ფოტოზე: „Trumo Tower Tbilisi“ პროექტის პარტნიორები
ამ ფოტოზე მრგვალი მაგიდის გარშემო აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟ ერიკ ტრამპთან ერთად, რომელიც The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია, საქართველოში ცნობილი ბიზნესმენები და სპორტსმენი არიან შემოკრებილები.
- ერიკ ტრამპის მარცხნივ ილია წულაია ზის, სამშენებლო კომპანია „არქის“ მფლობელი, პარტია "ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.
- მის გვერდით სოსო ფხაკაძეა, ასევე ხელისუფლებასთან დაახლოებული, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი;
- ტრამპის ვაჟის მარჯვნივ ქართული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ალექს საპირი ზის, მართავს მილიარდობით დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას.
- ფოტოზე მარცხნივ პირველი ზაზა ფაჩულიაა, ცნობილი ქართველი კალათბურთელი, რომელიც სამშენებლო ბიზნესში „არქი ჯგუფის“ პარტნიორია.
ამ ფოტოსთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პირველწყარო ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი (WSJ) იყო.
ასევე ნახეთ
WSJ: თბილისში „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობა იგეგმება - ვინ არიან პარტნიორები„მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში“, - წერია The Trump Organization-ის ოფიციალურ პრესრელიზში.
ამას გარდა, ნათქვამია, რომ ცათამბჯენი პრესტიჟულ ადგილას აშენდება და „ექნება ხედი თბილისის ცენტრალურ პარკზე“. „ლუქს-კომპლექსი“ გააერთიანებს:
- „ძვირადღირებულ საცხოვრებელ ბინებს“;
- „სავაჭრო სივრცეებს“;
- „რესტორნებს“;
- „დახვეწილად შერჩეულ ცხოვრების სტილის სერვისებს“.
სარეკლამო ტექსტების მიღმა ბევრი დეტალია ბუნდოვანი. მაგალითად, როგორი ხელშეკრულება გააფორმა The Trump Organization-მა ქართველ დეველოპერებთან? ვინ არის ამ პროექტში ინვესტორი? სად აშენდება „ტრამპ ტაუერი“?
რა ვიცით ხელშეკრულების პირობებზე?
ოფიციალური განცხადებიდან არათუ ხელშეკრულების ტიპი, არამედ ისიც ბუნდოვანია, გაფორმდა თუ არა უკვე ხელშეკრულება მხარეებს შორის.
The Trump Organization-ის ჰოლდინგი, უძრავი ქონების განვითარებაზე, ბრენდირებასა და მართვაზეა ორიენტირებული. ამ კომპანიას მრავალფეროვანი ხელშეკრულების ფორმები აქვს.
- ბოლო წლებში ყველაზე გავრცელებული ფორმა „ლიცენზირების ხელშეკრულებებია“. ეს ნიშნავს, რომ დეველოპერი აშენებს შენობას, ხოლო Trump Organization თავის ბრენდის სახელის გამოყენების უფლებას აძლევს. ასეთი შეთანხმებისას, ტრამპის ორგანიზაცია ინვესტორი არ არის. უფრო მეტიც, ის ბრენდის სახელის გაყიდვით შემოსავალს იღებს. ეს შეიძლება იყოს, როგორც ერთჯერადი ჰონორარი, ისე ამ პროექტის განვითარებიდან მიღებული შემოსავლების პროცენტი.
- „მართვის ხელშეკრულებებს“ The Trump Organization სასტუმროების სექტორში იყენებს ხოლმე. ასეთ დროს ტრამპის ორგანიზაცია არ ფლობს მაგალითად სასტუმროს, თუმცა მართავს მას. ეს შეიძლება იყოს ბრენდის კონტროლი, მარკეტინგი და ოპერატიული მართვა, მომსახურება და სტანდარტები.
- „ერთობლივი განვითარების შეთანხმებების“ დროს ტრამპის ორგანიზაცია და პარტნიორები პროექტს ერთობლივად ავითარებენ. შესაძლოა კომპანია კაპიტალიც ჩადოს. მოგება შეთანხმების მიხედვით ნაწილდება.
- „სრული საკუთრების პროექტების“ შემთხვევაში კი მფლობელიც და ინვესტორიც ტრამპის ორგანიზაციაა. ის თავად აფინანსებს აშენებს ან ყიდულობს.
„რა განცხადებებიც ჯერჯერობით კეთდება, აშკარად ჩანს, რომ ტრამპის ორგანიზაცია ინვესტორი არ იქნება, თუმცა ბუნდოვანია იქნება, თუ არა ვინმე აშშ-დან ინვესტორი“, - აცხადებს პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე; 2013-2014 წლებში თბილისის მერის მოადგილე და შემდეგ ორი წლის განმავლობაში საკრებულოს წევრი. ის კარგად იცნობს იმ სამშენებლო პროექტებს თბილისში, რომლებზეც სხვადასხვა დროს ნებართვებია გაცემული.
აბესაძის თქმით, იმით, რაც ცნობილია, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ორგანიზაცია ინვესტორი არ არის, ხელშეკრულების პირობა კი სავარაუდოდ, მხოლოდ „ტრამპ ტაუერის“ სახელის ყიდვას გულისხმობს, რაშიც პარტნიორი კომპანიები ტრამპის ოჯახს ფულს გადაუხდის ან უკვე გადაუხადეს.
The Trump Organization პრესრელიზში წერს, რომ „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა The Trump Organization-ი თავის ბრენდს („Trump“) ოფიციალურად აძლევს პროექტს ამ რეგიონში“.
ორგანიზაცია იყენებს სიტყვას „ბრენდი“, არ ახსენებს ინვესტიციას ან სხვა რაიმე ტიპის შეთანხმებას.
რომელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობაში?
The Trump Organization-ის პარტნიორები გახდნენ და „ტრამპ ტაუერის“ პროექტში სხვადასხვა ფორმით ჩაერთვებიან ქართული კომპანიები: „არქი ჯგუფი“, „ბიოგრაფი ლივინგი“, „ბლოქსი ჯგუფი“, „ფინვესტ ჯორჯია“ და ამერიკული კომპანია: „The Sapir Organization“.
- „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ბიზნესმენი ივლიანე (ილია) წულაია. ილია წულაია საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მილიონერი დეპუტატი იყო და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. წულაია თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია. მის პარტნიორებს შორისაა ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია; „არქი“ $50 მლნ-ის ინვესტიციით მაიამიშიც აშენებს საცხოვრებელ კორპუსს;
- „ბიოგრაფი ლივინგი“ ბიზნესმენი ძმები ფხაკაძეების „ვისოლ ჯგუფის“ ნაწილია; ფორმალურად, 50-50%-იან წილებს ფლობენ „ველაჯიო“ (რომელსაც თავის მხრივ მალტაში რეგისტრირებული „გლობალ ინვესტორს ლიმიტედი“ ფლობს) და „რივერსაიდ ინვესტი“ (ფლობს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „თოლ თრეიდი“); „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორია ვასილ ფხაკაძე. ვასილ ფხაკაძე ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია.
- Sapir Organization ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც დონალდ ტრამპის ყოფილ პარტნიორს, ალექს საპირის ეკუთვნის. საპირი ტრამპის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ამბობს, რომ მისი გვარი ებრაულ-ქართული წარმომავლობისაა. The Trump Organization-ის ცნობით, „ტრამპ ტაუერ თბილისი“ The Sapir Organization-ის პირველი საერთაშორისო კომერციული განვითარება იქნება.
„საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ემოციური გამოცდილება იყო. ვამაყობ, რომ ვაშენებთ მეორე Trump-ის შენობას იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი ოჯახი გაიზარდა“, - ამბობს ალექს საპირი პრესრელიზის თანახმად.
ყველა კითხვა, რომელიც „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობის ანონსს მოჰყვა, რადიო თავისუფლებამ კომპანიის წარმომადგენლებს [ილია წულაია, სოსო ფხაკაძე, ვასილ ფხაკაძე] დაუსვა, მათ შორის ვიკითხეთ, სად აშენდება „თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი“. შეტყობინებაზე პასუხი მხოლოდ ილია წულაიამ დაგვიბრუნა:
„მოგესალმებით. ჩვენ ინფორმაცია საჯაროდ გვაქვს გაზიარებული და პარტნიორებთან შეთანხმებით, სხვა დამატებითი ინფორმაციის ან კომენტარის გავრცელების უფლება, გარდა პრესრელიზში ასახული ინფორმაციისა არ გვაქვს“.
რადიო თავისუფლებამ ოფიციალური შეტყობინებები გაუგზავნა The Trump Organization-ს და Sapir Organization-ს. პასუხები, მიღების შემთხვევაში, ამ სტატიაში აისახება.
საბოლოოდ, „ტრამპ ტაუერის“ პროექტის გარშემო შემოკრებილი ქართველი დეველოპერების ქონებებისა და კავშირების კვლევამ იპოდრომის რეკრეაციულ ზონამდე მიგვიყვანა. ძებნა გაამარტივა ჩანაწერმაც The Trump Organization-ის პრესრელიზში, რომ „პრესტიჟული მდებარეობა, ცენტრალურ პარკზე გადმოსახედით“, ცათამბჯენი კი 70-სართულიანი იქნება.
დიდი ალბათობით, სად აშენდება?
იპოდრომის ტყეში, მთავარი მოედნის მიმდებარედ უკვე დამტკიცებულია განაშენიანების გეგმა, რომლის მიხედვითაც იქ მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. პროექტის თანახმად, ტყეში შვიდი შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება.
ასევე ნახეთ
„ბილტმორზე ორჯერ დიდი“ - გაირკვა, რა იგულისხმებოდა იპოდრომის ტყეში „უძრავი ქონების განვითარებაში“მშენებლობას შპს „ცენტრალ პარკ ავენიუ“ გეგმას. ეს კომპანია „ტრამპ ტაუერის“ პროექტის პარტნიორებს: „ვისოლ ჯგუფსა “და „ბიოგრაფ ლივინგის“ უკავშირდება.
„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის ძმისშვილი და „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ფხაკაძეა, „ცენტრალ პარკ ავენიუს“ დირექტორიც.
შპს „ცენტრალ პარკ ავენიუ“, იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. ყიდვის ხელშეკრულება 85 მილიონი დოლარის გადახდის პირობით, 2023 წელს გაფორმდა.
ასევე ნახეთ
მინდორი გააჩუქეს, ტყე გაყიდეს - აშენდება კორპუსები იპოდრომზეც?ამის მიუხედავად, 2026 წლის აპრილისთვის, თამარაშვილის #13-ში 66 940 კვადრატული მეტრის მიწა ისევ "ქართუ ფონდის" საკუთრებაა, „ცენტრალ პარკ ავენიუ" კი მომავალ მესაკუთრედაა მითითებული.
„ვისოლი ჯგუფმა“ ტერიტორიის ყიდვის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამშენებლო კომპანია „გ დ ალკოსა“ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის 13 ნომერში, „განვითარებული უძრავი ქონება" გამორჩეული იქნებოდა. დახვეწილი, გემოვნებიანი არქიტექტურითა და დიზაინით“.
მოგვიანებით პროექტის ფოტოებიც გავრცელდა. ამ მშენებლობისთვის იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსიც შეუცვალეს. მოქალაქეები და აქტივისტები, სარეკრეაციო ზონაში, რომელსაც სამშენებლო მოედნად ამზადებდნენ საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ.
იპოდრომის ტყეში დაგეგმილი მშენებლობის საპროექტო რენდერი
იპოდრომის ტყეში დაგეგმილი მშენებლობის საპროექტო რენდერი
იპოდრომის ტყეში დაგეგმილი მშენებლობის საპროექტო რენდერი
ირაკლი აბესაძის თქმით, რაც უნდა აშენდეს იპოდრომის ტყეში, პრობლემები, რომელზეც აქტივისტები და ურბანისტები 2023 წლიდან ჩივიან, ისევ დარჩება. „ტრამპ ტაუერის“ მასშტაბის გათვალისწინებით კი ნეგატიური გავლენა სატრანსპორტო, ურბანულ თუ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაიზრდება.
„ასეთი მასშტაბის მშენებლობა თამარაშვილზე ნიშნავს ეკოლოგიური სივრცის სრულად განადგურებას... თამარაშვილის ქუჩა, სატრანსპორტო თვალსაზრისით ისედაც გადატვირთულია, როგორც არსებული შენობა-ნაგებობებით ისე დაგეგმილი და მშენებარე პროექტებით… ფაქტობრივად, გაუსაძლის მდგომარეობას ვიღებდით ისედაც და ამ პროექტით პრობლემები კიდევ უფრო მეტად გამწვავდება“, - ამბობს ის.
იპოდრომის ტყე საბურთალოს რაიონში, მიხეილ თამარაშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, აღმოსავლეთით - იპოდრომის ცენტრალური პარკი, ხოლო დასავლეთით - თამარაშვილის ქუჩა.
მაგალითად, თამარაშვილზეა სამშენებლო კომპანია „ალიანსის “ სამი ცათამბჯენი, სპორტის უნივერსიტეტის ადგილას ასევე ცათამბჯენს აშენებს „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშიკო ნამორაძე.
იპოდრომის ტყის ნაწილია ტერიტორია, რომელიც ესტაკადითაა შუაზე გაყოფილი და ასევე, თამარაშვილის ქუჩას ესაზღვრება. ეს ადგილიც „ქართუ ჯგუფის“ საკუთრება იყო, რომელიც ტყესთან ერთად 2023 წელს გაყიდა. 9 645 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის მფლობელი „ვან ცენტრალ პარკი“ გახდა. ეს კომპანიაც „ვისოლ ჯგუფთანაა“ დაკავშირებული.
ამ ფოტოზე ყვითლად მონიშნული ტერიტორიები გაყიდა ფონდმა „ქართუმ“ 2023 წელს.
ამ კომპანიამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2025 წლის დეკემბერში „საქართველოს ბანკის“ იპოთეკით დატვირთა. მერიასთან უკვე შეთანხმებულია 43-სართულიანი 79 030 მ² შენობა.
ცენტრალური პარკი კი, რომელზე ხედსაც The Trump Organization-ი თბილისის პროექტით დაინტერესებულ ხალხს ჰპირდება, ამ დრომდე დაუსრულებელია.
იპოდრომის ტერიტორია. ფოტო გადაღებულია 2025 წელს.
ეს პარკი თბილისს ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უნდა ჰქონოდა. თუმცა მშენებლობა დასრულებული დაპირებიდან მეექვსე წელსაც არ არის. აქტივისტების ჯგუფი სასამართლოში დავობს. სულ ორი სარჩელი მომზადდა. მათ ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და „მწვანე ალტერნატივის” იურისტები იცავენ. სარჩელის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ იპოდრომზე პარკის მშენებლობის პროექტი არ არსებობს, მშენებლობა კი უკანონოა.
იპოდრომზე ნიუ-იორკის მსგავსი ცენტრალური პარკის გაშენება თბილისის მერმა კახა კალაძემ 2020 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ფონდ „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დააანონსა.
Trump Organization-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცათამბჯენს ამერიკული არქიტექტურული ბიურო Gensler-ი დააპროექტებს.
მერიის დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად კი იპოდრომის ტყეში ნებადართული მშენებლობის პროექტის ავტორი, Champan Taylor-ია.
თუ „ტრამპ ტაუერი“ იპოდრომის ტყეში აშენდება, სავარაუდოა, რომ დეველოპერები პროექტის შეცვლასაც მოისურვებენ. რადიო თავისუფლება Gensler-საც დაუკავშირდა. პასუხი ოფიციალურ შეტყობინებაზე არც მათგან მიგვიღია.
„პროექტის დამატებითი დეტალები - მათ შორის არქიტექტურა, დიზაინი და გაყიდვების ინფორმაცია - უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი“, - აცხადებენ The Trump Organization-ში.
პოლიტიკური კონტექსტი
„ტრამპ ტაუერი“ არასდროს ყოფილა მხოლოდ ეკონომიკური პროექტი, მას ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვაც. მსგავსი გარიგება, რომელიც საბოლოოდ არ შედგა, 2012 წელს დონალდ ტრამპმა და მიხეილ სააკაშვილმა გააფორმეს. მაშინ ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და ახლა აშშ-ს პრეზიდენტი მეორე ვადით, სტუმრად საქართველოში იყო ჩამოსული. 47-სართულიანი „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობა ბათუმში იგეგმებოდა და შეთანხმებასაც ზღვისპირა ქალაქში მოეწერა ხელი. შეთანხმების პირობა სალიცენზიო იყო, რაც „ტრამპის“ სახელისა და სავაჭრო ნიშნის გამოყენებას ნიშნავდა.
დონალდ ტრამპი და მიხეილ სააკაშვილი ბათუმში. 2012 წლის 22 აპრილი
ტაუერის მშენებლობა 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ამ პროექტზე უარი თქვა, სხვა მრავალ უცხოურ გარიგებასთან ერთად, - რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის თავიდან აცილება. ის უკვე პოლიტიკაში იყო.
ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ამ შეთანხმებას „ტრიუკი“ უწოდა.
„ტრამპს არაფერი ინვესტიცია არ გაუკეთებია საქართველოში, მშვენივრად იცით, მათ გამოიყენეს, ორივემ კარგი ტრიუკი გააკეთა. იმას… ფული გადაუხადეს, სააკაშვილი, როგორც სიცრუის ოსტატი... გამოიყენა ტრამპი... ზღაპრებზე დაფუძნებით ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ“, - თქვა ივანიშვილმა.
2026 წელს, ახლა უკვე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ტრამპის ცათამბჯენის მშენებლობის გეგმას იყენებენ, იმის დასტურად, რომ საქართველოში სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოა;
მაგალითად, აი ეს ციტატები:
- „საქართველოში არის შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველია ყველასთვის. ეს პროექტი სწორედ ამაზე მეტყველებს“, - შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე.
- „ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი. მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე, ასევე სამუშაო ადგილების შექმნაზე. სწორედ ეს გარემოებები ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპონენტებს“, - გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
- შეუძლებელია ამერიკის პრეზიდენტი იმ ქვეყანაში შევიდეს პირადი ბიზნესით, რომელთანაც ურთიერთობები უკვე დალაგებული არა აქვს“, - თამარ ჩიბურდანიძე, „ქართული ოცნების“ განაყოფის ხალხის ძალის წევრი.
- ეს არამარტო ეკონომიურად იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება როგორც ჩვენი, ასევე აშშ-ის მხრიდან“, - ზაზა რურუა, პარლამენტის წევრი.
„ქართული ოცნება“ იდენტური შინაარსის გარიგებას 2012 წელს უწოდებდა ტრიუკს, სააკაშვილისა და ტრამპის მიერ ერთობლივად დაგეგმილ აფერას, ახლა კი ქართული ოცნების პროპაგანდისტები ხარობენ იმ ადამიანის სახელის გამოყენებაში მილიონობით ლარის გადახდით, რომლის სახელსაც ასევე ისინი დიპსტეიტის მიერ მართულსა და დაქვემდებარებულს უწოდებენ“, - ამბობს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, ირაკლი აბესაძე.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის აზრით, ტრამპის ცათამბჯენის აშენების იდეის გაცოცხლება ივანიშვილის მცდელობაა „მოისყიდოს ტრამპი“.
„სანქცირებული ივანიშვილი ეძებს თავის გადარჩენის გზას, მის მიერ ნაკვებმა ბიზნესმენებმა შექმნეს კონსორციუმი, სადაც იქნება ივანიშვილის ფულიც და ამ იდეით ელაპარაკებიან ტრამპს. არავინ იცის, ეს პროექტი ივანიშვილის მორიგი ტრიუკია, თუ მცდელობა ცათამბჯენი მართლაც აშენდეს“, - ამბობს ის.
აშშ-ს 2024 წლის 30 ნოემბრიდან შეჩერებული აქვს საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის არაერთი წარმომადგენელი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას შეცვლის.
ბოლო პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების კომუნიკაციების მიუხედავად, სანქციები არ მოხსნილა.
ამერიკული მედიის ხედვით, კი The Trump Organization-ის საზღვარგარეთის პროექტები, იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტს აჩენს.
მას შემდეგ, რაც ტრამპი ხელახლა აირჩიეს, კომპანიამ უცხოეთში ახალი პროექტების ტალღა დაიწყო - მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში, ვიეტნამსა და ინდოეთში.