„რუსთავის აზოტი“ გაჩერებულია, გაფიცვა გრძელდება

„რუსთავის აზოტის“ გაფიცული თანამშრომლები

მეშვიდე დღეა გაფიცულია „რუსთავის აზოტის“ ათასამდე თანამშრომელი. ისინი ხელფასის 300 ლარით გაზრდას ითხოვენ.

ქარხანა გაჩერებულია. ადმინისტრაცია თანამშრომლებს ხელფასის მომატებას ჯერ კიდევ შარშან დაჰპირდა. 28 იანვარს კი გამოაცხადეს, რომ ხელფასი მხოლოდ 30-40 ლარით გაიზრდებოდა. თანამშრომლებმა ეს შეთავაზება შეურაცხყოფად მიიღეს და პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ.

დღეს, 3 თებერვალს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციას შეხვდნენ. მათ შეთანხმება ვერ შეძლეს და გაფიცვაც გაგრძელდა.

„საშუალოდ 1000-1500 ლარი გვაქვს ხელფასი. სამუშაო არის როგორც რვასაათიანი, ასევე თორმეტსაათიანი ცვლები. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშაობას არ დავიწყებთ“, - ამბობს ბაჩანა კაპანაძე, საკონტროლო საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის სპეციალისტი.

2023 წელს „რუსთავის აზოტი“ კორპორაცია „ინდორამას“ ნაწილი გახდა. კომპანიის საიტზე აღნიშნულია, რომ ქარხანაში 2 ათას ადამიანზე მეტი მუშაობს. ის არის უდიდესი სამრეწველო საწარმო საქართველოში და ამონიუმის გვარჯილის ძირითადი მწარმოებელი ამიერკავკასიაში. ამზადებენ მინერალურ სასუქებსა და ინდუსტრიულ ქიმიკატებს.

ამავე ქარხანაში აწარმოებენ ჟანგბადს, რომელსაც ძირითადად საავადმყოფოები ყიდულობენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ გაფიცვის მიუხედავად, ჟანგბადს მაინც ამზადებდნენ.

„პარასკევს (30 იანვარი) ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ჟანგბადის წარმოება შეეწყვიტათ, ზედმეტი ხარჯიაო. როგორც კი იქნება ბრძანება, თითოეული თანამშრომელი მზადაა, ჟანგბადის წარმოება გააგრძელოს. ეს პროტესტს არ ეხება, - ამბობს ჟანგბადის საწარმოს თანამშრომელი დავით მეტრეველი, - ჩემი ხელფასი 1400-1600 ლარია, საათების მიხედვით. კომუნალურები უნდა გადაიხადო, საკვები ხომ გინდა. თუ ვინმე ავად გახდა, 1600 ლარი შეიძლება წამლებსაც არ ეყოს. მერე შვილს განათლება ხომ უნდა მისცე?! როგორ შეიძლება ეს ყველაფერი 1600 ლარში ჩაეტიოს? ჯერ მარტო პური ღირს იმდენი… თან ხუთსულიან ოჯახს ერთი პური ხომ არ ეყოფა! ან მარტო პურს ხომ არ შეჭამ? გამოდის, მარტო პური უნდა იყიდო, კომუნალურები გადაიხადო და ცუდად არ უნდა გახდე“.

გაფიცულები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

ინჟინერ-ქიმიკოსი მზაღო მურვანიძე 35 წელია ამ ქარხანაში მუშაობს. ამბობს, აქ 19 წლის რომ მოვედი, 50 მანეთი მქონდა ხელფასი, მაგრამ მშობლები მყავდა და ასე არ მიჭირდაო. ახლა თავად ჰყავს შვილებიც და შვილიშვილიც, ხელფასი - 1200 ლარი - კომუნალურ გადასახადებსა და ბანკის ვალში ეხარჯება.

„ძალიან გული მწყდება, სპეციალისტი ვარ, მიყვარს ეს ქარხანა. 90-იანები და „მხედრიონიც“ კი გადავიტანეთ, მაგრამ უკვე ვფიქრობ, ღირს თუ არა აქ გაჩერება. პირობებიც ძალიან ცუდია - ლაბორატორიაში ვმუშაობ და სპეცტანსაცმელიც კი ჭირს, სამი წელია ხალათი არ მოუტანიათ ჩემთვის“, - ამბობს მზაღო.

გაფიცულები ხელფასის მატებასთან ერთად სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვენ.

რადიო თავისუფლება შეეცადა დაჰკავშირებოდა საწარმოს დირექტორს, ლევან ბუდილაძეს, მაგრამ მას არც ზარზე და არც გზავნილზე არ უპასუხია.

ასევე ნახეთ ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ - პროცესს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს