რუსი წყვილი, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსვლელობისას არმია მიატოვა, რვა დღის განმავლობაში მოგზაურობდა შავ ზღვაში იმ იმედით, რომ რუსეთის სამხედრო პოლიციას გაექცეოდა და ევროპაში ჩააღწევდა. ხიფათიანი მოგზაურობა სულ 18 თვეზე მეტხანს გაგრძელდა.
სანოვნიკოვებმა ზღვით 330 კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარეს, გვერდით ჩავლილი ხომალდებისა თუ დრონებიდან მათი შემჩნევის მუდმივი საფრთხის ქვეშ. ზღვაში ყოფნისას წყვილი მოყვა შტორმში, სამი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იყვნენ. თავიანთი ამბავი მათ შუამავლების დახმარებით მოუთხრეს რადიო თავისუფლებას.
"ძალა გამოგვეცალა. ქარი სულ ჩვენ საწინააღმდეგოდ უბერავდა, ტალღები დაუნდობელი იყო. მხოლოდ ერთ ადგილას გაჩერების ძალისხმევას მთელი ჩვენი ენერგია მიჰქონდა", - ასე იხსენებს 30 წლის ალისა შავ ზღვაზე გატარებულ ბოლო ღამეს.
მისი თქმით, შიმშილმა და გადაღლილობამ გამოიწვია მძიმე ჰალუცინაციები და პანიკა. ქალი იხსენებს, რომ მოგზაურობის ბოლო ეტაპი "საშინელი იყო. ნაპირს ვხედავდით, მაგრამ ზღვა მასთან მიახლოების საშუალებას არ გვაძლევდა".
ბოლოს, იმ ომისგან თავის დაღწევის იმედით, რომელსაც უწინ მხარს უჭერდნენ, ძალაგამოცლილმა წყვილმა თურქეთის ქალაქ ესპიესთან ახლოს ხმელეთს მიაღწია. ისინი იხსენებენ, რომ ამ მომენტში ორივე მიწაზე დაეცა.
წყვილს ესპანეთში სურდა თავშესაფრის მოპოვება - ესპანეთი ევროპის იმ რამდენიმე სახელმწიფოს შორისაა, სადაც რუს დეზერტირებს თავშესაფარზე შეუძლიათ განაცხადის შეტანა. მაგრამ თურქეთში ჩასვლიდან ორი თვის თავზე, მათ ახლა რუსეთში დეპორტაცია ემუქრებათ.
სადოვნიკოვების წყვილი
რადიო თავისუფლებამ შეძლო ალისას და სერგეის ვინაობების დადასტურება და მათი ბიოგრაფიების, სამხედრო სამსახურისა და მოგზაურობის გარკვეული დეტალების გადამოწმება, თუმცა მათი მონათხრობი ამბის სხვა ასპექტების დამოუკიდებელი დადასტურება არ ხერხდება.
"მტერი ჩემ წინ იყო"
ალისა და სერგეი ერთმანეთს შეხვდნენ დიდი ხნით ადრე, ვიდრე რუსეთიდან შავი ზღვის გავლით კაიაკით გაქცევას გადაწყვეტდნენ. მათ ერთმანეთი გაიცნეს ერთ სამხედრო დანაყოფში მსახურებისას, ფრონტის ზურგში. იმ დროს ორივე მათგანი მხურვალედ უჭერდა მხარს უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრილ რუსეთის ძალებს - ომში, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
ალისამ მიატოვა კაფე, რომელსაც მანამდე მოსკოვში ამუშავებდა მეგობართან ერთად, ასევე მიატოვა თავისი სამსახური - იგი მათემატიკას ასწავლიდა მოსკოვთან ახლოს, ზელენოგრადში. ალისა 2023 წლის შემოდგომაზე არმიას შეუერთდა. სერგეი იმ დროს უკვე ორჯერ იყო ომში ნამყოფი.
სერგეი ამბობს, რომ პირველ ჯერზე, 2022 წელს იგი მედიკოსად მსახურობდა გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერში". შემდეგ, როცა შეწყვეტილი ამბოხების ფონზე "ვაგნერი" დაიშალა, მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი და 2023 წლის ბოლოს ფრონტზე დაბრუნდა.
ასევე ნახეთ
„ხორცი მოგიყვანე”... - ინტერვიუ რუსეთის „აფრიკის კორპუსის“ დეზერტირთანსერგეი ჰყვება, რომ ომამდე მან ხუთ წელიწადსა და ექვს თვეზე მეტი დრო დაყო ციხეში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით, შემდეგ სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. მოგვიანებით, როცა ალისასთან ერთად მსახურობდა, მან ქალს ტაქტიკური მედიცინა შეასწავლა და ალისამაც მედიკოსად დაიწყო მუშაობა.
ალისა იხსენებს, რომ ისინი ომის მხურვალე მხარდამჭერები იყვნენ. "გვჯეროდა, რასაც ტელევიზორით ვისმენდით - რომ ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძოდით... 'უკრაინელი ფაშისტების' წინააღმდეგ".
ალისა რუსეთის დროშის ფონზე
რუსეთის ოფიციალური პირები და სახელმწიფო მედია უკრაინას და მის ხელმძღვანელობას ხშირად "ნაცისტებად" ან "ფაშისტებად" მოიხსენიებენ. რუსეთის პროპაგანდა იყენებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის თემატიკას და ამბებს, შეცვლილი ფორმით - საიმისოდ, რომ არმიაში სამსახური წაახალისოს.
ალისა ახლა "ირაციონალურს" უწოდებს მიზეზებს, რომლებმაც მას ომში წასვლისკენ უბიძგა. არმიაში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში იგი გახდა თვითმხილველი მოვლენებისა, რომლებმაც ქალს შეხედულებები შეუცვალა და თანდათან სისტემის მოწინააღმდეგედ გადააქცია.
"მტერი არ იყო იქ, სადაც გვეუბნებოდნენ. ის იყო პირდაპირ ჩემს წინ", - დასძენს ალისა.
ალისას და სერგეის შორის სასიყვარულო კავშირი დაიწყო, რის შემდეგაც წყვილმა ცოტა ხანს ერთად იმსახურა. შემდეგ მათ დაშორება მოუწიათ - სერგეი ფრონტის ხაზზე გადაიყვანეს, ფსკოვის 76-ე საჰაერო თავდასხმის დანაყოფში. წყვილი ამბობს, რომ სწორედ ამ დროს დაინახეს რუსეთის ომის ის მხარე, რომლის აღქმაც მანამდე არ შეეძლოთ.
ფრონტზე მეორე ჯერზე გაგზავნის შემდეგ სერგეი დაიჭრა, თუმცა ის ჭრილობების მიუხედავად მალე დააბრუნეს ბრძოლაში. სერგეი ამბობს, რომ ამ დროს ომი ჰგავდა "ხორცსაკეპ მანქანას" და იხსენებს, რომ მან მაშინ მეგობარი დაკარგა ბრძოლაში.
"ყველაფერი მკაფიოდ დავინახე", - ამბობს 37 წლის სერგეი. - "მათ ჩემი ჯგუფიდან ასისტენტების გაგზავნა დაიწყეს თავდასხმით მისიებში. ჩემ თვალწინ, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, სრულად განადგურდა მთელი ორი კომპანია".
ასევე ნახეთ
ომში სიკვდილი უკვე არც ისე სარფიანია - რატომ გაახსენდათ რეზერვისტები?სერგეის თქმით, არმიაში 2023 წელს დაბრუნების შემდეგ ის გახდა რუსეთის არმიის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების თვითმხილველი, მათ შორის, თავიანთივე ჯარისკაცების მიმართ.
"ისინი ჯარისკაცებს წვრილმანი დარღვევებისთვისაც კი სცემდნენ, აბამდნენ ხეებზე, ადებდნენ ხელბორკილებს... ან ორმოებში სვამდნენ და იქ თვეების განმავლობაში ტოვებდნენ", - ამბობს ის.
ზოგ შემთხვევაში ბევრად უარესი სურათი იკვეთებოდა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ ხალხთან მიმართებით. როგორც სერგეი ჰვება, რუსები სცემდნენ მშვიდობიან მოსახლეებს, მათგან იპარავდნენ, ზოგჯერ მათ საერთოდ ხოცავდნენ.
"ვეძებდი ფაშისტებს, რომლებზეც გვიყვებოდნენ... მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვნახე ბახმუტში, ზაპოროჟიესა თუ ხერსონში", - ამბობს სერგეი. - "ეს ომი არასდროს არ უნდა დაგვეწყო. პუტინი რუსი ხალხს სისხლისგან წრეტს და უკრაინელებს ანადგურებს. მე უბრალოდ თავზარდაცემული ვარ. არ ვიცი [უკრაინელ] ხალხს როგორ შემიძლია პატიება ვთხოვო".
პარალელურად, ალისა ამ პერიოდში ცდილობდა კვლავ ქმართან დაბრუნებულიყო და გაჰქცეოდა ძალადობას, რომელსაც, მისი თქმით, მის დანაყოფში ქალები განიცდიდნენ.
ალისა რუსეთის არმიაში სამსახურისას
"ჩვენს დანაყოფში ქალებს საშინლად ექცეოდნენ. მეფობდა შეხედულება, რომ 'ქალი უმდაბლესი არსებაა' ... გვეუბნებოდნენ - 'რა იყო, ხომ არ გინდა შენთვის შარვალი გავიხსნა'"? - ამბობს ალისა და დასძენს - "სწრაფად გავიაზრე, რომ არმიისგან თავი უნდა დამეღწია".
ქალი იხსენებს, რომ ამ პერიოდში სასოწარკვეთის განცდით იყო მოცული. იგი მიხვდა, რომ არაფერი ჰქონდა უკრაინელების საწინააღმდეგო და დიდ სიბრაზეს გრძნობდა რუსეთის "ხელისუფლებისა და მეთაურების მიმართ".
"ისინი ყველაფერს იპარავენ და მერე ბიჭებს სიკვდილთან შესახვედრად გზავნიან, მხოლოდ შიშველი ხელებით და ფიწლებით... ვიგრძენი, რომ ისინი უბრალოდ შემძულდა" - ამბობს ალისა.
ქალი დასძენს, რომ ადვოკატის დახმარებით მან "ყველა შესაძლო უწყებას" მიმართა სერგეისთან ერთად ყოფნისთვის და მისი სხვაგან გადაყვანისთვის დანაყოფიდან, რომელიც იმ დროს უკრაინის სამხრეთში, ზაპაროჟიეს რეგიონში იყო დისლოცირებული. ეს არ მოხდა, თუმცა ბოლოს თავად ალისა გადაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც ზაპოროჟიესთან უფრო ახლოსაა.
არმიიდან ერთად გაქცევის იდეამ ნელ-ნელა მომწიფება დაიწყო.
"ვირთხებივით ვცხოვრობდით"
ალისამ 2024 წელს რამდენჯერმე და წარუმატებლად სცადა სამხედრო სამსახურიდან წასვლა, შემდეგ შვებულებაში გავიდა და აღარ გეგმავდა უკან დაბრუნებას. ცოტა ხანში სერგეი ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზიდან როტაციით გაიყვანეს და წყვილმა დიდ რისკზე წასვლა გადაწყვიტა. ისინი რუსეთისკენ გაეშურნენ.
"ზაპოროჟიე კონვოით დავტოვეთ, ხელმძღვანელი მე ვიყავი. როცა საზღვარი გადავკვეთეთ გავჩერდით, ჩემმა ცოლმა სამოქალაქო ტანსაცმელი და ნაღდი ფული მომიტანა", - იხსენებს სერგეი. - "მანქანა გაჩერდა, შიგ ჩავჯექი და წავედით".
ასევე ნახეთ
„ხალხის მოსაკლავად არ მოვსულვარ ამქვეყნად“ - დეზერტირობის მსოფლიო ისტორიასერგეის თქმით, რუსი სამხედროები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. თუმცა სერგეი უკვე წასული იყო - წყვილმა სწრაფად მიაღწია კრასნოდარის რეგიონამდე სამხრეთ რუსეთში და იქ დაიმალა.
ალისა ამბობს, რომ ამის მერე ისინი თვეების განმავლობაში "ვირთხებივით ცხოვრობდნენ".
რეგიონის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ ორივემ გადააგდო სიმ-ბარათები, მათ დააზუსტეს სად იყო განთავსებული სათვალთვალო კამერები და ერთი კვირის განმავლობაში ოთხჯერ გამოიცვალეს საცხოვრებელი ადგილი.
ალისა ამბობს, რომ მის ქალაქში - ზელენოგრადში - ყველგან გააკრეს მისი ფოტოები, წარწერით "იძებნება". დედამისს რამდენჯერმე მიაკითხეს პოლიციელებმა.
განცხადება "იძებნება" ალისა სადოვნიკოვაზე
"სულ სახლში ვიყავით, და ყოველ ჯერზე, როცა ლიფტის ამოსვლის ხმა გვესმოდა, შიშით გული მისკდებოდა", - ამბობს ალისა. - "ვირთხებივით ვცხოვრობდით, გარეთ მხოლოდ ორი გზით გავდიოდით - რადგან ვიცოდით, რომ იქ კამერები არ იყო".
წყვილი ასე ექვსი თვის განმავლობაში იმალებოდა და ბოლოს ტყეს შეაფარა თავი. თბილი თვეები მათ კარვებში გაატარეს, მაგრამ როცა აცივდა, სადოვნიკოვები ქალაქში დაბრუნდნენ და რუსეთის დატოვების გზების ძიება დაიწყეს.
წყვილი იხსენებს, რომ დაგეგმვის ეტაპზე გამორიცხა ჩრდილოეთ ევროპაზე გამავალი გზა, დეპორტაციის საფრთხის გამო; და საქართველოზე გამავალი გზაც - ნაღმების გამო, რომლებიც, მათი თქმით, აფხაზეთის ომიდან იყო შემორჩენილი. ამიტომ მათ მესამე გზა აირჩიეს - თურქეთში შავი ზღვით ჩასვლა.
სხვადასხვა სამუშაოდან შემორჩენილი დანაზოგით წყვილმა კაიაკი იყიდა. ალისა და სერგეი შიშობდნენ, რომ მათ რადარით აღმოაჩენდნენ - ამიტომ მათ კაიაკს მეტალის ყველა ნაწილი მოხსნეს, ნავს ზღვის ფერი მისცეს და მოგზაურობაში გაეშურნენ.
ასევე ნახეთ
„ჩვენ უნდა გადავიხადოთ ჩვენი გულგრილობის საფასური“: რუსი დეზერტირი ჰყვება უკრაინის ომზეერთი კვირის განმავლობაში წყვილი ზღვაში ხომალდებს და ნავებს აკვირდებოდა, ყველაზე უსაფრთხო გზის საპოვნელად. ბოლოს მათ გაცურვა გადაწყვიტეს რუსეთის ქალაქების, სოჭისა და ტუაფსეს შორის მდებარე ადგილიდან.
ალისა ამბობს, რომ ეს ადგილი არ იყო ყველაზე მოკლე გზა - თუმცა დასძენს, რომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით იყო გამართლებული.
რუსეთიდან გაქცეულები და თურქეთში დაკავებულები
რვა დღის ზღვაში გატარების და რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ წყვილმა მოგზაურობა განაგრძო დასავლეთით, იმედით, რომ თურქეთის გავლით ესპანეთამდე ჩააღწევდნენ.
თუმცა ზღვაში ისინი საბერძნეთის სანაპირო დაცვამ დაინახა, როცა ეგეოსის ზღვით ცდილობდნენ საბერძნეთში შესვლას. ალისა იხსენებს, რომ მათ ჩამოართვეს ტელეფონები, საათები, დამტენი ელემენტები, აფრა და შემდეგ თურქეთის წყლებში დააბრუნეს. თურქეთში სადოვნიკოვების წყვილი უკვე იქაურმა სანაპიროს დაცვამ დააკავა.
რამდენიმე დღეში წყვილი დასავლეთ თურქეთის ქალაქ აიდინის სადეპორტაციო ცენტრში იყო, მათ დეპორტაცია ემუქრებოდათ.
ალისა ამბობს, რომ ცენტრის დაცვის წევრმა სერგეის თავში ჩაარტყა მაშინ, როცა სათვალთვალო კამერა გამორთული იყო.
"კარს ყოველთვის კეტავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ციხე არ იყო", - ამბობს ალისა და იხსენებს, რომ სერგეის ნახვა მხოლოდ კვირაში ორი საათის განმავლობაში შეეძლო, მასთან ტელეფონით დასაკავშირებლად კი დღეში მხოლოდ 15 წუთი ჰქონდა.
აიდინის სადეპორტაციო ცენტრში ადამიანის უფლებების სისტემატურად დარღვევის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც წერდნენ. პირები, რომლებიც იქ ჰყავდათ დაკავებული, ჰყვებიან, რომ ქვეყნიდან გაძევებამდე მათ დაცვის წევრები სასტიკად სცემდნენ.
ასევე ნახეთ
რუსეთში დივიზიის მეთაურმა 7 ოფიცრისა და ჯარისკაცის მოკვლის ბრძანება გასცა და ცხედრები დააწვევინასადოვნიკოვების ადვოკატი, კორან აიგინი ამბობს, რომ ისინი ახლახან აიდინის ცენტრიდან სხვა სადეპორტაციო ცენტრში, ქუთაჰიაში გადაიყვანეს. დეპორტაციის ბრძანების აღსრულება ადვოკატის საჩივრის გამო შეჩერდა, თუმცა წყვილის მომავალი კვლავაც ბუნდოვანი რჩება.
რუსი დეზერტირების დამხმარე ორგანიზაცია "ტვიორდი ზნაკი" ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში სადოვნიკოვებს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ტვიორდი ზნაკი" ასევე ამბობს, რომ ამოწმებს დეზერტირთა მონათხრობს. ალისა და სერგეი ამ ორგანიზაციას დაუკავშირდნენ მაშინ, როცა საბერძნეთისკენ გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.