საბჭოთა სეანსები: როცა ჩეკისტებმა სპირიტისტებს მიაკითხეს

კომუნისტი რევოლუციონერები ლევ ტროცკი (მარცხნივ) და ვლადიმირ ლენინი, რომელიც სიკვდილიდან ორ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ იქნა „გამოძახებული“.

„არის თუ არა სტალინი გენიოსი?“

1948 წლის 10 მარტს კიევში გამართულ სასამართლოზე განსასჯელის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, ეს კითხვა სპირიტისტულ სეანსზე დაისვა და მას უარყოფითი პაუხი გაეცა.

საუბარია პერიოდზე, როცა სტალინის პიროვნების კულტი მწვერვალზეა და, ბუნებრივია, ამ შინაარსის სეანსი დიდ ყურადღებას მიიქცევდა - განსაკუთრებით იმ ფაქტორის გამო, რომ სპირიტისტული სეანსის დროს პასუხის გამცემი იყო საბჭოთა კავშირის დამფუძნებელი მამა, ვლადიმირ ლენინი, რომელიც სიკვდილიდან ორ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ იქნა „გამოძახებული“.

სასამართლოს მასალებიდან ასევე ჩანს, რომ ერთ-ერთ სეანსზე „ლენინმა“ ომი იწინასწარმეტყველა - მალე ექვსი ქვეყანა საბჭოთა ხალხს სტალინის უღლისგან გაათავისუფლებსო.

გარდაცვლილმა რუსმა რევოლუციონერმა, რომლის სახელი უცნობად დარჩა, სპირიტისტულ სეანსზე დასმულ კითხვებს ასე უპასუხა: „საბჭოთა კავშირი აღარ იარსებებს, ამერიკის დახმარებითო“.

ამ შინაარსის „საუბრების“ გამართვაზე მეტყველებს საარქივო მასალები, რომლებიც ასახავს სასამართლოს და დაკითხვის დროს მოპოვებულ ჩვენებებს. დაკითხვებს ატარებს საბჭოთა უშიშროების სამინისტრო, საიდუმლო პოლიციის მონაწილეობით.

გარდა ლენინისა, სასამართლოზე „მოუსმინეს“ საბჭოეთის ადრეული წლების კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას - მათ შორის ისეთებს, რომლებსაც სტალინზე კარგი არაფერი ჰქონდათ სათქმელი.

მაგალითად, „გამოძახებულ“ სულებს შორის იყვნენ ლეო ტროცკი, რომელიც 1940 წელს საბჭოთა ლიდერის ბრძანებით მეხიკოში მოკლეს, და ნადეჟდა ალილუევა, სტალინის მეორე ცოლი, რომელიც 1932 წელს, ქმართან საჯარო კამათის შემდეგ, უცნობ ვითარებაში გარდაიცვალა.

მიღმური სამყაროდან ასევე გამოძახებული იყვნენ მწერლები მაქსიმ გორკი და ალექსანდრ კუპრინი, ისევე როგორც ცნობილი სარაკეტო მეცნიერი, კონსტანტინ ციოლკოვსკი.

პირები, რომლებიც ამ „სულებს“ კითხვებს უსვამდნენ, არ წარმოადგენდნენ ბოლშევიკთა წრეებს. ისინი ცენტრალური უკრაინის ქალაქ ბილა ცერკვას ჩვეულებრივი მცხოვრებნი იყვნენ, რომლებიც კომუნისტურ პარტიაშიც კი არ იყვნენ გაწევრიანებული.

ილია გორბანი, მისი და, ვერა სოროკინა, და საყვარელი, ოლგა როზოვა, სპირიტისტული სეანსების მოწყობის გამო დააპატიმრეს - მათ ბრალი დასდეს ანტისაბჭოთა ქმედებებსა და „სპირიტისტების უკანონო რელიგიურ-მისტიკური ჯგუფის“ შექმნაში.

მომთაბარე სული

გორბანი წარუმატებელი მხატვარი იყო, როცა კიევიდან ბილა ცერკვაში გადავიდა 1947 წლის დასაწყისში, გასამართლებამდე ერთი წლით ადრე.

44 წლის გორბანს მიღებული ჰქონდა მონაწილეობა სამუზეუმო გამოფენებში, ამზადებდა ლენინის გამოსახულებიან პლაკატებს და პორტრეტებს დემონსტრაციებისთვის. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომშიც, სადაც დაიჭრა კიდეც.

ამ პერიოდში ის უკვე განქორწინებული იყო - ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც დედასთან ცხოვრობდა.

ილია გორბანი

ბილა ცერკვაში გორბანი დასთან, ვერასთან ერთად დასახლდა და ადგილობრივ ინდუსტრიულ ობიექტზე მოქანდაკედ დაიწყო მუშაობა.

ის წიგნიერი ადამიანი იყო, ხშირად დადიოდა ქალაქის ბიბლიოთეკაში. მალე მან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო ბიბლიოთეკის თანამშრომელთან, 39 წლის ოლგა როზოვასთან.

როზოვა დაქორწინებული იყო, მაგრამ მის ქმარს, ანდრეი როზოვს, ვორონეჟში გამომავალი გაზეთის კორესპონდენტს, 1938 წელს ბრალი დასდეს „ანტისაბჭოთა ტროცკისტული ორგანიზაციის“ წევრობაში და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ერთ დღეს, სამსახურში ყოფნისას, გორბანი გაესაუბრა კოლეგას, მიხაილ რიაბინინს, რომელმაც მოქანდაკეს ჰკითხა, სწამდა თუ არა სიცოცხლისა სიკვდილის შემდეგ და სულების არსებობისა.

გორბანმა უპასუხა, რომ არ სწამდა, თუმცა რიაბინინს დაუჯერა და მაინც წაიკითხა „სულების წიგნი“, რომელიც 1856 წელს ჰქონდა დაწერილი ფრანგ ავტორს, იპოლიტ ლეონ დენიზარ-რივაის, ფსევდონიმით ალან კარდეკის. ეს წიგნი სპირიტიზმის ფუძემდებლურ ტექსტად ითვლებოდა.

მახვილი „დისკუსიები“

კარდეკისეული სპირიტიზმის დოქტრინა ეყრდნობოდა რწმენას, რომ გარდაცვლილთა სულები სიკვდილის შემდეგ ცოცხლობენ და შეუძლიათ ცოცხალ ადამიანებთან კომუნიკაცია. ამგვარი კომუნიკაცია, როგორც წესი, ხდება სეანსებზე, რომელსაც უძღვება ამ და მიღმურ სამყაროებს შორის შუამავლად, მედიუმად მომსახურე პირი.

გორბანი წიგნმა ძალიან გაიტაცა და რიაბინინს სეანსის ორგანიზება შესთავაზა, თუმცა მეგობრისგან უარი მიიღო. საქმის მასალების თანახმად, რიაბინინმა უპასუხა, „ეს თეფშებით ჩატარებული სეანსები სისულელეა და ბავშვური თამაში. მე სულებს უფრო მაღალ დონეზე ვეკონტაქტებიო“.

თუმცა საცდელი სეანსის ჩატარებაზე დათანხმდა გორბანის და.

და-ძმამ აანთო სანთლები და მიუჯდა მაგიდას, რომლის ცენტრშიც ქაღალდის ფურცელი იდო. ქაღალდზე ეწერა ანბანი, ერთიდან ცხრამდე რიცხვები, წრეში კი მოქცეული იყო სიტყვები „კი“ და „არა“.

ქაღალდზე იდო თეფში, რომელზეც ცენტრიდან კიდეში ისარი იყო დახატული.

დაფა, რომლის მსგავსსაც იყენებდნენ სეანსებზე ბილა ცერკვაში

თეფშს სეანსის მონაწილეები ხელს ადებდნენ. და თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა და გამოძახებული „სული“ მართლაც გამოცხადდებოდა, ის თეფშზე დატანილი ისრით ქაღალდზე დაწერილ სიმბოლოებს მიანიშნებდა და ასე სცემდა პასუხებს დასმულ შეკითხვებს.

ოჯახური ამბავი

1947 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე გორბანმა და მისმა დამ 15-20 ამგვარი სეანსი ჩაატარეს. ზოგჯერ საბჭოთა წრეებს გარეთ ფიგურებს „იძახებდნენ“, ან გარდაცვლილი ნათესავებისას, მათ შორის დედის, რომელიც, როგორც ამბობდნენ, და-ძმას ყოველდღიურ რჩევებს აძლევდა. ერთხელ ალექსანდრ პუშკინიც გამოიძახეს, თუმცა, როგორც მასალებში წერია, დიდმა რუსმა პოეტმა და-ძმა „დაწყევლა“.

ცოტა ხანში სეანსებს შეუერთდა გორბანის საყვარელი ქალი, ოლგა როზოვაც. ზოგჯერ სეანსები მის ბინაში იმართებოდა, რომელიც ბიბლიოთეკის შენობაში მდებარეობდა. სეანსების შესახებ შეიტყო როზოვას მეგობარმა, ვარვარა შელესტმაც, რომელიც ადგილობრივი სკოლის ბიბლიოთეკის დირექტორი იყო. და მანაც დაიწყო სეანსებზე სიარული.

ჯგუფის ჩვენებების მიხედვით, უკანასკნელი სეანსი გაიმართა 1947 წლის დეკემბერში.

მათ ლენინის სულს ჰკითხეს იმ წელს გატარებული ფინანსური რეფორმების თაობაზე - მათ შორის რუბლის დენომინაციისა და პირადი დანაზოგების კონფისკაციის შესახებ.

კაკუნი კარზე

რამდენიმე თვეში მათ ჩეკისტებმა, ანუ საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, მიაკითხეს.

როზოვა 1948 წლის 19 თებერვალს დააკავეს, სოროკინა და გორბანი - მეორე დღეს.

საქმე გადაეგზავნა კიევში მდებარე უწყებებს. სასამართლო პროცესი ეჭვმიტანილთა დაკავებიდან ორ კვირაში, 6 მარტს, დაიწყო.

„უკანონო რელიგიურ-მისტიკური ჯგუფის“ ფორმირების ბრალდებას დაემატა კიდევ უფრო სერიოზული - „ანტისაბჭოთა“ მოქმედება.

„სეანსებს მკაფიოდ გამოხატული ანტისაბჭოთა შინაარსი ჰქონდა“, - ვკითხულობთ საქმის მასალებში, - „მიზანმიმართული ცილისწამება პარტიისა და მთავრობის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ“.

დაკითხვების პირველ ეტაპზე სეანსების სამი მონაწილე არ უარყოფდა მათში მონაწილეობას. გორბანი და სოროკინა ამბობდნენ, რომ ამით, უბრალოდ, ერთობოდნენ. როზოვა ირწმუნებოდა, რომ სეანსებს არანაირი კონკრეტული მიზანი არ ჰქონდა.

ოლგა როზოვა

მაგრამ შემდეგ მათი ჩვენებების შინაარსი იცვლება. ეჭვმიტანილები აცხადებენ, რომ სეანსები ანტისაბჭოთა სულისკვეთებით იმართებოდა და ისინი წარმოადგენდა „მოსახერხებელ ფასადს ცილისმწამებლური აგიტაციისთვის“.

ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, გორბანი უკმაყოფილო იყო ომისშემდგომი სიღარიბით და გაჭირვებით და სეანსების დროს თეფშს სწორედ ის ამოძრავებდა.

მკაცრი ვერდიქტი

თუმცა სასამართლო პროცესზე ეს აღიარება უკან იქნა წაღებული. პროცესზე სამივე განსასჯელმა განაცხადა, რომ არ სწამდათ არც მიღმური სამყაროს და არც სულების არსებობა. რელიგიურ მრწამსზე შეკითხვებს სამივემ უპასუხა, რომ ათეისტი იყო. სეანსებს გასართობად ვატარებდითო, აღნიშნავდნენ ისინი.

“არ ვთვლიდი, რომ ჩვენი სეანსები ანტისაბჭოთა იყო“, - აცხადებდა სოროკინა და დასძენდა: „ რაც გავაკეთეთ, ცხადია, არ იყო კარგი, მაგრამ მე ვიყავი, ვარ და ვიქნები საბჭოთა მოქალაქე“.

თეფშის თაობაზე გორბანი ამბობდა, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოძრაობდაო. სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, სამივემ აღიარა ნაწილობრივი დანაშაული.

განაჩენი მხოლოდ სამი სხდომის შემდეგ, 10 მარტს იქნა გამოტანილი.

სამივე დამნაშავედ ცნეს ანტისაბჭოთა პროპაგანდასა და აგიტაციაში, ისევე როგორც კონტრტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში.

გორბანს 25 წლით მიუსაჯეს პატიმრობა შრომა-გასწორების კოლონიაში, როზოვას და სოროკინას - 10-10 წლით. ეს ვერდიქტი ერთი წლით ადრე რომ დამდგარიყო, გორბანს დახვრეტდნენ, მაგრამ იმ პერიოდში სიკვდილით დასჯა შეჩერებული იყო.

იდუმალი „ჩრდილოეთი“

ამ პროცესებში არ დავიწყებიათ გორბანის კოლეგის როლიც. სამეულისთვის განაჩენის გამოტანის დღეს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რიაბინინის წინააღმდეგაც - კაცისა, რომელმაც გორბანს „სულების წიგნის“ წაკითხვა ურჩია.

თუმცა რა ბედი ეწია რიაბინინს, გაურკვეველი რჩება.

ბურუსით მოცულია როზოვას მეგობრის, შელესტის, ბედიც. იმის მიუხედავად, რომ ჯგუფის სეანსებში ისიც მონაწილეობდა, როგორც ჩანს, ის არ დაუპატიმრებიათ.

საქმის მასალების თანახმად, ის გაქრა მალევე მას შემდეგ, რაც სხვები დააკავეს. მასთან დაკავშირებული მასალები სხვა საქმეს მიაკუთვნეს, რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე, როცა გამოძიებას არ სურდა ეჭვმიტანილის ძიებას ზოგადად საქმე შეეფერხებინა.

როცა პოლიციამ სხვა საბჭოთა უწყებებს შეატყობინა ბილა ცერკვაში სპირიტისტების ჯგუფის გაუვნებელყოფის შესახებ, საქმეში ნახსენებია ერთი ინფორმატორი ფიგურა, კოდური სახელით „სევერ“/“ჩრდილოეთი“, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული რამდენიმე სეანსში.

შელესტის სახელი ნახსენები არაა. სასამართლო სხდომების დროს სამივე განსასჯელი ამბობდა, რომ სწორედ შელესტი სვამდა უმეტეს „პოლიტიკურ“ კითხვას - მათ შორის ტროცკის, ალილუევასა და გორკის „მისამართით“. როზოვა გამოთქვამდა ეჭვს, რომ შელესტი, შესაძლოა, თეფშსაც ამოძრავებდა.

სტალინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, 1954 წელს, როზოვამ შეწყალება ითხოვა და დაწერა, „სასამართლოზე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ შელესტს დავალებული ჰქონდა ჩვენი სეანსებიდან ანტისაბჭოთა დანაშაული გამოეყვანაო“. როზოვა წერდა, რომ შელესტი ბილა ცერკვაში განაგრძობდა ცხოვრებას, თუმც ის არავის დაუკითხავს.

დაახლოებით ამავე პერიოდში ერთ-ერთმა პროკურორმა დაწერა, სოროკინა და როზოვა „თავიანთი ცნობისმოყვარეობისა და უპასუხისმგებლობის გამო იყვნენ დამოკიდებული სპირიტიზმზე“, მათ მოქმედებას სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია და ისინი უნდა გათავისუფლდნენო.

უზენაესმა სასამართლომ ბოლოს დაასკვნა, რომ გორბანის, სოროკინასა და როზოვას მიმართ გამოტანილი ვერდიქტები სწორი იყო, თუმცა სასჯელის ვადა იყო ზედმეტად მკაცრი.

სოროკინა და როზოვა 1955 წლის 22 თებერვალს გაათავისუფლეს, დაპატიმრებიდან შვიდი წლის შემდეგ. გადაწყვეტილება დაგვიანებული აღმოჩნდა გორბანისთვის, რომელიც პატიმრობაში დაიღუპა 1950 წელს.

1992 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა სამივე მათგანი რეაბილიტირებულ იქნა.