საპატრიარქო გამოსახლებების დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს

საპატრიარქო კეკელიძის ქუჩიდან ხატიაშვილების გამოსახლებას ეხმაურება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეხმაურება ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას გამოსახლების შესახებ და აცხადებს, რომ იმედოვნებს, „მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“.

„გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს“, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ფეისბუკზე განცხადებაში.

  • 23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი. იმ დღეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი სისხლის სამართლის წესით.
  • აღსრულების პროცესი გადაიდო გუშინ, 25 იანვარს, თბილისში, დადიანის ქუჩაზე. აღსრულების ბიურომ ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 31-ე მუხლით;
  • გამოსახლება გადაიდო ასევე თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზეც. რადიო თავისუფლებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და მათ იხელმძღვანელეს კანონით მიცემული შესაძლებლობით.
ასევე ნახეთ გამოსახლება ყველაზე ცივ დილას - როგორია საქართველოში გამოსახლების პოლიტიკა

კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები არიან მოძრაობა „ხმის“ წევრები, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.

მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ განჩინების მიღებით მოსამართლე დავით კურტანიძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

ასევე ნახეთ კეკელიძის N1-ში დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას პატიმრობა შეუფარდეს

რაც შეეხება დანარჩენ 18 დაკავებულს: რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია რვა მათგანის დაჯარიმების შესახებ 2000-2000 ლარით - დაკავებულთა ნაწილზე გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა.