სამხედრო ეკონომიკის პრობლემები: სადამდე მივიდა რუსეთი ოთხწლიანი ომის მანძილზე

რუსი პენსიონერები შესანიღბ ბადეებს ქსოვენ არმიისთვის.

2022 წლის 24 თებერვალს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი ოთხი წლის შემდეგაც არ დასრულდებოდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკამ განიცადა ფუნდამენტური ცვლილებები, რომელთაგან ზოგიერთი შეუქცევადია, ზოგი კი ქმნის წინაპირობებს სტრუქტურული კრიზისისთვის, რომლის შედარება შეიძლება იმასთან, რამაც სსრკ-ს დაშლა გამოიწვია. ომის გაგრძელება ამ პრობლემებს ამწვავებს, მაგრამ არც მისი დასრულება გადაჭრიდა მათ ავტომატურად.


დემოგრაფია

რუსეთმა ომი დაიწყო სერიოზული დემოგრაფიული კრიზისის ფონზე, რომელიც დაკავშირებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მრავალრიცხოვანი თაობის პენსიაზე გასვლასთან და 1990-იანი წლების გაცილებით მცირერიცხოვანი თაობის შრომისუნარიან ასაკში შესვლასთან. აღსანიშნავია, რომ ამ კრიზისმა რუსეთის ხელისუფლება აიძულა, 2019 წელს დაეწყო ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდის, სავარაუდოდ, ყველაზე არაპოპულარული საპენსიო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს 2028 წლამდე საპენსიო ასაკის თანდათანობით გაზრდას. ამ პირობებში ყურადღების ომზე გადატანამ მობილიზაციისა და კონტრაქტორი ჯარისკაცების მასობრივი დაქირავების შედეგად (კონსერვატიული შეფასებით, მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი), ასევე 2022 წელს ემიგრაციის ტალღამ კადრების დეფიციტი, შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკის რაოდენობრივი (ხარისხობრივზე ქვევით) ზრდის მთავარ შემზღუდველ ფაქტორად აქცია.

რუსეთის ჯარისკაცების საფლავები, ტულის ოლქი, 2023 წლის მარტი6

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები საბრძოლო დანაკარგების შესახებ ბოლოს 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. თუმცა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) შეფასებით, რომელსაც აშშ-ში უდევს ბინა, 2026 წლის დამდეგისთვის რუსეთის არმიამ დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი დაკარგა დაღუპულების, დაჭრილებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების სახით. ეს რიცხვები შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სამხედრო დანაკარგები, ისევე როგორც ომისა და მობილიზაციის შედეგად გამოწვეული ემიგრაციის ტალღა, აღრმავებს „დემოგრაფიულ ორმოს“, რომელიც კიდევ არაერთ თაობაში იჩენს თავს.

ომის დანაკარგები და ემიგრაციის ტალღა აღრმავებს „დემოგრაფიულ ორმოს“

რუსეთში უკვე ახლა ეცემა სწრაფად შობარდობა, მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფია სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არის გამოცხადებული და მიუხედავად 2018 წლიდან მოქმედი შესაბამისი ეროვნული პროექტისა. და ისინი, ვინც დღეს არ დაბადებულა, მუშაობას არ დაიწყებენ 20 წელიწადში. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ იმ ადამიანების რჩენას, ვინც დღეს 45-50 წლის ასაკისაა.

ახლა კი დასაქმებულებზე სოციალური ტვირთის შემცირება, რომელიც მიღწეულია იმით, რომ ორ წელიწადში ერთხელ არავინ გადის პენსიაზე, გადაჭარბებით არის კომპენსირებული, ერთი მხრივ, მუშახელის რაოდენობის შემცირებით, მეორე მხრივ, კი ომში დასახიჩრებულთა მოვლისა და რჩენის აუცილებლობით მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამით აიხსნება სოციალური ფონდის დეფიციტის სწრაფი ზრდა, და ხელისუფლების მიერ მისი შევსების მცდელობები იმათ ხარჯზე, ვინც ოფიციალურად არ მუშაობს, შრომითი მიგრანტების ხარჯზე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და „პრიორიტეტულად“ მიჩნეული დარგებისთვის შეღავათების შემცირების ხარჯზე.

თუკი გამართლებულია საუბარი მთელ რუსეთში მწვავე დემოგრაფიულ კრიზისზე, რომელიც ყველა სხვა პირობის უცვლელობის შემთხვევაში ქვეყანას ყოველწლიურად მშპ-ს 1-2 პროცენტულ პუნქტად დაუჯდება, ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ „ახალ რუსულ რეგიონებად“ გამოაცხადა, მიზანშეწონილია საუბარი სრულმასშტაბიან დემოგრაფიულ კატასტროფაზე.

არანაკლებ (თუ არა უფრო მეტად) სერიოზული გრძელვადიანი პრობლემაა „ადამიანური კაპიტალის“ ხარისხის გაუარესება, რაც გამოწვეულია რუსეთში განათლების დეგრადაციით, მასწავლებლების მნიშვნელოვანი რაოდენობის გადინებით და ბოლონიის სისტემიდან გასვლით, რომლის დასრულებაც 2026 წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. გარდა ამისა, რუსული მეცნიერება, და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სპეცსამსახურების ძალისხმევაც არის, ფაქტობრივად იზოლირებული აღმოჩნდა და, შესაბამისად, განწირულია ჩამორჩენისთვის. დაბოლოს, მუშახელის ხარისხზე საუბრისას შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ომის დასრულება და შემდგომი დემობილიზაცია რუსეთის ეკონომიკაში კადრების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანები, რომლებიც ფრონტიდან ტრავმირებული ფსიქიკით ბრუნდებიან და პრაქტიკულად ნებისმიერი შემოქმედებითი სამუშაოსთვის ანაზღაურებაზე გაცილებით მეტ შემოსავალს არიან მიჩვეული, პრობლემების წყაროდ უფრო იქცევიან, ვიდრე მისი გადაწყვეტის გზად.


სტრუქტურა

სამხედრო ხარჯების მკვეთრმა ზრდამ რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურული დეფორმაცია გამოიწვია, რაც მდგომარეობს სამხედრო წარმოების დაჩქარებულ განვითარებაში სამოქალაქო დარგების ხარჯზე. ამ პროცესის მასშტაბები აშკარაა ვლადიმირ პუტინის მიერ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს მოყვანილ და პირველი ვიცე-პრემიერის, დენისმანტუროვის მიერ 19 თებერვალს „ედინაია როსიას“ პარტიულ ფორუმზე გამეორებულ მონაცემებში. ომის დაწყებიდან რუსეთში ტანკების წარმოება 2,2-ჯერ გაიზარდა, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტიორებისა - 3,7-ჯერ, სამხედრო თვითმფრინავებისა - 4,6-ჯერ, საავტომობილო ტექნიკისა - 5,7-ჯერ, სარაკეტო და საარტილერიო იარაღისა - 9,6-ჯერ, ხოლო ჭურვებისა და საბრძოლო მასალისა - 22,2-ჯერ. ამასთან, მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამ ყველაფრის დასამზადებლად გამოყენებული ლითონების წარმოება ომამდელ დონესთან შედარებით დაახლოებით 7%-ით შემცირდა. ელექტროენერგიის წარმოება, რომლის გარეშეც ნებისმიერი მრეწველობა წარმოუდგენელია, პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. რუსეთში გრძელვადიანი სამომხმარებლო საქონლის წარმოება ერთი მესამედით შემცირდა. სამხედრო მანქანების თითქმის ექვსჯერად ზრდას თან ახლდა სამოქალაქო მანქანების წარმოების 60%-იანი ვარდნა. ტანკებისა და ჯავშანტექნიკის წარმოების ზრდის უკან დგას სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოების შემცირება.

პუტინი „ურალვაგონზავოდში“, 2024 წელი.

ეკონომიკის მილიტარიზაციამ უკვე გამოიწვია სტრუქტურული კრიზისის დაწყება, რაც მთელი რიგი ფაქტორებით არის განპირობებული. ჯერ ერთი, სახელმწიფო სამხედრო წარმოებას აფინანსებს გადასახადებით, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი იხდის. დამფინანსებლების რაოდენობის შემცირებამ და დაფინანსების მქონეთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ უკვე აიძულა მთავრობა, ორჯერ წასულიყო გადასახადების გაზრდაზე. 2025 წლის 1 იანვრიდან კორპორაციული გადასახადის განაკვეთი 20%-დან25%-მდე გაიზარდა და შემოიღეს პროგრესული საშემოსავლო გადასახადის სკალა. 2026 წლის 1 იანვრიდან დღგ 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. პარალელურად მკვეთრად შემცირდა შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

ეკონომიკის მილიტარიზაციამ უკვე გამოიწვია სტრუქტურული კრიზისის დაწყება

მეორე მხრივ, სამოქალაქო დარგებისგან განსხვავებით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სულაც არ უწყობს ხელს გადახდისუნარიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, სამაგიეროდ სტაბილურად წარმოქმნის მას. ამიტომ, რაც უფრო მეტად ცვლის სამოქალაქო წარმოებას სამხედრო წარმოება, მით უფრო ძლიერდება სტრუქტურული ინფლაცია, რასთან ბრძოლასაც რუსეთის ცენტრალური ბანკი 2023 წლის შუა პერიოდიდან ცდილობს მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. ეს კონკურენცია მხოლოდ აძლიერებს იარაღის მწარმოებლების პოზიციას, რომლებიც სამოქალაქო წარმოებას კონკურენციას უწევენ მწირი შრომითი რესურსებისთვის. სამოქალაქო წარმოების ჯერ სტაგნაცია და შემდეგ შემცირება, რომელიც სტატისტიკამ 2024 წლის ბოლოდან დააფიქსირა, აიხსნება როგორც მიუწვდომელი სესხებით, ასევე „სახელფასო რბოლაში“ იძულებითი მონაწილეობით. ისინი რუსეთის კომპანიებს კონკურენტუნარიანობის ნარჩენებს ართმევენ როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზრებზე. სურათს ავსებს ის, რომ არ არის წვდომა თანამედროვე აღჭურვილობაზე, რომელსაც პროდუქტიულობის გაზრდა შეუძლია. 2026 წლის დასაწყისისთვის აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის სამოქალაქო სექტორი ვერ ახერხებდა სამხედრო და სოციალური ხარჯების დაფინანსებას და ამავე დროს ვალების ტვირთის გაძლებას, რომელიც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაგროვდა. მთავრობის მცდელობები, გაზარდოს გადასახადები და გაამკაცროს მათი აკრეფის კონტროლი, მხოლოდ ამწვავებს კრიზისულ მოვლენებს კოლაფსის პირას მყოფ დარგებში.

ამ ვითარებაში სამხედრო ხარჯების უბრალოდ შემცირება სამოქალაქო ეკონომიკის რეანიმაციას კი არ მოახდენს, არამედ უფრო პირიქით. ამ ყველაფერთან ერთად სამხედრო ქარხნებიც თუ შეწყვეტენ მეტალურგების, ენერგეტიკოსთა და ნედლეულისა და კომპონენტების სხვა მიმწოდებლების პროდუქციაზე მოთხოვნის გენერირებას, მაშინ მიმწოდებლებს ვერავითარი იაფი სესხები ვეღარ დაეხმარება. და თუკი სამხედრო წარმოება დასაქმებულთა მასობრივ გათავისუფლებას დაიწყებს დაფინანსების ნაკლებობის გამო, გაკოტრდებიან ის საწარმოებიც, რომლებიც სამომხმარებლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მუშაობენ. რუსეთის ეკონომიკაში ამჟამინდელი ჩიხური ვითარება დიდწილად იმეორებს გვიანდელი საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის ეკონომიკური კომპლექსის პრობლემებს, როცა, სრული დასაქმებულობის მიუხედავად, მრეწველობის უფრო მცირე ნაწილი მუშაობდა საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.


უთანასწორობა

თანამედროვე რუსეთის ეკონომიკასა და საბჭოთა ეკონომიკას შორის მთავარი განსხვავებაა სულ უფრო ნაკლებად თავისუფალი და სულ უფრო მეტად რეგულირებული, მაგრამ მაინც ბაზრის არსებობა. საბჭოთა პერიოდში სტრუქტურული დისპროპორციები, რისი შედეგიც იყო მოთხოვნის ქრონიკული სიჭარბე მიწოდებასთან შედარებით, იწვევდა ყველაფრის ტოტალურ დეფიციტს - საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ავტომობილების, საცხოვრებლის, სამშენებლო მასალების და გრძელვადიანი მოხმარების საქონლისა. ახლა კი სტრუქტურული ინფლაციის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადახდისუნარიანი მოთხოვნის შემცირების ხარჯზე. სწორედ ეს ხდება ბოლო ორი წლის განმავლობაში. რეალური განკარგვადი შემოსავლის საკმაოდ ხელსაყრელი ზრდის მაჩვენებლების უკან დგას იგივე სტრატიფიკაცია, რაც მრეწველობისთვის არის დამახასიათებელი. ისინი, ვინც ხელს აწერენ კონტრაქტს და მიდიან ომში, იწყებენ ოთხჯერ-ხუთჯერ მეტის გამომუშავებას, ვიდრე ისინი, ვინც დასაქმებული რჩება და არსებითად აფინანსებს როგორც მებრძოლ არმიას, ისე სამხედრო წარმოებას, რომელიც არმიას ემსახურება.

ჩინური მანქანა მოსკოვის ავტოსალონში, 2024 წელი.

მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა პირდაპირ გამოიწვია საცხოვრებლისა და გრძელვადიანი მოხმარების საქონლის ხელმისაწვდომობის მკვეთრი კლება მოქალაქეების დიდი უმრავლესობისთვის სესხის უკიდურესად მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო. პარალელურად შეიმჩნევა სურსათის ფასების მოსალოდნელზე სწრაფი ზრდა, რაც ყველაზე მეტად მოსახლეობის იმ კატეგორიებს აზარალებს, რომელთა ოჯახურ ბიუჯეტში ყველაზე დიდია საკვების ხარჯების წილი, ანუ ყველაზე ღარიბებს. რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ინფლაციასთან ბრძოლის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში რუსების მიერ საკვებზე დანახარჯების წილი განუხრელად იზრდებოდა და 2026 წლის დასაწყისში 16-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. მაღალი საპროცენტო განაკვეთების კიდევ ერთი შედეგია შემოსავლებში სხვაობის ზრდა დანაზოგის მქონე ოჯახებსა (დაახლოებით 30%) და იმ ოჯახებს შორის, რომლებიც ყველაფერს ხარჯავენ, რასაც გამოიმუშავებენ, ან იძულებული არიან, ვალი აიღონ მოხმარების ჩვეულებრივი დონის შესანარჩუნებლად (ოჯახების 70%). პირველ კატეგორიას შესაძლებლობა აქვს, მოგება მიიღოს უპრეცედენტოდ მიმზიდველი საბანკო დეპოზიტებიდან ან შემოსავალი მიიღოს სახელმწიფო ან კორპორაციული ობლიგაციებიდან. მეორე კატეგორია სულ უფრო და უფრო ღრმად იძირება „ვალის ორმოში“, რათა ახალი ძვირადღირებული სესხების აღებით დაფაროს ძველი სესხები.

„ველური 90-იანების“ კიდევ ერთი რაუნდი გარდაუვალი ჩანს

ამ პრობლემებსა და დისბალანსს შეიძლება დაემატოს კიდევ ორიგარემოება, რომლებიც დამატებით რისკებს ქმნის. ჯერ ერთი, ომის წლებში რუსეთის ინსტიტუციური გარემოს განადგურება, რაზეც მეწარმეები ჩიოდნენ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც კი, მკვეთრად დაჩქარდა და შეუქცევადი გახდა (ყოველ შემთხვევაში, ეს ეხება კერძო საკუთრების ინსტიტუტს). მეორეც, საერთაშორისო სანქციების გამო სავაჭრო პარტნიორების რაოდენობის მკვეთრმა შემცირებამ რუსეთის ეკონომიკა უკიდურესად დამოკიდებული გახადა „მეგობრული“ ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ განწყობებზე. ამ უკანასკნელმა რისკმა უკვე დაიწყო რეალიზება ინდოეთთან ურთიერთობებში, რომელიც 2025 წლის ბოლოდან მკვეთრად ამცირებს რუსული ნავთობის შესყიდვებს.

ზემოთ აღწერილი პრობლემების უმეტესობა არ მოგვარდება ომის დასრულებით ან თუნდაც რეჟიმის შეცვლით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება საბრძოლო მოქმედებები და რამდენ ხანს დარჩება პუტინი ხელისუფლებაში, „ველური 90-იანების“ კიდევ ერთი რაუნდი გარდაუვალი ჩანს.