მოკლედ
- ავტორიტარულ სისტემებში სახელმწიფოები დეტალურ ინფორმაციას აგროვებენ საკუთარ მოქალაქეებზე - სათვალთვალო კამერები და პროგრამები იქ კონტროლის ინფრასტრუქტურის ნაწილია.
- საქართველოში, სადაც ასობით აქტივისტია გასამართლებული ქვეყნის საპროტესტო განწყობების გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ცენტრში - რუსთაველის გამზირზე - დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების წყალობით, ხელისუფლების კრიტიკოსებს ამ კამერების წარმომავლობა აშინებთ.
- კამერების უმეტესობა და პროგრამების ნაწილი ჩინურია ან, ასევე საფრთხილო, რუსული ტექნოლოგიები და AI-ია გამოყენებული. ხელისუფლება ოპონენტების შიშებს უსაფუძვლოდ, კრიტიკას კი არასერიოზულად მიიჩნევს.
“გაპატიმრებთ იმ მკვლელობის გამო, რომელსაც მომავალში ჩაიდენთ”, - ამბობს სტივენ სპილბერგის ფილმის პერსონაჟი 2002 წელს ფილიპ დიკის მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ფილმში Minority Report. მოვლენები 2054 წლის ვაშინგტონში ვითარდება. პოლიციის დანაშაულის პრევენციის სპეციალური დანაყოფი ეჭვმიტანილებს დანაშაულის ჩადენამდე აპატიმრებს, ექსტრასენსების ხილვების საფუძველზე. სისტემა, ერთი შეხედვით, უნაკლოდ მუშაობს - მკვლელობები აღარ ხდება.
ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკად აღიარებული ეს ფილმი ბევრჯერ გაიხსენეს მას შემდეგ, რაც სხვადასხვა დროს ჩინეთის სახელმწიფო უწყებებიდან გაჟონილმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია სათვალთვალო ტექნოლოგიებისა და ალგორითმების გამოყენებით ასევე ცდილობს, წინასწარ ამოიცნოს “ანომალიური ადამიანები”, რომლებიც მომავალში კანონს და მართლწესრიგს საფრთხეს შეუქმნიან.
თვალთვალი თუ კონტროლი?
როდესაც სახელმწიფო მოქალაქეს უთვალთვალებს, ამას საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების აუცილებლობით ხსნის. იმისთვის, რომ თვალთვალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად და კონტროლად არ გადაიქცეს, დემოკრატიები მკაფიოდ განსაზღვრავენ სამართლებრივ შეზღუდვებსა და ანგარიშვალდებულებს.
თვალთვალი კონტროლისთვის გამოიყენება ავტორიტარულ სისტემებში, სადაც - ირანის, ვენესუელის, რუსეთისა და ჩინეთის მაგალითები აჩვენებს, რომ მთავრობები იყენებენ არა მხოლოდ კამერებს, არამედ ამომწურავ საინფორმაციო ბაზებს მოქალაქეების შესახებ, მათი ქცევის და განწყობების შესასწავლად და საჭიროების შემთხვევაში, განსხვავებულების და საეჭვოების სწრაფად გამოსავლენად.
ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტატუსით თანამშრომლობდნენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან, რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით უყვებიან, რომ ასეთი, განახლებადი ბაზები არც საქართველოსთვის არ არის უცხო.
სათვალთვალო კამერების სიმრავლე თვალშისაცემია ისეთ ადგილებში, რომლებსაც მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად იყენებენ - ეს ფოტო 2025 წელსაა გადაღებული თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლის სიახლოვეს.
რას ნიშნავს, როცა თვალთვალში ხელოვნური ინტელექტი ერთვება
სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს სახელმწიფო უწყებების შესყიდვებში გამოჩნდა მოთხოვნები ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პროცესორებიანი კამერების შეძენაზე. უახლოეს მომავალში თბილისის ქუჩებს დაემატება ფოტოხაფანგებიც, რომლებიც არალეგალური ნაგავსაყრელების მონიტორინგის ფუნქციას შეითავსებენ და ვანდალებს მარტივად გამოააშკარავებენ.
ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ახალი კამერები პირველ ეტაპზე თბილისში გამოჩნდება - შესყიდვის ტენდერი დროის ახლო მონაკვეთში გამოაცხადა პარლამენტმა, რომელიც პარლამენტის შიდა და გარე სივრცეებში დაამატებს ახალ კამერებს და "თბილსერვისმა", რომელსაც AI-პროცესორიანი კამერების განთავსება დასუფთავების მანქანებზე სურს. ხელოვნური ინტელექტის დამატება ნიშნავს, რომ კამერები აღარ იქნებიან მხოლოდ “თვალები”, მათ ექნებათ “ტვინიც” და წინასწარ მონიშნულ ობიექტებზე უკეთ დაკვირვების შესაძლებლობა. ამავდროულად, AI-პროცესორი არ ნიშნავს აუცილებლად სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრირებას კამერაში.
7 ივლისს "თბილსერვისის" მიერ გამოცხადებული და შემდეგ ჩაშლილი ტენდერის ტექნიკური დავალებიდან ირკვეოდა, რომ მერიას არა მხოლოდ AI-ანალიტიკით, არამედ Vision Language Model-ით აღჭურვილი კამერების ყიდვა სურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ, კარგად “გაწვრთნის შემთხვევაში”, შეუძლიათ მონაცემების ანალიზი და დასკვნების გაკეთება. მაგალითად, კადრის აღწერა, არა მხოლოდ ობიექტების, არამედ მოვლენების ამოცნობა და კონკრეტული სცენის, მაგალითად, წითელსაწვიმრიანი ახალგაზრდა კაცის ან პარკის სკამზე უმეთვალყურეოდ დატოვებული ჩანთის პოვნა ვიდეოდან.
საილუსტრაციო გამოსახულება. როგორ გამოიყურება ქართველი სამართალდამცველებისთვის იმ პროგრამების მომხმარებლის მხარე, რასაც ისინი ვიდეომენეჯმენტისა და პიროვნების ამოსაცნობად იყენებენ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ასეთ კამერებს შეუძლია ხალხმრავლობისა (Crowd Density) და ერთ ადგილზე საეჭვო დაყოვნების (Loitering Detection) დაფიქსირებაც.
თეორიულად, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ამგვარი კამერების გამოყენება შესაძლებელია ავტობუსებშიც - სადაც უბილეთო მგზავრს, მარშრუტის გადატვირთულ მონაკვეთებს და ავტობუსის გარშემო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებსაც გამოავლენს.
ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კამერები დამატებით შესაძლებლობებს მისცემს იმ კარგად გამართულ სათვალთვალო ინფრასტრუქტურას, რომელიც წლებია შენდება საქართველოში და რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს შეუძლია დაინახოს მოქალაქე ყველგან - ფეხით მიდის ის ქუჩაში, ავტომობილს მართავს თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს და არა მარტო.
არ ვიცით, საქართველოში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების რა ნაწილს აქვს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა და რამდენი იყენებს მის შესაძლებლობებს - სახელმწიფოს ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ხშირად კამერების ტექნიკურ მახასიათებლებში ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის შესახებ ჩანაწერები უფრო მარკეტინგული ხრიკია, ვიდრე რეალურად უფრო ჭკვიანი მოწყობილობის გარანტია.
ხელოვნური ინტელექტის პროცესორებით აღჭურვილი კამერების გარეშეც, სისტემას დღეს შეუძლია ერთ კამერაში გამოჩენის შემდეგ უწყვეტად გადევნოს თვალი და ადვილად გიპოვოს ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. სანავიგაციო სისტემების დახმარებით კი, რომლებიც კამერების ანალიტიკური პროგრამების თანმხლები კომპონენტია, ძალიან მაღალი სიზუსტით, რეალურ დროში დაინახოს კოორდინატებიც.
ადვოკატები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობენ, რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ კრიმინალური საქმეების გამოძიების მასალების ნაწილია კამერების ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, მაგალითად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოქალაქის ავტომობილით გადაადგილება ქვეყნის სხვადასხვა მაგისტრალსა და ქუჩაზე. ეს გამოსახულებები აჩვენებს, რომ სახელმწიფოს აქვს პროგრამა, რომელსაც ათასობით კამერის ჩანაწერში რამდენიმე წამში შეუძლია ეჭვმიტანილის/ბრალდებულის მანქანის პოვნა.
საილუსტრაციო ფოტო; საქართველოში გზებზე დამონტაჟებული ნომრის ამომცნობი კამერების მთავარი მისია მოძრაობის წესების დამრღვევების მყისიერი დაჯარიმებაა.
ის უფლებადამცველები კი, რომლებიც სასამართლოებში იცავენ რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვის გამო დაჯარიმებული ან დაკავებული მოქალაქეების ინტერესებს, ამბობენ, რომ თითქმის ავტომატიზებულ სისტემას, რეალურ დროში მოქალაქეების პოვნის და ამოცნობისას პირველ ჯერზე მაინც სჭირდება ადამიანის ჩარევა პიროვნების იდენტიფიცირებისთვის. ამოცნობის პროცესში გამოყენებულია ყველა გარეგნული ნიშანი, იქნება ეს ვარცხნილობა, ცხვირის მოყვანილობა თუ სიარულის მანერა - სისტემა სწორედ ამ ნიშნებით გიმახსოვრებთ და განგასხვავებთ, მაგრამ საბოლოო სიტყვა იდენტიფიცირებისას მაინც ადამიანზეა.
კიდევ რას ხედავენ კამერები?
თვალთვალის არსებული ინფრასტრუქტურით შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ დანაშაულში ეჭვმიტანილების ან სისტემისთვის საინტერესო ადამიანების გადაადგილების მარშრუტები ან სამართალდარღვევის ფაქტები, არამედ მათი ინტერესები, გარემოცვა, ჩვეული და უჩვეულო გადაადგილება, ჩვევები და ამ ჩვევებიდან გადახვევა. მეტიც, თუ ტელეფონს კამერების სიახლოვეს ხმარობთ, შესაძლებელია თქვენი მიმოწერის, მოხმარებული აპლიკაციების დანახვა, და თუ ტელეფონზე საუბრობთ, მოსმენაც.
"მთელი მსოფლიო ასე მოქმედებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ანტიტერორისტული მიზნებიდან გამომდინარე. მათ შორის, დანაშაულის პრევენციის უპირატესი მიზნებიდან გამომდინარე. შევეცდებით, რომ [კამერები] საჯარო სივრცეში მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაყენოთ, არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში”, - თქვა 1 ივლისს ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც იმხანად სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა სამართალდამცავი სისტემების კოორდინაციის საკითხებში და ამ სტატიის გამოქვეყნების დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.
მის განცხადებას რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდაევროპული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აკვირდება და იკვლევს ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე.-ის ვრცელი სტატია იმის შესახებ, როგორ შეასუსტა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საპროტესტო ტალღა ჩინური კამერებისა და რუსული პროგრამების დახმარებით. კვლევა მიუთითებდა იმაზეც, რომ ვინაიდან რუსეთსა და ჩინეთში კანონი კერძო ორგანიზაციებს მონაცემების სახელმწიფოსთვის გაზიარებას ავალდებულებს, დიდია ალბათობა, საქართველოში შეგროვებული ცნობები ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს.
თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ხდება თუ არა ასე სინამდვილეში? ამის დამოუკიდებლად გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა.
ასევე ნახეთ
"იანდექს გოუს" სკუტერები - სწრაფი ტრანსპორტი თუ უსაფრთხოების გამოწვევა?რა პროგრამებს იყენებს საქართველო
თვალთვალის ინფრასტრუქტურა გეოპოლიტიკური არჩევანის ერთგვარია სარკეა, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი სახოკია. ის თვლის, რომ საქართველო ჩინური და რუსული სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენებით რისკზე მიდის, თუმცა იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და მისი ინტერესები საქართველოში უკვე ათწლეულებია მკაფიოდ არის გამოხატული, საფრთხე მისგან უფრო რეალურია.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში შსს-ს კამერების რაოდენობა ცხრა ათასს მიუახლოვდა - 8 886 კამერის გარდა, ათასობით სხვა კამერაა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში; კიდევ რამდენიმე ასეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაცულ სახელმწიფო უწყებების შენობებზეა განთავსებული. ამ მონაცემებით, საქართველო, სახელმწიფოს სისტემაში ჩართული კამერების რაოდენობით 1000 მოსახლეზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მოკრძალებულად გამოიყურება.
თუმცა, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, თვალთვალის სისტემებში კამერაზე უფრო მნიშვნელოვანი ის პროგრამებია, რომლებიც გადაღებულ გამოსახულებას ინახავს, აანალიზებს, სხვა კამერებთან აკავშირებს და სხვა მონაცემთა ბაზებთან აერთიანებს.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძირითადად სამ პროგრამას ხმარობს:
- სახის ამომცნობი რუსული კომპანია Papillon system-ის პროგრამა Polyface-ს, რომელსაც ძირითადად ექსპერტ-კრიმინალისტები იყენებენ.
- ვიდეო მენეჯმენტის დანიურ პლატფორმა Milestrone X Protect-ს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 112-ის ქსელში ჩართულ კამერებს მართავს. Milestrone X Protect-ი ერთიან ქსელში აქცევს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამუშავებს და აანალიზებს ათასობით კამერიდან მიღებულ მონაცემებს. პლატფორმის სისტემაში ინტეგრირებულ პროგრამებს შეუძლიათ სახისა და ავტომობილის ნომრების ამოცნობა, ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა სანავიგაციო სისტემების დახმარებით.
- იაპონური NeoFace® Watch-ი, რომლითაც აღჭურვილია სასაზღვრო პუნქტები, სადაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ძებნილების იდენტიფიცირება წამებშია შესაძლებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მნიშვნელოვანი სათვალთვალო ქსელები აქვთ ქალაქების მთავრობებსაც:
- თბილისი კამერების სამართავად ორ ჩინურ პროგრამას, Hikvision-ის HikCentral-ს და Dahua-ს SmartPSS-ს იყენებს. პირველი უფრო მასშტაბურია და მასთან, სავარაუდოდ, ქუჩებსა და პარკებში განთავსებული Hikvision-ისვე კამერები არის დაკავშირებული, მეორე კი შედარებით მცირეა და ის, როგორც ჩანს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამაგრებული Dahua-ს კამერების სამართავად გამოიყენება. ორივე პროგრამა დანიური Milestone XProtect-ის მსგავსია - ორივეს შეუძლია ასობით კამერის და სხვადასხვა პროგრამის დაკავშირება ერთმანეთთან და როგორც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ისე - მექანიკურად.
- ბათუმში ჩინური კომპანია Milesight-ის კამერებთან ერთად მუშაობს ამერიკული პროგრამები Pelco Endure VMS-ი და Gemstone VMS-ი;
- ქუთაისმა ახალი კამერების შესყიდვისას მიუთითა, რომ ასევე სჭირდება Milestone XProtect-ის ლიცენზიები 112-ის მონაცემთა ცენტრთან დასაკავშირებლად; ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ დიდი ქალაქები, რომლებსაც დამოუკიდებელი მონაცემთა ცენტრებიც აქვთ, თავიანთი კამერებით მაინც ინტეგრირებული არიან 112-ის ცენტრთან, რომელიც ყველაზე მასშტაბური და ცენტრალიზებულია.
რა ვიცით რუსულ Papillon-ზე
2022 წელს თავისუფლება წერდა, რომ საქართველომ რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მიასაში შექმნილი და რუსეთის უშიშროების სამსახურთან და სამხედრო ინდუსტრიასთან დაკავშირებული კომპანია PAPILLON-ისგან 127 ათას ლარად იყიდა პროგრამა ჰაბიტოსკოპიური [ადამიანის გარეგნული ნიშან-თვისებების - სახის ნაკვთების, სხეულის აგებულების, სიარულის მანერის - რ.თ.] ექსპერტიზისთვის.
Papillon Systems-ის ვებსაიტზე ნახავთ კომპანიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მათთან სტუმრობისას გადაღებულ დაუთარიღებელ ფოტოსაც.
ამის შემდეგ, 2023 წელს, PAPILLON-ის ჯგუფში შემავალი ხუთი კომპანია [AO Papilon-ი; IT-Papillon OOO; Papilon Limited Liability Company (Papilon Systems); OOO Adis-ი; 3DiVi OOO] შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა. მიზეზი ის იყო, რომ რუსეთი ამ კომპანიების ტექნოლოგიებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყენებდა - ფილტრაციის ოპერაციებში უკრაინული წინააღმდეგობის ჩასახშობად და მოსახლეობის იძულებითი ლოიალობის მოსაპოვებლად. შტატების გადაწყვეტილებას მალევე დაეწია სანქციები უკრაინიდან, შვეიცარიიდან, იაპონიიდან და ევროკავშირიდან. "პაპილონი" და მისი შვილობილი კომპანიები დღეს განიხილება, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების მაღალტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომლის პროდუქტებს რუსეთს გარეთ ძირითადად რუსეთის პროქსი სახელმწიფოების ძალოვანი უწყებები იყენებენ ტაჯიკეთში, თურქმენეთში, ყაზახეთსა და ბელარუსში.
საქართველომ რუსული სანქცირებული კომპანიისგან ნაყიდი სახის ამოცნობის პროგრამის განახლებებისთვის გასულ წლებში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა Polypace ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომელსაც საქართველო რუსული papilon-ისგან ყიდულობს - 2018 წლიდან ქართული შსს ფლობს ასევე "პაპილონ სისტემის" კიდევ ერთი პროგრამას, арсенал-ს და მისსავე სკანერებს ყიდულობს იარაღისა და ტყვიების ამოსაცნობად.
ასევე ნახეთ
როგორ იყენებს ქართული პოლიცია რუსულ პროგრამებს და საექსპერტიზო ტექნიკასრუსული მრავალსახეობა - როგორ გავიდა POLYFACE შსს-ს ოთახებიდან ქუჩაში
2013 წელს, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული კომპანიის პროგრამა იყიდა ქართული კომპანია “მაი მობაილ +”-სგან, სატენდერო დოკუმენტებიდან ცხადად არ ჩანდა, რომ მას გარე სათვალთვალო კამერების გენერირებული მონაცემების ანალიზისთვის გამოიყენებდნენ.
“სისტემა განკუთვნილია ავტომატიზებული აღრიცხვის წარმოებისა და პიროვნების იდენტიფიკაციისთვის სახის 2D გამოსახულებით. ავტომატიზირებული აღრიცხვა მიზნად ისახავს მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნას, რომელიც მოიცავს ტექსტურ მონაცემებს, სახის ფოტო გამოსახულებებს და პიროვნების სიტყვიერ აღწერილობით პორტრეტს. მონაცემთა ბაზაში გამოსახულების შეყვანა შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა წყაროებიდან: ციფრული ფოტოაპარატიდან, ფოტოსურათის სკანირებით პლანშეტური სკანერის საშუალებით”, - წერია 2013 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში . ეს ჩანაწერი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საუბარი იყო პროგრამაზე, რომელშიც ხელით შეჰყავთ გამოსახულებები და მონაცემები. იქვე იყო მითითება, რომ პროგრამას შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერსა და მუშა სადგურებზე თავად მწარმოებლის სპეციალისტი გამართავდა.
Polyface-ის შესყიდვამდე სამი თვით ადრე, 2013 წლის ივნისში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმავე “მაი მობაილ +”-სგან ყიდულობს კიდევ ერთ პროგრამას, ფონოსკოპიური [ხმის იდენტიფიცირება - რ.თ.] ექსპერტიზისთვის, რომლის სატენდერო ხელშეკრულებაში უკვე მითითებულია, რომ საჭიროა სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ხმების გაშიფვრაც. JUSTIPHONE (Юстифон), რომელშიც სახელმწიფო 28 000 ლარს იხდის, ასევე რუსული პროგრამაა და მას უკვე ოც წელზე მეტია, რაც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებში იყენებენ.
მომდევნო წლებში, Polyface ხუთჯერ განახლდება - წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მის განახლებაში ე.წ. ოტო - ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის რუსული აბრევიატურაა. დეპარტამენტი 2015 წელს შსს-დან სუს-ში გადავიდა და მის საქმიანობაში ფარული მიყურადებაც შედის. დეველოპერები არიან ჩართული და ყოველი შემდეგი განახლებისას მაქსიმალურად არგებენ მას სისტემის საჭიროებებზე.
დღეს Polyface-ს, მისი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, უკვე შეუძლია არა მხოლოდ გარე კამერებიდან მიღებული ვიდეონაკადის რეალურ დროში დამუშავება, არამედ სისტემისთვის საინტერესო ადამიანის პოვნის შემდეგ, მისი გადაადგილებების ისტორიით და ქრონოლოგიით იმის “თქმა”, სად, როდის და ვისთან ერთად ჩნდება ეს ადამიანი საჯარო სივრცეებში. მეტიც, სისტემაში ჩატვირთული “ძებნილის“ რომელიმე კამერის თვალსაწიერში მოხვედრის შემდეგ, ის “განგაშის სიგნალს” გზავნის პოლიციაში და შემდეგ რეალურ დროში ადევნებს თვალს მის მოძრაობას.
რა საფრთხეს შეიცავს ჩინური კამერები და პროგრამები
2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობის დადგენილებით, კერძო ბიზნესები დაავალდებულა, მაღალი ხარისხის სათვალთვალო კამერებით აღეჭურვათ საკუთარი ოფისები თუ სხვა შენობები. ახლა, შესაბამისად, რთულია იმის თქმა, ჯამში რამდენი კამერა მოდის საქართველოში ათას ადამიანზე, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ სახელმწიფოს კამერების უმეტესობა ამერიკის შეერთებული 2026 წლის 26 ივნისს აშშ-ის ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC) გააფართოვა 2020-2022 წლებში დაწესებული შეზღუდვები ჩინური ტელეკომუნიკაციური და ვიდეოსათვალთვალო ტექნოლოგიების მიმართ, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების რისკად მიიჩნევა.
შეზღუდვები ეხება კომპანიებს; მანამდე აკრძალვა ძირითადად ახალ მოწყობილობებს ეხებოდა, ხოლო 2026 წლის გადაწყვეტილებით შეზღუდვები გავრცელდა ძველ, უკვე ავტორიზებულ მოდელებზეც, თუ ისინი გამოიყენება: სახელმწიფო ობიექტების დასაცავად; კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგისთვის; ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის.
FCC-ის ასე ხსნის გადაწყვეტილებას: ჩინური კანონმდებლობა კომპანიებს ავალდებულებს ითანამშრომლონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან, რაც აჩენს კითხვებს მონაცემებზე შესაძლო წვდომისა და სისტემებში „უკანა კარების“ (backdoors) არსებობის შესახებ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე გაყიდული მრავალი კამერა რეალურად Hikvision-ის ან Dahua-ს მიერ არის წარმოებული, თუმცა სხვა ბრენდით იყიდება. ამიტომ მომხმარებელმა ხშირად არც იცის, რომ მისი კამერა ჩინური მწარმოებლის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.
აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ასეთი მოწყობილობების გამოყენება შეიძლება ქმნიდეს:
კიბერუსაფრთხოების რისკებს; მონაცემთა გაჟონვის საფრთხეს; ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს.
ორი ჩინური კომპანიის, HIKVISION-ის ან Dahua-ს პროდუქციაა და მუნიციპალიტეტების ნაწილი, მათ შორის თბილისიც, ამავე კომპანიების ვიდეომენეჯმენტის პროგრამებსაც იყენებს ჩანაწერების ორგანიზებისთვის.
ჩინური ტექნოლოგიითაა აღჭურვილი სახელმწიფოს მიერ მართული ისეთი სივრცეები, როგორიცაა, მაგალითად, მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა ან თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა - პირველ შემთხვევაში Dahua-ს კამერების სიმრავლეა თვალშისაცემი, მეორე შემთხვევაში - Shenzhen TVT Digital Technology-ის პროდუქცია. ჩინური კამერებით და კომუტატორებით აღჭურავს ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების ოფისებს თბილისშიც და რეგიონებშიც. ჩინურია ის კამერებიც, რომლებითაც არის აღჭურვილი საპატრულო პოლიციის მანქანები და ისინიც, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ყიდულობს. ჩინურ კამერებს აყენებენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც.
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან ქვეითთა გადასავლელზე განთავსებული კამერები
მხოლოდ თბილისის მერიამ 2025 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა Hikvision-ის 600-მდე კამერის შესაძენად. ამავე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სულ მცირე, სამასი კამერა შეიძინა პატრულის მანქანების აღსაჭურვად - მათგან 200-ის მწარმოებელი Dahua იყო, 100-ის - Hikvision-ი.
ამ ორი კომპანიის გარდა, რომელთა წარმოებულ ტექნოლოგიებს აშშ ეროვნული უსაფრთხოების რისკად მიიჩნევს, ბოლო წლებში ქართულ სახელმწიფო ტენდერებში ჩნდება სხვა ჩინური სანქცირებული კომპანიების სახელებიც:
- 2025 წელს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 79 კამერა შეიძინა - მათი მწარმოებელი აშშ-სგან სანქცირებული ჩინური კომპანია Zhejiang Uniview Technologies-ი იყო. ამავე კომპანიის კამერები შეიძინა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წელს. Zhejiang Uniview Technologies-ი, ჩინეთში სიდიდით მე-3 ადგილზე მყოფი კომპანია, სათვალთვალო და უსაფრთხოების სისტემების წარმოებაში Dahua-სა და Hikvision-ის შემდეგ, შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს შავ სიაშია 2023 წლის მარტიდან.
- 2024 წელს გარემოს ეროვნული სააგენტო და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და გაზის ტრანსპორტების კომპანია ყიდულობენ ისევ აშშ-სგან სანქცირებული ჩინური კომპანია Tiandy Technologies Co-ს ათობით კამერას და ქსელურ ვიდეოჩამწერებს. იმავე კომპანიის სათვალთვალო სისტემები 2023 წელს შეიძინეს ბათუმის ბოტანიკური ბაღისთვის და გარემოს დაცვის სამინისტროს გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად. Tiandy Technologies Co., Ltd. აშშ-ის მთავრობის შავ სიაშია 2022 წლის 15 დეკემბრიდან - ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის ამ სიაში მოხვდა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის ამერიკული წარმოების კომპონენტების შემცველი სათვალთვალო და საპოლიციო ტექნოლოგიების მიყიდვა იყო, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან შეუთავსებელი ქმედება. ამერიკული ბაზრიდან გამოძევების შემდეგ ჩინურ კომპანიას ირანთან სავაჭრო ურთიერთობები არ შეუწყვეტია - თეირანის მიერ Tiandy-ს შექმნილი “ვეფხვის სკამებისა” და “დაკითხვის მაგიდების” გამოყენების გამო უფლებადამცველებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება.
“ვეფხვის სკამი” ლითონისგან დამზადებული სპეციალური სკამია ხელ და ფეხბორკილებით, რომლებიც დაკითხვისას ეჭვმიტანილის სრული შებოჭვისთვის გამოიყენება, "დაკითხვის ჭკვიანი მაგიდა" კი სენსორული მართვის პანელებით იძლევა საშუალებას, ჩაიწეროს ჩვენება, გააკეთოს დაკითხვის ოქმის ტრანსკრიპტი და საჭიროების შემთხვევაში, გამოიხმოს პიროვნების შესახებ ცნობები სახელმწიფო უწყებებიდან.
"ვეფხვის სკამისა" და "ჭკვიანი მაგიდის" გამოსახულებები აღებულია ჩინური კომპანია Tiandy-ს 2021 წელს გამოქვეყნებული მარკეტინგული გამოცემებიდან.
ჩინური კამერების შემთხვევაში რისკები ორგვარია: ერთი ის, რომ რუსული კომპანიების მსგავსად, ყველა ჩინური კომპანია ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემებთან ითანამშრომლოს და მეორე, მათი მოწყვლადობა კიბერთავდასხმების მიმართ. გარდა ამისა, არსებობს ეჭვიც იმის შესახებ, რომ ამ მოწყობილობებში სპეციალურად არის დატოვებული “უკანა კარი” [backdoor], რაც მათზე ფარული წვდომის საშუალებას იძლევა. რისკები იზრდება, თუ ამ მოწყობილობებს პირდაპირ აქვთ კავშირი ინტერნეტთან, სუსტი პაროლებით არიან დაცული ან პროგრამა არ ახლდება.
"გმირთა მოედანზე" კამერები მაშინ "გამრავლდა", როცა იქ საფეხმავლო გადასასვლელები დაიხაზა - ამავე დროს საზმაუს ყოფილი შენობიდან პარლამენტამდე ყოველ საღამოს დადიოდა საპროტესტო მარში.
სწორედ ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა და ჯაშუშობის საფრთხის გამო აშშ-ში FCC-მ (Federal Communications Commission) 2022 წლის ბოლოს ოფიციალურად აკრძალა Hikvision-ისა და Dahua-ს ახალი მოწყობილობების იმპორტი და გაყიდვა და 2026 წლის ივნისში ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გააფართოვა.
2024 წლის იანვარში კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა გატეხეს Hikvision-ისა და Dahua-ს კამერები, შეცვალეს მათი ხედვის კუთხე და პირდაპირი ტრანსლაცია გადაამისამართეს youtube-ზე. ამ ოპერაციის მიზანი კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების კორექტირება და საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციების დადგენა იყო. შემდეგ თვეებში უკრაინამაც დაიწყო გატეხილი კამერების მონაცემებით ოპერაციების დაგეგმვა რუსეთის ტერიტორიაზე: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2025 წლის ოქტომბერში გავრცელებული კადრები, რომლებშიც ჩანს ნოვოროსიისკში უშუალოდ პორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული გატეხილი ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული თავდასხმა რუსულ წყალქვეშა ნავზე, აჩვენებს, რომ უკრაინულ მხარეს მოწინააღმდეგის ბაზის შიდა პერიმეტრზე ჰქონდა ვიზუალური წვდომა.
2025-2026 წლებში კიბერდეტექტივები იკვლევდნენ, როგორ იქცა ინტერნეტთან დაკავშირებული სათვალთვალო კამერები კიბერუსაფრთხოების და ეროვნული უსაფრთხოების რისკად. მათ მიაგნეს კვალს, როგორ ეძებდნენ სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ჩინეთიდან და რუსეთიდან Hikvision-ის მოწყობილობებს სხვა ქვეყნების სამხედრო და სამრეწველო ობიექტების პერიმეტრზე იმისათვის, რომ მათ შიდა კორპორაციულ ქსელებზე მოეპოვებინათ წვდომა.
2025-2026 წლებში ჰაკერებმა ავტომატიზებული ბოტების გამოყენებით წამოიწყეს კამერების სკანირება ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმისათვის, რომ ეპოვათ მოწყობილობები, რომლებსაც ჯერაც ქარხნული, მარტივი პაროლები ჰქონდათ ან რომლებზეც RTSP-პროტოკოლის მეშვეობით პირდაპირ წვდომას მოიპოვებდნენ ვიდეონაკადებზე (Live streams). ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, სამხედრო სამიზნეების დასაზვერად, სარაკეტო თავდასხმების დასაგეგმად და დარტყმის შემდეგ ვითარების შესაფასებლად გამოიყენებოდა.
რას ჰყვება ჩინეთში გაჟონილი ფაილები მათ სათვალთვალო სისტემებზე
ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების მთავარი “უკუჩვენებები” თავს მაინც უფრო ქვეყნის შიგნით იჩენს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. იქ ერთ ადამიანზე ორი კამერა მოდის. ჩინური თვალთვალის სისტემა, რომელსაც არაერთი ექსპერტის აზრით, რენესანსის ხანა უდგას, თითოეულ მოქალაქეზე მუდმივად განახლებად მონაცემებს აგროვებს და აერთიანებს არა მხოლოდ გადაადგილებების ისტორიას, არამედ საბანკო გადარიცხვების, სამედიცინო სერვისების, მობილური აპლიკაციების მოხმარების შესახებ ცნობებსაც. ეს იძლევა საშუალებას, სისტემამ მყისიერად დაინახოს “ატიპიური” ან “საეჭვო” ქცევა - რაც მეტია გადახვევა ნორმიდან, მით უფრო საეჭვო ხდება მოქალაქე სისტემისთვის და ეს გავლენას ახდენს იმაზე, ექნება თუ არა წვდომა სოციალურ პროგრამებზე, ადვილად შეძლებს თუ არა დასაქმებას, მიიღებს თუ არა უფლებას, წავიდეს ქვეყნის გარეთ სამოგზაუროდ ან მიიყვანოს შვილი შედარებით პრესტიჟულ სკოლაში. სოციალურ ქულებზე გავლენას ისიც კი ახდენს, ყველაზე დიდ ჩინურ ონლაინ მაღაზიაში, "ალიბაბაზე" მოქალაქე საოჯახო ტექნიკას და ბავშვის საკვებს ყიდულობს თუ ვიდეოთამაშების გამოწერებს - პირველ შემთხვევაში სოციალური რეიტინგი იზრდება, მეორეში - უარესდება.
ჩინეთი ამ სფეროში გამოცდილებას პერიოდულად სხვა ქვეყნებსაც უზიარებს და ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტების დანერგვაშიც ეხმარება.
მაგალითად, ვენესუელაში 2018 წელს ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა ZTE-მ ვენესუელის მთავრობისთვის შექმნა ე.წ. სამშობლოს ბარათი, პირადობის მოწმობა დამატებითი ფუნქციებით, რომელშიც ჩატვირთული იყო საბანკო და სამედიცინო ისტორიები და თუკი სოციალურ დახმარებას იღებდა მოქალაქე, ამ დახმარების “ტალონებიც”. მალევე, ნიკოლას მადუროს რეჟიმმა "სამშობლოს ბარათების" სისტემა საარჩევნო კონტროლისთვის გამოიყენა: მათ, ვინც ანტისამთავრობო აქციებზე გამოდიოდა ან არ მივიდა არჩევნებზე რეჟიმის მხარდასაჭერად, დაუბლოკეს უფასო საკვები, სახელმწიფო სუბსიდიები და მედიკამენტები.
ასევე ნახეთ
112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდაროგორ იყენებს საქართველო სხვა ქვეყნების გამოცდილებას?
წყარო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომელიც პირადი უსაფრთხოების მოტივებით, ინფორმაციის მხოლოდ ანონიმურად გაზიარებაზე დაგვთანხმდა, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მცდელობა, მაქსიმალურად ერთ სივრცეში ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებზე სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია, ხელისუფლებას საქართველოშიც აქვს: 2018 წლიდან აშენებენ პროგრამას, როგორც რუსეთიდან ჩამოყვანილი, ასევე “ოტოს” დეველოპერების დახმარებით, რომელზეც ძირითადად მაღალჩინოსნების შეზღუდულ რაოდენობას მიუწვდება ხელი. პროგრამა მოქალაქეების შესახებ მუდმივად განახლებად პროფილზე წვდომას იძლევა და მოიცავს მისი მოგზაურობების ისტორიის, ფინანსური მდგომარეობის, ჯანმრთელობის პრობლემების, კრიმინალური კავშირების შესახებ ინფორმაციას; ასევე იძლევა სოციალურ ქსელებში განწყობების მონიტორინგის საშუალებას. წყაროს ცნობით, ამგვარ პლატფორმას რუსეთში FSB ფლობს - სისტემა ანალიტიკურია და ავტომატურად აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მონაცემებში დაცულ ცნობებს, მექანიკური ჩარევის გარეშე.
ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება რადიო თავისუფლებას არ აქვს. უსაფრთხოების სამსახური და სხვა ძალოვანი უწყებები არაერთ ტენდერს გასაიდუმლოებულად ატარებენ, შესაბამისად საჯარო ინფორმაცია შესაძლოა არც არსებობდეს.
ირიბი მტკიცებულება იმის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არსებულ ოპტიკურ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში ითვალისწინებს სათვალთვალო სისტემებიდან მიღებული დიდი მოცულობების მონაცემების გადაცემის შესაძლებლობას და ასევე, ფლობს საკუთარ, ფიზიკურად იზოლირებულ ქსელს, რომელსაც საჯარო ინტერნეტთან შეხება არ აქვს და ინტერნეტპროვაიდერების გავლის გარეშე შეუძლიათ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, ჩანს ერთ-ერთ ღია, 2026 წლის მაისში გამოცხადებულ ტენდერში, რომლითაც სუსი ქსელურ და ოპტიკურ აპარატურას ყიდულობდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ქსელური ბირთვი (Core Routers/Switches-ი) აგებულია ამერიკული Juniper Networks-ის მაღალი კლასის სასერვერო/ქსელურ მოწყობილობებზე.
კიდევ ერთი წყარო, რომელმაც ასევე ანონიმურად დარჩენა ითხოვა, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მოქალაქეებზე ყოვლისმომცველ ბაზას ფლობდა ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური პოლიციაც - ამ ბაზაში, წყაროს ცნობით, რომელიც წარსულში ამ უწყებაში მუშაობდა და თავად ჰქონდა ბაზასთან წვდომა, ასევე არის ცნობები ნათესაური კავშირების, მათ შორის ნათლიების, აზარტულ თამაშებზე ან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ.
იმ წყაროების ცნობით, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, მოქალაქეებზე ერთ სივრცეში აკუმულირებული მონაცემები განსაკუთრებით მოსახერხებელია წინასაარჩევნოდ - ხელისუფლებისთვის ხმების მოსაგროვებლად. სოციალურ ქსელებში განწყობების ყოველდღიური მონიტორინგი კი, მნიშვნელოვანია გზავნილების შემუშავებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში.
დაკავშირებულია თუ არა კამერების ჩანაწერებიდან მიღებული ინფორმაცია და გამოსახულება სახელმწიფო ბაზებში ცალკეულ ადამიანების შესახებ მომზადებულ დოსიეებთან, ამის დაზუსტება ვერ ხერხდება.
მასობრივი თვალთვალი - მეტი საფრთხე თუ სარგებელი?
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი ყოველწლიურად აფასებს ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების თავისუფლებას. 2025 წლის ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ, ორგანიზაცია წერს, რომ კამერების მეშვეობით მასობრივი თვალთვალის და სახის ამომცნობი სისტემების დანერგვა ყველაზე სწრაფად მზარდი ტენდენციაა იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული უკუსვლა ჩანს. მთავრობები სცილდებიან ტრადიციულ ცენზურას და გადადიან „ფიზიკურ-ციფრულ კონტროლზე“, სადაც ქუჩაში დამონტაჟებული კამერა პირდაპირ კავშირშია მოქალაქის ციფრულ პროფილთან.
უგანდაში მთავრობამ Huawei-ს კამერების ქსელი პირდაპირ ოპოზიციური ლიდერების მხარდამჭერთა მასობრივი იდენტიფიცირებისა და დაკავებისთვის გამოიყენა, ზამბიაში ჩინური ტექნოლოგიების დახმარებით ოპოზიციონერი ბლოგერების ფიზიკური კოორდინატები დაადგინეს და ისინი კრიტიკული პოსტების გამო დააპატიმრეს, სერბეთში კი, ბელგრადის ქუჩებში დამონტაჟებული ჩინური სისტემები თბილისის მსგავსად, ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებში შიშისა და თვითცენზურის დასანერგად გამოიყენება.
კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია ირანი, სადაც, 2026 წელს ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა აჩვენა, რომ ტოტალიტარული კონტროლისთვის აგებული ინფრასტრუქტურა თავად რეჟიმის წინააღმდეგაც შეიძლება შემობრუნდეს. ისლამური სახელმწიფოს მიერ თვალთვალის და კონტროლისთვის შექმნილი ქსელი დასავლურმა დაზვერვამ ირანის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების ადგილსამყოფლის დასადგენად და პოლიტიკური და სამხედრო ფიგურების ლიკვიდაციისთვის გამოიყენა.
სწორედ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ევროკავშირმა მკაცრად დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მასობრივი თვალთვალის შეზღუდვა.
ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭო (EDPB) და ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი (EDPS) წლებია ამტკიცებენ, რომ მასობრივი, განურჩეველი ბიომეტრიული თვალთვალი შეუთავსებელია ფუნდამენტურ უფლებებთან, რადგან ის ყველა მოქალაქეს პოტენციურ ეჭვმიტანილად განიხილავს.
2024 წელს მიღებული EU AI Act-ი ადგენს, რომ რეალურ დროში ბიომეტრიული იდენტიფიკაცია საჯარო სივრცეში სამართალდამცავი ორგანოების მიერ პრინციპულად აკრძალულია, გარდა მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისებისა.
ასეთი გამონაკლისებია:
- დაკარგული ან გატაცებული ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ადამიანის ძებნა;
- ტერორისტული თავდასხმის დაუყოვნებელი საფრთხის თავიდან აცილება;
- განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილის ძებნა, როდესაც სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა არსებობს.
თითოეულ შემთხვევაში გამოყენება უნდა იყოს დროით, გეოგრაფიულად და მიზნობრივად შეზღუდული. სისტემის მუდმივი გამოყენება ქალაქის ყველა მცხოვრების იდენტიფიცირებისთვის ევროპული კანონმდებლობით დაუშვებელია.
გარდა ამისა, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის წესები (General Data Protection Regulation-ი) და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მოქმედი Law Enforcement Directive ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება იყოს აუცილებელი, პროპორციული და მკაფიო სამართლებრივი საფუძვლით გამართლებული. მოქალაქეებს, როგორც წესი, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იცოდნენ, რა მონაცემები მუშავდება და რომელ უწყებას ეკისრება პასუხისმგებლობა.
17 ივლისს გამოქვეყნებულმა, რამდენიმე ევროპული საგამოძიებო კოლექტივის მიერ მომზადებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ევროპული სათვალთვალო ტექნოლოგიები, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალულია ადამიანის უფლებების შეზღუდვის მაღალი რისკის გამო, წარმატებით იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც პირადი ცხოვრების დაცვა ნაკლებად მნიშვნელოვანია. გამომძიებელმა რეპორტიორებმა გამოიკვლიეს, რომ 2030 წელს ურუგვაიში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის იგეგმება მაყურებელთა სახის სკანირებისთვის ესპანეთში შექმნილი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც თავად ესპანეთის ხელისუფლებამ საკუთარ სტადიონებზე არაერთხელ დაბლოკა.