭრეს.
„მე ქვაფენილს დავტოვებდი, ხალხი ამბობდა, გალაქტიონი რომ დადიოდა იმ ქვებს რატომ იღებთო. რაც შეეხება ჭადრებს, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ალერგიულია, ის მაინც საუკეთესო ურბანული ხეა, რადგან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს შთანთქავს. ჭადარი რუსთაველის განუყოფელი ნაწილია. ისტორიაა, მაგალითად, არსებობს ლადოს ჭადარი რუსთაველის 30 ნომერში“, - ამბობს ცირა ელისაშვილი. ლადო ასათიანი ანიკო ვაჩნაძეზე იყო შეყვარებული. ამ ჭადართან იდგა და ცხემის ქუჩიდან ჭავჭავაძეზე გამოსულ ანიკოს უყურებდა.
წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იმდენი რამე მოხდა, რომ მისი ისტორია, საქართველოს ბოლო საუკუნეების ისტორიას ირეკლავს. რუსთაველზე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, ჯერ 1918 წელს და შემდეგ 1991-ში. რუსთაველზე დაკრძალეს წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრები. ამ ქუჩას ახსოვს გაუთავებელი მიტინგები და ის რამდენიმეწუთიანი დუმილი, რომელიც მთელს რუსთაველზე ჩამოწვა, როდესაც 9 აპრილს ილია მეორემ ხალხს უთხრა, ტანკები მოდიანო.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოტანილი ყვავილები
რუსთაველს ახსოვს 1950-1980 წლების თბილისი, როცა გამზირზე გასეირნება საღამოს რიტუალი იყო. აქ ხვდებოდნენ და ეცნობოდნენ ერთმანეთს. აქ იგებდნენ ახალ ამბებს და ჭორებსაც. იპრანჭებოდნენ და სხვებსაც თავს აწონებდნენ. აქვე იყო ლაღიძის წყლები. იმდენად ორგანული ამ ადგილისთვის, რომ როგორც კი სხვაგან გადაიტანეს, ყველამ დაივიწყა.
ტაქსების გაჩერება რუსთაველის ძეგლთან
რუსთაველს ომიც ახსოვს, ლოკალური, რუსთაველის ომი და სახელმწიფო გადატრიალება, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდიას მთავრობამ საქართველო დატოვა, რუსთაველზე კი კიდევ დიდხანს იდგა დამწვარი სახლები, ნატყვიარი კედლებით.
რუსთაველის გამზირი ომის დროს
აქვე მოხდა ვარდების რევოლუციაც და საერთოდ ყველა მიტინგის და პროტესტის ადგილი ყოველთვის რუსთაველის გამზირი იყო.
დღემდე რუსთაველზე გრძელდება ყოველდღიური აქციები, მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ეს აქციები არ შეწყვეტილა მაშინაც კი, როდესაც 2026 წლის აგვისტოში რუსთაველის ორკილომეტრიანი გამზირი რეაბილიტაციისთვის გადაითხარა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის შედეგად გამოიცვლება მიწისქვეშა მილები და სადენები, რომლებიც წლებია არ გამოცვლილა, თვითონ გამზირზე კი გაკეთდება ახალი განათება, ტროტუარები, გადასასვლელები. 2026 წლის რეაბილიტაცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია რუსთაველის გამზირის ისტორიაში.