რუსული „რასვეტი“ უკვე ორბიტაზეა. სად არის Starlink-ის ევროპული ანალოგი?

გეოგრაფიული დაფარვის სატელიტური ანტენები Eutelsat Group Paris-ის შტაბ-ბინის სახურავზე, ისი-ლე-მულინოში (Issy-les-Moulineaux), საფრანგეთი, 2025 წლის 3 აპრილი.

რუსეთი Starlink-ის ალტერნატივის შექმნის პროცესს აჩქარებს, ევროპა კი ჯერ კიდევ მუშაობს საკუთარ სატელიტურ ქსელზე. უკრაინის ომმა ევროკავშირს დაანახა, რამდენად სახიფათოა ერთი კერძო კომპანიისა და აშშ-ის ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება.

რუსეთმა 2026 წლის მარტში დაიწყო თავისი ახალი სისტემის - „რასვეტის“ („Рассвет“ - ქართ. განთიადი) თანამგზავრების, რომლებსაც რუსულ Starlink-ის ანალოგად მოიხსენიებს, ორბიტაზე გაყვანა. თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ამერიკული ქსლის სრულფასოვან კონკურენტობამდე მას ჯერ კიდევ შორი გზა აქვს გასავლელი: ახლახან გაშვებული რუსული თანამგზავრების ნაწილი დაგეგმილ ორბიტაზე ვერ გავიდა, ხოლო რუსეთის მუდმივი დაფარვისთვის ასობით ასეთი თანამგზავრია საჭირო.

მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთი სისტემა რუსეთში უკვე იქმნება, აჩენს კითხვას: რას აკეთებს ამ დროს ევროპა?

რადიო თავისუფლების უკრაინულმა რედაქციამ თავი მოუყარა ევროკომისიის წარმომადგენლებისა და დასავლელი ექსპერტების განმარტებებს და სცადა გაერკვია, მართლაც უსწრებს თუ არა რუსეთი ევროკავშირს Starlink-ის საკუთარი ანალოგის შექმნაში.

დედამიწის შედარებით დაბალ ორბიტაზე ათასობით თანამგზავრი მოძრაობს. მათთან დაკავშირებისთვის საჭირო კომპაქტური ტერმინალი დაახლოებით ერთ კილოგრამს იწონის და მისი თან ტარება ან სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებაა იოლადაა შესაძლებელი. კავშირი თითქმის შეუზღუდავია: ყველგან, სადაც ღია ცაა.

სწორედ ამ მახასიათებლების ერთობლიობამ აქცია ილონ მასკის Starlink სისტემად, რომლის სრულყოფილად გამეორება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო.

ჩვეულებრივი სატელეკომუნიკაციო თანამგზავრები ათწლეულების განმავლობაში ბევრად უფრო უფრო მაღალ სიმაღლეზე მუშაობდნენ - ძირითადად გეოსტაციონარულ ორბიტაზე, დედამიწიდან დაახლოებით 35 ათასი კილომეტრის დაშორებით. Starlink კი დაახლოებით 500 კილომეტრის სიმაღლეზე ფუნქციონირებს.

რაც უფრო დაბლაა თანამგზავრი, მით ნაკლებია სიგნალის დაყოვნება, რაც თანამედროვე ომის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ტერმინალის წონაც: მაგალითად, ევროპული OneWeb-ის ტერმინალების წონა 5-დან 15 კილოგრამამდე მერყეობს.

ევროკავშირი ახლა ახალ სისტემას - IRIS²-ს - აშენებს, რუსეთი კი - „რასვეტს“.

რას აკეთებს რუსეთი?

რუსულმა პროექტმა „რასვეტმა“ 2026 წლის აგვისტოში დიდი ხმაური გამოიწვია მედიაში. პროექტი განიხილებოდა როგორც „კოსმოსური ინტერნეტქსელი, რომელსაც შეუძლია უკრაინას ბრძოლის ველზე უპირატესობა წაართვას“.

მათი თანამგზავრები ყოველდღე დაფრინავენ ჩვენს თავზე", - ნიკოლა პილე

სიჩქარეს, რომლითაც რუსეთი „რასვეტის“ გაშვებას ცდილობს, ექსპერტები Starlink-ზე წვდომის დაკარგვას უკავშირებენ. მას შემდეგ, რაც 1 თებერვალს რუსეთს სისტემა გაუთიშეს, მოსკოვმა საკუთარი ალტერნატივის დანერგვის გრაფიკი დააჩქარა.

ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში „რასვეტმა“ ორბიტაზე 16 თანამგზავრისგან შემდგარი პირველი პარტია გაიყვანა, ივლისში კი - მეორე პარტია, რამაც დამკვირვებლების შეშფოთება გამოიწვია.

„მათი თანამგზავრები ყოველდღე დაფრინავენ ჩვენს თავზე. ასე რომ, ეს მხოლოდ პროპაგანდა არ არის“, - განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას რუსული კოსმოსური პროგრამის ფრანგმა მკვლევარმა ნიკოლა პილემ.

მისი თქმით, რუსეთმა „რასვეტის“ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. სამ-ოთხ წელიწადში პროტოტიპების შექმნა შეძლო, კიდევ ორ წელიწადში კი უკვე მოქმედი თანამგზავრები ააგო.

თანამგზავრული სისტემა "რასვეტი" ბიურო 1440-ში, რუსეთი

„პროექტი რეალურია და მისი მიზანიც რეალისტურია“, - აღნიშნა პილემ.

ამასთან, უკვე აგვისტოს ბოლოს ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ „რასვეტის“ თანამგზავრების ივლისის გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა: ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია დაგეგმილ, 870 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე ორბიტას.

ბევრი მათგანი 300–400 კილომეტრის სიმაღლეზე გაჩერდა, ნაწილმა კი ორბიტის დაკარგვა დაიწყო.

პირველმა პარტიამ უკეთესი შედეგი აჩვენა: მარტში გაშვებული 16 თანამგზავრიდან 12 დაახლოებით 550 კილომეტრის სიმაღლეზე ინარჩუნებდა ორბიტას.

ISW-ის მონაცემებით, სწორედ ეს აპარატები უკვე უზრუნველყოფდნენ უკრაინის თავზე კავშირის ორ მოკლე ფანჯარას - ჯამში დღეში საათ-ნახევრამდე.

ასევე ნახეთ

რუსული Starlink-ი სწრაფად ხდება რეალობა, თუმცა კრემლს ერთი პრობლემა აქვს

„თუ Starlink-ის ისტორიას გადავხედავთ, დასაწყისში ბევრი Starlink-ის თანამგზავრიც ბრუნდებოდა უკან და დედამიწაზე ვარდებოდა. მათთვის ეს განსაკუთრებით საგანგაშო სიგნალი არ არის“, - აღნიშნავს პილე.

მისი თქმით, უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თანამგზავრები დაგეგმილზე გაცილებით დაბალ სიმაღლეზე გაჩერდნენ და ეს სისტემის მუშაობის ხარისხზე აისახება.

ნებისმიერ შემთხვევაში, „რასვეტს“ ჯერ სტაბილური დაფარვისთვის არ მიუღწევია, თუმცა უკვე ფუნქციონირებს ნაწილობრივ. მომავალი წლის ბოლომდე რუსეთი ორბიტაზე 300-მდე თანამგზავრის გაყვანას გეგმავს, რაც, სავარაუდოდ, საკმარისი იქნება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს კავშირის უზრუნველსაყოფად.

რა აქვს ევროპას?

იმ დროს, როდესაც „რასვეტი“ 300-მდე თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, SpaceX-ის მონაცემებით, Starlink-ს აგვისტოს მონაცემებით უკვე 11 ათასი თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.

ევროკავშირი კი თავისი ახალი დაბალორბიტალური სატელიტური კავშირის სისტემის, IRIS²-ის, პირველი გაშვებების განხორციელებას მხოლოდ 2029 წლის ბოლოსთვის გეგმავს, ხოლო 330 დაბალორბიტალური თანამგზავრისგან შემდგარი სისტემის სრულად განთავსებას - მხოლოდ 2032 წლის შუა პერიოდისთვის.

„ხომ არ ჩამოვრჩით? არა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროკომისიის თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში წარმომადგენელმა ტომა რენიემ.

მისი არგუმენტი ეფუძნება იმას, რომ ევროკავშირი სისტემას ნულიდან არ ქმნის და უკვე აქვს კიდევ ერთი დიდი დაბალორბიტალური თანამგზავრული დაჯგუფება - OneWeb, რომელიც შერწყმის შემდეგ ფრანგულ-ბრიტანულ კომპანია Eutelsat-ს ეკუთვნის.

დაბალი ორბიტის სატელიტური ანტენები Eutelsat Group Paris-ის შტაბ-ბინის სახურავზე, ისი-ლე-მულინოში, საფრანგეთი, 2025 წლის 3 აპრილი.

მისი თანამგზავრები უკვე გამოიყენება, მათ შორის, სამთავრობო კავშირისთვის, ხოლო Eutelsat-ს ადრე დადასტურებული აქვს OneWeb-ის გამოყენება უკრაინაში. რადიო თავისუფლებასთან კომენტარში Eutelsat-მა დაამატა, რომ ამჟამად უკრაინაში OneWeb-ის მუშაობას სრულად აფინანსებს გერმანია.

თუმცა OneWeb-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს, რის გამოც ის Starlink-ს ვერ ჩაანაცვლებს: ადგილზე მიმღები ტერმინალების არასაკმარისი რაოდენობა, მათი შედარებით დიდი წონა და ისიც, რომ სისტემა თავდაპირველად სამხედრო მიზნებისთვის არ იყო შექმნილი.

Starlink-ის ყველაზე პატარა ტერმინალი დაახლოებით 1,2 კილოგრამს იწონის, ახლა კი, როგორც ჩანს, დაახლოებით 900 გრამამდე ჩამოვიდა“, - პიერ ლიონე

OneWeb-ის სამხედრო ტერმინალი მძიმეა. ის Starlink-ზე 5–6 წლით ადრე შეიქმნა და მისი დაპროექტება თანამგზავრთან ერთად პარალელურად არ მომხდარა. ამერიკულ სისტემაში კი თანამგზავრებისა და ტერმინალების ერთდროულად განვითარებამ მათი მუშაობის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა შექმნა.

„OneWeb დაახლოებით 1200 კილომეტრის სიმაღლეზე მუშაობს, ამიტომ მას უფრო დიდი ტერმინალები და უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე Starlink-ს. თუ ბაზარს გადავხედავთ, OneWeb-თან თავსებადი თანამედროვე ტერმინალები, როგორც წესი, დაახლოებით 5, 10, ზოგჯერ კი 15 კილოგრამსაც იწონის. Starlink-ის ყველაზე პატარა ტერმინალი დაახლოებით 1,2 კილოგრამს იწონის, ახლა კი, როგორც ჩანს, დაახლოებით 900 გრამამდე ჩამოვიდა“, - ამბობს პიერ ლიონე, კოსმოსური ინდუსტრიის ევროპული ასოციაციის, Eurospace-ის, კვლევების დირექტორი.

ომის პირობებში ეს გარემოება მნიშვნელოვნად ართულებს მუშაობას.

„მაგალითად, გყავთ სამხედროების ჯგუფი, რომელიც რთულ რელიეფზე გადაადგილდება. გსურთ მათთან კავშირის შენარჩუნება და მათთვის ვიდეო და ფოტოები შტაბში გადაგზავნის შესაძლებლობის მიცემა. მათ შეუძლიათ Starlink-ის ტერმინალი ზურგჩანთით ატარონ და ეს სერიოზულ პრობლემას არ შექმნის“, - ამბობს ლიონე.

Starlink-ის სატელიტური ანტენა ლვოვში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, 2023 წლის იანვარი.

სწორედ ამიტომ ევროკავშირის პასუხი უნდა იყოს - IRIS²-ის სხვა სისტემა.

მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2021 წელს გაჩნდა: ევროკავშირმა შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი 2023 წელს მიიღო, ხოლო 2024 წლის ბოლოს კონცესიის შეთანხმება გაფორმდა SpaceRISE-ის კონსორციუმთან.

საუბარია დაბალ ორბიტაზე, 1200 კილომეტრის სიმაღლეზე დაახლოებით 330 თანამგზავრის განთავსებაზე.

კიდევ ერთი Starlink? არა!

ევროკომისიაში ამბობენ, რომ IRIS²-ის შექმნისას უნდა გაითვალისწინონ ბაზარზე არსებული ახალი რეალობები და გეოპოლიტიკური გამოწვევები.

ახლა თანამგზავრები და მიმღები ტერმინალები პარალელურად მუშავდება. მიზანია მცირე ზომის, მობილური ტერმინალის შექმნა, რომლის სწრაფად გაშლაც იქნება შესაძლებელი საველე პირობებში.

მისი კონკრეტული წონა და ზომები ჯერჯერობით უცნობია: საბოლოო დიზაინი ჯერ არ არსებობს.

2026 წლის მაისში ევროკავშირმა ცალკე გამოაცხადა დაახლოებით 20 მილიონი ევროს ღირებულების კონკურსი Ka-დიაპაზონის ხელმისაწვდომი სამომხმარებლო ტერმინალების განვითარებისათვის, აქცენტით ფასის შემცირებასა და სერიული წარმოებისთვის მომზადებაზე.

ამავდროულად, ბრიუსელში IRIS²-ს Starlink-ის კონკურენტს არ უწოდებენ და ხაზს უსვამენ მათ შორის განსხვავებებზე.

  • Starlink-ი მაქსიმალურად ვერტიკალურად ინტეგრირებული სისტემაა: SpaceX თავად ავითარებს თანამგზავრებს, ტერმინალებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, ხოლო მისი ტექნიკური სტანდარტები კვლავაც დახურულია.
  • IRIS²-ს ევროკავშირი განსხვავებული მოდელით აშენებს. სისტემის სამთავრობო ნაწილი უფრო დაცული უნდა იყოს - უფრო ძლიერი დაშიფვრით, სამხედრო სიხშირეებითა და მდგრადობის მიმართ უფრო მაღალი მოთხოვნებით.


ამავდროულად, არსებობს სურვილი თავად ეკოსისტემა ღია იყოს სხვადასხვა მწარმოებლისთვის. ბრიუსელში ამას GSM-ს ადარებენ: ერთი მწარმოებლის მიერ შექმნილი საკუთარი დახურული სტანდარტის ნაცვლად, ევროკავშირს სურს საერთო წესების შემოღება, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა კომპანიას შეეძლება ტერმინალებისა და სხვა მოწყობილობების წარმოება. მომავალში ამან შეიძლება მეტი კონკურენცია და უფრო დაბალი ფასები უზრუნველყოს.

ანუ IRIS² ერთდროულად უფრო დაცული უნდა იყოს სამთავრობო და სამხედრო გამოყენებისთვის და ნაკლებად დახურული - მოწყობილობების წარმოების თვალსაზრისით.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხომ არ არის 350 თანამგზავრი ძალიან ცოტა Starlink-ის ათასობით თანამგზავრთან შედარებით, ევროკომისიაში განაცხადეს: IRIS² არ არის ჩაფიქრებული, როგორც იგივე მასშტაბის გლობალური, მასობრივი ქსელი. მისი პრიორიტეტია ევროპის დაფარვა და სამთავრობო და თავდაცვის საჭიროებებისთვის გარანტირებული კავშირის უზრუნველყოფა.

ერთიანი თუ 27 ეროვნული სისტემა?

პიერ ლიონეს მიაჩნია, რომ ევროპის სატელიტური სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა შესაძლოა სულაც არ იყოს ტექნოლოგიური.

ათწლეულების განმავლობაში ევროპის სახელმწიფოებს მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ სრულად ავტონომიური სამხედრო კოსმოსური ინფრასტრუქტურის შექმნა, რადგან მათ შეეძლოთ დაჰყრდნობოდნენ NATO-ს და, შესაბამისად, ირიბად, ამერიკის უზარმაზარ კოსმოსურ შესაძლებლობებს.

ახლა კი ამ „ქოლგის“ უპირობო საიმედოობის რწმენა შემცირდა.

სანამ ევროკავშირი IRIS²-ს აშენებს, ბლოკის უმსხვილესი ქვეყნები პარალელურად ინვესტიციებს ახორციელებენ საკუთარ სამხედრო-კოსმოსურ პროგრამებში.

განსაკუთრებით საყურადღებოა გერმანიის მაგალითი.

ბერლინმა განაცხადა, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში აპირებს 35 მილიარდი ევროს ინვესტირებას სამხედრო-კოსმოსურ შესაძლებლობებში, რაც მხოლოდ სატელიტურ კავშირს არ გულისხმობს - საუბარია უფრო ფართო სტრატეგიაზე, რომელიც მოიცავს დაზვერვას, დედამიწაზე დაკვირვებას, კომუნიკაციების დაცვასა და კოსმოსში არსებული ვითარების კონტროლს.

Starlink დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქ პოკროვსკის მახლობლად, 2025 წლის 10 აპრილი.

„გერმანიაში ზოგიერთი ადამიანი კითხულობს: რატომ უნდა გადავიხადოთ ორჯერ? ანუ გერმანული ფული მიდის გერმანულ სისტემაში, შემდეგ გერმანული ფული ასევე მიდის ევროკავშირში, რომელიც ამ თანხას IRIS²-ში აბანდებს. მაგრამ ამჟამად ფაქტობრივად არ არსებობს პოლიტიკური კოორდინაცია IRIS²-ს, გერმანიის ინფრასტრუქტურასა და Eutelsat-ს შორის“, - ამბობს ლიონე.

ყველას რომ გაეერთიანებინა რესურსები, ალბათ გაცილებით მეტ შესაძლებლობებს მიიღებდნენ ნაკლები საერთო დანახარჯით", - ლიონე

მისი თქმით, სახელმწიფოებს სურთ, გარანტირებული კონტროლი ჰქონდეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სამხედრო ინფრასტრუქტურაზე და ყოველთვის არ არიან მზად, ევროკავშირის რთული ერთობლივი პროგრამების განხორციელებას დაელოდონ.

„ანუ ყველას მიაჩნია, რომ სხვები ყველაფერს არასწორად აკეთებენ, ხოლო თუ ამას ეროვნულ დონეზე გააკეთებენ, უკეთეს შედეგს მიიღებენ, - მიიჩნევს ლიონე, - ყველას რომ გაეერთიანებინა რესურსები, ალბათ გაცილებით მეტ შესაძლებლობებს მიიღებდნენ ნაკლები საერთო დანახარჯით“.

თუმცა ევროკომისიაში არ მიაჩნიათ, რომ გერმანიის პროგრამა ხელს შეუშლის IRIS²-ს.

ორივე სისტემა მსგავს სამხედრო სიხშირეებს გამოიყენებს, ხოლო სტანდარტების კოორდინაცია უკვე მიმდინარეობს, მათ შორის NATO-ს ფარგლებში.

თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს სრული ურთიერთთავსებადობა, რომლის დროსაც მომხმარებელს ერთი ქსელიდან მეორეზე ავტომატურად გადასვლა ისეთივე მარტივად შეეძლებოდა, როგორც მობილური ტელეფონი გადადის როუმინგის დროს ერთი ოპერატორიდან მეორეზე.

პოლონეთმა სხვა გზა აირჩია - ის საკუთარ სატელიტურ სისტემას არ აშენებს და პირდაპირ IRIS²-ში გარანტირებულ სიმძლავრეს ყიდულობს, რითაც სატელიტური რესურსის გარკვეულ ნაწილს იტოვებს. ევროკომისია მსგავსი მოდელით მოლაპარაკებებს აწარმოებს კიდევ სამ წევრ სახელმწიფოსთან.

ხომ არ დააგვიანდა ევროპას?

უკრაინის ომმა ევროპას არა მხოლოდ Starlink-ის უპირატესობები, არამედ მასზე დამოკიდებულების რისკიც დაანახა.

2023 წელს ილონ მასკმა უარი უთხრა უკრაინას ყირიმის სიახლოვეს Starlink-ის გააქტიურებაზე, რაც რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ ოპერაციის ჩასატარებლად იყო საჭირო. ხოლო 2022 წლის შემოდგომაზე, როგორც სააგენტო Reuters იტყობინებოდა, მასკმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილში კონტრშეტევის დროს Starlink-ის მუშაობის შეზღუდვის ბრძანება გასცა, რამაც შეფერხებები შეუქმნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

ევროკავშირის ქვეყნებში საკუთარი საკომუნიკაციო სისტემების არსებობის მნიშვნელობის გააზრებამ საბოლოოდ დიდი ინვესტიციები მიიზიდა: Eurospace-ის მონაცემებით, 2024-დან 2025 წლამდე თითქმის ორჯერ გაიზარდა ევროპის სამხედრო კოსმოსური პროგრამების ხარჯები..

საფრთხის გაცნობიერების განცდა სულ უფრო ძლიერდება დრონების მრავალრიცხოვანი შემოჭრისა და საჰაერო სივრცის დარღვევების გამო", - ტომა რენიე.

„ინვესტიციებს ახორციელებენ ბერძნები, პოლონელები, ფინელები - ახლა, ფაქტობრივად, ყველა აბანდებს ფულს სამხედრო კოსმოსურ ინფრასტრუქტურაში, თუმცა მასშტაბები განსხვავებულია. ევროპა ნამდვილად მოძრაობს ამ მიმართულებით, - ამბობს ლიონე, - საფრანგეთის პარლამენტმა სპეციალურად მიმწვია იმის თაობაზე სასაუბროდ, თუ რამდენად დიდია სხვაობა ჩვენსა და აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის სატელიტური შესაძლებლობების სფეროში - ეს სხვაობა უზარმაზარია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: ათი წლის წინ საფრანგეთის პარლამენტი ასევე მისმენდა კოსმოსური უსაფრთხოების საკითხზე და მაშინაც იგივე მოსაზრებებს გამოვთქვამდი. უბრალოდ, მაშინ ვამბობდით: „ჩვენ არაფერი გვემუქრება, რადგან NATO-ს ქოლგით ვსარგებლობთ“. სწორედ აქ მოხდა ფუნდამენტური ცვლილება“.

ევროკავშირს სწრაფი რეაგირებისკენ უბიძგებს რუსეთის მხრიდან განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმებიც.

„ახლა შეიცვალა ის, რომ საფრთხის გაცნობიერების განცდა სულ უფრო ძლიერდება დრონების მრავალრიცხოვანი შემოჭრისა და საჰაერო სივრცის დარღვევების გამო. რუმინეთს, ბულგარეთს, ლატვიას და ა.შ. თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოს უკვე შეეხო დრონების შეჭრის პრობლემა. განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგზე. ბელგია, გერმანია - ბევრი ქვეყანა“, - ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი ტომა რენიე.

ამასთან, ევროკომისიაში ჩამორჩენას არ აღიარებენ და უარს ამბობენ Starlink-თან კონკურენციის შესახებ რაიმე დისკუსიაზეც. ამბობენ, რომ მათი მიზანი არც თანამგზავრების მაქსიმალურად დიდი რაოდენობის შექმნაა და არც იაფი სახლის ინტერნეტის შეთავაზება.~

თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი ესწრება IRIS² თანამგზავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 2024 წლის 16 დეკემბერი, ბრიუსელი, ბელგია.

მათი თქმით, უპირველეს ყოვლისა, სურთ შექმნან სისტემა, რომლის გათიშვაც შეუძლებელი იქნება კერძო კომპანიის ან სხვა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით; სისტემა, რომელსაც სამთავრობო და სამხედრო კავშირისთვის გამოიყენებენ და რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებს საკუთარი, გარანტირებული სიმძლავრეების დამატება შეეძლებათ.

„ჩვენთვის, როგორც ევროპისთვის, როგორც ევროკავშირისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის ქონა და შესაძლებლობა, გვქონდეს საკუთარი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სატელიტური საკომუნიკაციო უსაფრთხოების სისტემა და ა.შ.“, - ამბობს ტომა რენიე.

თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპას მის შექმნამდე კიდევ რამდენიმე წლის ლოდინი მოუწევს. ევროკომისიამ პროგრამა უკვე დააჩქარა: ახლა IRIS²-ის პირველი გაშვებები 2029 წლისთვის იგეგმება (ნაცვლად 2030 წლისა), ხოლო უსაფრთხოებისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარს, ანდრიუს კუბილიუსს, სურს, რომ სისტემის სულ მცირე პირველი, გამარტივებული ვერსია იმავე წელსვე ამოქმედდეს.